Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იზოლაციაში: რას ყვებიან საქართველოში კარანტინში მყოფები?


ირანიდან თბილისში დაბრუნებული კავკასიის უნივერსიტეტის 15 ადამიანისგან შემდგარი დელეგაციის 5 წევრი კარანტინის 14 დღეს აბასთუმანში გაატარებს. 10 კი, ვისაც საკუთარ სახლებში მარტო დარჩენის შესაძლებლობა ჰქონდა, 2 კვირა თვითიზოლაციაში იქნება.

თვითიზოლაციაში ყოფნას ურჩევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყველა იმ ადამიანს, ვინც კორონავირუსის გავრცელების მხრივ რისკის ზონის ქვეყნებში იმოგზაურა.

კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებისათვის კი დღეს, 28 თებერვალს, მათი კარანტინში ყოფნის პირველი დღეა.

თეირანი-ბაქო-თბილისი - ასეთი იყო მათი მგზავრობის მარშრუტი, რომელიც გუშინ დილის ექვს საათზე დაიწყო და გამთენიას თბილისში დასრულდა.

ირანი-საქართველოს ჩაკეტილი საზღვრის პირობებში, დელეგაციამ უკან, სამშობლოში დაბრუნების გზები თავად მოძებნა - სახელმწიფოს, როგორც დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, სოსო ბერიკაშვილი გვეუბნება, მათთვის დახმარება არ გაუწევია: „ფაქტობრივად, საზღვარი დაკეტეს და ირანში დაგვტოვეს“. არ დანიშნულა არც ჩარტერული რეისი. უკან საკუთარი ძალებით და ირანელი მასპინძლების დახმარებით დაბრუნდნენ.

კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ირანის კუნძულ ქიშზე, რომელიც კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, საფრთხის შემცველ ზონად ამ ეტაპზე არ მიიჩნევა.

„პიცა უკვე გამოვიძახე“

სოსო ბერიკაშვილი თბილისში დარჩა. „საბედნიეროდ, დაკეტილი სახლი გვქონდა და შემეძლო კარანტინი აქ გამეტარებინა“.

კარანტინის პირობებში მყოფმა სოსო ბერიკაშვილმა პიცა გამოიძახა. კურიერმა პიცა ეზოში დაუტოვა.
კარანტინის პირობებში მყოფმა სოსო ბერიკაშვილმა პიცა გამოიძახა. კურიერმა პიცა ეზოში დაუტოვა.

ბოლომდე რას ნიშნავს ორკვირიანი იზოლაცია, როცა კარანტინში მყოფებს გარეთ გასვლა ეკრძალებათ, ეს ჯერ მას ბოლომდე გაცნობიერებული არა აქვს. ასეთი პერიოდი - სახლიდან გაუსვლელობის არასოდეს ჰქონია. თუმცა, რადგან ინტერნეტით ვირტუალური ურთიერთობა დღეს პრობლემას არ წარმოადგენს, კარანტინში ყოფნაში დიდ პრობლემას ვერ ხედავს.

ერთი ეგაა, რომ ოჯახის წევრებს ამ დრომდე არ შეხვედრია და მათ კიდევ 14 დღე ვერ ნახავს. ეს - იზოლაციაში ყოფნის ყველაზე რთული მხარეა.

საყურადღებოა ის ფაქტია, რომ სოსომ და დელეგაციის დანარჩენმა წევრებმა იმგზავრეს თვითმფრინავით სხვა მგზავრებთან ერთად, შემდეგ კი თბილისის აეროპორტში, სამი საათის განმავლობაში იცდიდნენ საერთო სივრცეში, სხვა ადამიანების გვერდით.

ამ დროს, მათ, ისევე როგორც რისკის შემცველი სხვა ქვეყნებიდან დაბრუნებულ ადამიანებს, უკვე გავლილი ჰქონდათ შემოწმება.

კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომი არავის ჰქონია. თუმცა, რას ელოდნენ მთელი სამი საათის განმავლობაში აეროპორტში და რატომ არ იყო სახელმწიფო სამსახური უკეთ მომზადებული მათ დასახვედრად, ეს დელეგაციის წევრებისთვის კვლავ კითხვად რჩება.

საბოლოოდ, მათ იზოლაციის ორი გზა შესთავაზეს - აბასთუმანში გადაყვანა, სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში ან თვითიზოლაციაში დარჩენა თბილისში, საკუთარ ბინასა თუ სახლში.

რადგან კარანტინის პირველი დღეა და სოსო ამ დღეს ატარებს სახლში, სადაც ჩვეულებრივ არ ცხოვრობს, ყველა საჭირო ნივთი ახლა უნდა მოიმარაგოს.

ყველაფერს მოუტანენ და დაკეტილ კართან დაუტოვებენ - წესი ასეთია. გამოძინების და დასვენების შემდეგ კი გეგმავს დაგროვილ სამუშაოს დაუბრუნდეს და უნივერსიტეტის საქმეები დისტანციურად აკეთოს. სოსო კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკური სკოლის დეკანია. ელის, რომ ექიმებიც გამოჩნდებიან შესამოწმებლად.

„ალბათ მკითხავენ, სიცხე ხომ არ მაქვს. რაც შეეხება საკვებს, პიცა უკვე გამოვიძახე. მერე კი, რაც დამჭირდება, ჩემები მომაწვდიან“.

14 დღე მალე გავა

თამთა ბუთხუზიც საკუთარ სახლში, საგურამოში გაატარებს კარანტინის ორ კვირას. აეროპორტის შემდეგ სწორედ იქ მივიდა. საკვები და საჭირო ნივთები ოჯახის წევრებმა უკვე დაახვედრეს, თუმცა მათ ჯერ არც თამთა შეხვედრია.

"ასე ყოფნაში არაფერია განსაკუთრებული, ადამიანები ხომ ცხოვრობენ მარტო? დღეს პირველი დღეა. თავს ყველანი ჯანმრთელად ვგრძნობთ, თუმცა ვიცით რა პასუხისმგებლობაც გვაქვს სხვების წინაშე“.

თამთაც დისტანციურად მუშაობას გეგმავს და ამბობს, რომ 14 დღე მალე გავა. კარანტინის პირველი დღე - მისთვისაც ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ ძილის და დასვენებისაა.

„სასიამოვნო არ არის, 14 დღე სულ სახლში რომ უნდა იჯდე, მაგრამ ამას ვერ დავარქმევდი იძულებას, ეს სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა და ასეც უნდა იყოს. ჩემთვის ეს პასუხისმგებლობის ნაწილია, რომელსაც ყველა უნდა ვიაზრებდეთ იმისათვის, რომ სხვები არ ჩავაგდოთ საფრთხეში“.

ოთახიდან გაუსვლელად - აბასთუმანში

დელეგაციის კიდევ ერთი წევრი პაატა ბრეკაშვილი თავის 4 კოლეგასთან ერთად აბასთუმანში წავიდა. ორკვირიან კარანტინს ის იქ გაატარებს - სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულების ერთ ოთახში, რომლიდანაც გასვლის უფლება არ ექნება.

აქვს ინტერნეტი. საკვებით და სხვა აუცილებელი ნივთებით დაწესებულება მოამარაგებს. გვეუბნება, რომ მისთვის განსაკუთრებული არაფერი ხდება. საქმე მასაც ბევრი აქვს და დისტანციურად იმუშავებს. ერთი ეგაა, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში აბასთუმანში გასეირნებას ვერ შეძლებს.

“დღის განმავლობაში ვინ რით დაკავდება ამ სავალდებულო კარანტინის დროს, ეს უკვე ჩვენს კრეატიულობაზეა დამოკიდებული. სხვა, გარდა იმისა, რომ გარეთ ვერ გავალ, ჩემთვის არაფერი იცვლება“.

აბასთუმანი, შენობა, სადაც ადამიანები კარანტინში იმყოფებიან
აბასთუმანი, შენობა, სადაც ადამიანები კარანტინში იმყოფებიან

ამასობაში კი საქართველოში კორონავირუსის მეორე ახალი შემთხვევა დადასტურდა. პაციენტი 31 წლის ქალია, რომელიც იტალიაში მოგზაურობდა. ის სამშობლოში ქუთაისის აეროპორტის გავლით დაბრუნდა და სიმპტომების გაჩენის შემდეგ თავად მიმართა ექიმს.

პირველი შემთხვევის შესახებ ცნობილი გახდა 26 თებერვალს. ვირუსით დაინფიცირებული 50 წლის მამაკაცი ირანიდან საქართველოში აზერბაიჯანის გავლით მოდიოდა.

ამჟამად საქართველოში კარანტინში იმყოფება 87 ადამიანი. მათგან 31 - საჩხერეში, 21 აბასთუმანში და 35 ბავშვთა ტუბცენტრში, თბილისში.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG