ვაჟა თავბერიძესთან ვრცელ ინტერვიუში ნაითსი განიხილავს ომის განვითარების შესაძლო სცენარებს, აშშ-სა და ისრაელის ტაქტიკურ და სტრატეგიულ მიზნებს და ირანის შანსებს.
სარაკეტო პროგრამა უნდა განულდეს. არ უნდა ჰქონდეთ მოქმედი სამხედრო ავიაცია, მაქსიმალურად ცოტა ვერტმფრენი, არ უნდა ჰქონდეთ სამხედრო ფლოტი, არც შორი მოქმედების მსხვილი სარაკეტო სისტემები...
რადიო თავისუფლება: რა დევს სასწორზე ამ [აშშ-ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაცია ირანში) დაპირისპირებაში? რა არის თითოეული მხარის სტრატეგიული მიზანი? ირანის მიზანი თითქოს მეტ-ნაკლებად ნათელია: გადარჩენა. ჩანს თუ არა შეერთებული შტატების და ისრაელის საბოლოო მიზნების რაიმე, მკაფიო კონტური?
მაიკლ ნაითსი: აშშ-ისა და ისრაელის მინიმალური მიზანია, რომ ირანის შემტევი სამხედრო შესაძლებლობები, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რეგიონზე გავლენას ახდენს, მაქსიმალურად იყოს შემცირებული. ეს ნიშნავს, რომ სარაკეტო პროგრამა გრძელვადიან პერსპექტივაში ფაქტობრივად უნდა განულდეს. არ უნდა ჰქონდეთ მოქმედი სამხედრო ავიაცია, მაქსიმალურად ცოტა ვერტმფრენი, არ უნდა ჰქონდეთ სამხედრო ფლოტი, არც შორი მოქმედების მსხვილი სარაკეტო სისტემები. მნიშვნელოვნად უნდა შეიკვეცოს ირანის სახმელეთო ძალების შესაძლებლობები.
რადიო თავისუფლება: ეს მინიმუმია თუ მაქსიმუმი?
მაიკლ ნაითსი: მინიმუმი. ბონუსი იქნებოდა, თუ რეჟიმი დაიწყებდა დაშლას და მოხდებოდა ხელისუფლების ცვლილება შიგნიდან გარეთ - ანუ ცვლილება, რომელიც დაიწყებოდა თეირანში და არა პროვინციებში. სწორედ ამიტომაა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ლამის ევედრებოდა ირანელ ხალხს, დაეკავებინათ ინსტიტუტები და ქალაქებში გამოსულიყვნენ.
მაგრამ რასაც ახლა ვხედავთ, სხვა სცენარს უფრო წააგავს: რეჟიმის ჩამოშლა შეიძლება გარედან შიგნით მიმართულებით დაიწყოს, ირანული ქურთისტანიდან, პერიფერიებიდან. და ეს აშშ-სა და განსაკუთრებით, სპარსეთის ყურის ქვეყნებისათვის სასურველი შედეგი არ არის, რადგან ასე შეიძლება ქვეყანა საერთოდ დაიშალოს, შეიქმნას სამოქალაქო ომის წინაპირობები.
ტრამპის ადმინისტრაცია უკან არ დაიხევს - მანამდე, სანამ მინიმალურ მიზნებს არ მიაღწევს. ეს კი ირანის რეჟიმის სამხედრო მანქანისა და რეპრესიული ინსტიტუტების უპრეცედენტო დაკნინებას გულისხმობს...
მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკან არ დაიხევს - მანამდე, სანამ მინიმალურ მიზნებს არ მიაღწევს. ეს კი ირანის რეჟიმის სამხედრო მანქანისა და რეპრესიული ინსტიტუტების უპრეცედენტო დაკნინებას გულისხმობს.
რადიო თავისუფლება: და თუ ამ მიზნების მისაღწევად არჩეული სტრატეგია სასურველ შედეგს არ გამოიღებს, აქვს თუ არა შეერთებულ შტატებს გეგმა B ან C?
მაიკლ ნაითსი: ვფიქრობ, გეგმა B არის ასეთი: მაქსიმალური ზიანის მიყენება, შემდეგ კი ოპერაცია შეწყდება და ისრაელს მიეცემა შესაძლებლობა, პერიოდულად დაუბრუნდეს ირანს და „წამოზრდილი სარეველა გამოხშიროს“, ისე, როგორც ამას ლიბანში აკეთებენ. თუ შეხედავთ, როგორ მოქმედებდა ისრაელი მას შემდეგ, რაც ჰეზბოლა დაამარცხა, მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ - ბრუნდება მაშინ, როცა სურს და ხელს უშლის ჰეზბოლას ძალების აღდგენასა და მოღონიერებაში.
ამ ეტაპზე სწორედ ეს ჩანს ყველაზე რეალურ სცენარად: აშშ მიაღწევს მხოლოდ მინიმალურ მიზნებს, ანუ ირანის სამხედრო შესაძლებლობების განეიტრალებას. ამის შემდეგ კი ისრაელი დაიწყებს უსასრულო „ომებს შორის კამპანიას“ ირანის წინააღმდეგ. შევლენ როცა მოისურვებენ, გაანადგურებენ ნებისმიერ აღმოჩენილ სამიზნეს და რეჟიმს ნელ-ნელა დაასუსტებენ, ესაა „ათასი ჭრილობის სტრატეგია“. პარალელურად კი პერიფერიებში აჯანყებებსაც წაახალისებენ.
თუმცა ასეთი სცენარი არც აშშ-სთვის და არც სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი არ არის. ამიტომ ისინი კითხულობენ: ხომ არ ჯობს ახლავე ბოლომდე მიაწვნენ და ახლავე სცადონ ხელისუფლების შეცვლა? ცხადია, რთულია, მაგრამ ასე შეიძლება რამდენიმე კვირაში დასრულდეს ყველაფერი, ნაცვლად იმისა, რომ თვეები და წლები გასტანოს.
გეგმა B ასეთია: მაქსიმალური ზიანის მიყენება, შემდეგ კი ოპერაცია შეწყდება და ისრაელს მიეცემა შესაძლებლობა, პერიოდულად დაუბრუნდეს ირანს და „წამოზრდილი სარეველა გამოხშიროს“, ისე, როგორც ამას ლიბანში აკეთებენ...
აი, ვენესუელაში ეს ძალიან სწრაფად მოხდა. მადუროს გადადგომის შემდეგ დელსის მთავრობა მოვიდა და აშშ-ს მიმართ მორჩილების პოლიტიკა ვიხილეთ. მაგრამ ვაშინგტონი ხედავს, რომ ირანში ასეთი სცენარი არარეალური ჩანს.
რადიო თავისუფლება: ისრაელი, როგორც მებაღე, რომელიც, ასე ვთქვათ, სარეველებს ამოძირკვავს?. თქვენ თქვით, რომ ეს მიმზიდველი სცენარი არ არის. მიმზიდველს თავი დავანებოთ - რეალისტურია? ლიბანი ერთია, ირანი კი სრულიად სხვა მასშტაბია. აქვს კი ისრაელს ასეთი დიდი ბაღის „გაწმენდის“ შესაძლებლობა?
მაიკლ ნაითსი: ლიბანი ისრაელის გვერდითაა და მას ბევრად უკეთ იცნობენ, ვიდრე ირანს. მაგრამ ცხადია, არც ირანია მათთვის უცხო - დროთა განმავლობაში, თუ ისინი ხანგრძლივ კამპანიას დაიწყებენ, ანუ „ომებს შორის კამპანიას“, შეუძლიათ ისეთი სიტუაცია შექმნან, რომ ირანელმა ე.წ. მკაცრი ხაზის მიმდევრებმა ა საერთოდ ვერ გაბედონ საჯაროდ გამოჩენა.
აი, იემენს შეხედეთ, ზუსტად იგივე ხდება იემენშიც. იქ მაღალი რანგის ლიდერებს ყოველდღიურად უკიდურესი სიფრთხილის გამოჩენა მართებთ. ისრაელს აქვს ამის შესაძლებლობა და უნარი. გარდა ამისა, ისრაელს ასევე შეუძლია კონკრეტულ პროვინციებში - ქურთები, ბელუჯები - აჯანყებებს რეალური სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინოს. ამის გაკეთება უკვე შეუძლიათ, ახლაც, ექვს თვეშიც ან ერთ წელშიც.
რადიო თავისუფლება: ანუ ისრაელმა ორი ბაღი უნდა „გამარგლოს“, თანაც ერთი შეუდარებლად დიდია. და თუ ისევ ბოტანიკური მეტაფორებით ვისაუბრებთ, ესაა ბაღი, სადაც სარეველების ნაცვლად უკვე დიდი ხეებია.
მაიკლ ნაითსი: დიახ, სწრაფად მზარდი ეკლიანი ბუჩქები. ან კიდევ სურო და სოკო, რომელიც ისე ღრმად და ფართოდ მოედო ყველაფერს, რომ მისი მოშორება თითქმის შეუძლებელია ისე, რომ მთელი სტრუქტურა არ დააზიანო.
მთავარი კითხვა ასეთია: რა ზიანი ადგება ისრაელს, თუ რეჟიმი გადარჩება? და ამის საპირისპიროდ, რას კარგავს ისრაელი, თუ მოუწევს ირანსაც ისე „მოუაროს“, როგორც ლიბანურ „ჰეზბოლას“? ფაქტობრივად, არც არაფერს...
მაგრამ მთავარი კითხვა ასეთია: რა ზიანი ადგება ისრაელს, თუ რეჟიმი გადარჩება? და ამის საპირისპიროდ, რას კარგავს ისრაელი, თუ მოუწევს ირანსაც ისე „მოუაროს“, როგორც ლიბანურ „ჰეზბოლას“? ფაქტობრივად, არც არაფერს.
რადიო თავისუფლება:: მასშტაბი მაინც გაცილებით დიდია. თანაც საჭიროა, რომ ვიღაცამ ამ „ბაღის მოვლის“ ხარჯიც დაფაროს.
მაიკლ ნაითსი: თუ მიაღწევ მინიმალურ მიზანს, ანუ ირანის სამხედრო შესაძლებლობებს მაქსიმალურად გაანეიტრალებ და ის მართვადი გახდება, ამის შემდეგ ისრაელის მოქმედების თავისუფლება ბევრად გაიზრდება.
მათ უკვე ჰყავთ სამხედრო დანაყოფები ირანის ტერიტორიაზე - ამ დანაყოფების რაოდენობა, ალბათ, მომავალში კიდევ გაიზრდება. ამიტომ თუ ისრაელი ხარ და დღეს ეს შანსი მოგეცა, ყველაფერს გააკეთებ, რომ ეს „ბაღი“ აღარასოდეს გაიზარდოს ისე, როგორც შენ არ გაწყობს. ასე რომ, დიდი ალბათობით, გველის მუდმივი „ომებს შორის კამპანია“.
რადიო თავისუფლება: მიმდინარე ომს დავუბრუნდეთ - ირანი არ დანებდა, საპასუხო დარტყმებს აყენებს. რეალურად, რამდენად უთანასწოროა ეს ბრძოლა? რამდენად დიდია ის აშკარა უპირატესობა, რომელიც აშშ-სა და ისრაელს აქვთ?
მაიკლ ნაითსი: ტრადიციული სამხედრო გადმოსახედიდან, ირანი ახლა ჰგავს სახლს, რომელსაც სახურავი აღარ აქვს. ისრაელსა და აშშ-ს ექნებათ მოქმედების სრული თავისუფლება პროგნოზირებად მომავალში.
ისრაელი ამბობს: ჩვენ ვიმუშავებთ ირანელ ქურთებთან, ვიმუშავებთ ყველასთან, ვისაც კი შევძლებთ ხმა მივაწვდინოთ, რათა ეს სახელმწიფო გარედან, ნაწილ-ნაწილ ჩამოვშალოთ...
და როდესაც ეს ეტაპი დადგება, ისრაელი არასოდეს შეწყვეტს ირანში თუნდაც ყოველთვიურ დაბრუნებას, მანამ, სანამ ეს რეჟიმი აღარ იარსებებს. დიახ, მასშტაბით ირანი ლიბანზე ბევრად დიდია, მაგრამ ისრაელისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია. და ახლა მათ აქვთ შესაძლებლობა, მომავალი თავად განსაზღვრონ. ამ შანსზე უარს ვერ იტყვიან, ხელიდან ვერ გაუშვებენ. ისრაელი ამბობს: ჩვენ ვიმუშავებთ ირანელ ქურთებთან, ვიმუშავებთ ყველასთან, ვისაც კი შევძლებთ ხმა მივაწვდინოთ, რათა ეს სახელმწიფო გარედან, ნაწილ-ნაწილ ჩამოვშალოთ.
დასაწყისში მკითხეთ - სასწორზე რა დევსო და ამ ვრცელი შესავლის მერე გპასუხობთ: ჩემი აზრით, აქ სასწორზე დევს მთლიანად რეგიონის მომავალი. ჩვენ ახლა ისეთ გამყოფ ხაზთან ვდგავართ, რომლის მიღმაც 1979 წლის შემდეგ ჩამოყალიბებული რეგიონული რეალობა შეიძლება საფუძვლიანად შეიცვალოს.
პრეზიდენტ ტრამპს აშკარად აქვს აკვიატებული იდეა, რომ ირანი შეიძლება ერთ დღეს აშშ-ს მეგობრად იქცეს. ტრამპის გუნდი - არ დაგავიწყდეთ, უმეტესობა მათგანი ბიზნესმენია - ირანს უყურებს, როგორც ტრაგიკულად გაფლანგულ უზარმაზარ ბაზარს და პოტენციურ პარტნიორს. ამიტომ მათ სურთ, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს, რადგან ფიქრობენ, რომ მომავალში იქ ძალიან ბევრი შესაძლებლობა არსებობს.
ხარჯების ბალანსი აშკარად ირანის სასარგებლოდაა, ეჭვი არ არსებობს. შეუძლიათ თუ არა სროლა გააგრძელონ აშშ-ისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართულებით? დიახ, შეუძლიათ და გააგრძელებენ...
რადიო თავისუფლება: საკმაოდ აქტუალური ხდება სამხედრო რესურსების ფაქტორი - კეთდება მინიშნებები, რომ აშშ-სა და ისრაელს გადამჭერი რაკეტები თანდათან ელევათ. ირანი კი აგრძელებს რაკეტების გაშვებას მეზობელი ქვეყნების მიმართულებით, ურტყამს აშშ-ის ბაზებს და ასე შემდეგ. ვინ არის უფრო ახლოს ე.წ. „ჭურვების შიმშილთან“? ვის უფრო მალე ამოეწურება რაკეტები ან საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები?
მაიკლ ნაითსი: ტრამპის გუნდი ფიქრობს, რომ მოწინააღმდეგის გაშვების სისტემების, ასევე წარმოებისა და მარაგების სისტემების განადგურებაში დაგეგმილ გრაფიკზე წინ არიან. მიუხედავად იმისა, რომ ამის ხარჯი ძალიან მაღალი აღმოჩნდა, მაინც თვლიან, რომ ამ პროცესში წინ არიან.
თუმცა ფაქტია, რომ ირანს ჯერ კიდევ აქვს დრონების დიდი რაოდენობა და შეუძლია დრონების შიდა წარმოება - თუ ექნებათ დრონების ძრავების მარაგი და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი, შეუძლიათ ინდუსტრიის გამართვა ისე, რომ ომამდელი დრონული შესაძლებლობები ეტაპობრივად აღადგინონ. რაკეტებთან დაკავშირებით საქმე უფრო რთულადაა.
ასე რომ, ხარჯების ბალანსი აშკარად ირანის სასარგებლოდაა, ეჭვი არ არსებობს. შეუძლიათ თუ არა სროლა გააგრძელონ აშშ-ისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართულებით? დიახ, შეუძლიათ და გააგრძელებენ.
თუმცა თავდაცვის კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არსებობს და ეს არის გამძლეობა. თუ შევხედავთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ფაქტია, რომ მოსახლეობა მასობრივად არ ტოვებს ქვეყანას და კოლონებად არ მიემართება ომანისკენ. არც აბუ-დაბი და არც დუბაი მოჩვენებათა ქალაქებად არ ქცეულა.
ერთგვარ რბოლაში ვართ, საათის წინააღმდეგ - ვინ ვის დაასწრებს, ვინ უფრო დიდხანს გაძლებს. და ეს რბოლა დაახლოებით ოთხიდან ექვს დღემდე გასტანს
ამ დროისთვის ბევრი უფრთხის ჰორმუზის სრუტის გამოყენებას უსაფრთხოების რისკების გამო, მაგრამ რაც უფრო გაიზრდება თხევადი ბუნებრივი გაზის საჭიროება, მით უფრო მეტად გარისკავს ბაზარიც. ეს პროცესი უკვე იწყება. საბოლოოდ, ნებისმიერი ეკონომიკური სისტემა ასეთ პირობებს ადაპტაციით პასუხობს.
რადიო თავისუფლება: თუ ირანი, თუნდაც შედარებით მცირე ტემპით, მაგრამ მაინც გააგრძელებს სროლას და დრონების რაოდენობასაც გაზრდის, მაშინ ეს ალბათ გადაიქცევა სრულმასშტაბიან რეგიონულ ომად, თუ უკვე არ არის. რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას?
მაიკლ ნაითსი: ასეთი სცენარი ნამდვილად შესაძლებელია. ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ამ სცენარის თავიდან ასაცილებლად ორი რამ ხდება. სპარსეთის ყურის ქვეყნები, რომლებიც აქამდე ცდილობდნენ მაქსიმალურად განზე გაწეულიყვნენ, ახლა ფაქტობრივად გადადიან კონფლიქტის მონაწილის სტატუსზე და თავად იწყებენ ანტიდრონული თავდაცვის ხაზის კონტროლს.
ისინი ასევე, დიდი ალბათობით, მოითხოვენ აშშ-ის პილოტირებულ ავიაციის მათკენ გადმოწევას იორდანიიდან. ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს საჰაერო თავდაცვის ფარს, განსაკუთრებით დრონების წინააღმდეგ სპარსეთის ყურის ცაში. ასე რომ, ჯერ კიდევ არსებობს ნაბიჯები, რომლებიც არ გადაგვიდგამს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ.
ტრამპი ბიზნესმენია და ხვდება, რომ ზოგი საქმე წაგებით მთავრდება, და ზოგჯერ „კაი გარიგება“ იმას ნიშნავს, რომ რაც შეიძლება ნაკლები წააგო...
მაგრამ დავუშვათ, გათამაშდა ყველაზე უარესი სცენარი. აღმოჩნდა, რომ ირანს ჩვენზე უფრო ღრმა მარაგები აქვს - იაფფასიანი, მაგრამ მრავალრიცხოვანი. მათ შეუძლიათ სროლა გააგრძელონ, რაც სრულიად შესაძლებელი სცენარია. აგერ, ჰუსიტმა ამბოხებულებმა შეძლეს ამის გაკეთება, შესაბამისად, გამორიცხული არაა, ირანელებმაც შეძლონ.
ამ შემთხვევაში რამდენიმე შედეგი შეიძლება მივიღოთ. პირველ რიგში, ჰორმუზის სრუტის გამოყენება ძალიან ძვირი გახდება. უკვე ძვირდება კიდეც. შეერთებულ შტატებს, დიდი ალბათობით, მოუწევს ისეთი სქემის გამოყენება, როგორიც ირან-ერაყის ომის დროს არსებობდა, ანუ ტანკერების ხელახალი დროშით რეგისტრაცია და თითოეული ტვირთის ინდივიდუალური დაცვა. ეს ყველაფერი ძალიან ძვირი დაჯდება. ტრამპს ეს ნამდვილად არ მოეწონება.
სპარსეთის ყურის ქვეყნებსაც არ მოეწონებათ ირანის დარტყმები, რომლებიც დღეების ნაცვლად კვირებით გაგრძელდება. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ახლა ერთგვარ რბოლაში ვართ, საათის წინააღმდეგ - ვინ ვის დაასწრებს, ვინ უფრო დიდხანს გაძლებს. და ეს რბოლა დაახლოებით ოთხიდან ექვს დღემდე გასტანს.
ვფიქრობ, პრეზიდენტის თავდაპირველი შეუვალობა შეიძლება ამ კვირის ბოლოსკენ შესუსტდეს. ცოტა მიკვირს კიდეც, რომ ეს უკვე არ მოხდა. თუმცა ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ირანის ხელმძღვანელობამ მოლაპარაკებების იდეა უარყო. რომ ეთქვათ „დიახ“, ვფიქრობ, უკვე შუა კვირაში მოლაპარაკებები დაიწყებოდა და დაბომბვაც შეჩერდებოდა.
პრეზიდენტმა პირდაპირ უთხრა ირანელ ხალხს, ჩვენ გაგათავისუფლეთ [ხამენეისგან], ახლა კი უნდა წამოდგეთ, ქუჩებში გამოხვიდეთ და ინსტიტუტები უნდა დაიბრუნოთო. ვფიქრობ, ტრამპი და მთელი მისი გარემოცვა გაკვირვებულია, რომ ეს ჯერ არ ხდება.
თუ ისინი აზრს შეიცვლიან, სავარაუდოდ ჩვენც გავჩერდებით. მაგრამ ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ყველაფერი მინიმუმ მომავალ შაბათ-კვირამდე გაგრძელდება.
თუ შაბათამდე მივალთ და პრეზიდენტი იგრძნობს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, რესპუბლიკური პარტიიდან და სხვა პარტნიორებისგან მხარდაჭერა შესუსტდა და საომარმა სულისკვეთებამ იკლო, და თუ ამავე დროს ეტყვიან, რომ როგორც ჩვენი, ასევე ყურის ქვეყნების ანტისარაკეტო გადამჭერების (Interceptor missiles) მარაგმა კრიტიკულად დაბალ ნიშნულს მიაღწია, მაშინ ალბათ მოვისმენთ, როგორ შეიცვლის კურსს. იტყვის, რომ გაიმარჯვა და მისია შესრულებულია. დაახლოებით ისე, როგორც ჰუსიტების შემთხვევაში გააკეთა: ბრწყინვალე გამარჯვებას მივაღწიეთ, საქმე დასრულებულიაო.
რადიო თავისუფლება: და ეს ნამდვილად გამარჯვებად ჩაითვლება მისთვის?
მაიკლ ნაითსი: პირველ რიგში, მას აქვს უნიკალური უნარი, თითქმის ყველაფერი გამარჯვებად წარმოაჩინოს, სულ მცირე, საკუთარი გადმოსახედიდან მაინც. მას ეჭვი არ ეპარება საკუთარი გადაწყვეტილებების სისწორეში. ზუსტად იცის, როდის არის რაღაცის გაკეთება სწორი და როდის არის გაჩერების დრო. ის ბიზნესმენია და ხვდება, რომ ზოგი საქმე წაგებით მთავრდება, და ზოგჯერ „კაი გარიგება“ იმას ნიშნავს, რომ რაც შეიძლება ნაკლები წააგო.
რადიო თავისუფლება: და ისრაელი? ისრაელი როგორ მოიქცევა, თუ აშშ თამაშიდან გავა?
მაიკლ ნაითსი: მე არ ვფიქრობ, რომ ისრაელი გაჩერდება, ყოველ შემთხვევაში, დიდი ხნით. თუ ტრამპი ეტყვის მათ, რომ დროა, გაჩერდნენ, ისინი ალბათ დათანხმდებიან, განსაკუთრებით თუ ანტისარაკეტო გადამჭერები თავადაც გამოელევათ. იტყვიან, კარგით, სერ, მართალი ხართ, ძალიან გულდაწყვეტილები ვართ, მაგრამ შევჩერდებით. თუმცა მშვენივრად იციან, რომ რამდენიმე კვირაში ან თვეში ისევ დაბრუნდებიან.
რადიო თავისუფლება: აშშ-სთან ერთად დაბრუნდებიან თუ მის გარეშე?
ხალხს, ალბათ, უფრო აშინებს ქუჩაში გამოსვლა, რადგან იციან, რომ რეჟიმი ამჯერად ბევრად უფრო სასტიკად იმოქმედებს და საერთოდ აღარაფერს მოერიდება.
მაიკლ ნაითსი: მის გარეშე. იმიტომ, რომ შემდეგ ჯერზე აშშ აღარ დასჭირდებათ. როდესაც ამ ოპერაციის მინიმალური მიზნები შესრულდება, ისრაელისთვის მოქმედების სივრცე ბევრად უფრო თავისუფალი გახდება. და ისინი უბრალოდ გააფართოებენ „ომებს შორის კამპანიას“, რომელიც აქამდე ლიბანს, იემენსა და სირიას მოიცავდა, და მასში ირანსაც ჩართავენ.
რადიო თავისუფლება: ეს მინიმალური მიზნები უკვე მიღწეულია?
მაიკლ ნაითსი: თითქმის უკვე მიღწეულია და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მაქსიმუმ ორ-სამ დღეში სრულად შესრულდება.
რადიო თავისუფლება: ფართო კონსენსუსით, ირანის ისლამური რესპუბლიკა არასოდეს ყოფილა ისეთი სუსტი, როგორც დღესაა. ირანზე იერიშიც ამ ფაქტორმა განაპირობა. და მაინც, ამის მიუხედავად, რეჟიმი არ ჩამოიშალა. რატომ?
მაიკლ ნაითსი: ეს ალბათ ის კითხვაა, რომელსაც ტრამპიც უსვამს საკუთარ თავს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც გადაწყდა ირანზე დარტყმა, ისიც იყო, რომ მანამდე მადუროს პრეცედენტი გვქონდა. ვნახეთ, რომ როცა სისტემიდან მთავარი ფიგურა გაქრება, სისტემა სრულიად სხვაგვარად იწყებს მოქმედებას. ეჭვი არ მეპარება, რომ CIA-მ პრეზიდენტს უთხრა, ირანში ასე არ მოხდებაო. მაგრამ ამას დაემატა ირანში საპროტესტო გამოსვლები. ყველა ამბობდა, რომ ირანი რეჟიმის ცვლილებასთან ყველაზე ახლოს სწორედ ახლა იყო. როგორც ჩანს პრეზიდენტმაც, ამ განწყობების გამო, რასაც ტელევიზორში ხედავდა, როდესაც ეს ოპერაცია დაიწყო, პირდაპირ უთხრა ირანელ ხალხს, ჩვენ გაგათავისუფლეთ [ხამენეისგან], ახლა კი უნდა წამოდგეთ, ქუჩებში გამოხვიდეთ და ინსტიტუტები უნდა დაიბრუნოთო. ვფიქრობ, პრეზიდენტი და მთელი მისი გარემოცვას ახლა უკვირთ, რომ ეს ჯერ არ ხდება.
ტრამპი თვლის, რომ ირანში ჯარები უკვე შეყვანილია - მისი გადმოსახედიდან, ამ ჯარის როლი იმ მილიონობით ირანელმა მოქალაქემ უნდა იტვირთოს, ვისაც მოლების რეჟიმის ქვეშ ცხოვრება არ სურს.
რადიო თავისუფლება: და რატომ არ მოხდა?
მაიკ ნაითსი: რატომ არ გამოდის ხალხი ქუჩაში? იმიტომ, რომ იანვარში ციდან ტონობით ბომბები არ ცვიოდა. და რეჟიმსაც ჯერ არ ჰყავდა ათასობით ადამიანი დახოცილი.
ახლა ვითარება ბევრად უფრო დამთრგუნველია. ხალხს, ალბათ, უფრო აშინებს ქუჩაში გამოსვლა, რადგან იციან, რომ რეჟიმი ამჯერად ბევრად უფრო სასტიკად იმოქმედებს და საერთოდ აღარაფერს მოერიდება. თანაც, ქვეყანა ომშია.
ვვარაუდობ, ბევრი ელოდება, დარტყმებმა საკმარისი ზიანი მიაყენოს რეჟიმს. მაგრამ შესაძლებელია, რომ მათ ეს ზიანი არასოდეს მოეჩვენოთ საკმარისად.
რადიო თავისუფლება: თუ რეჟიმი შიგნიდან არ ჩამოიშლება, შეიძლება ვინმეს გარედან მოუნდეს „ხელი წააშველოს“. რა შეზღუდვები, ლიმიტები არსებობს ამ მხრივ? შესაძლებელია თუ არა რეჟიმის შეცვლა მხოლოდ საჰაერო დაბომბვების გზით, ირანში ჯარების შეყვანის გარეშე, რასაც, როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაცია გამორიცხავს?
მაიკლ ნაითსი: რეალურად ეს ჯერ ვერავინ მოახერხა. თუმცა არა - შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული თვალსაზრისით ეს იაპონიაში მოხდა 1945 წელს. თუმცა იქაც კი ატომური ბომბის გამოყენება გახდა საჭირო.
სირიაში ასადი დაეცა რუსეთის მხარდაჭერის მიუხედავად, ვენესუელაში მადურო... ამ მხარდაჭერის მიუხედავად, ეცემა ირანიც... აი, ეს არის რეალობა.
მე ასე ვიტყოდი. ტრამპი თვლის, რომ ირანში ჯარები უკვე შეყვანილია - მისი გადმოსახედიდან, ამ ჯარის როლი იმ მილიონობით ირანელმა მოქალაქემ უნდა იტვირთოს, ვისაც მოლების რეჟიმის ქვეშ ცხოვრება არ სურს. მისი აზრით, სწორედ ისინი არიან „ქვეითი ჯარი“. თუ მათ ამის გაკეთება არ უნდათ, ეს მათი საქმეა.
რადიო თავისუფლება: და ბოლოს, რუსეთი და ჩინეთი - მათთვის რა დევს სასწორზე? რას კარგავენ ამ ყველაფრით?
მაიკლ ნაითსი: მარტივად რომ ვთქვათ, იმავეს, რაც ვენესუელას შემთხვევაში. რუსეთისა და ჩინეთის პრობლემა ისაა, რომ დიადი ძალების კონკურენციის პირობებში, ძალის პროექცია უჭირთ. როცა რაღაც ხდება, მაგალითად ვენესუელაში ან თუნდაც ირანში, და აშშ-სთან შედარებით, მათ უბრალოდ არ აქვთ საკმარისი ხისტი ძალა, საჭირო „კუნთები“ იმისთვის, რომ საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინონ.
ამ მხრივ შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ აქვს სამხედრო უპირატესობა კონტინენტურ დისტანციებზე მოქმედებაში, რაც არც რუსეთს და არც ჩინეთს არ გააჩნია. ისინი რბილი ძალის დიდოსტატები არიან, მაგრამ ასეთ სიტუაციაში პარტნიორის დასახმარებლად რბილი ძალა საკმარისი არ არის.
ყველა ხედავს, რომ ასადი სირიაში დაეცა რუსეთის მხარდაჭერის მიუხედავად. ვენესუელაშიც მადურო დაეცა რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მიუხედავად. ამ მხარდაჭერის მიუხედავად, ეცემა ირანიც... აი, ეს არის რეალობა.
ფორუმი