Accessibility links

site logo site logo

კუბილიუსი: „პუტინი ლენინგრადელი ხულიგანივით იქცევა“


ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი

დასავლეთსა და რუსეთს შორის ჩიხში შესული მოლაპარაკებების ფონზე, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები ცდილობენ რუსეთთან „დეესკალაციის“ საკუთარი გზები ეძებონ. ბერლინისა და პარიზის ამ დიპლომატიურ უვერტიურებს, რბილად რომ ვთქვათ, დიდი ენთუზიაზმით არ ხვდებიან ევროკავშირის ე.წ. აღმოსავლეთის ბლოკის დედაქალაქებში, სადაც არ მალავენ შეშფოთებას, რომ მსგავსი მიდგომა დასავლეთის ერთსულოვნებას ძირს უთხრის.

გერმანიის პოლიტიკით უკმაყოფილებას ვერ მალავს ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსიც, რომლის აზრითაც, თუ დასავლეთი პუტინს ჯეროვან პასუხს ვერ გასცემს, ამას დასავლეთისთვისვე მოჰყვება „უკიდურესად ტრაგიკული შედეგები“.

„გერმანიის ფილოსოფია - არ მიაწოდოს თავდაცვითი იარაღი უკრაინას - მცდარი ფილოსოფიაა. გერმანული ლოგიკით გამოდის, რომ გერმანული იარაღი არ უნდა გამოიყენებოდეს რუსების წინააღმდეგ, მაგრამ რუსული იარაღი თუ გამოიყენება უკრაინელების წინააღმდეგ, ამას არა უშავს? თუ ომის თავიდან აცილება გვინდა, უკრაინა კი არ უნდა დავასუსტოთ, უნდა გავაძლიეროთ“, - ამბობს კუბილიუსი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

რადიო თავისუფლება: სულ უფრო ხშირია სპეკულაცია იმის შესახებ, შეიჭრება თუ არა რუსეთი უკრაინაში. თქვენ როგორ ფიქრობთ?

პუტინს “მკურნალობა” სჭირდება და არა უბრალოდ ლაპარაკი, როგორც ამას ზოგიერთები აკეთებენ...

ანდრიუს კუბილიუსი: ფაქტია, რომ ძალიან სახიფათო მოვლენების წინაშე ვართ და ეს პუტინის დამსახურებაა. ისმის კითხვა - რატომ აკეთებს ის ამას? რატომ იქცევა ასე კრემლი? მე ვწერდი, რომ პუტინი „ევროპის შეშლილად“ იქცა და მისი შეშლილობის მიზეზია იმის გააზრება, რომ ავტოკრატული რეჟიმები სულ უფრო და უფრო სუსტდებიან, იქნება ეს ბელარუსში, ყაზახეთში თუ თავად რუსეთში. ეს მას ძალიან ანერვიულებს. კიდევ ერთი რამ, რაც მას უკიდურესად აშფოთებს, არის ე.წ. მწვანე შეთანხმება („ევროპული მწვანე შეთანხმება“ - პოლიტიკურ ინიციატივათა პაკეტი, რომელთა მიზანია, ევროკავშირი კლიმატნეიტრალური გახდეს - ვ.თ.). ევროკომისიის მონაცემებით, ევროკავშირში „მწვანე შეთანხმების“ განხორციელება 2030 წლის შემდეგ რუსეთიდან გაზის იმპორტს 60-70%-ით შეამცირებს - თუ ევროპა ამას რეალობად აქცევს, ეს უზარმაზარი დარტყმა იქნება არა მხოლოდ რუსეთის ეკონომიკაზე, არამედ პოლიტიკურ სტრუქტურებზე. შემდეგი კითხვაა - რა მოხდება ახლა? ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მტკიცე და პრინციპული იქნება დასავლეთის პასუხი. თუ დასავლეთი არ დათმობს - პუტინს მოუწევს უკან დახევა. მაგრამ თუ იგი რაიმე სისუსტეს ან განხეთქილებას შენიშნავს დასავლეთში, მაშინ პირიქით, იერიშზე გადმოვა.

რადიო თავისუფლება: როგორ შეაფასებდით დასავლეთის პასუხს ამ ეტაპზე - მტკიცედ დგას თუ უკვე ჩნდება „ბზარები“?

ანდრიუს კუბილიუსი: არის კარგი მხარეც და ცუდიც. კარგია - თავდაცვითი იარაღის მიწოდება აშშ-დან, ბრიტანეთიდან, ბალტიის ქვეყნებიდან, პოლონეთიდან. ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა ისიც კი განაცხადა, რომ სამხედრო კონტინგენტის გაგზავნაზე დაფიქრდებიან, თუ უკრაინა ჩეხეთს ამას სთხოვს. ეს განცხადება მნიშვნელოვანი პრეცედენტია და იმედი მაქვს, ჩეხეთს სხვა ქვეყნებიც აუბამენ მხარს. მეორე მხრივ, ვხედავთ გერმანიის ყოყმანს, რომელიც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა ევროკავშირში. თუ შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში გერმანიის მთავრობა მოახერხებს, როგორმე უფრო მკაფიო პოზიცია ჰქონდეს უკრაინის საკითხზე, ეს ერთობ მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება კრემლის აგრესიის შესაჩერებლად.

ჩვენი პასუხი უნდა იყოს ჩვენი მეზობლების - უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის გაძლიერება და არა პუტინთან დიალოგი, ეს არაფერს მოგვიტანს...

რადიო თავისუფლება: და როგორ გგონიათ - გადადგამს გერმანიის მთავრობა მსგავს ნაბიჯს?

ანდრიუს კუბილიუსი: იმედი მაქვს. ვფიქრობ, რომ გერმანიის ფილოსოფია - არ მიაწოდოს თავდაცვითი იარაღი უკრაინას - მცდარი ფილოსოფიაა. გერმანული ლოგიკით გამოდის, რომ გერმანული იარაღი არ უნდა გამოიყენებოდეს რუსების წინააღმდეგ, მაგრამ რუსული იარაღი თუ გამოიყენება უკრაინელების წინააღმდეგ, ამას არა უშავს? თუ ომის თავიდან აცილება გვინდა, უკრაინა კი არ უნდა დავასუსტოთ, უნდა გავაძლიეროთ - აი, რა შეაჩერებს პუტინს. პუტინი „ნადირობს“ სუსტებზე, და არა ძლიერებზე. უნდა დავიწყოთ რუსული გაზის მონოპოლიისგან თავის დაღწევაზე საუბარი - გვჭირდება სტრატეგიული ავტონომია „გაზპრომისგან“. როდესაც ხედავ, რომ გერმანია გაზის 50%-ს „გაზპრომისგან“ იღებს და თან სხვა არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია - არც თხევადი გაზის ტერმინალები ააგეს, არც რაიმე სხვა ინფრასტრუქტურა - ხვდები, რომ ეს არა მხოლოდ გერმანიის, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოების რეალური პრობლემაა. თუ ბერლინი იმდენად ვერ ელევა რუსულ გაზს, რომ პოლიტიკური ნებაც კი აღარ შერჩა, კრემლის აგრესიას წინ აღუდგეს, რადგან გაზის გაძვირების ეშინია - მაშინ ეს მთელი ევროპის პრობლემაა და არა მხოლოდ გერმანიის. ეს ნამდვილი კოშმარია, რადგან ჩვენ საკმარისი მტკიცებულება გვაქვს, რათა დავასკვნათ, რომ ევროპის გეოპოლიტიკური უსაფრთხოების ყველაზე დიდი საფრთხე ნამდვილად რუსეთია, პუტინის მართვის სადავეებით.

რადიო თავისუფლება: ვრცელდება ხმები, რომ მოლაპარაკებებისას გერმანული მხარე ცდილობს სავარაუდო სანქციების პაკეტიდან ამოიღოს არა მხოლოდ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენი, არამედ რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გამოთიშვაც. თუ ეს სიმართლეა - მაშინ რას აპირებს დასავლეთი?

ბერლინი იმდენად ვერ ელევა რუსულ გაზს, რომ პოლიტიკური ნებაც კი აღარ შერჩა, კრემლის აგრესიას წინ აღუდგეს, რადგან გაზის გაძვირების ეშინია...

ანდრიუს კუბილიუსი: ეს იქნება ყოვლად არასწორი გადაწყვეტილება. რა მტკივნეულ სანქციებზეა საუბარი, თუ SWIFT-სა და რუსული გაზის იმპორტს არ შევეხებით? თუ პუტინი სამხედრო შეჭრას გაბედავს და დასავლეთი ამას ჯეროვან პასუხს არ გასცემს, ამას ევროპისა და მთელი დასავლეთისთვის უკიდურესად ტრაგიკული შედეგები მოჰყვება. ეს იმიჯის, ღირსებისა და რეპუტაციის საკითხია. ჩვენი პასუხი უნდა იყოს საკუთარი თავისა და ჩვენი მეზობლების - უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის გაძლიერება და არა პუტინთან დიალოგი, ეს არაფერს მოგვიტანს, ეს არ არის გამოსავალი, რადგან ის არ შეიცვლება, გამოსავალი შეიძლება იყოს მხოლოდ დემოკრატია რუსეთში. პუტინი ლენინგრადელი ხულიგანივით იქცევა, ასეთები ბლომად იყვნენ საბჭოთა პერიოდში: მიუხედავად იმისა, რომ არ იცის, მოგერევა თუ არა, მაინც გემუქრება. თუ უკან დაიხევ, შეტევაზე გადმოვა, თუ არ შეგეშინდება, თვითონ დაიხევს უკან და ჩხუბს თავს აარიდებს. პუტინიც ზუსტად ასე იქცევა. რუსეთი ისედაც კრიზისის პირასაა და ამ სამხედრო ავანტიურიზმით კრემლმა შესაძლოა საკუთარი საფლავი გაითხაროს. საქმე ისაა, როგორ უპასუხებს ამ ყველაფერს დასავლეთი და აქ ორი გზა გვაქვს. ერთი ისაა, რასაც ამერიკელები, ბრიტანელები, პოლონელები და ჩეხები აკეთებენ - უკრაინა შევაიარაღოთ და გავაძლიეროთ. მეორე „გზა“ - პუტინთან ლაპარაკია. ლაპარაკის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ როდესაც ავადმყოფთან გაქვს საქმე, როგორც ექიმმა, მას დიაგნოზი უნდა დაუსვა, და როცა გაიგებ, რა აწუხებს, უმკურნალო. პუტინს [„მკურნალობა“ სჭირდება] და არა უბრალოდ დიალოგი, როგორც ამას ზოგი ქვეყანა აკეთებს.

რადიო თავისუფლება: დაბოლოს, რა გავლენას მოახდენს ყოველივე ეს უკრაინისა და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე? დეკემბერში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე კვლავ არაფერი თქმულა ე.წ. ასოცირებული ტრიოს (მოლდოვა, უკრაინა, საქართველო) ევროპულ პერსპექტივაზე...

ანდრიუს კუბილიუსი: ევროკავშირს არ აქვს „ხისტი ძალა“, მაგრამ მისი „რბილი ძალა“ უკიდურესად აშინებს პუტინსა და კრემლს და სწორედ ეს იქნებოდა ევროკავშირის მხრიდან ღირსეული პასუხი პუტინის აგრესიაზე. ამიტომ ვცდილობ, დავარწმუნო ჩემი კოლეგები ბრიუსელში, რომ ახლა საუკეთესო მომენტია იმისთვის, რომ ჭკვიანურად გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციისათვის.

ასეთი გზა შეიძლება იყოს ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტის, რომანო პროდის მიერ ჯერ კიდევ 2002 წელს ნათქვამი დევიზი „ყველაფერი, წევრობის გარდა” - ანუ ინტეგრაცია ევროკავშირის ერთიან ბაზარზე...

დღევანდელი რეალობა ასეთია: ევროკავშირი ჯერ კიდევ ვერ აძლევს მათ წევრობის მკაფიო პერსპექტივებს. ამიტომ სხვა გზები უნდა ვეძებოთ და ასეთი გზა შეიძლება იყოს ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტის, რომანო პროდის მიერ ჯერ კიდევ 2002 წელს ნათქვამი დევიზი „ყველაფერი, წევრობის გარდა“ - ანუ ინტეგრაცია ევროკავშირის ერთიან ბაზარზე. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ იმის დემონსტრირებისთვის, თუ რა სიკეთეს მოუტანს ეს საქართველოს:

მაგალითად, 1999 წელს ლიეტუვის მშპ ერთ სულ მოსახლეზე (PPP თვალსაზრისით) ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 36%-ს შეადგენდა, ერთიან ბაზარზე ინტეგრაციის შემდეგ კი თითქმის 85%-ს აღწევს. მსგავსი ეფექტის მიღწევა შესაძლებელია ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვისაც, თუ მათ ერთიან ბაზარზე ინტეგრირებას ბრიუსელი მკაფიოდ განსაზღვრულ სტრატეგიულ პრიორიტეტად აქცევს.

ეს იქნებოდა წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი და ვცდილობთ, ამას მივაღწიოთ და გამოგვივიდეს. იგივე გზა გაიარეს სკანდინავიის ქვეყნებმაც 90-იან წლებში. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს - ვფიქრობ, ამისთვის აუცილებელია ბრიუსელის მეტი და უფრო აქტიური ჩართულობა პროცესებში. თუნდაც იმავე საქართველოს მაგალითით თუ ვიმსჯელებთ - თუ ევროკავშირი მეტ ამბიციას არ გამოიჩენს ინტეგრაციის კუთხით, რეფორმების ნაცვლად სტაგნაციას მივიღებთ. მარტო ფინანსური დახმარება და ინვესტიციები არაა საკმარისი - თუ ე.წ. გეოპოლიტიკური დღის წესრიგიც არ გვექნა, თანდათან მოიკლებს ამ ქვეყნების მოტივაციაც, სათანადო რეფორმები გაატარონ და, სამაგიეროდ, მივიღებთ მეტ პოლიტიკურ პოლარიზაციასა და შინაომებს, რასაც, თავისთავად ცხადია, კრემლი სათავისოდ გამოიყენებს. აი, ასეთია ჩემი არგუმენტი და შემიძლია ვთქვა, რომ ევროკავშირშიც ესმით, რომ რაღაც ახალი და ხელშესახები გვჭირდება. Საგულისხმოა, რომ ინსტიტუციების კომპონენტის გამოკლება ამ ყველაფერს ნაკლებად მგრძნობიარე საკითხად აქცევს, შესაბამისად, უფრო პოზიტიურადაც აღიქმება, მათ შორის, ფრანგი და გერმანელი კოლეგების მიერ. ამავდროულად, ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ ეს სრულიად არ გამორიცხავს ტრიოს ქვეყნების ევროკავშირში სრულად გაწევრების შესაძლებლობასაც, პირიქით, ეს ხელშეწყობა და წინ გადადგმული ნაბიჯია ამ გზაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG