Accessibility links

კოტე ჩოკორაია: ის რომ გუშინ კანონპროექტი ჩავარდა, სადავო არ არის


კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ 14 ნოემბერს, არ ჩავარდნილა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი და პარლამენტში მეორე მოსმენა უნდა გაიმართოს.

როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, იქიდან გამომდინარე, რომ წარმოდგენილი ცვლილებათა პროექტი შეეხება მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას, გამორიცხული იყო პარლამენტს აერჩია კონსტიტუციური კანონის დამტკიცების ის გზა, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციური კანონი მიღებულად ითვლება მაშინ, თუკი მას სამი მოსმენით მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა, ანუ 100 დეპუტატი და შემდეგ, საბოლოოდ დასამტკიცებლად გადაეცემა მომდევნო მოწვევის პარლამენტს:

„კონსტიტუციური კანონის დამტკიცების ორი გზა არსებობს. ერთი, როდესაც პარლამენტის ორი მესამედი ანუ 100 დეპუტატი უჭერს მხარს კანონპროექტს სამი მოსმენით და შემდეგ, მომდევნო მოწვევის პარლამენტი ამტკიცებს მას და მეორე გზა, როდესაც პარლამენტი კანონპროექტს მხარს უჭერს 113 ხმით, ანუ პარლამენტის სამი მეოთხედი და მას ამტკიცებს იმავე მოწვევის პარლამენტი.

წარმოდგენილი პროექტი, რომელიც შეეხება მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას, გამორიცხავს თავის თავში ცვლილების დამტკიცებას პირველი პროცედურით, რადგან მომდევნო მოწვევის პარლამენტის მიერ მისი დამტკიცება აზრს კარგავს, იქიდან გამომდინარე, რომ თავად მომდევნო მოწვევის პარლამენტის არჩევას ეხება ის“.

კოტე ჩოკორაიას თქმით, კანონშემოქმედების ლოგიკის თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის სამივე მოსმენას ერთი კვორუმი, ანუ ამ შემთხვევაში, 113 ხმა სჭირდება:

„საპარლამენტო რეგლამენტში პირდაპირ წერია, რომ კანონპროექტი სამი მოსმენით უნდა იყოს დამტკიცებული პარლამენტის სამი მეოთხედის, 113 დეპუტატის მხარდაჭერით. კონსტიტუცია არ იძლევა კანონის ორგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, 14 ნოემბერს დაფიქსირდებოდა არა 101, არამედ 99 ხმა“.

მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტს, სამართალმცოდნეთა და კონსტიტუციონალისტთა ნაწილმა განაცხადა, რომ პროექტი არ ჩავარდნილა და საჭირო იყო მეორე მოსმენის გამართვა.

ამ აზრს იზიარებდა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძეც.

უსაფუძვლოსა და აზრს მოკლებულს უწოდებს მეორე მოსმენის გამართვას უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი. ის ამბობს, რომ საკითხის იმგვარად დაყენება, რომ კანონის თანახმად, კვლავ არსებობს საშუალება, რომ 101 ხმით გაგრძელდეს პროექტის განხილვა, ემსახურება მხოლოდ ერთადერთ მიზანს, რასაც ჰქვია დაპირისპირების გაღრმავება:

„გამოვრიცხავ, რომ ადამიანებს, ვისაც აქვთ გარკვეული იურიდიული განათლება, არ ჰქონდეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კანონი ჩავარდნილია“.

„14 ნოემბერს საკონსტიტუციო ცვლილება არ ჩავარდნილა, არამედ მან ვერ მოიპოვა უფლება, რომ ამ მოწვევის პარლამენტს სამივე მოსმენით განეხილა“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი.

მისი განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდნილად ჩაითვლებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ის მიიღებდა 99 ხმას (ორ მესამედზე ნაკლები). იმ მოცემულობით კი, რაც 14 ნოემბრის კენჭისყრამ შექმნა, მეორე მოსმენის გამართვა შესაძლებელია, თუმცა, ის მაინც ფორმალური იქნება, რადგან პირველ მოსმენაზე მიღებული ხმების რაოდენობა კანონპროექტს აღარ უტოვებს შანსს, რომ ამავე მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცოს.

უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის და ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG