Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარანტინის მე-13 დღე - ნინის დღიური უჰანიდან


ნინი დავლიანიძე ჩინეთის ქალაქ უჰანში ცხოვრობს, ახალი კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში.

23 იანვრიდან უჰანი კარანტინშია. ქალაქში არ დადის ტრანსპორტი, მაღაზიები დაკეტილია. მთავრობა უცხოელების ევაკუაციას ცდილობს; მათ, ვინც რჩება, ურჩევს, რომ სახლიდან არ გამოვიდნენ.

კარანტინის გამოცხადების შემდეგ 30 წლის ნინი საკუთარ სახლში აღმოჩნდა გამოკეტილი. მან მხოლოდ ერთხელ მოახერხა სახლიდან გასვლა და პროდუქტების მომარაგება.

ნინი დავლიანიძე
ნინი დავლიანიძე

ნინი რადიო თავისუფლების მკითხველებს უზიარებს ყოველდღიურ ჩანაწერებს იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდება თავად და მთელი ქალაქი მოულოდნელად გაჩენილ გამოწვევას.

05, თებერვალი 2020

კარანტინის მე-13 დღე

დღეს ძალიან ცუდი ამინდია, მოღრუბლული და წვიმიანი, რაც ჩემს ხასიათზე პირდაპირპროპორციულად მოქმედებს, ამიტომ, მთელი დღეა, მძინავს. შიგადაშიგ ვიღვიძებ, მერე ისევ ვიძინებ. ფანჯარაში არც კი გამიხედავს, მეზიზღება წუნკალი ამინდები.

ღამით ჩემს ძალიან ახლო მეგობარს ვეკამათე. მე მისი რეპლიკების არ მესმის, მას ჩემი ემოციურობის. არ ვიცი, ამ სიტუაციაში რომ არ ვიყო, ასე თუ მეტკინებოდა გული, მაგრამ ახლა ძალიან ნაწყენი და გაბრაზებული ვარ. ჩემს გრძნობებს არ მოუფრთხილდა და პირდაპირ მაჯახა ის, რასაც მეც კარგად ვხედავ მთელი ჩემი არსებობის მანძილზე. უბრალოდ, რადგან ვერ შევცვლი, ვცდილობ შევეგუო და ამაზე არ ვიფიქრო.

შუადღისკენ ჩემმა მეზობელმა გადაწყვიტა დამპლინგები მიერთვა. ხომ გახსოვთ, გამწოვს რომ არ იყენებს და მისი მენიუ ზეპირად ვიცი. სუნით მივხვდი, დღეს აშკარად დამწვარი დამპლინგები შერჩა ხელთ. ძალიან შემეცოდა. წარმოვიდგინე, რა სიმწარეა, საჭმელს რომ ელოდები და დაგეწვება.

მე დღესაც მოხარშული მაკარონი მქონდა „ს კეჩუპომ“.

ახლა სერიალს უნდა ვუყურო და იქნებ მოგვიანებით ერთი-ორი ჩინური იეროგლიფის წერა გავიხსენო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG