Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი ჰორმუზის სრუტის დაკეტვას ცდილობს და ნავთობის ფასის 200 დოლარამდე გაზრდით იმუქრება

ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში "ერთ წვეთ ნავთობს" აღარ გაატარებენ.
ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში "ერთ წვეთ ნავთობს" აღარ გაატარებენ.

ირანი აცხადებს, რომ ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე, ვიწრო გასასვლელი სპარსეთის ყურიდან ოკეანეში, რომელიც მსოფლიოს ნავთობის 20%-ს ატარებს. თეირანის გეგმაა, დაბლოკოს ნავთობის „ყველა წვეთი“, რათა ფასი მაქსიმალურად გაიზარდოს.

თეირანი ენერგომატარებლებზე მაღალი ფასებით, ისედაც შეზღუდულ ბაზარზე, აშშ-ისა და მისი ევროპელი მოკავშირეების შეწუხებას ცდილობს.

„ნავთობის ნაკადების იარაღად ქცევა“ - ექსპერტები ირანისგან მოსალოდნელ მსგავს საფრთხეზე მანამდეც მიუთითებდნენ.

  • აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების მეორე დღეს, 1 მარტს, ნავთობის ფასი უკვე 10%-ით იყო გაზრდილი და 80 დოლარს აღწევდა.
  • 2 მარტს ზრდა უკვე 13%-ს აღწევდა.


“[ჰორმუზის] სრუტე ჩაკეტილია. თუკი ვინმე გავლას შეეცდება, გმირები ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსიდან და სამხედრო-საზღვაო ფლოტიდან, ასეთ გემებს ცეცხლში გაახვევენ“, - ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მთავარი მრჩევლის, იბრაჰიმ ჯაბარის სიტყვებს ALJAZEERA ციტირებს. განცხადებაში ხაზგასმულია ირანის მიზანი - ნავთობის გაძვირება.

„ჩვენ დავარტყამთ ასევე ნავთობის მილსადენებს და არ დავუშვებთ, რომ რეგიონიდან თუნდაც ერთი წვეთი ნავთობი გავიდეს. ნავთობის ფასი მომავალ დღეებში 200 დოლარს მიაღწევს“.

ჰორმუზის სრუტე წლიურად მსოფლიო ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მეხუთედს ატარებს. ის მთავარი დამაკავშირებელია მსხვილ ნავთობმწარმოებლებთან - საუდის არაბეთში, ირანში, ერაყსა თუ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

ჰორმუზის სრუტე ერთადერთი უალტერნატივო საზღვაო გზაა, ენერგომატარებლების გემებით გადასაზიდად.

ირანს მსოფლიოში ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის უდიდესი მარაგები აქვს. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით ირანი საკუთარ გზასაც იჭრის - სხვადასხვა სტატისტიკით, ამ სრუტეს ის დღეში 1.7 მილიონ ბარელამდე ნავთობის გადასატანად იყენებდა.

CNBC-ი ციტირებს Deutsche Bank -ის წარმომადგენელს, მიხაილ ჰშეის, რომლისთვისაც იოლი წარმოსადგენია ბარელი ნავთობის ფასის 200 დოლარამდე გაზრდა, თუკი ირანი შეძლებს ჰორმუზის სრუტის სრულ ჩაკეტვას „ნაღმების, გემების საწინააღმდეგო რაკეტების და სხვა იარაღის“ გამოყენებით.

ჰორმუზის სრუტეში გატარებული ნავთობის ძირითად მომხმარებლებს შორის არის ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია. სხვადასხვა წყაროს ცნობით, პეკინმა მოუწოდა თეირანს, არ დაუშვას ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა. თუმცა ექსპერტებს ეეჭვებათ, რომ ეს მოწოდებები შესმენილი იქნება, რადგან თეირანი დღეს პეკინისგან მოითხოვს ყველაზე მთავარს - შეაჩეროს აშშ-სა და ისრაელის მიერ წამოწყებული სამხედრო ოპერაცია. საბრძოლო მოქმედებების წინააღმდეგ პეკინის რიტორიკა ხისტია, მაგრამ ჯერჯერობით ქმედითი ზომები არ მოჰყოლია.

  • ირანის ნავთობის ექსპორტის 80%-ზე მეტი ჩინეთზე მოდიოდა. ანტიდასავლურ ვექტორზე დამყარებული მჭიდრო ურთიერთობით, პეკინი ახერხებდა თეირანის ენერგომატარებლების ექსკლუზიურ, დაბალ ფასად მიღებას.
  • სხვადასხვა წყაროს ცნობით, ირანიდან მიღებული ნავთობი ჩინეთის მოხმარების 12%-ს შეადგენდა. თუმცა სტატისტიკა ვერ იქნება ზუსტი, რადგან, სანქციების გამო, ირანის ნავთობის გადაზიდვა ძირითადად „ჩრდილოვანი ფლოტის“ გამოყენებით ხდებოდა, საბანკო არხების გვერდის ავლით.
  • გარიგება ხშირად ბარტერული იყო - ირანული ნავთობი ჩინურ პროდუქციაში, ტექნოლოგიებსა და ინფრასტრუქტურის ინვესტიციებში იცვლებოდა.


ამიტომ თეირანს საბრძოლო ოპერაციების შეჩერებაში პეკინის დახმარების გამოკვეთილი იმედი ჰქონდა. ამ იმედებზე მეტყველებს ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA-ს ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებული პოსტები და აქვეა თეირანის მესიჯები სამეზობლო ქვეყნების მიმართ, რომ მათკენ ირანიდან გასროლილი რაკეტები მხოლოდ და მხოლოდ აშშ-ის ბრალია და ამისათვის პასუხი არა თეირანს, არამედ ვაშინგტონს უნდა მოსთხოვონ.

ნავთობის ფასის ზრდა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთსა და აზიას არ შეეხება - გავლენა ექნება ევროპაზეც და თეირანის ერთ-ერთი ღია მიზანიც ეს არის, რომ ევროპელებმა ზემოქმედება იქონიონ აშშ-ზე.

“ჩანს, ირანი ფსონს დებს აშშ-ის ადმინისტრაციისა და მსოფლიოში მისი მოკავშირეების სენსიტიურობაზე ენერგომატარებლებზე ფასების გაზრდის მიმართ“, რათა იმოქმედოს ისედაც „მყიფე მსოფლიო ბაზარზე, რომელიც ჯერ ისევ განიცდის უკრაინაში [რუსეთის] ომის შედეგებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჰამიდრეზა აზიზიმ, გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების ინსტიტუტის მკვლევარმა. მისი მოსაზრებით, მიმდინარე პროცესებში ირანი ცდილობს საფასური გაზარდოს აშშ-ისთვის - როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი გაგებით.

პოლონეთის ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში რადიო თავისუფლებისთვის 2 მარტს, ვაშინგტონში მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ნავთობის გაძვირება ხელსაყრელ გარემოს ქმნის რუსეთისთვის.

„სახიფათოა, რადგან ეს ფული აძლიერებს რუსეთის თავდაცვისა და შეიარაღების ინდუსტრიას, რაც სახიფათოა პოლონეთისთვის და ნატოს აღმოსავლეთის ფლანგისთვის“, - პოლონელმა მაღალჩინოსანმა ასევე ივარაუდა, რომ საბრძოლო მოქმედებების გახანგრძლივებამ შესაძლოა პრობლემები შეუქმნას უკრაინას - შეიარაღების კუთხით.

ექსპერტების სხვა მოსაზრებით, ნავთობზე ფასების ზრდას მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი ექნება რუსეთის შემოსავლების გაზრდაზე და ვერც მასშტაბური იქნება, რადგან - რუსეთის ენერგომატარებლებზე მოთხოვნა ისედაც ძლიერად არის შემცირებული და გაყიდვის კონტროლიც გამკაცრებულია.

  • ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის პარალელურად, ირანი უტევს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობის მომპოვებელ საზღვაო ინფრასტრუქტურას რეგიონის ქვეყნებში.
  • 2 მარტს, დრონებით შეტევის შედეგად მუშაობა შეაჩერა საუდის არაბეთის ქალაქ რას-ტანურაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ; თავდასხმის სამიზნე გახდა ბუნებრივი აირის მწარმოებელი მსხვილი ქარხანა კატარში.


დევიდ პეტრეუსი - აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი მეთაური ერაყსა და ავღანეთის სამხედრო კამპანიებში, გადამდგარი ოთხვარსკვლავიანი გენერალი, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი დირექტორი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ვაშინგტონის ერთ-ერთ უპირველესი ამოცანა - ჰორმუზის სრუტის დაცვაა.

“აშშ-მ, ისრაელმა და სხვებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეამცირონ ირანის საპასუხო შესაძლებლობები, მისი უნარი დაარღვიოს ნავიგაციის თავისუფლება სპარსეთის ყურეში, დანაღმოს ჰორმუზის სრუტე ან იქ გემებზე თავდასხმა განახორციელოს”, - ასე პასუხობს დევიდ პეტრეუსი შეკითხვას ირანში საბრძოლო კამპანიის მიმდინარეობისას გადასადგმელი პრიორიტეტული ნაბიჯების შესახებ.

აშშ-სა და ისრაელის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაცია ირანისთვის მნიშვნელოვანი დანაკარგებით გრძელდება. ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA-ს ინფორმაციით, 3 მარტის დილის მდგომარეობით, აშშ-ისრაელის სამხედრო კამპანიის შედეგად ასეულობით ადამიანი დაიღუპა - მათ შორის ირანის პოლიტიკური და სასულიერო ელიტის ნაწილი.

„წითელი ნახევარმთვარის“ მიერ 3 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, 28 თებერვლიდან ირანის 150-ზე მეტ რაიონში დაიღუპა 787 ადამიანი, მათ შორის - 176 ბავშვი. ირანის ხელისუფლების თანახმად, 28 თებერვლიდან დაღუპული არასრულწლოვანებიდან 165 იყო ქალაქ მინაბის გოგონათა სკოლის მოსწავლე. თეირანმა ამ სკოლაზე დარტყმაში აშშ და ისრაელი დაადანაშაულა, მალევე, სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ. აშშ-სა და ისრაელს სკოლაზე დარტყმა არ დაუდასტურებიათ.

მსხვერპლია მეორე მხარესაც, მათ შორის - გავრცელდა ცნობები ამერიკელი სამხედროების დაღუპვის შესახებ.

ირანი, ისრაელის გარდა, რაკეტებით უტევს არაერთ ქვეყანას სამეზობლოში - არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, კატარს, ერაყს, ქუვეითსა თუ ბაჰრეინს. მთავარ სამიზნეებს შორის არის აშშ-ის სამხედრო ბაზები.

  • 2026 წლის 28 თებერვალს ირანს ჯერ ისრაელმა დაარტყა; ხოლო რამდენიმე საათში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში „მასშტაბური სამხედრო ოპერაციები“ დაიწყო. მან ასევე თქვა, რომ თეირანის “ტერორისტულ რეჟიმს აღარასოდეს ექნება ბირთვული იარაღი!”. ბრძოლები ახლაც გრძელდება.
  • 2 მარტს დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამხედრო ოპერაციები უკვე წინ უსწრებს წინასწარ შემუშავებულ გრაფიკს. მისი პროგნოზით, აშშ-ის კამპანია, სავარაუდოდ, 4-5 კვირას გასტანს, თუმცა შესაძლოა უფრო დიდხანსაც გაგრძელდეს.


  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG