მარინა ეზუგბაია: იტალიიდან ჩამოფრენილ ქალს არ ჰქონია სხვა ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტი

იტალიიდან ჩამოფრენილი ქალი, რომელსაც კორონავანირუსი დაუდგინდა, არ ჰქონია განსაკუთრებით მჭიდრო კონტაქტები, - თქვა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
ექიმი განმარტავს ინფიცირებულთან „ახლო/მჭიდრო კონტაქტის“ განსაზღვრებას და აღნიშნავს, რომ ასეთად განიხილება 15 წუთზე მეტი პირდაპირი კონტაქტი და დახურულ სივრცეში ორ საათზე მეტი დროით მასთან ერთად ყოფნა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ამჟამად კლინიკაში 39 პაციენტი იმყოფება და მათგან 21-ის ტესტი უარყოფითია. მათ საკარანტინო სივრცეში გადასაყვანად ამზადებენ.
დარჩენილ 18 პაციენტიდან ნიმუშები დღის მეორე ნახევარში აიღეს. როგორც ეზუგბაიამ თქვა, პირველ ეტაპზე რვა პირის გამოკვლევის შედეგები იქნება ცნობილი.
მარინა ეზუგბაიამ, აგრეთვე, ილაპარაკა ირანიდან დაბრუნებული კავკასიის უნივერსიტეტის 15-კაციანი ჯგუფის შესახებ.
„მხოლოდ ერთს აღენიშნება ცხელება. თუკი დაავადებათა კონტროლის ცენტრი გადაწყვეტს, მას ინფექციურ საავადმყოფოში მოიყვანენ“, - ამბობს ეზუგბაია.
ორი ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გუშინ, 27 თებერვალს, გვიან ღამით საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა.
ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსით დაინფიცირებული 50 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით მოდიოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკოსების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.