მას შემდეგ, რაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) პროტესტს ცეცხლსასროლი იარაღით დაუპირისპირდა - ირანის ლიდერების ეკონომიკურმა დაპირებებმა ხალხი ვეღარ დაამშვიდა.
ირანის ბოლო შაჰის ვაჟმა, ემიგრაციაში მყოფმა რეზა ფეჰლევიმ, რომელიც თავს ტახტის მემკვიდრედ მიიჩნევს, 6 იანვარს „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის ჩავიდეს ირანში და გაუძღვეს ქვეყანას - „ტირანიიდან მომავალ დემოკრატიამდე“. Iran International-ი იუწყება, რომ ირანის სხვადასხვა ქალაქში გამართულ აქციებზე ხალხი სწორედ რეზა ფეჰლევის ირანში ჩასვლის იმედს გამოხატავს.
სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით:
- პროტესტი ირანის 31 პროვინციიდან 27-ში უკვე გავრცელდა - 90-ზე მეტ ქალაქში გაიმართა ასეულობით აქცია. მასშტაბური აქციების გარდა, აქციებს მართავენ მცირე ჯგუფებიც.
- პროტესტს შეუერთდნენ სტუდენტები - 22 უნივერსიტეტიდან.
- დააკავეს 2000-ზე მეტი ადამიანი.
ხალხის მღელვარებას ირანში წლების ისტორია აქვს. ეს ბოლო პროტესტი საერთაშორისო პოლიტიკაში თეირანისთვის არასახარბიელო ძვრებსა და აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან მკაფიო მუქარას ემთხვევა.
სოციალურ ქსელებში თუ მედიაში გავრცელებული ვიდეომასალების თანახმად, ირანის მასშტაბით ხალხმრავალი პროტესტი 6-7 იანვარსაც გრძელდებოდა - ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, ათეულობით ქალაქში.
თვითმხილველები აღწერენ, რომ ხალხი ქუჩაში - წინასწარი გამოცხადების გარეშე, სპონტანურად გამოდის - სახლებიდან, სამსახურებიდან; კეტავენ მაღაზიებს, ოფისებს და თანამოქალაქეებს უერთდებიან.
ხშირად ისმის ხმამაღალი შეძახილები. უფლებადამცველ აქტივისტთა საინფორმაციო სააგენტო Hrana იუწყება, რომ გაჩნდა სლოგანები - სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის ჩამოგდების შესახებ.
სხვადასხვა წყაროს თანახმად, 6 და 7 იანვარს გამართულ აქციებზე სამთავრობო უსაფრთხოების ძალები კვლავ იყენებდნენ საფანტის იარაღს, რეზინის ტყვიებს, წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს.
გავრცელებულ ვიდეომასალებში ასევე ჩანს დაპირისპირება პროტესტის მონაწილეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის.
ჩანს, რომ ხალხი მათ წინააღმდეგობას უწევს. კეტავენ ქუჩებს, ანთებენ ცეცხლს.
ზოგ შემთხვევაში სამთავრობო ძალებს გაქცევაც უწევთ.
6 იანვარს, თეირანის დიდ ბაზარში, სადაც უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, ვაჭრობის ჩვეულ რიტმში დაბრუნება მაინც ვერ შეძლეს. კადრებში ჩანს, რომ გასასვლელები ჩაკეტილია, ძალოვნები პროტესტის მონაწილეებს დასაჭერად დასდევდნენ.
„ბრინჯის წვიმა“ - 6 იანვარს საგანგებო ყურადღება მიიპყრო დასავლეთით მდებარე ქალაქ აბდანანში განვითარებულმა მოვლენებმა - როცა მრავალრიცხოვან აქციაზე, დემონსტრანტები ბრინჯის ტომრებს ხევდნენ და ბრინჯს ჰაერში ყრიდნენ, მას შემდეგ რაც პროტესტის მონაწილეები ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) დაკავშირებულ მაღაზიაში შეიჭრნენ.
სოციალურ ქსელებში აბდანანელებს აქებენ - ღირსებისთვის, კონკრეტულად კი იმის გამო, რომ, გაჭირვების მიუხედავად - ბრინჯი სახლებში არ წაიღეს. კომენტატორებისთვის ეს მკაფიო ნიშანია, რომ "ხალხი ქუჩაში არა სიღარიბემ, არამედ თავისუფლების წყურვილმა გამოიყვანა".
ხელისუფლებას ეკონომიკური დაპირებებით გულის მოგება აღარ გამოსდის. იყო დაპირებები, რომ ყველა მიიღებდა ფინანსურ დახმარებას; თუმცა პროტესტი მაინც გაგრძელდა - თეირანსა და ირანის სხვა რეგიონებში.
როგორ მოკლეს ადამიანები
- უფლებადამცველი აქტივისტების სააგენტო HRANA იუწყება, 6 იანვრის მდგომარეობით მოკლულია 36 ადამიანი; მათ შორის - 4 არასრულწლოვანი და 2 - სამთავრობო უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი.
- 6 იანვრის მდგომარეობით, რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს [Radio Farda] მოკლულთაგან იდენტიფიცირებული ჰყავდა მხოლოდ 20 ადამიანი.
დაზუსტებული ცნობები არ გავრცელებულა ბოლო ორ დღეში შესაძლო დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ.
დიდი მსხვერპლის მიუხედავად, რაც ჯერ ისევ არ არის ბოლომდე დაზუსტებული, სასამართლო სისტემის ხელმძღვანელმა ღოლამჰოსეინ მოსენი-ეჯეიმ 6 იანვარს შეაქო უსაფრთხოების ძალები - თქვა, რომ ისინი „ტაქტიკურად“ მოქმედებენ და თუკი ვინმე ქუჩაში აქციებზე გასვლას გაბედავს, ჩაითვლება, რომ ის მოქმედებს „მტრის მიზნების შესაბამისად“.
თვითმხილველები ჰყავს საზარელ ამბავს, თუ როგორ გაუხსნეს ცეცხლი დემონსტრანტებს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) წევრებმა, 3 იანვარს, მათივე შენობის სახურავიდან.
„ვისაც ისინი [IRGC-ის წევრები] არ უნახავს სახურავზე, იფიქრეს, რომ ეს საჰაერო დარტყმა იყო“, - ამბობს მალექშაჰის მკვიდრი - მოჰამად ჰეიდარი ილამი რადიო თავისუფლებასთან [მისი სახელი შეცვლილია უსაფრთხოების მიზნებით] და დასძენს, რომ - ხალხს დამიზნებით ესროდნენ.
ილამი ინტერვიუში ასევე იხსენებს, რომ სროლის შედეგად დაიღუპნენ „უდანაშაულო ადამიანები, ძირითადად ახალგაზრდები“ და ასევე ძალიან ბევრი ადამიანი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მაგრამ პროცესი ამით არ დასრულებულა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ რამდენიმე საათში - 4 იანვარს - ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) წარმომადგენლები საავადმყოფოსთან შეიკრიბნენ, ამტვრევდნენ ფანჯრების მინებს და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ - დაჭრილების დასაპატიმრებლად და დაღუპულთა ცხედრების გასატანად.
საავადმყოფოსთან შეკრებილმა ხალხმა და სამედიცინო პერსონალმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა ძალოვნებმა ცრემლსადენი გაზი დაუშვეს და, თვითმხილველების ინფორმაციით - ირგვლივ ურტყამდნენ ყველას, ვინც მათ წინ ეღობებოდა.
საავადმყოფოზე შეტევას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უწოდა “აშკარა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ”.
- 3 იანვარს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის მმართველები გააფრთხილა, რომ თუ ირანში “მშვიდობიან დემონსტრანტების” მკვლელობა გაგრძელდება, “აშშ მზად არის, ჩაერიოს”.
- 4 იანვარს, ტრამპმა მუქარა გაიმეორა და ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ირანი მიიღებს “ძალიან ძლიერ დარტყმას”, თუკი დემონსტრანტებს კვლავ ესვრიან.
საპასუხოდ აშშ-ს თეირანიც დაემუქრა.
„ისტორიული არჩევანი“ - ვის ელოდებიან ირანში?
„ეს არის ბოლო ბრძოლა - რეზა ფეჰლევი ჩამოვა“, - Iran International-ის ინფორმაციით, მის ხელთ არსებულ არაერთ ვიდეომასალაში ისმის, თუ როგორ გამოხატავენ პროტესტის მონაწილეები იმედს, რომ ქვეყანაში ირანის ბოლო შაჰის ვაჟი დაბრუნდება.
ირანის ბოლო შაჰის, მოჰამად რეზა ფეჰლევის ვაჟმა, რეზა ფეჰლევიმ 6 იანვარს “ფოქს ნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ - როგორც არასდროს, ახლა ის მზად არის ირანში ჩასასვლელად და ქვეყნის წასაყვანად დემოკრატიის გზით, მაშინ, როცა ირანში დღეს „უპრეცედენტო სცენებს“ ხედავენ.
მანამდე რეზა ფეჰლევიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე მოუწოდა ქვეყნის უსაფრთხოების ძალებს, რომ ამ „ისტორიული არჩევანის“ ზღურბლზე მათ „იარაღი უნდა გამოიყენონ არა ხალხის წინააღმდეგ, არამედ მათ დასაცავად“.
ირანში მონარქია 1979 წელს, ისლამური რევოლუციის შედეგად დაემხო. დევნილი შაჰი მოჰამად რეზა ფეჰლევი 1980 წელს, ეგვიპტეში გარდაიცვალა. მისი ვაჟი რეზა ფეჰლევი აშშ-ში ცხოვრობს. ის ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ აკრძალული ეროვნული საბჭოს ლიდერია. ირანის ბოლო შაჰს პროდასავლური პოლიტიკა ჰქონდა, თუმცა ქვეყანას ავტორიტარული მეთოდებით მართავდა. თუმცა მისი მეთოდები ვერც კი შეედრება რეპრესიებს, რომლებიც ირანში - ისლამური რევოლუციის შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ დაიწყო.
არასახარბიელო ვითარება თეირანისთვის
წლების მანძილზე ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მასშტაბურმა პროტესტმა არაერთხელ იფეთქა. სხვადასხვა დროს, დემონსტრანტები მოითხოვდნენ - სოციალური და პოლიტიკური უფლებების გაფართოებას; აპროტესტებდნენ ადამიანის უფლებების, ქალების უფლებების უხეშ დარღვევებსა თუ ეკონომიკურ სიდუხჭირეს, მაგრამ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ირანის მმართველები პროტესტის ჩახშობას მაინც ახერხებდნენ.
ექსპერტები თვლიან, რომ ამ ეტაპზე განსხვავებული ვითარებაა, რადგან ხალხი განსაკუთრებულ სიდუხჭირეშია და გამოსავალს ვერ ხედავს. ასევე, განსხვავებული ვითარებაა მსოფლიოში.
“ირანის მდგომარეობა რეგიონში და მსოფლიოში მნიშვნელოვნად შეიცვალა: მას ნაკლები მოკავშირე დარჩა რეგიონულ კონფლიქტებში და ნაკლები არხი - ნავთობის ოპერაციებისთვის”, - წერს BBC-ის ირანელი კორესპონდენტი, ამირ აზიმი თავის სტატიაში.
აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციებით გამოწვეული მძიმე შედეგების გარდა, ირანის პოზიციების დასუსტების მიზეზებს შორის ავტორი გამოყოფს მთელ რიგ მოვლენებს, რაც ირანის გარშემო ახლო წარსულში განვითარდა: 2025 წელს, ისრაელთან 12-დღიან ომში უშუალოდ ჩართულმა აშშ-მა დაბომბა ირანის ბირთვული ობიექტები; ისრაელმა და აშშ-მა ამ პროცესში მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს ირანის სამხედრო და სამრეწველო ინფრასტრუქტურას; სირიაში ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ - ირანმა მნიშვნელოვანი მოკავშირე დაკარგა. მისი მოკავშირე დასუსტდა ლიბანშიც - „ჰეზბოლა“, რომლის უმაღლეს მეთაურთა დიდი ნაწილი მოკლეს.
ექსპერტები თვლიან, რომ ირანს მანევრირების საშუალებები დაუკარგა ვენესუელაში განვითარებულმა მოვლენებმაც, როდესაც აშშ-ის სამხედროებმა, მასშტაბური, მაგრამ ძალიან ხანმოკლე სპეცოპერაციის შედეგად, დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს პრეზიდენტი მადურო და მისი მეუღლე, რომლებსაც ახლა ამერიკაში მძიმე ბრალდებებით ასამართლებენ.
“ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენსავე ნახევარსფეროში არსებობდეს ვენესუელას მსგავსი ქვეყანა, რომელიც იქნება კონტროლის ზონა და გზაჯვარედინი ჰეზბოლასთვის, ირანისთვის და ნებისმიერი სხვა მავნე გავლენისთვის, როგორც ამ ქვეყანაში, ისე მთელ მსოფლიოში. ეს უბრალოდ არ მოხდება”, - განაცხადა 6 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.
ირანის ხელისუფლებასთან დაახლოებული ადგილობრივი მედიასაშუალებები ირწმუნებიან, რომ აშშ ირანში სპეცოპერაციას არ ჩაატარებს; მაგრამ ფაქტია, რომ ვენესუელაში განვითარებულმა მოვლენებმა თეირანს მნიშვნელოვანი თავსატეხი გაუჩინა.
საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ირანში თადარიგს მაინც იჭერენ და არსებობს სულიერ ლიდერის, ალი ხამენეის ქვეყნიდან გაყვანის გეგმაც. იუწყებიან, რომ 86 წლის ხამენეი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვის თან წაყვანას გეგმავს.
მანამდე კი სულიერი ლიდერი პროტესტის ჩახშობის მოწოდებებით გამოდის. გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ხამენეი ამბობს, რომ პროტესტის მონაწილეებთან დიალოგის წარმართვის აზრს ვერ ხედავს და მოითხოვს, რომ მათ სათანადო ადგილი მიუჩინონ.
ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს, 2025 წლის ივნისში, ისრაელმა აქტიურად სცადა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მოკვლა, მაგრამ, როგორც ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა მაშინ განაცხადა, დამიზნება „რეალისტური არ იყო“, რადგან ის [ხამენეის] „ძალიან ღრმა ბუნკერში იმალებოდა”.
7 იანვარს გავრცელდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის კომენტარი, რომლის მიხედვითაც, თეირანს აშშ-სთან ურთიერთობა სურს “პატივისცემასა და საერთო ინტერესებზე” დაყრდნობით, თუმცა მოლაპარაკებები ამ ეტაპზე აზრმოკლებულია, აშშ-ის პოლიტიკიდან გამომდინარე.
ფორუმი