Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კითხვები ლევან ჯიბღაშვილის დაკავება-გაშვების საქმეში


მსახიობ და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ 0,5659 გრამი კოკაინი და 0,1921 გრამი ექსტაზი (MDMA) ამოიღო. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად დარჩა ასევე მცირე რაოდენობით მარიხუანა, - ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან ჯიბღაშვილის დაკავებიდან ორ დღეში გაავრცელა. ლევან ჯიბღაშვილი 21 აპრილს თბილისში ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. გარკვეულ გარემოებათა გამო, მის დაკავებაზე არანაკლებ რეზონანსული გამოდგა მისი გათავისუფლება.

შეკითხვები

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“. „გირჩი“ მიესალმა მსახიობის პატიმრობიდან გათავისუფლებას და განმარტა, რომ სურს ეს შემთხვევა გამოიყენოს სხვა ადამიანების გასათავისუფლებლადაც,რისთვისაც სვამს შემდეგ შეკითხვებს:

  • შეკითხვა პროკურატურას: რამდენჯერ იყო მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა იგივე ჯგუფის, იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობის გამო უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში?
  • შეკითხვა სასამართლოს: იგივე ჯგუფის, იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის, რამდენ პირს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში?
  • შეკითხვა სასამართლოს: იგივე ან ნაკლები ოდენობის იგივე ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის რამდენ ადამიანს მიესაჯა ბოლო ერთი წლის განმავლობაში პატიმრობა?
  • შეკითხვა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს: რამდენი ადამიანი იხდის სასჯელს იგივე ჯგუფის, იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის?
ლევან ჯიბღაშვილი
ლევან ჯიბღაშვილი

„გირჩის“ შეკითხვებს შორის იყო შეკითხვაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც იმის შესახებ, რა ოდენობისა და რა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო უწყებამ ლევან ჯიბღაშვილისგან. მასზე პასუხი ამ დროისათვის უკვე ცნობილია, მაგრამ ამ შეკითხვის დასმისას გამოითქვა ვარაუდიც, რომ „სისტემამ საკუთარ მოწყობილ რეიდში თავისივე საცეცი გააბა“. ეს ვარაუდი „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა:

ზურაბ ჯიბღაშვილის საქმეში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შერჩევითი სამართლის გამოყენების ვარაუდს გამოთქვამს „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის აქტივისტი, დავით სუბელიანიც. შესაბამისია აქცენტებიც, რომელსაც იგი ამ მიმართულებით სვამს. კერძოდ, დავით სუბელიანი მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ ფოკუსი სისტემურ პრობლემებზე უნდა გადაიტანოს და იკითხოს:

  • როგორია პროკურატურის პოლიტიკა გირაოსა და საპროცესოებზე?
  • რა ალგორითმით ხდება პროკურატურის მიერ გადაწყვეტილებების მიღება?
  • ვის და რა შემთხვევაში აძლევენ გირაოთი გამოსვლის შესაძლებლობას?
  • როგორ ხდება გირაოსა და საპროცესოს გაანგარიშება?
დავით სუბელიანი
დავით სუბელიანი

„მთავარი ამბავი არ არის პატრონობს თუ არა ვინმე ლევან ჯიბღაშვილს? ამბავი ისაა, რატომ ვფიქრობთ რომ მფარველობენ. სისტემური პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ პროკურატურის მუშაობა სრულიად არაგამჭვირვალეა. ასობით ადამიანს იჭერენ ყოველთვიურად -ვისთან რა ფასს დაადგენენ და როგორ და რის მიხედვით, წარმოდგენა არა გვაქვს. არ ვიცით რის მიხედვით ხელმძღვანელობენ. ჯიბღაშვილზე გაცილებით მარტივი ქეისები ყოფილა, მაგრამ არ გამოუშვიათ და კარგი ხანი ჩაუტოვებიათ და მერე საპროცესოთი გამოგვიყვანია ან ვერ გამოგვიყვანია. ყოფილა შემთხვევები, რომ ჯიბღაშვილზე მეტი ნარკოტიკები ჰქონიათ ადამიანებს და გამოსულან ერთ ღამეში.“ - აღნიშნავს დავით სუბელიანი.

პასუხები

ლევან ჯიბღაშვილის საქმის მიმართ გაჩენილ კითხვებზე პასუხები საზოგადოებამ ნაწილობრივ მოისმინა სამართალდამცავთა მხრიდან:

კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ ლევან ჯიბღაშვილი ჩვეულებრივი ბრალდებულია და მის მიმართ უწყებამ გამოიყენა სასჯელის ყველაზე მკაცრი ზომა, სისხლის სამართლის წესით დაკავებამ.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე გირაოს გამოყენების შუამდგომლობის დაყენების საკითხს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა პროკურატურა:

„როდესაც პირს წარდგენილი აქვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1,2 ან 3 ნაწილით, არ არის ნასამართლევი, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და სახეზე არ არის ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი, პროკურატურა, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით. აღნიშნული პრაქტიკა, პროკურატურის მიერ გამოიყენება ყველა იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული პირი აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს“, - ასეთი იყო პროკურატურის პასუხი. ამ პასუხს ნაწილობრივ ადასტურებს სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიში, რომელსაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყოველწლიურად ამზადებს.

ზოგადი ტენდენცია

„პროკურატურა 100 პროცენტის შემთხვევაში ითხოვს გირაოს ან პატიმრობას. დაახლოებით, წილობრივად 55-60 პროცენტის შემთხვევაში პატიმრობას ითხოვს, 40-45 პროცენტ შემთხვევაში გირაოს. გირაოს შემთხვევაში პროკურატურა, როგორც წესი, ითხოვს არათანაზომიერად მაღალი ოდენობის გირაოს, ბრალდებულის ფინანსურ მდგომარეობასთან შედარებით“, - გვითხრა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სისხლის სამართლის ანალიტიკოსმა მერაბ ქართველიშვილმა.

თუმცა ეს ტენდენცია მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილის შემთხვევაში არ გამართლდა, რამაც კიდევ ერთი არგუმენტი მისცა მათ, ვინც ფიქრობს, რომ მას სახელმწიფო სტრუქტურებში გავლენიანი მფარველები ჰყავს- პროკურატურამ ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით მხოლოდ 15 000 ლარის გირაოს შეფარდება მოითხოვა, სასამართლოს გადაწყვეტილებით კი მხოლოდ 10 000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდა. ამ ფაქტს განსაკუთრებული სიმწვავით ნარკოდანაშაულის გამო მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები გამოეხმაურნენ. „ძალიან უსამართლოდ მოექცნენ ჩემს შვილს და ორი ტაბლეტი ექსტაზის გამო მას 8 წელი მიუსაჯეს. ტონა ნარკოტიკის გამო დაკავებული ჯიბღაშვილი კი 10 000 ლარიანი გირაოთი გამოუშვეს. როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია?“უთხრა ინტერპრესნიუსს „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაციის დროს დაკავებული გიორგი მამუკელაშვილის დედამ მაია ელიაშვილმა.

წინასასამართლო სხდომა ლევან ჯიბღაშვილის ნარკოდანაშაულის საქმეზე 4 ივნისს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG