Accessibility links

მალხაზ მაჩალიკაშვილი შველას დიპლომატებისგან მოელის


მალხაზ მაჩალიკაშვილი, მარიამ კუბლაშვილი

პანკისის ხეობაში 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა და მისი ადვოკატი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ. პრესკონფერენციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, რომ დახმარების თხოვნით დიპლომატებს უგზავნიან წერილს, რომელშიც საუბარია საქმის გამოუქვეყნებელ მასალებზე, ხელისუფლების მიერ დღემდე განხორციელებულ ქმედებებსა და დამნაშავეთა დაუსჯელობაზე. მარიამ კუბლაშვილის თქმით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დღემდე არ წარმოუდგენია კომპლექსური დასკვნა, მაშინ როცა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ჯერ კიდევ სამი თვის წინ ალტერნატიული დასკვნა დაწერა.

„სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო თავს იკავებს დაწეროს ელემენტარული, რეალური ფაქტი, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი სროლის მომენტში, უბრალოდ იწვა და მას თავი არ წამოუწევია. ჩემთვის ცნობილია, რომ ამ სიმართლის დაწერას სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო თავს არიდებს. საბედნიეროდ, ჩვენმა ექსპერტებმა დაწერეს განსხვავებული მოსაზრება, რომ თემირლანი სროლის მომენტში არ განძრეულა, ის იწვა და მას თავი არ წამოუწევია. სწორედ ეს გარემოება გვაძლევს ჩვენ ვარაუდის და ზუსტი რწმუნების საფუძველს, რომ ეს ერთგვარი მცდელობაა ხელისუფლების მხრიდან, რათა ზეწოლა მოახდინოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებაზე“.

მარიამ კუბლაშვილი წერილობით მიმართვას უგზავნის საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს. მარიამ კუბლაშვილის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილს, თავად არ მიეცა შესაძლებლობა წასულიყო საზღვარგარეთ, რათა მიეწვდინა ხმა საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

განცხადებას ხელს თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი აწერს. მაჩალიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, მისი შვილის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია საზღვარგარეთ გაიტანონ. მაჩალიკაშვილის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს, რათა თემირლანის მკვლელობაში დამნაშავეები „გაანადგუროს კანონის ფარგლებში“ და დაისაჯოს ყველა, ვინც ეს „აუხსნელი დანაშაული“ ჩაიდინა.

პარალელურად, მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისში პარლამენტის შენობასთან აქციებს განაგრძობს. 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ "პოლიცია, მათ ხელს უშლით კარვის მსგავსი კონსტრუქციის დადგმაშიც კი", - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

9 ოქტომბრის ღამით ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციაზე შეხლა-შემოხლა მოხდა მას შემდეგ, რაც მათი მხარდამჭერები ბანერებით კარვის მსგავსი კონსტრუქციის აწყობას შეეცადნენ და პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ზაზა სარალიძის თქმით, მათ სურდათ, რომ არა კარავი, არამედ კარვის მსგავსი მოწყობილობა დაედგათ, რადგან სიცივის გამო ღამის ღია ცის ქვეშ გათენება უჭირთ, თუმცა პოლიციამ კარვისთვის განკუთვნილი ბანერები დააზიანა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის თქმით, პანკისის ხეობაში 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს დღემდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი, არ ეძლევა საგამოძიებო მასალებზე სრულყოფილი წვდომის საშუალება. ამასთან, ხელისუფლება ცდილობს სამართლებრივი დავის აქცენტები გადაიტანოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციისკენ, რასაც ოჯახის ადვოკატი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობის გზით დაუპირისპირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG