Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელიმხან ხანგოშვილის საქმე და გზავნილები გერმანიის პროკურატურიდან


რადიო თავისუფლების ფოტოარქივიდან: ზელიმხან ხანგოშვილის ახლობლების აქცია გერმანიის საელჩოსთან თბილისში. 10 სექტემბერი, 2019 წ.
რადიო თავისუფლების ფოტოარქივიდან: ზელიმხან ხანგოშვილის ახლობლების აქცია გერმანიის საელჩოსთან თბილისში. 10 სექტემბერი, 2019 წ.

18 ივნისს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ თავისი საბოლოო სიტყვა თქვა ერთი წლის წინ ბერლინის ცენტრში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის გახმაურებულ საქმეზე და ის გამოსაძიებლად სასამართლოს გადაუგზავნა.

უწყების ვებსაიტზე განთავსებულ ცნობაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ საქართველოს მოქალაქისა და ჩეჩენი საველე მეთაურის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ვინმე „ვადიმ კ.-მ“ (იგივე ვადიმ ს.) ბოროტმოქმედება ჩაიდინა რუსეთის სამთავრობო ორგანოების დაკვეთით.

გერმანიის პროკურატურის ამ დასკვნის შემდეგ ბერლინში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის ფედერაციის ელჩი, ხოლო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასი, მოსკოვს ახალი სანქციებით დაემუქრა.

მაგრამ რუსეთზე უფრო დიდი გამოხმაურება გერმანიის პროკურატურის ცნობას მოჰყვა საქართველოში საბრალდებო დასკვნის იმ ჩანაწერის გამო, რომელშიც რუსეთისა და ჩეჩნეთის ხელისუფლებების კონტექსტში საქართველოს მთავრობაც არის მოხსენიებული ზედსართავი სახელით „პრორუსული“.

„არაოპტიმალური“ და „ჩადებული“ სიტყვები?

23 აგვისტოს ზუსტად ერთი წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ბერლინის მოაბიტის რაიონში თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა ზელიმხან ხანგოშვილს და შემდეგ სცადა ველოსიპედით მიმალულიყო. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა, სავარაუდოდ, რუსეთის 49 წლის მოქალაქე და ამოიღო მკვლელობის იარაღი, პისტოლეტი, რომელიც ბოროტმოქმედმა მდინარე შპრეეში გადააგდო.

ზელიმხან ხანგოშვილი, საქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობის მკვიდრი, ცნობილია, როგორც ჩეჩნეთის მეორე ომის მონაწილე, რომელზეც რუსეთში ძებნა იყო გამოცხადებული. ერთი წლის წინ გერმანული მედია წერდა, რომ ხანგოშვილი 2015 წელს თბილისში თავდასხმის დროს დაჭრეს, რის შემდეგაც იგი გერმანიაში ჩავიდა და პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

თითქმის ერთლწიანი გამოძიების შემდეგ გერმანიის ფედერალური პროკურატურა მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობას დაქვემდებარებულმა უწყებებმა ხანგოშვილის ლიკვიდაცია დაავალეს პირს, რომელიც დანაშაულის ჩადენისთანავე იქნა დაკავებული.

ტექსტში ნათქვამია, რომ ხანგოშვილი რუსეთის ფედერალური ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა ჩეჩენი სეპარატისტების მხარეს, 2008 წელს კი საქართველოში მეომრები შეკრიბა რუსეთის არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად სამხრეთ ოსეთში.

„შეკვეთილი მკვლელობის უკან იდგა მსხვერპლის მტრული დამოკიდებულება რუსეთის მთავრობის, ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და, ასევე, საქართველოს პრორუსული მთავრობისადმი“,- აღნიშნულია გერმანიის პროკურატურის დოკუმენტში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს პოლიტიკურ წრეებში.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩეჩენი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის, მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გერმანიის ფედერაციის პროკურატურის განცხადება არ ასახავს გერმანიის საქართველოსადმი დამოკიდებულებას და განცხადებაში არსებული ციტატა ტექნიკური დოკუმენტის მომზადების დროს ჩადებული სიტყვებია.

აქ ირაკლი კობახიძემ, გავრცელებული ინფორმაციით, პარალელი გაავლო 13 რესპუბლიკელი კონგრესმენის ანგარიშთან, რომელშიც, კონგრესმენები ბიძინა ივანიშვილს ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირედ მიიჩნევენ.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თანახმად, იმ დოკუმენტის მსგავსად, გერმანიის პროკურატურის განცხადებაშიც ტექნიკური ჯგუფის მიერ შეპარებული ფრაზებია.

ის, რასაც კობახიძემ „ჩადებული სიტყვები“ უწოდა, გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კნირშის, დიპლომატიური განმარტებით, უბრალოდ, „ოპტიმალური“ არ არის, მაშინ როცა გერმანიის პროკურატურის ფორმულირება „უკეთესი“ უნდა ყოფილიყო.

„პროკურატურამ ამ სიტყვებში იგულისხმა, რომ სურდა მოკლულის ციტირება. როცა ის ამბობდა, რატომ იყო გერმანიაში, განაცხადა, რომ უპირისპირდებოდა ე.წ. „საქართველოს პრორუსულ მთავრობას“. მაგრამ, ეს იყო მისი და არა გერმანიის პროკურატურის სიტყვები. ვწუხვარ, რომ შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ჩვენს პროკურატურას სურდა რაიმე სახით დაეხასიათებინა საქართველოს მთავრობის პოლიტიკური ორიენტაცია. ეს არ ყოფილა მათი განზრახვა", - განაცხადა ჰუბერტ კნირშმა.

გერმანიის ელჩის განმარტება მნიშვნელოვანია, მაგრამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გერმანიის პროკურატურის პირვანდელი ფორმულირების რეზონანსს ის ძნელად თუ გადაწონის.

მით უფრო, რომ ხანგოშვილის მკვლელობის საქმისადმი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულების მიმართ საქართველოში ოპოზიციას სხვა პრეტენზიებიც აქვს.

„’ევროპულმა საქართველომ’ აქამდეც არაერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ მაშინ როცა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა არის აღშფოთებული და შეშფოთებული საქართველოს მოქალაქის მკვლელობით, იმის გათვალისწინებით, რომ ზელიმხან ხანგოშვილი დამსახურებული ადამიანი იყო საქართველოს სახელმწიფოს წინაშე, რომელიც ნაყოფიერად თანამშრომლობდა საქართველოსთან როგორც ისლამური ექსტრემიზმის, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სპეცსამსახურების წინააღმდეგ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არაფერი უთქვამს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე, გამაოგნებელია“, - განაცხადა 18 ივნისს გამართულ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობიდან მოყოლებული, ამ რეზონანსული საქმის გარშემო გერმანიაში გამოვლენილ პროცესებსა და გერმანიის პროკურატურის ბოლო განცხადებას საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების საგანგებო განცხადებები არ მოჰყოლია.

მანამდეც, როდესაც რადიო თავისუფლება ცდილობდა კომენტარების მოპოვებას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უშიშროების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო ლამის ერთხმად აცხადებდნენ, რომ „თანაშრომლობენ გერმანულ მხარესთან“ და „ყურადღებით ადევნებენ თვალყურს მიმდინარე გამოძიებას“ .

ვინ არის „ვადიმ კ.“?

18 ივნისის განცხადებაში გერმანიის პროკურატურამ მხოლოდ ინიციალებით მოიხსენია ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა რუსეთის სამთავრობო ორგანოების დაკვეთით.

მაგრამ გამომძიებელ ჟურნალისტებს არ გასჭირვებიათ დაედგინათ, რომ გერმანიის პროკურატურის ოფიციალურ ცნობაში ნახსენები „ვადიმ კ.“ (იგივე ვადი) უნდა იყოს ვადიმ კრასიკოვი, რომელიც ადრე ფსბ-ს სპეცდანიშნულების ნაწილში მსახურობდა და მონაწილეობდა რამდენიმე შეკვეთილ მკვლელობაში.

კრასიკოვის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გამოაქვეყნა საგამოძიებო ჯგუფმა, Bellingcat-მა, თავისი გამოკვლევის მეორე ნაწილში, რომელიც საგანგებოდ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ამ პირს ეხებოდა.

პარალელურად, მედია იტყობინებოდა გერმანიის სამართალდამცველ ორგანოებში არსებულ ეჭვზე, რომ მკვლელობის უკან რუსეთი იდგა.

ცოტა უფრო მოგვიანებით გერმანიის ოფიციალურმა პირებმა გამოაცხადეს, რომ მოსკოვი არ თანამშრომლობს ბერლინთან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში და რომ ქვეყნიდან აძევებენ ორ დიპლომატს, რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს.

როგორც ჟურნალი Spiegel-ი იტყობინებოდა, გაძევებული პირები არიან რუსეთის დაზვერვის თანამშრომლები, რომლებიც დიპლომატებად იყვნენ შენიღბული.

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთმა ხანგოშვილთან ყოველგვარი კავშირი უარყო.

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ სერგეი ლავროვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიება შეადარა 2014 წელს უკრაინაში მალაიზიის ავიახაზების „ბოინგის“ჩამოვარდნის თაობაზე გამოძიებას.

ლავროვის თქმით, როცა გერმანიის ხელისუფლება რუსეთს გამოძიებასთან სათანამშრომლოდ იწვევს, ბერლინმა არსებული ორმხრივი არხები უნდა გამოიყენოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარება მალაიზიის ავიახაზების „ბოინგის“ საქმის გამოძიებას დაემსგავსება.

მკვლელობა ბერლინის პარკში
please wait

No media source currently available

0:00 0:08:04 0:00

ვლადიმირ პუტინის კომენტარის შემდეგ, ზელიმხან ხანგოშვილის შესახებ საუბარს რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში საერთოდ ტაბუ დაედო.

გასული წლის 19 დეკემბერს თავის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა „აბსოლუტურად სისხლიან მკვლელად" მოიხსენია ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილი, რომელმაც, ვლადიმირ პუტინის თქმით, კავკასიაში "მხოლოდ ერთი ტერაქტის დროს 98 კაცი დახოცა".

„ბაგირის გადაწევა“ ბერლინისა და მოსკოვის მონაწილეობით

მაგრამ ამ ისტორიაში წერტილის დასმას არ აპირებს ბერლინი, რომელსაც რუსეთთან ტრადიციული პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აქვს.

გერმანიამ შესაძლოა მიიღოს დამატებითი „შემზღუდავი ზომები“ ჩეჩენი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის, მკვლელობის გამო. გერმანული მედიის ცნობით, მოსკოვს სანქციებით დაემუქრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასი, რომლის სიტყვებსაც ციტირებს გერმანული Stuttgarter Zeitung-ი.

„ფედერაციული მთავრობა უფლებას იტოვებს მიიღოს დამატებითი ზომები ამ ვითარებასთან დაკავშირებით“, - იშველიებს მინისტრის სიტყვებს „დოიჩე ველე“.

მაასმა ვითარებას უწოდა „უკიდურესად სერიოზული“ და აღნიშნა, რომ საქმე „აუცილებლად“ იქნება გამოძიებული სასამართლოში.

დღესვე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიწვიეს რუსეთის ელჩი, სერგეი ნეჩაევი. საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოსულმა რუსეთის ელჩმა უარყო პროკურატურის მტკიცება, თითქოს ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების დავალებით მომხდარიყოს.

„ეს დასკვნა არ არის გამყარებული არავითარი მტკიცებულებით“, - განაცხადა ნეჩაევმა და დასძინა, რომ რუსეთი რეაგირებას მოახდენს ბერლინის ნებისმიერ ანტირუსულ ზომებზე.

ტერმინ „სანქციებს“ გერმანიის ხელისუფლება სულ უფრო ხშირად იყენებს რუსეთის სხვადასხვა არამეგობრულ ქმედებაზე საუბრისას.

ახლახან, 2020 წლის 13 მაისს ბუნდესტაგში გამოსვლისას, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შეიძლება სანქციები იქნეს შემოღებული 2015 წელს ბუნდესტაგის საიტზე ჰაკერული თავდასხმის გამო.

საქმე ეხება ძებნილ დმიტრი ბადინს, რომელიც 2015 წელს ჰაკერული თავდასხმის დროს რუსეთის სადაზვერვო უწყებაში მუშაობდა.

გერმანიის პროკურატურამ ბადინის დაპატიმრების ორდერი გასცა 5 მაისს. მას აშშ-ის ხელისუფლებაც დაეძებს და ფიქრობს, რომ ის არის APT 28-ის, იმავე Fancy Bear-ის სახელით ცნობილი ჰაკერული ჯგუფის, წევრი.

მერკელის თქმით, საქმე ეხება „ჰიბრიდული ომის“ ეპიზოდს და არა შემთხვევითობას. ამ თავდასხმის დროს, გავრცელებული ცნობებით, მოიპარეს დოკუმენტები მერკელის საპარლამენტო ოფისიდან.

კანცლერმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ბერლინი იტოვებს უფლებას, საპასუხო ზომები მიიღოს რუსეთის მიმართ.

მაგრამ ასეთ სიტყვიერ მუქარებს მოსკოვი დიპლომატიური არხებით იგერიებს და კონტრშეტევაზე გადადის.

ბუნდესტაგის წინააღმდეგ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 ივნისს მრისხანე პასუხი გასცა გერმანიას და განაცხადა, რომ ბერლინი ცდილობს კორონავირუსის პანდემიით შექმნილი პრობლემებიდან ყურადღების გადატანას.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG