Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვადიმ კრასიკოვი და მკვლელობის გეოპოლიტიკა


 ვადიმ კრასიკოვი, ზელიმხან ხანგოშვილი, ევან გერშკოვიჩი, (ფოტოკოლაჟი)
ვადიმ კრასიკოვი, ზელიმხან ხანგოშვილი, ევან გერშკოვიჩი, (ფოტოკოლაჟი)

მისი მხარდამჭერები ამბობენ, რომ ალექსეი ნავალნი მალე უნდა გამოეშვათ არქტიკის სასჯელაღსრულების კოლონიიდან, სადაც 16 თებერვალს მისი სიცოცხლე დასრულდა.

რუსეთის ოპოზიციის ლიდერის გუნდი ამტკიცებს, რომ მზადდებოდა პატიმართა გაცვლა. ნავალნი და კიდევ ამერიკის ორი მოქალაქე უნდა გაეცვალათ ვადიმ კრასიკოვში, რომელიც გერმანიის ციხეში იხდის სასჯელს მკვლელობის გამო.

რადიო თავისუფლებაში მუშაობის დროს თვალყურს ვადევნებდი გასულ წელს პუტინის მიერ მძევლების აყვანას, კერძოდ კი, კრასიკოვის საქმეს.

შარშან შემოდგომაზე ორჯერ ჩავედი ბერლინში რადიო თავისუფლების დაკავებული ჟურნალისტის ალსუ კურმაშევას საქმესთან დაკავშირებით. აი, რა ვიცი.

ბერლინის ბრანდენბურგის ჭიშკრიდან შორიახლოს, ველოსიპედით 15 წუთის სავალზე მდებარეობს კლაინერ ტიერგართენი - პარკი, სადაც ბავშვები საქანელებზე ერთობიან, ეკლესიის წინ კი ლუდის დასალევი ადგილია მოწყობილი. 2019 წლის 23 აგვისტოს ვადიმ კრასიკოვმა სწორედ აქ მოკლა ზელიმხან ხანგოშვილი, ეთნიკურად ჩეჩენი საქართველოს მოქალაქე. ჩემი შეხედულებით, სწორედ ამ მკვლელობამ გამოიწვია სიღრმისეული ცვლილება ბერლინის საგარეო პოლიტიკაში.

დეტალები შოკისმომგვრელია.

მზიანი შუადღე იყო, როდესაც კრასიკოვი მსხვერპლს ველოსიპედით წამოეწია - ხანგოშვილი ხეივანს მიუყვებოდა. კრასიკოვმა მაყუჩიანი გლოკით დაახალა ტყვია.

ხანგოშვილი ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის ომის ვეტერანი იყო. ამბობდნენ, რომ გერმანიის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობდა. მკვლელმა ჯერ ზურგში ესროლა, შემდეგ კი თავში ორი ტყვია მიაყოლა.

გერმანიის ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო. მკვლელობა დღისით, კანცელარიისა და პარლამენტის შენობების მახლობლად მოხდა.

მკვლელი კარგად იყო მომზადებული. კრასიკოვი მჭიდრო კავშირში იყო „ვიმპელის“ დაჯგუფებასთან, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი თანამშრომლებისგან შედგება. ბერლინში გამგზავრებამდე კრასიკოსი ეფესბეს საწვრთნელ შენობაში იმყოფებოდა. 49 წლის რუსეთის მოქალაქე, რომელიც ყაზახეთის საბჭოთა რესპუბლიკაში დაიბადა, გერმანიაში ყალბი დოკუმენტებით შევიდა.

როგორც ჩანს, კრასიკოვს მანამდეც ჰქონდა ველოსიპედიდან ადამიანის მოკვლის გამოცდილება. „ბელინგკეტის“ მკვლევრები მიიჩნევენ, რომ კრასიკოვმა მოკლა რუსი ბიზნესმენი მოსკოვში, 2013 წლის ივნისში. დეტალები მსგავსია: მაშინაც თავდამსხმელი ველოსიპედით უკნიდან მიუახლოვდა მსხვერპლს, ჯერ ზურგში ესროლა, შემდეგ კი - თავში.

ბერლინში მან შეცდომა დაუშვა. თინეიჯერებმა პოლიციას განუცხადეს რომ ბუჩქებში დაინახეს კაცი, რომელმაც ველოსიპედი, იარაღი და პარიკი მოისროლა მდინარე შპრეეში.

2020 წლის დეკემბერში ბერლინის სასამართლომ კრასიკოვი დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

გერმანული პოლიტიკისათვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა მოსამართლის დასკვნა, რომ დანაშაული კრემლის მიერ იყო შეკვეთილი და მის უკან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იდგა. 2022 წლის თებერვალში რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა და გერმანელებს საბოლოოდ აეხილათ თვალი. გერმანია ახლა სულ სხვანაირად ფიქრობს რუსეთსა და ევროპულ უსაფრთხოებაზე.

უკვე რამდენიმე წელია, რაც კრასიკოვის სახელს პატიმრების შესაძლო გაცვლის კონტექსტში ახსენებენ.

აშშ-ის კალათბურთის ვარსკვლავი ბრიტნი გრაინერი 2022 წლის დეკემბერში გაცვალეს იარაღით მოვაჭრე რუსეთის მოქალაქე ვიქტორ ბუტში. ბუტი რუსეთში დაბრუნებისთანავე შეუერთდა ულტრანაციონალისტურ პარტიას და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკში ჩავიდა.

ამბობენ, რომ მას შემდეგ პუტინი კრასიკოვის გაცვლას ცდილობს. რუსებმა მიანიშნეს, რომ შესაძლოა კრასიკოვს „უოლ სტრიტ ჯორნალის“ კორესპონდენტ ევან გერშკოვიჩში გაცვლიდნენ. ევანს მარტში წინასწარი დაკავების ერთი წელი უსრულდება. გერმანელები თავს იკავებდნენ ცნობილი მკვლელის გათავისუფლებისაგან. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო.

პუტინის მძევლებით სავაჭრო სიაში ასევე მოხვდნენ რადიო თავისუფლების რეპორტიორი ალსუ კურმაშევა, ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი და ისტორიის მასწავლებელი მარკ ვოგელი.

ცოტა ხნის წინ ამ სიას დაამატეს ქსენია კარელინა, აშშ-რუსეთის ორმაგი მოქალაქე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ბალეტის საცეკვაოდ ჩავიდა რვა წლის წინ. კარელინა ბევერლი ჰილზში მდებარე სპაში მუშაობს. იანვარში ის ბებიასა და ბაბუასთან ჩავიდა რუსეთში, სადაც ბრალი დასდეს უცხო სახელმწიფოსათვის ფინანსური დახმარების გაწევაში - ოცდაცამეტი წლის კარელინამ 50 დოლარი შესწირა ამერიკულ საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც უკრაინის ომის მსხვერპლებს ეხმარება. მას ოც წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რუსეთი აგრძელებს მძევლების შეგროვებას. რა თქმა უნდა, პატიმრების გაცვლასთან სხვა ამბავიცაა დაკავშირებული, რომელიც შეეხება პუტინის მიერ მოწინააღმდეგეების განადგურებას.

მამაკაცი, რომელიც პუტინმა ბერლინში 2019 წლის ზაფხულში მოკლა, ჩეჩენი სამხედრო მეთაური იყო, რომელიც ოდესღაც გაწვრთნეს რუსებთან საბრძოლველად საქართველოში სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში.

პუტინს ასევე ათი წლის განმავლობაში ჰყავდა დაპატიმრებული მისი მეტოქე მიხაილ ხოდორკოვსკი.

დემოკრატიის მცველი ვლადიმირ კარა-მურზა ციმბირის ქალაქ ომსკში, მაქსიმალური უსაფრთხოების დაწესებულებაში 25 წლით გამოკეტეს...

ალექსეი ნავალნის სიცოცხლე ორმოცდაშვიდი წლის ასაკში მოულოდნელად დასრულდა არქტიკის სასჯელაღსრულების კოლონიაში.

2018 წელს, რუსი სამხედრო ოფიცერი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია ინგლისში, სოლსბერიში, საკუთარ სახლში „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტით მოწამლეს.

გაზპრომის მედიის ყოფილი ხელმძღვანელი და პუტინის ყოფილი მრჩეველი მიხაილ ლესინი ვაშინგტონის სასტუმროში, 2015 წელს გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ტრავმა დაასახელეს. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ ლესინი იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურ პირებთან აპირებდა შეხვედრას. ყველაფერი კი შესაძლოა 20 წლის წინ დაიწყო, როდესაც ეფესბეს ყოფილი აგენტი და პუტინის კრიტიკოსი ალექსანდრ ლიტვინენკო ლონდონში გარდაიცვალა რადიოაქტიურ მასალასთან შეხების შემდეგ.

თავდასხმების ეს სერია არ დასრულებულა. შარშან, აგვისტოში გერმანიის პროკურატურამ განაცხადა, რომ იძიებდნენ ბერლინში მცხოვრები რუსი ჟურნალისტის ელენა კოსტიუჩენკოს მკვლელობის მცდელობას. მას და კიდევ ერთ რუს ჟურნალისტს მოწამვლის ნიშნები აღმოაჩნდა მას შემდეგ, რაც გერმანიის დედაქალაქში ხოდორკოვსკის ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრნენ.

2015 წლის 27 თებერვალს, მოსკოვში, კრემლიდან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით მოკლეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი. რუსეთის უშიშროების სამსახურები მას მანამდე ერთი წლის განმავლობაში უთვალთვალებდნენ და თან დაჰყვებოდნენ მატარებლებშიც და თვითმფრინავებშიც.

უფრო ფართო სურათის დანახვაც გვჭირდება.

2012 წელს ბარაკ ობამამ მიტ რომნის დასცინა - ძველმოდურად, ცივი ომის კატეგორიებით აზროვნებო. ჯონ მაკკეინმა რუსეთს უწოდა „ბენზინგასამართი სადგური, რომელსაც თავი ქვეყნად მოჰქონდა“. ჯეფ სეშენსს სასაცილოდ არ ეყო აზრი, რომ რუსეთის აგენტები ამერიკის პოლიტიკაზე მოახდენდნენ გავლენას. ომის პირველი წლის ბოლოს თავი დავირწმუნეთ, რომ უკრაინაში ყველაფერი იოლად ჩაივლიდა. პუტინის ჯარი მოუმზადებელი ჩანდა, მათ საბრძოლო მასალა გაუთავდებოდათ და არც ეფექტიანი გენერლები ჰყავდათ.

არა, რუსეთი ჩინეთი ვერ არის, მაგრამ ჩვენ გვჩვევია მტრის არასაკმარისად შეფასება.

რუსეთმა არაერთი შეცდომა დაუშვა.

უკრაინაში ვერ გათვალა. სკრიპალის და ნავალნის მოწამვლის მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. გერმანიაში გადაჭარბებულად შეაფასა კრემლის მხარდამჭერი ლობი, რომელიც ექსკანცლერმა გერჰარდ შროდერმა შექმნა.

თუმცა, ისიც ჩანს, რომ პუტინის რეჟიმი ამ შეცდომებზე სწავლობს. ფარულ ოპერაციებს უკეთესად ატარებენ. „ვაგნერის“ ჯგუფის აქტივები გადააჯგუფეს, რამაც აფრიკაში და სხვაგან ახალი საფრთხეები შექმნა. ვინ იფიქრებდა, რომ უკრაინის სპეცრაზმს სუდანში ბრძოლა მოუწევდა „ვაგნერის“ დაქირავებულ ძალებთან? კიბერთავდასხმები და საბოტაჟი ახლაც აქტუალურია. ევროპაში პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მცდელობები უკეთაა კოორდინირებული.

იანვრის ერთ თვეში, ბოტები X-ზე (ყოფილი Twitter-ი) ყოველდღიურად ასობით ათას გერმანულენოვან პოსტს ავრცელებდნენ რუსეთთან დაკავშირებული ორმოცდაათი ათასი ანგარიშის ქსელიდან. ახლახან ფრანგმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს საიტების ქსელი, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებდნენ საფრანგეთში, გერმანიასა და პოლონეთში. ფრანგები ასევე ამბობენ, რომ პარიზში გამოჩენილი ანტისემიტური გრაფიტის მიღმა ეფესბე დგას.

არსებობს პუტინის ასეთი დოქტრინა: გაავრცელეთ თავდაცვა. შექმენით არეულობა მთელ დასავლეთში. გააგრძელეთ ბატონობა აღმოსავლეთში. პუტინის მოწინააღმდეგე ბლოგერებს იტაცებენ და რუსეთში მიჰყავთ ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა საქართველო და ყაზახეთი. სერბეთში აღარ არსებობს უსაფრთხო თავშესაფარი ომის რუსი კრიტიკოსებისთვის.

გვავიწყდება, რომ პუტინი კაგებეს ნამდვილი კაცია. ამ ყველაფრის უკან დიდი ხნის ჩვევა და ფრთხილად შერჩეული მეთოდები დგას. „შტაზის“ ფაილებიდან ვიცით, რომ კაგებეს აღმოსავლეთგერმანელ მოკავშირეებს დასავლეთ გერმანიის პოლიტიკაში, ბიზნესში, ეკლესიასა და სამოქალაქო საზოგადოებაში ოთხი ათასი აგენტი მართავდა.

ფრანგები ამ თვეში გააოგნა ცნობამ, რომ L'Express-ის ყოფილი დირექტორი ფილიპ გრუმბახი, ადამიანი, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში მეგობრობდა საფრანგეთის პოლიტიკისა და საზოგადოების ლიდერებთან, ცივი ომის დროს ოცდახუთი წლის განმავლობაში კაგებეს აგენტი იყო. 1974 წელს დასავლეთგერმანელები გაოცდნენ, როდესაც შეიტყვეს, რომ აღმოსავლეთ გერმანიის ჯაშუში კანცლერ ვილი ბრანდტის ახლო თანაშემწედ მუშაობდა. ნელა ვსწავლობთ.

არავინ ამბობს, რომ საკუთარი ჩრდილის უნდა გვეშინოდეს. თუმცა დღეს ვხედავთ, თუ როგორ მუშაობენ მოსკოვი, პეკინი და თეირანი ამერიკული ძალის შესამცირებლად და დასავლეთისათვის ძირის გამოსათხრელად. ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ რა ზიანის მიყენება შეუძლია პუტინს. აღმოსავლეთ ევროპაში - და, სულ უფრო ხშირად, დასავლეთ ევროპაშიც - არავინ ფიქრობს, რომ რუსეთის ომი უკრაინაში მხოლოდ უკრაინას შეეხება. ან რომ მძევლები შემთხვევით აჰყავთ.

ვინ იცის, გაათავისუფლებდა თუ არა პუტინი ნავალნის და ამერიკელ მძევლებს. ის კი უნდა გვესმოდეს, რომ პუტინს თავისი ხედვა აქვს და ის დაუსჯელად იქცევა.

ტიერგართენის მკვლელობამ უკვე შეცვალა ერთი ხედვა. შემდეგ „ინციდენტს“ არ უნდა დაველოდოთ, რომ ჩვენი მიდგომის ტრანსფორმაცია დავიწყოთ.

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჯეფ გედმინი, American Purpose-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, იყო რადიო თავისუფლების პრეზიდენტი 5 წლის განმავლობაში; ასევე იყო ლონდონში ლეგატუმის ინსტიტუტის და ბერლინში ასპენის ინსტიტუტის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი.

XS
SM
MD
LG