Accessibility links

იქცნენ თუ არა სისტემის მსხვერპლად 13 წლის მოზარდი და ფსიქიკური პრობლემის მქონე ახალგაზრდა?


29 წლის ახალგაზრდა, რომელმაც 10 თებერვლის დილას, 13 წლის ძმისშვილი, რუსთავში, საკუთარ ბინაში ცივი იარაღით მოკლა, სამართალდამცავებმა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ეს გადაწყვეტილება სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ექიმებმა მიიღეს.

დარჩა თუ არა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ახალგაზრდა სათანადო ყურადღებისა და მომსახურების გარეშე, რასაც საბოლოოდ 13 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, მოკვლევა ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროში არ დაწყებულა. ამ ეტაპზე, მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინე დარახველიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ დღესდღეობით, უწყების რეგულირების სააგენტო ამ საქმეს არ სწავლობს:

„რეგულირების სააგენტოში არანაირი საჩივარი და მიმართვა არ შემოსულა. სხვადასხვა ინფორმაციას ვისმენთ მედიისგან. დაკავებულის ახლობლები ერთს ამბობენ, კლინიკის დირექტორი მეორეს. ჩემი ინფორმაციით, პაციენტის პრობლემა უკავშირდებოდა ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეულ აგრესიას, თუმცა, მან დაწესებულება საკუთარი სურვილით დატოვა და კანონმდებლობის თანახმად, მისი იძულებით სამკურნალოდ დატოვების უფლება კლინიკას არ ჰქონდა“.

თუკი გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, მას შეუძლია რეგულირების სააგენტოს მიმართოს. ეს ჯანდაცვის სისტემის მაკონტროლებელი ორგანოა, რომელიც ვალდებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

ბრალდებულის მეგობრებისა და კლინიკის განსხვავებული ვერსიები

მოზარდის მკვლელობამდე ერთი დღით ადრე, ბრალდებულის მეგობრებმა მას მათი თქმით, უცნაური, არაადეკვატური ქცევა შეატყვეს და ჯერ რუსთავის საავადმყოფოში წაიყვანეს, იქიდან კი თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში გადაიყვანეს.

მისი მეგობრები ჟურნალისტებთან ყვებიან, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილებაში მათი მეგობარი ადგილების არარსებობის გამო არ მიიღეს, ნარკომანიის პრევენციის განყოფილებაში მისაღებად კი მათ 3000 ლარი მოსთხოვეს, რისი გადახდაც დაკავებულის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა იმ წუთას ვერ მოახერხეს და ამიტომ, მათი თქმით, იძულებულნი გახდნენ, მეგობარი სახლში დაებრუნებინათ.

ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ექიმები. მათი თქმით, ახალგაზრდასა და მათ მეგობრებს, ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილებისთვის არ მიუმართავთ. ამავეს ეუბნება რადიო თავისუფლებას ცენტრის პრესსამსახურის წარმომადგენელი ანუკა წიკლაური:

„დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ პირსა და მის მეგობრებს ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილებისთვის არ მოუმართავთ. ის არც არასდროს ყოფილა აღრიცხვაზე ჩვენს ცენტრში“.

რაც შეეხება ნარკომანიის პრევენციის განყოფილებას, ექიმი ნარკოლოგი თეონა ბაღაშვილი ამბობს, რომ გასინჯვის შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცს არ დაუდგინდა ფსიქიკური აშლილობის ნიშნები და პაციენტმა უარი განაცხადა საავადმყოფოში დარჩენაზე. შესაბამისად, მისი თქმით, პაციენტთან და მის მეგობრებთან მკურნალობის ღირებულებაზე ლაპარაკიც კი არ ყოფილა.

უნდა დაეტოვებინათ თუ არა ექიმებს პაციენტი კლინიკაში მისი ნების წინააღმდეგ? ლაშა კილაძე, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ მათ ამის უფლება არ ჰქონდათ და იშველიებს კანონმდებლობას, რომლის მიხედვითაც, ნარკოლოგიური მკურნალობა სახელმწიფო სტანდარტის ფარგლებში არის მხოლოდ და მხოლოდ ნებაყოფლობითი: „არანებაყოფლობითი მკურნალობა პაციენტს შეიძლება აღმოვუჩინოთ მხოლოდ ფსიქიატრიული სტაციონარის პირობებში“, - ამბობს ის.

იძულებით მკურნალობას, ანუ მოქალაქის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განთავსების საკითხს, არეგულირებს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ და ამ კანონის მეათე მუხლი, სადაც მითითებულია, რომ „პაციენტისათვის იძულებითი მკურნალობის დანიშვნის გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის კომისიის დასკვნის საფუძველზე“.

პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებაში განთავსების გადაწყვეტილებას კი ექიმი მას შემდეგ იღებს, როდესაც:

  • ჩნდება საშიშროება, რომ პაციენტმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ირგვლივ მყოფთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
  • პაციენტმა თავისი მოქმედებით შეიძლება მიიღოს ან სხვას მიაყენოს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი;
  • ფსიქიკური დაავადების გამო პაციენტის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება.

საშიში სიცარიელე კანონმდებლობაში

მანანა შარაშიძე, ფსიქიატრი, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ რუსთავში დატრიალებული ტრაგედია ცხადად აჩენს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის მიმართულებით არსებულ სისტემურ ხარვეზს. მისი ვარაუდით, ერთი მხრივ, ნარკოლოგებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს პაციენტის მდგომარეობა, მეორე მხრივ კი ნარკოლოგიური მკურნალობის თვალსაზრისით კანონში არსებულმა სიცარიელემ, პაციენტს, რომელსაც, სავარაუდოდ, ორმაგი დიაგნოზი ჰქონდა, საშუალება მისცა დაეტოვებინა კლინიკა:

„ამერიკისა და ევროპის უმეტეს ქვეყანაში, ნარკოლოგია ფსიქიატრიის სუბსპეციალობაა. ეს სფერო რუსეთში და ასევე ჩვენთან, საქართველოშია გაყოფილი. ამ ორი სფეროს გაერთიანების საკითხი, ჩვენ, ფსიქიატრებმა ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე დავაყენეთ. თუმცა, საკითხი ვერ გადაწყდა. ამ ახალგაზრდას, დიდი ალბათობით, ჰქონდა ორმაგი დიაგნოზი, რასაც გაერთიანებული მკურნალობა სჭირდება როგორც ფსიქიატრების, ისე ნარკოლოგების მხრიდან. ნარკოლოგებმა მას ვერ აღმოუჩინეს ფსიქოზის ნიშნები და სწორედ ეს არის ამ ორი სფეროს გაყოფის შედეგი“, - მიაჩნია მანანა შარაშიძეს.

ქვეყანაში ორმაგი დიაგნოზის მქონე პაციენტების პრობლემასა და მათი მკურნალობის ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძეც, რომელიც ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში ორმაგი დიაგნოზის მქონე პაციენტები სერვისის გარეშე რჩებიან და ვერ იღებენ კვალიფიციურ დახმარებას:

„ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებამ ქვეყანაში შექმნა ახალი რეალობა, რომლისთვისაც მზად არ ვართ და ვიღებთ სავალალო შედეგებს. გაჩნდნენ პაციენტები, რომლებიც გაჩხერილნი არიან ფსიქიატრიულ და ნარკოლოგიურ დაწესებულებს შორის, ვინაიდან მოდელი, რომელიც დღეს მუშაობს, სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა ამ გამოწვევების წინაშე. საჭიროა უმოკლეს დროში მოხდეს ძირეული ცვლილებები“.

იყო თუ არა 29 წლის ახალგაზრდა აღრიცხვაზე აყვანილი როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირი, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.

კითხვები სოციალური მომსახურების სააგენტოს

13 წლის მოზარდი, რომელიც ბიძამ მოკლა, ბაბუის სახლს ხშირად სტუმრობდა. მეზობლების ინფორმაციით, ის ერთი პერიოდი ბაბუასთან, ბიძასთან და ბიცოლასთან ერთად ცხოვრობდა. მოზარდის მამა საზღვარგარეთ იმყოფება სამუშაოდ, დედა კი სხვა სახლში ცხოვრობს. მეზობლების თქმით, ბიჭი დედასთან საცხოვრებლად ცოტა ხნის წინ გადავიდა.

ანა არგანაშვილს, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელს კითხვები აქვს სოციალურ მუშაკებთან.

  • ჰქონდათ თუ არა მათ ინფორმაცია 13 წლის მოზარდის ოჯახში არსებული მდგომარეობის შესახებ?
  • იმყოფებოდა თუ არა მოზარდი აღრიცხვაზე?
  • ვინ მეურვეობდა ბავშვს?
  • იცოდა თუ არა ვინმემ, რომ ბავშვს ამ ოჯახში შესაძლოა საფრთხე ემუქრებოდა?

სოციალური მომსახურების სააგენტოში რადიო თავისუფლებას განუმარტავენ, რომ მათთან არ შესულა არანაირი ინფორმაცია მოზარდის მიმართ რაიმე საფრთხის შესახებ: „ან მეზობელს უნდა მოემართა, ან პატრულში უნდა დაერეკათ, რომ ბავშვს შესაძლოა რაიმე საფრთხე ემუქრებოდა იმ ოჯახში. ბავშვს ჰყავდა ბაბუა, დედა, ბიძა“...

29 წლის ახალგაზრდას ბრალს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში წაუყენებენ. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტს სად მოიხდის მსჯავრდებული სასჯელს - საპატიმროში თუ იძულებით სამკურნალო დაწესებულებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG