Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე და ბესელია: დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა


ყოფილ თანაგუნდელებს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა 17 აპრილს. პროცესი სხდომათა დარბაზში დაიწყო და დარბაზს მიღმაც გაგრძელდა.

რამდენჯერმე დაგვემუქრა და მერე თავად მოუწია ყველა თანამდებობის დატოვება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეპუტატ ეკა ბესელიას შესახებ.

„რამდენჯერმე დაგვემუქრა ქალბატონი ეკა და ამასობაში რამდენიმე თანამდებობის დატოვება მოუწია მას. არ მინდა ამ პოლემიკაში შესვლა, ის არის რთულ მდგომარეობაში. ეს არის რეალური მოცემულობა და ამ თავის მდგომარეობას ქალბატონი ეკა ხშირად ავლენს ხოლმე.

დღესაც როგორ იქცეოდა, თქვენ თავად ნახეთ. სამწუხაროდ, არაეთიკურია მისი ქცევა უკვე დიდი ხანია... სანქციები მას უკვე დაუწესდა და ამიტომ დატოვა ყველა თანამდებობა, სადაც იყო“, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ დაპირისპირება მასსა და დეპუტატ ეკა ბესელიას შორის.

ყოფილ თანაგუნდელებს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა 17 აპრილს. თავდაპირველად, ვითარება პარლამენტის სხდომაზე დაიძაბა: ეკა ბესელიამ ირაკლი კობახიძეს შენობით მიმართა, ირაკლი კობახიძემ მას მიკროფონი გამოურთო და თქვენობითი ფორმით მიმართვისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც - ეკა ბესელია სპიკერის ტრიბუნაზე ავიდა სიტყვებით - „ხომ არ შეგეშინდა?!“

უმრავლესობის ყოფილმა დეპუტატმა ოდნავ მოგვიანებით ჟურნალისტებს უთხრა, რომ როცა მეორედ ავა ტრიბუნაზე, ირაკლი კობახიძეს მანდატურის სამსახური ვეღარ უშველის.

„მის პატრონს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, (ბიძინა) ივანიშვილს, მოჰკიდოს ხელი, როგორც ერთხელ ჩაჰკიდა ხელი უმრავლესობის სხდომაზე და ჩემთან მოიყვანა ბოდიშის მოსახდელად, მაგრამ მე საერთოდ არ მოვუშვი ჩემს სიახლოვეს, ხელი მოჰკიდოს და თავისი ადგილი მიუჩინოს, სანამ პოლიტიკურ ხანძარში გაახვია ეს პარლამენტი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ სახეზეა საპარლამენტო კრიზისი და ამ საკითხზე მმართველმა პარტიამ სწორედ ახლა უნდა იფიქროს.

„გინდ ყოფილა (კობახიძე) პარლამენტის თავმჯდომარე და გინდ არა, ცნობილი ქართული მხატვრული ფილმისა არ იყოს, გინდ გაიტანეთ და გინდ შემოიტანეთ ეს თქვენი გაგორებული პარლამენტის თავმჯდომარეო, ახლა იმ მდგომარეობაშია უკვე“, - თქვა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის თავმჯდომარეს თანაგუნდელები გამოექომაგნენ. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ირაკლი კობახიძეს თავისი მაღალი პროფესიონალიზმისა და სიძლიერისთვის ებრძვიან.

XS
SM
MD
LG