წინა დღით თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნული იყო, რომ "პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცალსახა და თანმიმდევრულია ათწლეულებია: ირანს არასდროს მიეცემა უფლება მოიპოვოს ბირთვული იარაღი".
2 მარტს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა "ფოქს ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განმარტა ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებზე:
„პრეზიდენტს სურს ირანელებსა და მსოფლიოს გააგებინოს, რომ ის არ აპირებს გაჩერებას, სანამ არ მიაღწევს ყველაზე მნიშვნელოვან მიზანს და არ უზრუნველყოფს იმას, რომ ირანმა ვერ შეძლოს ბირთვული იარაღის ფლობა“.
იმ კრიტიკის საპასუხოდ, რომელიც აშშ-ის მრავალწლიან ომში ჩართვის საფრთხეს უკავშირდება, ვენსმა განაცხადა:
„დონალდ ტრამპი უბრალოდ არ დაუშვებს ამ ქვეყნის მრავალწლიან კონფლიქტში ჩართვას, მის დასასრულზე მკაფიო წარმოდგენისა და მკაფიო მიზნის გარეშე... ვფიქრობ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ იმგვარ პრობლემებში შესვლას, როგორიც ერაყსა და ავღანეთთან გვქონდა“.
ირანში სამხედრო ოპერაციების მიზანს ვიცეპრეზიდენტი ვენსი ასე განმარტავს:
„რაც არ უნდა დაემართოს რეჟიმს, ამა თუ იმ ფორმით, ეს იქნება მეორეხარისხოვანი პრეზიდენტის უპირატეს მიზანთან შედარებით - ეს მიზანი კი არის ის, რომ ირანის ტერორისტულმა რეჟიმმა არ შექმნას ბირთვული ბომბი“.
ვენსის სიტყვებით, აშშ-ის პრეზიდენტს სურს აშშ-ს დაცვა ირანის ბირთვული იარაღისგან არა მხოლოდ მომდევნო რამდენიმე წლით - მისი მეორე ვადის დასასრულამდე, არამედ მას სურს "იმის უზრუნველყოფა, რომ ირანმა ვერასდროს შეძლოს ბირთვული იარაღის ფლობა... მან დაინახა, რომ ირანული რეჟიმი დასუსტებულია. მან იცოდა, რომ მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ ბირთვული იარაღის შექმნის წერილამდე მიღწევა და მან გადაწყვიტა ემოქმედა, ვინაიდან იგრძნო, ეს აუცილებელი იყო ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად“.
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა ორშაბათს, „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ირანთან მოლაპარაკებები მას შემდეგ ჩაიშალა, რაც აშშ-მა დაასკვნა, რომ თეირანის განცხადებები არასარწმუნო იყო. ამან დააჩქარა პრეზიდენტ ტრამპი, რომ ავტორიზაცია მიეცა ოპერაცია "ეპიკური მრისხანებისთვის".
ვენსმა განაცხადა, რომ აშშ-ის წარგზავნილებმა - მათ შორის, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, სტივ უიტკოფმა, ჯარედ კუშნერმა - ირანის დელეგაციასთან გამართეს მოლაპარაკებების არაერთი რაუნდი ჟენევაში. მსჯელობა ეხებოდა თეირანის მიერ ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ირანისთვის სანქციების მოხსნის სანაცვლოდ და მასშტაბური კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, თუმცა საბოლოოდ ის ჩაიშალა:
„ირანელები კვლავ და კვლავ გვეუბნებოდნენ, „იცით, სამოქალაქო, ენერგეტიკული მიზნებისთვის გამდიდრების პროგრამის გაგრძელება ეროვნული სიამაყის საკითხია“.
ჩვენ კი ვთქვით, „კარგი, ეს საინტერესოა, მაგრამ რატომ აშენებთ გამამდიდრებელ ობიექტებს მიწის ქვეშ, 70 ფუტის სიღრმეზე? და რატომ ამდიდრებთ ურანს იმ დონემდე, რომელიც სამოქალაქო მიზნებს სცდება და მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამოსადეგი, თუკი ბირთვული ბომბის შექმნას ისახავთ მიზნად?“
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა დააზუსტა, რომ არავინ ეწინააღმდეგება ირანის მიერ სამოქალაქო მიზნებისთვის ურანის გამდიდრების პროგრამის განხორციელებას:
„არავინ არის წინააღმდეგი ირანმა შექმნას სამედიცინო იზოტოპები; წინააღმდეგობას იწვევს ის გამამდიდრებელი ობიექტები, რომლებიც მხოლოდ ბირთვული იარაღის შესაქმნელადაა გამოსადეგი“.
ვენსმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ურჩევნია იხილოს „მეგობრული რეჟიმი ირანში, სტაბილური ქვეყანა, რომელსაც სურს აშშ-სთან ერთად მუშაობა“.
28 თებერვალს დილით ისრაელის და აშშ-ის სამხედრო ძალებმა დაიწყეს ირანში სამხედრო ოპერაციები, საჰაერო იერიშებით. ვაშინგტონმა ოპერაციას დაარქვა "ეპიკური მრისხანება", ისრაელმა კი - "ლომის ღრიალი". საჰაერო იერიშები მეოთხე დღეა გრძელდება. ირანმა საომარი არეალი გააფართოვა რეგიონში აშშ-ის მოკავშირე სახელმწიფოების ტერიტორიებზე როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ობიექტების დაბომბვით, რაკეტებისა და დრონების გამოყენებით.
ფორუმი