Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირა ყრუაშვილი - ჟურნალისტი


ირა ყრუაშვილი
ირა ყრუაშვილი

8 აპრილი, კვირა

დილის 10 საათია. ბოსფორზე ყავას გეახლებით. არ იფიქროთ, ასეა ხშირად. პირიქით, წლებია სამოგზაუროდ არ ვყოფილვარ. უბრალოდ, ამ დღიურის დაწყება და ბოსფორი დაემთხვა ერთმანეთს. ბოსფორზე ამ ფინჯანი ყავის დალევას ერთი ისტორია უსწრებდა წინ და უნდა გიამბოთ: უქმე დღეებში ჩემს შვილებსა და შვილიშვილებთან ავდივარ. დაკავებული შვილები მყავს და სულ დროის გამო წუწუნებენ. ამიტომ, ასე უფრო მოსახერხებელია - ავედი ჩემს უფროს შვილთან. ციცი ამ დროს ყავას ამზადებს და მეკითხება, დალევო? კი-მეთქი, მაგრამ - აქ არა. აბა, სადო? - გაკვირვებული მიყურებს. ბოსფორზე-მეთქი. საქმე ის არის, რომ Youtube-ით ხშირად ვმოგზაურობ მთელ პლანეტაზე. წინა დღე ბოსფორისა მქონდა და გამიჩნდა სურვილი, კიდევ ერთხელ მენახა. ციცის კი ნახევარი წუთიც არ დასჭირდა, ისე მიპასუხა: კარგი, დაგალევინებო. ციცი უბრალოდ და შემთხვევით არაფერს ამბობს, მაგრამ ასე მალე არ მოველოდი. შუა კვირაში მირეკავს: ჩამოდი იუსტიციის სახლში, ვიცი პასპორტი წესრიგში არ გექნებაო. რა თქმა უნდა, მართალია. რა თქმა უნდა, ვადაგასული პასპორტი მაქვს. მოკლედ, დაიგეგმა გოგოების - ჩვენი ოჯახის გოგოების - წასვლა ბოსფორზე. მაგრამ ანუკამ, ჩემმა უმცროსმა შვილმა, „გვიღალატა“ - არ წამოვიდა. მიზეზი, მე რომ არ მიყვარს, ზუსტად ისეთია - ყოფითი. რემონტი აქვს. გადაწყდა! მე, ციცი და ციცის 14 წლის ნიტა მივდივართ. და, აგერ, უკვე მეორე დღეა, სტამბოლში ვართ. ისტამბულ-ისტამბულ... რაღაც აუხსნელი ჯადო აქვს ამ ქალაქს. ადვილად შესაყვარებელი და ძნელად დასავიწყებელია. ბოსფორის ხიდიდან რომ გახედავ, ეს ამდენი მეჩეთი, ამდენი მინარეთი შეუდარებლად ლამაზია და გგონია, რომ ასაფრენად გამზადებული კოსმოსური ხომალდებია. ევროპა-აზიის გზის გასაყართან მდებარეობა განაპირობებს, ალბათ, იმას, რომ აქ ადამიანები მთელი მსოფლიოდან მოდიან. ვის არ შეხვდები აქ: ბევრი იაპონელი, ჩინელები ხომ ისედაც ბევრნი არიან ყველგან, ევროპელები... ყველა, ყველა აქ არის. იაპონელებისა მიკვირს - იღებენ ყველაფერს. და ეს ყველაფერი ძალიან ბევრია. ამ გადაღებულის ნახვას, ალბათ, მეორე სიცოცხლე დასჭირდება. გონივრული ეჭვი მაქვს, ოპტიმიზმის ბრალია. განვიცდი სტამბოლს. რაღაცნაირად სევდიანად განვიცდი. ვერ ამიხსნია. ჩემებს კი ვეხუმრები, რაღაც ისტორიული მეხსიერების ბრალია ჩემი განცდები, რომელიც ჩემს ქვეცნობიერს ახსოვს, მე კი არა-მეთქი.

მე რომ ჭეშმარიტად მორწმუნე მართლმადიდებელი ვყოფილიყავი, ეს დღიურები ასე დაიწყებოდა: დღეს აღდგომაა, ქრისტეს აღდგომა. მე კი დღიურების წერა ასე არ დავიწყე - რა სამწუხაროა. თუმცა არ ვაპირებ აქ ჩემს ღმერთთან დამოკიდებულებაზე საუბარს, რადგან ვთვლი, რომ ეს პირადი თემაა, ძალიან პირადი.

9 აპრილი, ორშაბათი

ციციმ სიურპრიზი გაგვიკეთა და სტამბოლიდან ორი დღით პრაღაში მივფრინავთ. საგაზაფხულოდ გამოპრანჭული დედოფალივით დაგვხვდა პრაღა. რა ლამაზია და რა ცოტაა ეს სიტყვები. ციციც კი, რომელსაც მსოფლიოს უამრავი ქალაქი აქვს ნანახი, მეუბნება, რომ გაოცებულია. მშვიდად, წყნარად მდინარის პირას აუშენებიათ ეს ქალაქი. დახატულს უფრო ჰგავს. სიძველე, სისადავე, გემოვნება ისე ერწყმის ერთმანეთს, საითაც გაიხედავ, ყველგან ხელოვნებაა. სტილის ცოდნა იმდენი არა მაქვს, რამდენიც განცდა. განცდაზე კი შემიძლია გითხრათ, რომ გულს მიჩქარებს. თბილისში რომ ჩავალ, აუცილებლად წავიკითხავ პრაღის ისტორიას. საოცრად დამაინტერესა ამ შუაგულ ევროპაში ასე მშვიდად, ასე ლამაზად რომ აშენებდნენ, ისტორიული მტრები არ ჰყავდათ? როგორ რიგდებოდნენ და მერე როგორ აშენებდნენ? ბევრი კითხვა მაქვს.

ციცი ხელჩაკიდებული დამატარებს პრაღის ქუჩებში, - მე მომწონს და მაღელვებს ეს ამბავი, - ისე როგორც წლების წინ, მის ბავშვობაში, მე დავატარებდი ხელჩაკიდებულს. ციცი წიგნების მაღაზიებს არ ტოვებს. ვაცლავ ჰაველის წიგნებს ყიდულობს თავისთვის, მეგობრებისთვის. წიგნების მაღაზიებში ყველგან გამოყოფილი აქვთ ჰაველის წიგნებისთვის ადგილი და ძალიან უხარიათ, რომ ჩვენც გვიყვარს ჰაველი - ჩეხეთის ძალიან კარგი შვილი.

10 აპრილი, სამშაბათი

ისევ პრაღა. ამინდიც რომ არაჩვეულებრივია - თბილი, მზიანი. ციცი ისე გეგმავს გასვლებს და ისე ასრულებს დაგეგმილს, გეგონება, სულ აქ იყო...

დღეს მეფეების სასახლე მოვინახულეთ. არაჩვეულებრივია. უზარმაზარ ტერიტორიაზე შემაღლებულ ადგილზეა გაშენებული, რომელიც პრაღას გადაჰყურებს. თვითონ ეს სასახლეები და მერე აქედან დანახული პრაღა ზღაპარს ჰგავს.

მეფის სასახლე მასშტაბურია და ეზოც უსაშველოდ დიდი, ასწლოვანი მაგნოლიებით დამშვენებული. წარმოიდგინეთ მეფური, უზარმაზარი მაგნოლია, თანაც აყვავებული. მე რომ მაგნოლიებზე ვგიჟდები, ეს ჩვენი ყველაზე მდიდრის კი არა, მაგნოლიების ბრალია. ესღა მინდოდა? მახარებს ჩემი მაგნოლიების გახსენება. რაჭაში დავრგე და გავახარე. ასე რომ, ჩემს შვილიშვილებს უზარმაზარი და ულამაზესი მაგნოლიები ექნებათ. თქვენც ამასვე გირჩევთ.

პრაღაში ვართ, ლუდის თემაზე ხომ უნდა გითხრათ. ვაგემოვნებთ არაჩვეულებრივ სხვადასხვა ლუდს. მე და ციცის აზრები ლუდთან დაკავშირებით იყოფა. სხვადასხვა ლუდი მოგვწონს. მე ლუდით შეზარხოშებულ ჩეხებზე მეფიქრება. ნეტა, ცოტა ზედმეტი ლუდი რომ მოუვათ, თუ იძახიან: „რაც კარგები ვართ, ჩეხები ვართო“?

11 აპრილი, ოთხშაბათი

თბილისი. სადაც უნდა იყო და რაც უნდა ნახო, დაბრუნება საკუთარ ქალაქში არაჩვეულებრივია. მზე და კარგი ამინდი დაგვახვედრა თბილისმა.

დღეს მშვიდი დღე მექნება, უფრო დასვენებისა და ნანახისა და განცდილის გააზრების.

გადამედო შვილიშვილებისგან - პირველი კომპიუტერთან მივდივარ. მესინჯერში ვიდეორგოლებს ვპოულობ. ჯაბამ, ჩემმა შუათანა შვილმა, ჩამიგდო. ჯონ მალკოვიჩზეა. არ ვიცოდი, რომ ამ მსოფლიო კინოვარსკვლავმა, რომელსაც დედამიწა იცნობს, უარი თქვა კინოკარიერაზე და სრულიად ახალი საქმე დაიწყო - ტანსაცმლის დიზაინი. შემოთავაზებულ როლებზე უარს ამბობს და მუშაობს: ხატავს, ქმნის, კერავს, აწყობს ჩვენებებს. ყველაფერი არაჩვეულებრივად გამოსდის, რა თქმა უნდა, ამ მეორე პროფესიაში, რომელშიც უდავოდ ნიჭიერია. საერთოდ, ვთვლი, რომ ნიჭიერი ადამიანები ყველაფერში ნიჭიერები არიან. ძალიან მიყვარს ნიჭიერი ადამიანები. ოღონდ, უნიჭოების დისკრიმინაცია არ დამწამოთ. ხო, ჯონ მალკოვიჩზე ვამბობდი: ამ მეორე პროფესიულ წარმატებაში უდავოდ ჯონ მალკოვიჩობა მიეხმარა, მაგრამ ამ ასაკში ასეთი წარმატებული კაცი ახალს, სრულიად ახალს რომ დაიწყებ, არ არის საინტერესო და გასაშტერებელი? ახლის შექმნის სურვილი ეს სიცოცხლის სურვილივითაა და მე ვგიჟდები ასეთ ადამიანებზე. მერე, რა კარგია, რა ახალგაზრდულად გამოიყურება! არ ეზარება ჯაბას ჩემთვის თარგმნა. ასე შემაყვარა მორისონი და ლეონარდ კოენი, როგორც არაჩვეულებრივი პოეტები, თორემ როგორც მომღერლებს, ისედაც ვუსმენდი. მე სალაპარაკოდ, სააზროვნოდ და წერისთვის მხოლოდ ერთი ენა ვიცი, მშობლიური. ჯაბა კი ძალიან მეხმარება ბევრი სიახლის გაგებაში.

12 აპრილი, ხუთშაბათი

დღეს ელიავას ბაზრობაზე ვიყავი. ეს ის ადგილია, სადაც ხშირად მიწევს მისვლა და ჩემთვის საჭირო ნივთების - საღებავების, წებოების - ყიდვა. საქმე ის არის, რომ რამდენიმე წელია ხელნაკეთი ნივთების კეთება დავიწყე. ბოლო დროს ხატვაც დავიწყე. ჩემი გატაცება ჩემზე ძლიერია, ვერ ვჩერდები. ბუნებრივია, ჩემი საქმისთვის მიწევს ყოვლად გაუგებარი, ყველასთვის გამოუსადეგარი ნივთების შეგროვება. მეც ვაგროვებ და ვინახავ. იმწუთში ზუსტად ვერ გეტყვით, რისთვის მჭირდება რომელიმე კონკრეტული ნივთი, მაგრამ რომ მჭირდება, ზუსტად ვიცი. გადის დრო და ეს არასაჭირო ნივთი ისეთ მნიშვნელოვან და აუცილებელ ადგილს დაიკავებს რომელიმე კომპოზიციაში, გაგიკვირდებათ. გეგონება, თვითონ პოულობენ თავიანთ ადგილს. სახელოსნოს აუცილებლად გავაკეთებ საკუთარ სარდაფში. მართალია, ბოლო პლატოს ბოლო კორპუსში ვცხოვრობ და რეალურად ჩემი კორპუსით ქალაქი მთავრდება, მაგრამ თქვენ არ დამიღონდეთ, რადგან იწყება კიდეც. თუ ზემოდან მოდიხართ, პირველი ჩემი კორპუსია. ასე რომ, პირველი და ბოლო ერთობ სადავო ცნებებია. ჩემი სარდაფი მშვენიერი ადგილია სახელოსნოსთვის.

13 აპრილი, პარასკევი

დღეს დილით ლამაზი ჩარჩო გავაკეთე. ფოთლებითა და ნამდვილი ტოტებით. კარგი გამოვიდა. მე მომწონს.

საღამოს ვატოს წერილი უნდა მივწერო. ვატო ჩემი უფროსი შვილიშვილია და ბოსტონში მაკდაფის სკოლაში სწავლობს. ვატო ის ბიჭია, რომლის დაბადებამ 42 წლის ასაკში ბებიად მაქცია და ჩემი ზედმეტად თბილი განცდები მის მიმართ დანარჩენ ოთხ შვილიშვილს არ უკვირს. სასწავლებლად ორი წლის წინ წავიდა. კვირაში ორჯერ -ზოგჯერ სამჯერაც -უზარმაზარ წერილებს ვწერ. ვწერ ყველაფერზე: იმაზე, რა ხდება, ან იმაზე, რაც უკვე მოხდა. ვწერ უბრალო ამბებს, რადგან ვთვლი, რომ უბრალო ამბები ყველაზე მაგარი ამბებია. ვწერ იმისთვის, რომ ქართული არ დაავიწყდეს. მის სკოლაში ქართველი მარტო ვატოა. ამას წინათ მომწერა, სიტყვები „არ ინერვიულო“ მინდოდა მომეწერა და კარგა ხანს ვიფიქრეო. გამისკდა გული, ესღა მინდოდა!

ვატო წელს 18 წლის შესრულდება. წვერებით დადის, 44 ზომის ფეხსაცმელები აცვია და მე რომ ყველაზე მაგარი ბიჭი მგონია, ხომ მაპატიებთ?

14 აპრილი, შაბათი

დღეს მე ორმოცი წლის წინანდელ - 1978 წლის - 14 აპრილზე გიამბობთ. მაშინ 20 წლის სტუდენტი გოგონა ვიყავი და ტოტალიტარულ სახელმწიფოში, სსრკ-ში, ვცხოვრობდი, რკინის ფარდის მიღმა. მყავდა თანამოაზრე მეგობრები და ვლაპარაკობდით - რა თქმა უნდა, მხოლოდ ვლაპარაკობდით - და ვოცნებობდით დამოუკიდებელ საქართველოზე.

13 აპრილს თბილისში უკვე ვიცოდით, რომ ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოყენებას საფრთხე ემუქრებოდა. იმავე საღამოს ჩემმა ძმამ ამბავი მოიტანა, უნივერსიტეტთან გამოსვლა იგეგმებაო.

14 აპრილის დილას სახლში არაფერი ვთქვი. უფრო სწორად, ვთქვი, რომ ლექციებზე მივდიოდი. გავუარე ჩემს მეგობარს, მანანა კობახიძეს, და უნივერსიტეტთან გავჩნდით. ძალიან ადრე იყო და არავითარი მოძრაობა არ შეიმჩნეოდა. მოგვიანებით სტუდენტებისგან შემდგარი ჯგუფი დავიძარით მელიქიშვილზე. ჩუმად და გაუბედავად ვესაუბრებოდით ერთმანეთს.

მელიქიშვილზე, სასტუმრო „საქართველოსთან“, უკვე მოიმატა სტუდენტების რაოდენობამ. არ დამავიწყდება: მოპირდაპირე მხარეს ორსართულიანი სახლების ერთ აივანზე ჭაღარა ქალბატონი იდგა და ხმამაღლა გვამხნევებდა.

ეს პირველი საპროტესტო გამოსვლა იყო 1953 წლის 9 მარტის დახვრეტილი დემონსტრაციის შემდეგ. ფილარმონიასთან დიდი კოლონა შემოგვიერთდა - სამედიცინო ინსტიტუტისა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტები. ამან მხნეობა შეგვმატა და გავდიდგულდით. ამ მოძრაობის სცენარი კი იქვე იწერებოდა. გვაჩერებდნენ. ურთიერთგამომრიცხავი ამბები მოჰქონდათ, რომ კოლონაში დაბნეულობა შეეტანათ. მუშაობდა „კაგებე“. ავრცელებდნენ ხმებს, რომ მთავრობის სახლს უკან ტანკებია გამოყვანილი.

„რუსთაველის თეატრთან“ ახლოს კი უკვე ჯარისკაცები დაგვახვედრეს. პირტიტველა, ჩვენი ტოლა ბიჭები იყვნენ. ერთმანეთზე გადაბმულები კოლონებად იყვნენ დაწყობილი. ეს ე.წ. „მერვე პოლკი“ იყო. აქ ბიჭებმა მილიციის მანქანა გააჩერეს და გაიმართა მიტინგი. მილიციის მანქანა იმაში დაგვჭირდა, რომ ხმის გამაძლიერებელი ჰქონდა. ჩვენ ხომ მეგაფონი თვალით არ გვენახა. ბიჭები ამ მანქანის თავზე მოკალათდნენ და დაიწყო საუბრები. რა თქმა უნდა, თემატური: ჩვენს ენაზე, ისტორიაზე. თამრიკო ჩხეიძემ ირაკლი აბაშიძის ლექსი წაიკითხა - „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“. მერე მიკროფონი მე გამოვართვი და მუხრან მაჭავარიანის ლექსი წავიკითხე, ოღონდ, მილიციის მანქანაზე ვერ ავედი. მაინცდამაინც იმ დღეს კაბა მეცვა. ჩემი თაობის გოგონები, ალბათ, ბიჭებს ახსოვთ, რომ უკიდურესად მოკლე კაბებს ვატარებდით. ამიტომ მომერიდა მანქანაზე ასვლა. მეორე დღეს კი ჭორი გავრცელდა, ერთი გოგონა „რუსთაველის თეატრში“ იყო ჩაკეტილი და იქიდან კითხულობდა ლექსსო. ეს ლექსის წაკითხვა გულის გახეთქვას უფრო ჰგავდა, ისეთი ემოცია მქონდა. მერე ჯარისკაცების კოლონაც გავარღვიეთ და მთავრობის სახლისწინა მოედანი მთლიანად დავიკავეთ. აქვე სახელდახელო პლაკატებიც გაჩნდა. სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებმა თეთრი ხალათებიც დახიეს და პლაკატებს იქვე ვაკეთებდით.

უცებ ჩოჩქოლი ატყდა და ედუარდ შევარდნაძე პირდაპირ ჩვენთან, სტუდენტებთან, მოვიდა. მოგვმართა სიტყვით. ლაპარაკობდა ზოგადი ფრაზებით, ფრთხილად. ეგ ხომ ამის დიდოსტატი იყო. მთავარი კი გავიგეთ, რომ ეს საკითხი აღარ განიხილებოდა, ანუ საფრთხე მოიხსნა. ეს მოსკოვში გადაწყვიტეს, რაკი გაიგეს თბილისში მიტინგის შესახებ. გავიმარჯვეთ. ეს არაჩვეულებრივი შეგრძნება იყო.

მალევე გავიგე, რომ შავ სიაში შემიტანეს, როგორც ანტისაბჭოთა სტუდენტი. რომ მაკვირდებოდნენ, ამასაც მალე მივხვდი. ლექტორი, რომელიც „მეცნიერულ კომუნიზმს“ მიკითხავდა, ხშირად მესაუბრებოდა, მეკითხებოდა, მქონდა თუ არა წაკითხული „ოქროს საწმისი“, ჟურნალი, რომელიც ზვიად გამსახურდიამ გამოსცა.

ამ ამბებიდან ორ წელზე მეტია გასული. მე შუათანა შვილზე - ჯაბაზე - ვარ ორსულად და დამიბარეს „პირველ განყოფილებაში“. ასეთი განყოფილება ყველა დიდ ორგანიზაციაში იყო. „პირველ განყოფილებას“ ევალებოდა ეკონტროლებინა ხალხის განწყობა და ემუშავა „არასაიმედო მოქალაქეებთან“. საქმე ის იყო, რომ ჩემმა ჯგუფელებმა პრაქტიკაზე „მიონში“ გადაწყვიტეს წასვლა. დღესაც არ ვიცი, რას აკეთებდნენ იქ და რატომ ექვემდებარებოდა მაინცდამაინც მოსკოვს. მხოლოდ ის მახსოვს, რომ დიღომში იყო. მეც მოვინდომე ჩემს მეგობრებთან ერთად პრაქტიკა, მაგრამ რუსმა გენერალმა „პირველი განყოფილებიდან“ მოინდომა ჩემთან გასაუბრება და აუდიენციაც შედგა. მესაუბრა ზოგად თემებზე, დამისვა ბევრი კითხვა. შედეგად კი, როგორც „ანტისაბჭოთა ელემენტი“ („ელემენტზე“ ვხალისობ), „მიონში“ არ გამიშვეს.

მოკლედ, 14 აპრილის შემდეგ მალე შევქმენი ოჯახი. ამან გადამარჩინა, თორემ მეც ამაო პოლიტიკოსი გავხდებოდი. მაპატიონ, მაგრამ ჩემი თაობის პოლიტიკოსებს ასეთებად მივიჩნევ. ბევრი მათგანი განსწავლული, პატივსაცემი ადამიანია, მაგრამ პოლიტიკოსებად ვერ შედგნენ.

ჩემი თაობა მალე გავა პოლიტიკიდან. ჩვენი შვილების თაობა კი უკეთეს ქვეყანას ააშენებს. არ მიყვარს, საშინლად მაღიზიანებს და, ბუნებრივია, ამ დღიურს არ დავამთავრებ სიტყვებით „ივერია გაბრწყინდება“. ისე კი, ყველაფერი კარგად იქნება.

ირა ყრუაშვილის თავისუფლების დღიურები
please wait

No media source currently available

0:00 0:11:38 0:00
გადმოწერა

XS
SM
MD
LG