Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„იმედი“ სანქცირების შემდეგ ამბობს, რომ „იმედის ბანკს“ შექმნის

„იმედი“ აცხადებს, რომ „რამდენიმე ბანკმა“ გამოთქვა მზაობა, სანქციების მიუხედავად, მომსახურება გაუწიოს.
„იმედი“ აცხადებს, რომ „რამდენიმე ბანკმა“ გამოთქვა მზაობა, სანქციების მიუხედავად, მომსახურება გაუწიოს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ სანქცირებული ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ სანქციებისგან მომდინარე „შესაძლო სირთულეების მიუხედავად“, „რამდენიმე ბანკმა გამოთქვა მზადყოფნა საბანკო მომსახურება გაუწიოს ტელეკომპანიას“. კომპანია ამ ბანკებს არ ასახელებს.

ამასთან, „იმედი“ აცხადებს, რომ გეგმავს შექმნას „საკუთარი ბანკი, სახელწოდებით „იმედის ბანკი“.

  • საწარმოს სახელწოდებაში „ბანკის“ გამოყენება აკრძალულია, თუ იგი არ არის კომერციული ბანკი.
  • კომერციული ბანკის გახსნას ეროვნული ბანკის ლიცენზია და არაერთი მოთხოვნის დაკმაყოფილება სჭირდება.
  • მათ შორის, საზედამხედველო კაპიტალის მინიმალურ ოდენობად 50 მილიონი ლარია განსაზღვრული, - BMG-ის 2025 წლის ცნობებით, „ტელეიმედს“ ბიუჯეტის 16,9 მილიონი ლარის ვალი აქვს.
  • კომერციულ ბანკებს არაპროფილური ბიზნესი ეკრძალებათ.
„იმედის“ შენობა
„იმედის“ შენობა

კონტექსტი: სანქციები და პროტესტი

  • უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან ზუსტად 4 წლის თავზე, 24 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა ორ ქართულ პროსახელისუფლებო ტელევიზიას.
  • სანქცირებულები არიან „ტელეიმედი“ და „პოსტივი“ - „განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების გამო რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ“;
  • სანქცირების შემდეგ საქართველოს საგარეო უწყებაში დაიბარეს ბრიტანეთის ელჩი; მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ცინიკურია, რომ „დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზად ხედავს ორი ქართული ტელეარხის დასანქცირებას“.

„ფინანსური პრობლემა არ გვექნება“ - „იმედი“

პარასკევს, 27 თებერვალს, „იმედმა“ განაცხადა, რომ მას „არანაირი, მათ შორის არც ფინანსური პრობლემა არ ექნება“.

ტელეკომპანიის ვებსაიტები - imedi.ge და imedinews.ge - 25 თებერვალს, საღამოს გაითიშა გარკვეული დროით.

„იმედის“ 50%-იანი წილის მფლობელმა ილია მიქელაიშვილმა რადიო თავისუფლებას იმ საღამოს განუცხადა, რომ საიტები „ტექნიკური ხარვეზის“ გამო იყო გათიშული და ეს პრობლემა სანქცირების ნაწილს არ უკავშირდებოდა.

თუმცა მეორე დღეს „იმედმა“ განაცხადა: „სანქციებისგან გამოწვეული ტექნიკური პრობლემა აღმოფხვრილია“.

„ბანკებმა მომსახურების მზადყოფნა გამოთქვეს“ - „იმედი“

„რამდენიმე ბანკმა, შესაძლო სირთულეების მიუხედავად, გამოთქვა მზადყოფნა საბანკო მომსახურება გაუწიოს ტელეკომპანიას“, - განაცხადა დღეს „იმედმა“.

ტელეკომპანიას ეს ბანკები არ დაუსახელებია.

25 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ:

„კომერციული ბანკები ვალდებული არიან, დაექვემდებარონ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თანხვედრაში არაა საერთაშორისო პრაქტიკასთან“.

თურნავას თქმითვე, თუ ქართულ კანონმდებლობას და სხვა იურისდიქციაში მიღებულ ნორმატიულ აქტს შორის „კოლიზია წარმოიქმნა“ - ანუ ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდა - „მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან, იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად“.

ბანკების ასოციაციას წარსულში არაერთხელ უთქვამს, რომ საბანკო სისტემა „განუხრელად იცავს და დაიცავს“ საერთაშორისო სანქციებს. ტელევიზიების სანქცირების შემდეგ საბანკო სექტორს კომენტარი არ გაუკეთებია.

ეკონომისტების ნაწილი ამბობს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ქართული საბანკო სისტემა გლობალური სისტემის ნაწილია, ბანკები ვალდებულნი არიან, დაიცვან სანქციები, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორადი სანქცირების რისკის წინაშე დგანან.

„რისკის აპეტიტი“

  • რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ზოგადად, კომერციული ბანკები საკუთარი რისკის ანალიზის პოლიტიკისა და „რისკის აპეტიტის“ მიხედვით წყვეტენ ურთიერთობების გაგრძელების საკითხს სანქცირებულ პირთან/საწარმოსთან დაკავშირებულ პირებთან;
  • „რისკის აპეტიტი“ სამართლებრივი ტერმინია და განიმარტება, როგორც:
  • „ბანკის სტრატეგიის და ბიზნეს-გეგმის მიზნების მისაღწევად საჭირო წინასწარ შემუშავებული და განსაზღვრული რისკების საერთო დონე რისკის სახეების მიხედვით მაქსიმუმ იმ მოცულობის ფარგლებში, რომლის აღების საშუალებაც აქვს ბანკს არსებული საზედამხედველო კაპიტალის, რისკების მართვისა და კონტროლის მექანიზმებისა და სხვა საზედამხედველო შეზღუდვების გათვალისწინებით“.

ბანკებისა და ეროვნული ბანკის რიტორიკაში განსხვავება 2023 წლიდან ჩანს - ნათია თურნავას მიერ სანქციების აღსრულების წესის ცვლილების შემდეგ.

  • 2023 წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც აშშ-მ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულების წესი შეცვალა;
  • ბანკის განმარტებით, „ადგილი აქვს პირველ პრეცედენტს, როდესაც ასეთი სანქციები შეეხო საქართველოს მოქალაქეს“ და კომერციულ ბანკებს მიუთითა, რომ სანქციები აღასრულონ, თუკი „გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი“.
  • ამ გადაწყვეტილების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა.
  • ფარცხალაძეზე ქართულმა სამართალდამცავმა უწყებებმა 2025 წლის ბოლოს ძებნა გამოაცხადეს „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით, რასაც მოგვიანებით, 2026 წლის თებერვალში, „თაღლითური ქოლცენტრების ქსელის“ მფარველობის ბრალდება დაემატა.

„იმედის ბანკი“ - დეტალები უცნობია

ახალი მფლობელის ხელში, სანქცირებული „იმედი“ ასევე აცხადებს, რომ საკუთარი კომერციული ბანკის შექმნას განიხილავს.

„ჩვენ, „იმედის“ ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით „იმედის ბანკი“, - განაცხადა ტელეკომპანიამ.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა: „თუკი ასეთი ბანკი შეიქმნება და იქნება შესაძლებელი, რომ ფიზიკურმა პირებმა გახსნან ანგარიში, მე აუცილებლად გავხსნი ჩემს ანგარიშს“.

სხვა დეტალები ტელეარხს ჯერ არ უთქვამს.

  • კომერციულ ბანკებს ფუნქციონირებისთვის ეროვნული ბანკის ლიცენზია სჭირდებათ;
  • იმისთვის, რომ ორგანიზაციას კომერციული ბანკის სტატუსი მიენიჭოს, მან უნდა დააკმაყოფილოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნები და ეს ლიცენზია მიიღოს;
  • ამჟამად საქართველოში 17 კომერციული ბანკი ფუნქციონირებს;
  • ბოლოს ლიცენზია 2023 წელს გაიცა „პევ ბანკ ჯორჯიასა“ და „ჰეშ ბანკზე“.

კომერციული ბანკის ლიცენზია - მოთხოვნები

ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებით დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს ეროვნულ ბანკს და წარუდგინოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ინფორმაცია.

ეს ინფორმაცია საკმაოდ მოცულობითია - იმდენად მოცულობითი, რომ ინფორმაციის სრულად წარდგენის შემდეგ სებს 6 თვე აქვს დოკუმენტების განსახილველად.

შეფასების ერთ-ერთ ძირითად ასპექტად სები ასახელებს „ლიცენზიის მაძიებლის ბიზნესგეგმის ადეკვატურობის, განხორციელებადობისა და საბანკო სექტორში მისი პოტენციური პოზიციის შეფასებას“.

ლიცენზირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები განსაზღვრულია ხუთი სამართლებრივი აქტით. ესენია:

  • კანონი კომერციული ბანკების საქმიანობაზე;
  • კანონი ეროვნული ბანკის შესახებ;
  • ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ სხვადასხვა დროს გამოცემული სამი ბრძანება.

სები უფლებამოსილია, რომ ლიცენზიის მაძიებელს უარი განუცხადოს, თუკი მისმა ლიცენზირებამ „შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს საფინანსო სექტორის სტაბილურობას“.

თუკი ლიცენზირებამ „შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო ორგანიზაციის სავალდებულო გადაწყვეტილებით ან/და რეკომენდაციით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა ან/და შეუსრულებლობა“.

„იმედი“ წინა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ 2026 წლის თებერვალში გაყიდა - დოკუმენტების თანახმად, „სიმბოლურ ფასად“, 1000 ლარად. ახალი მფლობელია ილია მიქელაიშვილი, - „იმედის“ 5 თანამშრომელთან ერთად.

„იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირების მეორე დღეს საჯარო რეესტრში დაარეგისტრირეს ორი ტელეკომპანიის მხარდამჭერი კომპანიები.

პარალელურად, „ქართული ოცნების“ მთავრობა გეგმავს „სახელმწიფო ბანკის“ შექმნას - ეს ინსტიტუცია შეიქმნება „განვითარების ფონდისა“ და „აწარმოე საქართველოს“ გაერთიანების შედეგად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG