ამირან გამყრელიძე ოფისებში გასატარებელ ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციებს იძლევა

„სასურველია, ორგანიზაციებმა ოფისებში ე.წ. დეზინფექტორები იქონიონ და მოახდინონ სამუშაო სივრცის ხშირი, მათ შორის, სველი წესით დასუფთავება“, - დაავდებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „ინტერპრესნიუსს“ ელაპარაკა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ორგანიზაციებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციებზე.
როგორც გამყრელიძე ამბობს, ოფისები, სადაც ბევრი ადამიანი ერთ სივრცეში მუშაობს, სასურველია, ხშირად განიავდეს.
გამყრელიძემ ისაუბრა საკუთარი სამუშაო გარემოს შესახებაც. „ჩვენთან ყველა სართულზე დგას ხელების დასაბანი და ხელის დასამუშავებელი სპირტიანი ე.წ დეზინფექტორები და სასურველია გქონდეთ ყველა სართულზე სანიტაიზერები - მათი გამოყენებით, რაც შეიძლება ხშირად დაიმუშავეთ ხელები. ხშირად სველი წესით დაალაგეთ მაგიდები“, - ამბობს გამყრელიძე.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გუშინ, 27 თებერვალს, გვიან ღამით საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა.
ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსით დაინფიცირებული 50 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით მოდიოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკოსების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

„საქართველოს ფოსტა“ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 27 თებერვლიდან აკრძალულია საფოსტო გზავნილით სამედიცინო დანიშნულების ნიღბის საზღვარგარეთ გაგზავნა.
„2020 წლის 27 თებერვლიდან იკრძალება საქართველოს ფარგლებს გარეთ საფოსტო გზავნილით (მიუხედავად გზავნილის სახეობისა), ნებისმიერი რაოდენობის სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აკრძალვის მიუხედავად, გამგზავნის მიერ სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნის შემთხვევაში, საფოსტო გზავნილი შესაძლებელია დაექვემდებაროს ჩამორთმევას ან უკან დაბრუნებას. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, გამგზავნს არ აუნაზღაურდება მის მიერ გადახდილი საფოსტო გზავნილის გაგზავნის ღირებულება“, - ნათქვამია „საქართველოს ფოსტის“ განცხადებაში.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა.
შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები სახელდება.
„ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემა და გაცემული ნებართვის მოქმედება ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან და იტალიასთან.
ასევე, 27 თებერვლიდან, ორი კვირის განმავლობში საკვალიფიკაციო ცენტრში მიმდინარე და დაგეგმილი სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
იზოლაციაში: რას ყვებიან საქართველოში კარანტინში მყოფები?
ირანიდან თბილისში დაბრუნებული კავკასიის უნივერსიტეტის 15 ადამიანისგან შემდგარი დელეგაციის 5 წევრი კარანტინის 14 დღეს აბასთუმანში გაატარებს. 10 კი, ვისაც საკუთარ სახლებში მარტო დარჩენის შესაძლებლობა ჰქონდა, 2 კვირა თვითიზოლაციაში იქნება.
თვითიზოლაციაში ყოფნას ურჩევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყველა იმ ადამიანს, ვინც კორონავირუსის გავრცელების მხრივ რისკის ზონის ქვეყნებში იმოგზაურა.