კორონავირუსი ჰაერში არ დაფრინავს - კიდევ რა ვიცით და არ ვიცით

- ბევრს ჰგონია, რომ კორონავირუსის ინფექცია შეიძლება ქუჩაში სიარულისას, ჰაერიდან შეგვეყაროს. ეს ასე არ არის.
- კორონავირუსს ვერ დავამარცხებთ 95%-იანი სპირტით და პირიქით - სიცოცხლეს შევუნარჩუნებთ მას;
- ყველა, ვისაც ახველებს, კორონავირუსით ინფიცირებული არ არის.
რადიო თავისუფლება გთავაზობთ დასაბუთებულ სიმართლეს ექიმების განმარტებებზე და საერთაშორისო ორგანიზაციების (WHO, CDC) რეკომენდაციებზე დაყრდნობით.

მოქალაქეთა ნაწილს მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაეგზავნა ინფორმაცია, თითქოს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება, - იტყობინება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და კარანტინის გამოცხადება ამ ეტაპზე არ იგეგმება. ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გაითვალისწინონ მსოფლიოში და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხიმგებლობა.
შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ილაპარაკა კლინიკიდან გაწერილ პაციენტზე, რომელსაც საქართველოში პირველად დაუდგინეს კორონავირუსი (COVID – 19). როგორც ცერცვაძე ამბობს, ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში გამოჯანმრთელებული პაციენტის გაწერის განსხვავებული წესი მოქმედებს.
„პირველი პაციენტი დღეს, 16 მარტს, გაეწერა, ველოდებოდით განმეორებითი გამოკვლევის პასუხს. ზოგ ქვეყანაში პაციენტებს, რომელიც მიიჩნევა გამოჯანმრთელებულად, წერენ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ის განკურნებულია, თავისუფალია. საქართველოში შევიმუშავეთ წესი, რომელიც, სავარაუდოდ, უფრო სწორია: ეს პაციენტი ორი კვირის განმავლობაში იქნება ბინაში, თვითიზოლაციაში, არ შევა კონტაქტში სხვებთან. ეს მაგალითი მოგვცა ჩინურმა გამოცდილებამ, სადაც რამდენიმე ასეული პაციენტი ეგონათ გაჯანმრთელებული და გაეწერნენ, რამდენიმე ხანში კვლავ აღმოაჩნდათ სიმპტომები და შეაბრუნეს უკან, კლინიკებში. ჩინეთში ჯერ არ იციან, ესენი იყვნენ არა ბოლომდე გაჯანმრთელებულები თუ ხელახლა დაინფიცირდნენ. სანამ ეს არ იციან და არ დაგვიდგენია, ვიჩენთ სიფრთხილეს“, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.
მესმის, ვხედავ, ვსწავლობ - ოღონდ დისტანციურად

წარმოიდგინეთ, რომ დილა იწყება გაკვეთილით, ოღონდ შინიდან გაუსვლელად. ჯდები კომპიუტერის წინ, რთავ შესაბამის საკომუნიკაციო პროგრამას, ეკრანზე კლასელებს თუ თანაკურსელებს და პედაგოგს ხედავ და გაკვეთილიც იწყება - ასე, ვირტუალურად. პასუხობ, შემდეგ დავალებას ასრულებ, მოწოდებულ ვიდეო თუ სხვაგვარ რესურსს ეცნობი და ასე ყოველდღე. ეს არის დისტანციური სწავლება, რომელზეც როგორც სწავლების ფორმაზე, საქართველოში, ცოტა ხანია, რაც აქტიურად ალაპარაკდნენ. და ეს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც, კორონავირუსის (COVID 19) გავრცელებით გამოწვეულ უსაფრთხიების ზომებს მოჰყვა.