- შპს „პოსტივის მხარდამჭერების“ 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი გიორგი შენგელიაა.
- შპს „იმედის მხარდამჭერების“ 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ნიკა კლდიაშვილია. ის არხის სოციალური მედიის მიმართულებას ხელმძღვანელობს.
რადიო თავისუფლებამ ორივე მათგანთან დაკავშირება სცადა. მათგან ნიკა კლდიაშვილმა SMS შეტყობინებით ისურვა პასუხის გაცემა:
„ტელეკომპანია იმედში ვმუშაობ, კიდევ ბევრ შპს-ს დავაფუძნებ და გამოვიყენებ ყველა შესაძლო გზას, რომ არხმა და არხის სოცმედიამ გააგრძელოს მუშაობა შეუფერხებლად და ქართულ საზოგადოებას უწვეტად მივაწოდოთ სიმართლე. თქვენს კითხვაში მოცემულ სხვა საკითხებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ“, - აცხადებს ნიკა კლდიაშვილი.
რადიო თავისუფლებას „იმედის“ 50%-იანი წილის მფლობელმა, ილია მიქელაიშვილმა უთხრა, რომ არ ფლობს ინფორმაციას ამ კომპანიის რეგისტრაციის შესახებ.
„ჩვენ არ ვართ ჩართული. არ ვართ ამ საქმეში ჩართული“, - ამბობს ილია მიქელაიშვილი.
გუშინ, 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა განაახლა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სია. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“ (PosTV).
სანქცირების საფუძველია „დეზინფორმაცია დესტაბილიზაციის მიზნით“
ორივე ტელევიზიის შემთხვევაში სანქცირების ერთი და იგივე მიზეზია დასახელებული:
„ის ავრცელებს განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ ძირითადად საქართველოში მყოფ აუდიტორიაში, - ინფორმაციას, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“.
ფორუმი