„საარჩევნო უბნების უმრავლესობაში კომისიის წევრები ნაციონალური მოძრაობიდან და სხვა ოპოზიციური პარტიებიდან არ მონაწილეობენ სამწუხაროდ ფუნქციების გამანაწილებელ წილისყრაში, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს.“-განაცხადა საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. მისი განმარტებით, გუშინ გვიან ღამით დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ცდილობდნენ უბანში შესვლას ვიდეოკამერების დამონტაჟების მიზნით, რაც, მისი თქმით, ასევე ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობას. იხ. მეტი
მარნეულის # 22-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში შევიდა ოთხი საჩივარი, რომელიც შეიტანა პარტიამ "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის". როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კობა ასანიძემ, პარტია ჩივის პროცედურულ დარღვევებზე, რომლებიც დააფიქსირა დილის 7 საათიდან 8 საათამდე. მაგალითად, ერთი საჩივარი შეეხება კომისიის წევრებს შორის ფუნქციის გადანაწილებას. ასევე, იმ ფაქტს, რომ კონვერტების რაოდენობა აღემატება ბიულეტენების რაოდენობას.
ექს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი: „პოლიტიკაში არ ვაპირებ დაბრუნებას. მაქვს ძალიან საინტერესო საქმე. კარგად ბრძანდებოდეთ, წარმატებებს გისურვებთ ყველას“, - მიმართა ჟურნალისტებს კვირიკაშვილმა.
ქუთაისის # 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის ინფორმაციით, ქუთაისში 124-ვე საარჩევნო უბანი 07:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემის პროცედურა 08 :00 საათიდან დაიწყო. არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ქუთაისში სულ 156 051 ამომრჩეველია რეგისტრირებული.