Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისწავლეთ ომარ ხაიამის ნაცვლად მოჰსენ ჰოჯაჯი


ავტორი: გოლნოზ ესფანდიარი

ირანსა და მის ფარგლებს გარეთ დიდი კრიტიკა მოჰყვა ქვეყნის განათლების სამინისტროს გეგმას, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც სპარსული ლიტერატურისა და ისტორიის სახელმძღვანელოებიდან ამოიღებენ რამდენიმე ირანელი კლასიკოსის შემოქმედებას და მათ ჩაანაცვლებენ ირანის ისლამური რევოლუციის ოფიციალური იდეოლოგიისათვის უფრო მისაღები ავტორებით.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რედაქტირებაში მოყოლა ემუქრება ასევე მსოფლიო პოეზიის ბუმბერაზის, ომარ ხაიამის, რობაიებს, რომლებიც მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი. ხაიამისა და სხვა კლასიკოსების ნაცვლად, ირანელი სტუდენტები ვალდებული იქნებიან, ვრცლად ისწავლონ ცოტა ხნის წინ სირიაში დაღუპული ირანელი ჯარისკაცის, მოჰსენ ჰოჯაჯის, ისტორია.

ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის 25 წლის ოფიცერი, რომელიც სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის, არმიის მხარეზე იბრძოდა, ისლამისტმა ექსტრემისტებმა შეიპყრეს და 2017 წელს თავი მოჰკვეთეს.

ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოჰსენ ჰოჯაჯი, რომელიც „მოწამებრივი სიკვდილით“ აღესრულა, კუთვნილ ადგილს იმსახურებს სახელმძღვანელოებშიც.

„საჭიროა მეტი სივრცე მოჰსენ ჰოჯაჯის მოწამებრივი სიკვდილის წარმოსაჩენად“, - განაცხადა ირანის განათლების სამინისტროში ლიტერატურის სახელმძღვანელოზე პასუხისმგებელმა მოხელემ, ჰოსეინ გაშემპურ მოგჰადამმა, და დასძინა, რომ მოჰსენ ჰოჯაჯის მოწამებრივი სიკვდილი „უფრო პრიორიტეტულია“, ვიდრე მე-14 საუკუნის სახელგანთქმული ირანელი პოეტი ჰაფეზი, ღვინისა და ამაღლებული სიყვარულისადმი მიძღვნილი ლექსებით, და მსოფლიოს უდიდესი პოეტი, საადი.

1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, სახელმძღვანელოები ირანში არაერთხელ შეიცვალა, რათა ახალგაზრდების აღზრდაში წინა პლანზე წამოწეულიყო რელიგიური დისკურსი და ისლამური რევოლუციის იდეალები.

გავრცელებული ცნობით, სახელმძღვანელოების მორიგი რედაქტირება ნაკარნახევია კლერიკალური ისტებლიშმენტის მიერ 2011 წელს მიღებული „განათლების ფუნდამენტური რეფორმის დოკუმენტით“.

მასში, კერძოდ, ნათქვამია, რომ ქვეყანას სჭირდება ისეთი განათლების სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს „ირანის ისლამური ცივილიზაციისა და საყოველთაო სამართლიანობის იდეალების“ ხორცშესხმას.

ირანული მედიის თანახმად, ქვეყნის განათლების სამინისტროს გეგმით, სახელმძღვანელოდან ამოღება ემუქრება ცნობილ პოეტ ჰუშანგ ებტეჰაჯის, რომელიც 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ გარკვეული ხნის განმავლობაში პატიმარი იყო. ლიტერატურის სახელმძღვანელოში აღარ შეიტანენ ასევე ირანის ახალი პოეტური მიმდინარეობის სულისჩამდგმელის, ნიმა იუსიჯის, ორ ლექსს.

ამას გარდა, გავრცელებული ცნობებით, სახელმძღვანელოებიდან ამოიღეს ასევე ორი ცნობილი მწერლის, მაჰმუდ დავლათაბადისა და ირანის სოციალური პოეზიის ფუძემდებელ მორტეზა კაზემის, ნაწარმოებები, ხოლო მე-20 საუკუნის უდიდესი ირანელი მწერალი, სადეგ ჰედაიათი, სახელმძღვანელოში ჩაანაცვლეს მე-20 საუკუნის მეორე უდიდესი ირანელი ავტორით, სეიდ ჯამალზადე მოჰამედ ისპაჰანით.

„როდესაც თქვენ ცხოვრობთ ფასეულობაზე დაფუძნებულ სისტემაში, მისი ბუნების შესანარჩუნებლად ორი ტექსტიდან ირჩევთ იმას, რომელიც უფრო ახლოსაა ისტებლიშმენტის რწმენასა და იდეალებთან“, - აღნიშნა ჰოსეინ გაშემპურ მოგჰადამმა ყოველდღიურ „ჰამშახრიში“ 3 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.

სხვადასხვა ინტერვიუში გაშემპურმა დაადასტურა განათლების მესვეურების განზრახვა და დასძინა, ებტეჰაჯის ლექსი არ არის სახელმძღვანელოსათვის „შესაფერისი“ და სასწავლო პროგრამაში შესული არც სხვა მისი ლექსები „ემსახურება ჩვენს მიზნებსო“.

განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სახელმძღვანელოში მის ნაცვლად შეიტანეს ისლამური რევოლუციის პოეტისა და რელიგიური ლექსების ავტორის, სალმან ჰარატის, „უფრო უკეთესი ლექსი“.

ირანის სასკოლო სახელმძღვანელოებში შეტანილი ცვლილებები მიზნად ისახავს ირანის საგანმანათლებლო სისტემის შემდგომ „ისლამიზაციას“, რასაც მხარს უჭერს ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, - აცხადებს პარიზში მცხოვრები სოციოლოგიის პროფესორი საედ პაივანდი, რომელიც აქტიურად წერს ირანის ამჟამინდელი საგანმანათლებლო სისტემის შესახებ.

„ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდობის მიზიდვის მიზნით კიდევ უფრო უნდა გააძლიერონ რელიგიური და იდეოლოგიური პროპაგანდა სკოლებში. მათი აზრით, ახალგაზრდები რელიგიურ და სამთავრობო იდეოლოგიას იმიტომ გაურბიან, რომ მასმედიასა და განათლების სისტემაში სუსტია პროპაგანდა“, - განაცხადა საედ პაივანდიმ.

შესაბამისად, ირანის სკოლებში სტუდენტებს სულ უფრო მეტად აწვდიან ისეთ მასალას, რომელსაც „ნაკლებად აქვს ლიტერატურული ღირებულება“, ხოლო მედიით გავრცელებული ცვლილების განხორციელების შემდეგ კიდევ უფრო დიდი ადგილი დაეთმობა „მოწამებრივი სიკვდილით დაღუპული ადამიანების, რელიგიური და პოლიტიკური მოღვაწეების ცხოვრებას ან იმ ქრისტიანი გოგონას შესახებ მოთხრობილ პროპაგანდისტულ ისტორიას, რომელმაც უარყო თავისი რელიგია და მუსლიმი გახდა“, - ამბობს საედ პაივანდი.

პროპაგანდის მიზნით ლიტერატურისა და ისტორიის სახელმძღვანელოების შეცვლის გეგმას აპროტესტებენ არამხოლოდ ირანის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მწერლები და მეცნიერები. ირანულ მედიასთან საუბარში ცნობილმა ირანელმა მწერალმა და მკვლევარმა ბაჰაოდინ ხორამშაშიმ სასწავლო პროგრამებიდან რეჟიმის იდეოლოგიისათვის მიუღებელი მწერლებისა და პოეტების ამოღება შეაფასა როგორც მცდარი ნაბიჯი და ირანის კულტურული იდენტობის წინააღმდეგ მიმართული საფრთხე.

„თუ ჩვენს სტუდენტებს ძველ ლიტერატურასთან ზიარების ამ სანახევრო შესაძლებლობასაც წავართმევთ, ნაკლებად უნდა ვიქონიოთ იმის იმედი, რომ ასეთი შედევრების გაცნობა მათ მომავალში მოინდომონ“, - ამბობს ბაჰაოდინ ხორამშაში.

როგორც ზემოთ ითქვა, ადგილობრივი ირანული მედიის ცნობით, ირანის იმ წამყვანი პოეტებისა და მწერლების ნაწარმოებებს შორის, რომლებიც ირანის განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოებიდან ამოიღო, აღმოჩნდა მე-11- მე-12 საუკუნეების დიდი ირანელი პოეტის, ომარ ხაიამის ლექსებიც. ამ ცნობას იმდენად მძლავრი კრიტიკა და საყოველთაო აღშფოთება მოჰყვა, რომ ირანის განათლების მინისტრი, მოჰსენ ჰაჯი მირზაიე, იძულებული გახდა პირობა დაედო, რომ „საკითხი დაექვემდებარება სპეციალისტების ყოველმხრივ და სამართლიან“ შეფასებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG