Accessibility links

კომპანია „ზეგ-ი“ ბაჩალიაშვილის პირადი ვიდეოების გავრცელების გამო შეშფოთებულია


კომპანია “ზეგ”, სადაც გაუკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული და გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადებას ავრცელებს და იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც მათ საქმიანობაში გამოძიების პარალელურად გაჩნდა. კომპანიის მტკიცებით, ისინი გამოძიების საწყისი ეტაპიდან ამ დრომდე მჭიდროდ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, თუმცა იმის გამო, რომ თანამშრომლების პირადი კომპიუტერები და ტელეფონები კვლავ საგამოძიებო ორგანოშია მუშაობას ვეღარ აგრძელებენ.

“დღესდღეობით კომპანია ვეღარ ფუნქციონირებს, ამოღებულია სამსახურის თუ პირადი ტექნიკა და დოკუმენტაცია, ამასთან ერთად გავლილი გვაქვს ფინანსური შემოწმება,“ საქართველოს ბანკმა“ მიზეზგარეშე დაგვიხურა ანგარიში, ვერ ვახერხებთ სხვა ბანკში ანგარიშის გახსნას. უკვე ორი თვეა ვერ ვუხდით თანამშრომლებს ხელფასებს და გაგვიუქმდა ჩვენს მიერ მოპოვებული კონტრაქტი ამერიკელ პარტნიორებთან. ფაქტიურად 47 ადამიანი დარჩა უმუშევარი. ამ ყველაფერს ემატება ჩვენი კომპანიის მიმართ ყოვლად ამორალური "ბრალდება" ბულინგთან დაკავშირებით, რაც აღარ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ხმა აღარ ამოვიღოთ” - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კომპანიამ 30 სექტემბერს გაავრცელა.

კომპანიის იურისტი, ქეთი მირიანაშვილი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ საბანკო ანგარიში მათ ბანკმა ყველანაირი წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაუხურა ისე, რომ საგამოძიებო ორგანოებისგან მსგავსი შუამდგომლობა ან მოთხოვნა მათ არ მიუღიათ. ფინანსური პრობლემების გარდა ქეთი მირიანაშვილი თანამშრომლების ემოციურ მდგომარეობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ არასწორი ინფორმაციების ის ტალღა, რაც თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების შემდეგ მათ კომპანიასა და კონკრეტულ თანამშრომლებზე მოდის, მძიმედ აისახება მათ ფსიქიკაზე.

კომპანია “ზეგ”-ის განცხადებას წინ უსწრებდა პროკურატურის მიერ დახურულ შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლებისთვის გასაჯაროებული ვიდეო ჩანაწერები, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის და სადაც ის იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც ქონდა სწავლისას, სამსახურში და ოჯახში. ვიდეოები თამარ ბაჩალიაშვილის დახურული იუთუბის არხიდან არის მოპოვებული და სიკვდილამდე ორი წლით ადრე, სხვადასხვა დროს არის გაკეთებული. არსებული 16 ჩანაწერიდან პროკურატურამ მედიას მხოლოდ 5 ჩანაწერი გააცნო, რაც ბაჩალიაშვილის ადვოკატების თქმით, გამოძიებას თვითმკვლელობის ვერსიის დასამტკიცებლად სჭირდება და რაც სრულ წარმოდგენას არ ქმნის თამარის ემოციური მდგომარეობის შესახებ. გარდაცვლილის ადვოკატების თქმით, საქმეში დევს სხვა ჩანაწერებიც, სადაც თამარი არა სასოწარკვეთილი, არამედ იმედით სავსეა და გეგმებს აწყობს. პროკურატურის მიერ მედიისთვის ნაჩვენები ჩანაწერებიდან ერთ-ერთი პროგრამისტის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრეა ჩაწერილი და ამ ვიდეოში ის კომპანია “ზეგ”-ის დამფუძნებლის, ნიკოლოზ გეჯაძის მიმართ უიმედო სიყვარულსა და სხვა თანამშრომლებზე საუბრობს, რომელთა მიმართაც გეჯაძე მეტ კეთილგანწყობას იჩენს, ვიდრე მის მიმართ. პროკურატურის მტკიცებით, საქმეში დევს ასევე წერილები, რომელსაც თამარი ერთ-ერთი ინტერნეტპლატფორმიდან წერდა როგორც საკუთარ თავს, ასევე ნიკოლოზ გეჯაძეს.

“ვთვლით, რომ კოლექტივის გადაწყვეტილება, გარდაცვლილის პირადი ცხოვრების შესახებ მედიასთან განცხადებებისგან თავის შეკავებაზე, იყო ერთადერთი მორალურად სწორი გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან. სამწუხაროდ, ეს არასწორად იქნა ინტერპრეტირებული და გამოყენებული ამ საქმეში სხვადასხვა მიზნით ჩართული მხარეების მიერ. გამოძიებისთვის ცნობილია, რომ თამარის ვიდეო და აუდიო ჩანაწერების ის ნაწილები, რომლებშიც იგი საუბრობს სამსახურში არსებულ სიტუაციაზე, არ შეესაბამება რეალობას. "არაჯანსაღი ურთიერთობები" - რაზეც ზოგიერთი მედია კომპანია აპელირებს, არის მცდარი, საფუძველს სრულიად მოკლებული ბრალდება კომპანიის მიმართ. ეს და მსგავსი ბრალდებები არ ემსახურება თამარის გარდაცვალების გამოძიების საქმეს.

კოლეგები თამარ ბაჩალიაშვილს იცნობდნენ, როგორც მშვიდ, გაწონასწორებულ, ხალისიან, მონდომებულ ადამიანს. მისი ნეგატიური დამოკიდებულება თანამშრომელთა მიმართ, რაც გამოქვეყნებულ მასალებშია ასახული, თითოეული ჩვენგანისთვის სრული მოულოდნელობა და უდიდესი დარტყმა იყო, ამან დაგვანახა თამუნას ემოციური მდგომარეობა, რომელიც სამსახურში, თანამშრომლებთან ურთიერთობაში მას არც ერთხელ არ გამოუვლენია. აღნიშნული მეტად სამწუხაროა, რადგან მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი, ჩვენ, თამუნას თანამშრომლები, აუცილებლად შევეცდებოდით მის დახმარებას და გვერდში დგომას” - ნათქვამია კომპანია “ზეგ”-ის განცხადებაში.

კომპანიის იურისტის მტკიცებით, გამოძიებამ საწყის ეტაპზევე ამოიღო ყველა იმ თანამშრომელსა და თამარ ბაჩალიაშილს შორის პირადი მიმოწერა სხვადახვა პლატფორმიდან, რომელიც გავრცელებულ ჩანაწერებში იხსენიება და ეს კომუნიკაცია არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ თამარს სამსახურში ცუდი პირობები ან პრობლემები ჰქონდა. კოლეგებთან მიმოწერაში ის გეგმავდა “სეკრეტ სანტას” თამაშს ოფისში, ნაძვის ხის აწყობას, უფრო მოგვიანებით, პანდემიისას კი ამბობდა, რომ ენატრებოდა სამსახური და ადამიანები და უნდოდა, მალე დაბრუნებოდა ოფისში მუშაობას. ის, რომ თამარს დეპრესია და სუიციდური ფიქრები ჰქონდა და უჭირდა ადამიანებთან ურთიერთობა, მისმა კოლეგებმა არ იცოდნენ.

ქეთი მირიანაშვილი საუბრობს იმაზეც, რომ კომპანია “ზეგ” მრავალმხრივი ზეწოლის ქვეშაა და მაგალითად მტკიცებულებების ფალსიფიკაციის საქმეზე დაკავებულიდავით ფურხვანიძის მიერ გაკეთებული განცხადებები და საეჭვო რეპუტაციის სააგენტოებში გამოქვეყნებული სტატიებიც მისი მონაწილეობით, სადაც აბრაჰამ რეიჰბახი დანაშაულებრივ სქემებში მონაწილე ბიზნესმენად იხსენიება, ამის დასტურია.

კომპანია “ზეგ”- ს ნეგატიურ კონტექსტში იხსენიებდა საქმის ერთ-ერთი მოწმე და საზოგადოებისთვის თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულად ცნობილი ბაჩანა ბრეგვაძეც. ის კომპანიის არალეგალურ საქმიანობაზე საუბრობდა და გულისხმობდა პორნოგრაფიული საიტების სისტემურ უზრუნველყოფას, რასაც კომპანია ახორციელებდა.

კომპანია “ზეგ” პროკურატურას მიმართავს თხოვნით, საჯარო გახადოს თამარ ბაჩალიაშვილის მიმოწერები თანამშრომლებთან იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ სამსახურში გარდაცვლილს პრობლემები არ ჰქონდა.

შპს “ზეგ”, რომელიც თამარმა გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა, 2015 წლის 30 დეკებერს არის შექმნილი. მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი თავდაპირველად საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ გეჯაძეა. 2018 წელს კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ხდება ამერიკის მოქალაქე აბრაჰამ რეიხბახი, დირექტორი კი თამარ კობერიძე. კობერიძე 2016-18 წლებში, სანამ აბრაჰამ რეიხბახი გახდებოდა კომპანიის მეპატრონე, დირექტორობასთან ერთად ფლობდა ფირმის 100%-იან წილსაც. ​

ამერიკის მოქალაქე აბრაჰამ რეიხბახი საქართველოში სხვა ბიზნესს არ ფლობს ნიკოლოზ გეჯაძისა და თამარ კობერიძისგან განსხვავებით. ორივე მათგანმა 2020 წელს ახალი კომპანიები დაარეგისტრირეს. ნიკოლოზ გეჯაძის “კოდიფაი” 2020 წლის 25 ივნისს არის რეგისტრირებული, თამარ კობერიძის “ჯეოგიჯს” კი 2020 წლის 16 მაისს. ორივე მათგანი ახლადშექმნილ კომპანიებში 100%-იან წილს ფლობენ და დირექტორებიც თავად არიან ამ ორგანიზაციებში.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა, 22 ივლისს კი ის საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში.

ასევე ნახეთ: რას საქმიანობს კომპანია, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა

ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ გამოძიება გარდაცვლილის სამსახურის ვერსიაზე მუშაობს

კომპანია "ზეგ"-ის დირექტორის სახლს ჩხრეკენ

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG