საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევაა
საქართველოში გასული ღამის შემდეგ, 402-დან 408-მდე გაიზარდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი. მათგან 95 გამოჯანმრთელებულია.
თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსით 4 ადამიანია გარდაცვლილი.
21 აპრილის 10:00 საათის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმშია 4779 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 561.
მარინა ეზუგბაია: მოსალოდნელი პიკის ეკლესიის სეგმენტთან დაკავშირება არასწორია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, საქართველოში კოვიდ-19-ის მოსალოდნელი პიკის ერთ რომელიმე სეგმენტთან დაკავშირება არასწორია. კითხვაზე იზიარებს თუ არა ეპიდემიოლოგების რჩევას, რომ თვითიზოლაციაში დარჩნენ ადამიანები, რომლებიც ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგიას ესწრებოდნენ, მან განაცხადა:
„ლაპარაკი ასე არ შეიძლება, მარტო ამ სეგმენტზე ნუ ვლაპარაკობთ. ჩემთვის ეხლა უცხო არ არის, მე შემიძლია გითხრათ, რომ მოსახლეობის ძალიან დაბალი პროცენტია, რომელიც ეკლესიურ ცხოვრებას ეწევა და და ეს არ ქმნის გაზაფხულს, როგორც ერთი მერცხალი არ მოიტანს ისე“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მისი თქმით, თვითიზოლაციაში უნდა დარჩეს ყველა ის ადამიანი, ვისაც აქვს ეჭვი, რომ კონტაქტი ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან.
„ეს შეეხება სრულიად საქართველოს მოსახლეობას და არა ნაწილობრივ რომელიღაცა სეგმენტს“, - უთხრა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ.
ლევან რატიანმა კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლის კრიტიკოსებს მიმართა, "ტვინს მოუხმონ"

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორ ლევან რატიანისთვის მიუღებელია კრიტიკა, რომელიც COVID-19-ის მკურნალობის ქართული პროტოკოლის მიმართ არსებობს.
„უამრავი ინფორმაცია იწერება დღეს ამასთან დაკავშირებით და მინდა, ვუთხრა ყველას, ბატონებს და ქალბატონებს, ერს და ბერს, მოკლეენიანებს და გრძელენიანებს, ახლა დგება მომენტი, რომ ერთად უნდა გადავრჩეთ. არ არის არავითარ შემთხვევაში, ქილიკის დრო იმიტომ, რომ ორივე მხარზე, სამწუხაროდ, ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, გვაზის უხილავი მტერი“, - უთხრა დღეს, 21 აპრილს მედიას ლევან რატიანმა.
საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი მიმართავს მათ, ვისაც შენიშვნის ან რჩევის მიცემა სურთ: „აი, ბატონო, კლინიკა, აი, ბატონო, სივრცე, შეუძლია მობრძანდნენ და ჩვენთან ერთად იმ სივრცეში, რასაც სასიკვდილო სივრცე ჰქვია, იმუშაონ“.
„ჩვენც გვეშინია ამ სივრცის, რომელიც ძალიან გვიყვარს. სამწუხაროდ, გვეშინია, იმიტომ, რომ ჩვენც შეიძლება გავხდეთ დაავადებულები, ჩვენც შეიძლება გავხდეთ კრიტიკულები და ჩვენც დავამთავროთ სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილით. რაც შეეხება გამოსვლას ტელევიზიებში, ლაპარაკს, ჭკუის სწავლებას, პროტოკოლის შემქმნელთან, ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან, „ტვინს მოუხმონ“, თუ რამე კეთილი სურვილი, ნება გააჩნიათ, მობრძანდნენ და ყველა მათ გასათვალისწინებელ რჩევას მივიღებთ“, - განაცხადა რატიანმა.
მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობამ, სახელმწიფომ გააკეთა ის, რაც ყველა წამყვან ქვეყანას შურს და ამის მაგალითია დაავადებულების დაბალი დონე, ლეტალობის დაბალი ინდექსი და გამოჯანმრთელების მაღალი მაჩვენებელი.
ლევან რატიანმა არ უპასუხა მედიის შეკითხვას, რა შემთხვევაში იყენებენ კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატ პლაქველინს.
20 აპრილს, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, რომელიც საქართველოში კორონავირუსის საკითხზე შექმნილ კლინიკური კონტროლის ჯგუფს ხელმძღვანელობს, ტყუილი უწოდა ამერიკაში მცხოვრები ექიმის, ზურაბ გურულის განცხადებას, რომ ქართული პროტოკოლი ითვალისწინებს პლაქვენილის დანიშვნას უსიმპტომო, COVID-19-ით ინფიცირებული პირებისთვის.
საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მთავრობამ. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჯერ კიდევ 14 აპრილს განაცხადა, რომ მთავრობა პრეზიდენტს მიმართავს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გასაგრძელებლად. პრეზიდენტის მიერ შესაბამისი დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ, პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება.
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პარლამენტი საგანგებო სესიის ფარგლებში 22 და 23 აპრილს შეიკრიბება და იმსჯელებს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხზე, ასევე, განიხილავს კანონპროექტებს და ხელშეკრულებებს, რომელიც პანდემიის პირობებში შექმნილი ვითარების გამო აუცილებელია.