მარნეულის რაიონში გაერთიანებული ოპოზიციის ადგილობრივი საარჩევნო შტაბის უფროსმა აგილ მუსტაფაევმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათ წარმომადგენლებს უბნებზე ბევრი საჩივრის დაწერა უწევთ. "საარჩევნო უბნებზე ბევრი არაუფლებამოსილი პირი შედის და მითითებებს იძლევა, უბნის გარეთ კი ამომრჩევლებს აშანტაჟებენ და მათ შორის ეწევიან აგიტაციას", - უთხრა რადიო თავისუფლებას აგილ მუსტაფაევმა, რომელმაც მაგალითად დაასახელა სოფელ თაზაქენდის ინციდენტი, როცა უბანზე მარნეულის საკრებულოს წევრი ალი მურადოვი შევიდა. მუსტაფაევის თქმით, მურადოვი დაემუქრა ოპოზიციის წარმომადგენლებს მას შემდეგ, რაც მისი უბნიდან გაყვანა მოითხოვეს. მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის კობა ასანიძის თქმით, 12 საათისთვის შემოსულია 9 საჩივარი, პროცედურულ დარღვევებზე. "არჩევნები მშვიდ ვითარებაში, მიმდინარეობს", - თქვა საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ. მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის უბნებზე 13 846 ამომრჩეველია მისული, რაც ოლქის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 13, 6 პროცენტს შეადგენს.
“დღეს მე მივეცი ხმა დამშვიდებულ, გაერთიანებულ, სამართლიან, დემოკრატიულ საქართველოს. მე იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში სიძულვილის დრო დასრულდა“, - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ.
კითხვაზე რა მოლოდინები აქვს მას არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამომრჩევლის გადაწყვეტილებას პატივს სცემს და „ამომრჩევლის მოლოდინი აქვს“.
ცესკომ დაადასტურა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომ ნაძალადევის 74-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სამკერდე ნიშნით ("ბეიჯით'), რომელიც არ იყო ცესკოს მიერ დადგენილი წესით გაცემული, იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი. აღნიშნულის დადასტურების შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისიამ არაუფლებამოსილ პირს დაატოვებინა საარჩევნო უბანი. ეს ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ 13:00-ზე გამართულ ბრიფინგზე. იხ. მეტი.