ვის არ ეზღუდება ჩაკეტილ ოთხ ქალაქში შესვლა - მთავრობის დადგენილება
თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და რუსთავის ჩაკეტვის შემდეგ ქალაქებში შესვლა და გასვლა იკრძალება ყველა მოქალაქისთვის, თუმცა იქნება გამონაკლისებიც. მთავრობამ დღეს, 15 აპრილს დადგენილება გამოსცა და გამონაკლისები გაწერა.
საქართველოში ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი შეიქმნა - ვინ შედის ჯგუფში?
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოსთან ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი შეიქმნა, სადაც გაერთიანებულია მთავრობის ეკონომიკური გუნდი, პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის წარმომადგენლები და ეროვნული ბანკი.
როგორ გაგრძელდა თელაველი მიხეილ ყარაულაშვილის დაჯარიმების ამბავი
თელავში მცხოვრებ 73 წლის მიხეილ ყარაულაშვილს, რომელიც ტიტების გაყიდვის დროს პოლიციამ 3000 ლარით დააჯარიმა, მისთვის უცნობი ადამიანები დაეხმარნენ და, როგორც სოციალური აქციის ორგანიზატორები ამბობენ, 10 000 ლარზე მეტი შეუგროვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მიხეილ ყარაულაშვილის დაჯარიმების ამბავზე რადიო თავისუფლებამ მასალა მოამზადა.
საქართველოში COVID -19-სგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 71-მდე გაიზარდა

ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურმა საავადმყოფომ 12 ისეთ პაციენტს ჩაუტარა ტესტირება, რომელთა პირველადი ტესტირება უარყოფითი იყო.
„ორი პაციენტის შემთხვევაში კი ისევ უარყოფითია PCR-კვლევის შედეგები. ჩავთვალოთ, რომ კიდევ ორი პაციენტი გამოგვიჯანმრთელდა”, - თქვა ეზუგბაიამ. პაციენტები საავადმყოფოს დღესვე დატოვებენ და თვითიზოლაციაში ან საკარანტინო ზონაში გადაინაცვლებენ. შედეგად, ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 71-მდე გაიზარდა.
როგორც ეზუგბაია ამბობს, დანარჩენ შემთხვევებში PCR-ტესტირებას 24-საათიანი ინტერვალით გაიმეორებენ და მათი გამოჯანმრთელების საკითხი 16 აპრილს გაირკვევა.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ 306-ია.
მარინა ეზუგბაიამ ორი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის შესახებაც ილაპარაკა, რომლებიც ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ. „დაავადება აღარ პროგრესირებს, სტაბილიზაცია უკვე დადგა, მაგრამ ჯერჯერობით პროგნოზირება შეუძლებელია. ისინი პრობლემურ-მძიმე პაციენტებად მოიაზრებიან“, - ამბობს ექიმი. გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, ინფიცირებული მოზარდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არც მათთან შეიმჩნევა დაავადების პროგრესირება.
ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში კვლავ 12 პაციენტის ნიმუში არის აღებული, ზოგ შემთხვევაში განმეორებით.