Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ 21 გათავისუფლებული: გამოცხადდა პარლამენტის კვლევითი ცენტრის გაუქმების თარიღი


კვლევითი ცენტრის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ ამ ცენტრის გაუქმება მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დიდი პროცესისა, რომელსაც ისინი „სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებად“ აფასებენ (ილუსტრაცია).
კვლევითი ცენტრის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ ამ ცენტრის გაუქმება მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დიდი პროცესისა, რომელსაც ისინი „სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებად“ აფასებენ (ილუსტრაცია).

პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა ცენტრის გაუქმების ზუსტი თარიღი მედიიდან შეიტყვეს:

2025 წლის 10 მარტიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირი - პარლამენტის კვლევითი ცენტრი ლიკვიდირებული იქნება.

მართალია, ცოტა ხნით ადრე, რადიო თავისუფლებისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ ისინი ხელმძღვანელობამ დაიბარა, კოლეგების თანდასწრებით უსაყვედურა და ცენტრის გაუქმების და მათი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ აცნობა, თუმცა დამატებით მათთვის არავის განუმარტავს, როდიდან დარჩებოდნენ უსამსახუროდ.

რამდენიმე დღის წინ კი, სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის კვლევითი ცენტრის გაუქმების მიზეზები ასე ახსნა:

„ის თავდაპირველი მიზანი, რომელიც ჩადებული იყო პარლამენტის კვლევითი ცენტრის შექმნაში, ვერ რეალიზდა“.

პაპუაშვილის განცხადებით, 2019 წელს, როცა ეს ცენტრი შეიქმნა, მას, როგორც ცალკე სუბიექტს, კვლევითი საქმიანობა უნდა გაეწია არა მხოლოდ პარლამენტისთვის, არამედ გარე ფინანსური რესურსების მოძიების შესაძლებლობა ჰქონოდა და სხვა კვლევით ცენტრებთან ეთანამშრომლა.

თუმცა, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, გარე ფინანსების მოძიების რესურსი იმდენად დიდი არ იყო, რომ დიდი კვლევები ჩაეტარებინათ.

„ამავე დროს, გარე კვლევების და პარლამენტის მიღმა საქმიანობაში ჩართვა თანამშრომლების რესურსების სხვა საკითხებზე მიმართვას გულისხმობდა”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

„ახლა დუმილი დანაშაულია“ - მოქმედი საჯარო მოხელეები ლაპარაკობენ
please wait

No media source currently available

0:00 0:34:42 0:00

კვლევითი ცენტრის ქონება და მისი კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური, ასევე სხვა შესაბამისი საინფორმაციო და კვლევითი რესურსი, საქართველოს პარლამენტს გადაეცემა. ცენტრის გათავისუფლებული თანამშრომლები კომპენსაციას მიიღებენ - 3 თვის ხელფასს.

ცენტრის თანამშრომლებისათვის, მისი გაუქმების ოფიციალურად დასახელებული მიზეზი არადამაჯერებლად ჟღერს.

სალომე ნატროშვილი, რომელიც ამ ცენტრში საერთაშორისო პრაქტიკის კვლევების ცენტრს ხელმძღვანელობდა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ, მისი აზრით, ლიკვიდაცია მისი და რამდენიმე კოლეგის საჯარო კრიტიკას უკავშირდება, რაც მათ ცენტრის დირექტორთან შეხვედრისას უთხრეს კიდეც:

„ითქვა, რომ ჩვენმა ხუთეულმა იმდენი ვიაქტიურეთ, რომ ცენტრის ლიკვიდაცია გადაწყდა - სწორედ ეს ფრაზა გაისმა იმ შეხვედრაზე და ამიტომაც დღეს დასახელებული არგუმენტი, რომ ცენტრი მის მიზანს ვერ ასრულებს, უბრალოდ არადამაჯერებელია”.

სალომე შენიშნავს, რომ კვლევითი სუბიექტის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მისაღებად როგორც უშუალოდ კანონშემოქმედებით, ისე - საპარლამენტო ზედამხედველობის პროცესში - ამ საქმეში კი კვლევითი ცენტრი ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული.

„რაც შეეხება იმ ნაწილს, რომელიც გრანტებისა და დამატებითი ფინანსური სახსრების მოზიდვას შეეხება, ეს პროცესი ყოველთვის არის დამოკიდებული მმართველი გუნდის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორებთან თანამშრომლობაზე. დღევანდელი პოლიტიკის პირობებში კი, ამ ყველაფერს აქტუალობა დაკარგული აქვს”.

მისი კიდევ ერთი კოლეგა, კვლევითი ცენტრის თანამშრომელი, ნინი ლეჟავა კი წერს, რომ ამ დრომდეც, პარლამენტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელობისგან ოფიციალური წერილობითი ინფორმაცია ცენტრის დახურვის შესახებ, მათ არ მიუღიათ.

მისი შეფასებითაც, სუსტი და აბსურდულია ცენტრის გაუქმების დასახელებული არგუმენტები:

„2025 წლის 21 იანვარს, კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა თანამშრომლების თანდასწრებით ღიად განაცხადა, რომ ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღეს იმ 5 ადამიანის ("ხუთეული") საჯარო აქტიურობის გამო, ვინც ხელი მოაწერა საჯარო მოხელეების ღია განცხადებას, სადაც საქართველოს კონსტიტუციისადმი ერთგულებას გამოხატავდნენ და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ ძალადობას გმობდნენ”, - ამბობს ნინი ლეჟავა.

მისი აზრით, ის, რომ მათ საკუთარი სამსახურის გაუქმების შესახებ მედიიდან შეიტყვეს, იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად არის დაცლილი ეს პროცესი სამუშაო ეთიკის, პროფესიული თუ ადამიანური უფლებების დაცვისგან:

„და რამდენად ღიად აცხადებს მეორე მხარე, რომ მსგავსი ტიპის ძალმომრეობა მათთვის ახალი სტანდარტია. ამ ფორმით, პარლამენტის თავმჯდომარემ, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ დისკრიმინაციას, რასაც საფუძველი მისმა დაქვემდებარებულმა - კვლევითი ცენტრის დირექტორმა დაუდო იმ თათბირზე, სადაც ღიად გამოარჩია ცენტრის 20 თანამშრომლიდან ჩვენი ხუთეული. ეს - დისკრიმინაციაა”.

პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლის თქმით, ცენტრი დონორ ორგანიზაციებთან ერთად ახლახან შეფასდა - ეს მისი განვითარების 5-წლიან სტრატეგიასაც მოიცავდა, რომლის მიხედვით, კვლევითი ცენტრის მხოლოდ გაძლიერება და მისი პროდუქტების გამრავალფეროვნება იგეგმებოდა. ამიტომ მიაჩნია ნინი ლეჟავას ამ ცენტრის გაუქმება სპონტანურად მიღებულ გადაწყვეტილებად, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს დამატებითი ფონდების მოძიებასა და დივერსიფიკაციასთან:

„განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ე.წ. რუსულ კანონს თავად მოაწერეს ხელი და იმ პარტნიორი ორგანიზაციების წინააღმდეგ წავიდნენ, რომლებიც წლების განმავლობაში აფინანსებდნენ პარლამენტის და პარლამენტის კვლევითი ცენტრის ინსტიტუციურ განვითარებას. პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდიც კი USAID-ის დაფინანსებითაა შექმნილი”.

კვლევითი ცენტრის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ ამ ცენტრის გაუქმება მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დიდი პროცესისა, რომელსაც ისინი „სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებად“ აფასებენ:

„რამდენიმე დღის წინ გამოაცხადეს საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციაც, იმ ინსტიტუტის, რომელიც ფლაგმანი უნდა ყოფილიყო, "ასოცირების შეთანხმების" ხელმოწერის შემდგომ, დემოკრატიული და კარგი მმართველობის პროცესებში.

მასიური გათავისუფლებების და რეორგანიზაციის სახეს ატარებს ე.წ. სადამსჯელო ოპერაცია იუსტიციის სამინისტროში, განათლების სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, თბილისის მერიაში ”, - უთხრა ნინი ლეჟავამ რადიო თავისუფლებას.

ცენტრის ლიკვიდაციის შემდეგ სამსახურის გარეშე რჩება 21 ადამიანი, მათ შორის, ისეთებიც, რომელთათვისაც ამ შემოსავალს ფიზიკურად ყოფნა-არყოფნის მნიშვნელობა აქვს.

ორი კვირის წინ, რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამ კვლევითი ცენტრის სამი მოქმედი თანამშრომელი - სწორედ სალომე ნატროშვილი, ნინი ლეჟავა და მარიამ ჩაჩუა - ინიციატორები საჯარო სექტორის თანამშრომლების ცნობილი საპროტესტო პეტიციისა, ღიად ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ როგორ აბრუნებს წარსულში ქვეყანას შეცვლილი კანონი საჯარო სამსახურის შესახებ.

ამ ვიდეოს ეთერში გასვლიდან რამდენიმე დღეში ისინი სამსახურის უფროსმა დაიბარა და სხვა კოლეგების თანდასწრებით გამოუცხადა, რომ ცენტრი უქმდება, რაც ნიშნავს მათი თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებას.

მაშინ პარლამენტში ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება არ დაგვიდასტურეს, თუმცა მალე ცნობილი გახდა, რომ ეს სიმართლე იყო.

1 აპრილიდან უქმდება საჯარო სამსახურის ბიუროც, რაც მთავრობამ „მართვის რაციონალიზაციისა და ხარჯების ოპტიმიზაციის” მიზეზით ახსნა.

იანვრის დასაწყისიდან დღემდე, სხვადასხვა, მათ შორის, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მიზეზით, საჯარო სამსახურიდან არაერთი მოხელეა გათავისუფლებული.

მათი ნაწილი სასამართლოში ბრძოლას აპირებს და აცხადებს, რომ მათი სამსახურიდან გაშვების რეალური მიზეზი ღია პროტესტი, დეკემბრის აქციების ძალადობრივი დაშლის გაპროტესტება და საპროტესტო პეტიციებზე ხელმოწერა გახდა.

მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს, არაერთი საჯარო მოსამსახურე, მათ შორის, იუსტიციის, თავდაცვის, განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, ასევე თბილისის მერიის თანამშრომლები გაემიჯნნენ „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას. მათ ასევე დაგმეს დემონსტრაციების ძალადობრივი დაშლის ფაქტები.

საჯარო მოხელეების გათავისუფლება დღემდე გრძელდება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG