Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 მაჟორიტარული ოლქი თბილისში - ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდა


პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ასახავს. ამის შესახებ განცხადება 11 მარტს, ბიუროს სხდომაზე გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

„შემდეგ პლენარულ სხდომაზე შეიქმნება საკონსტიტუციო კომისია, რომელიც ერთი თვის ვადაში უზრუნველყოფს საჯარო განხილვებს. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა ამ საჯარო განხილვების ფორმატი და პლატფორმა შეიცვალოს. მაგრამ ის აუცილებლად ჩატარდება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოიხსნა სადავო თემა, რომელიც 30 მაჟორიტარული ოლქის საზღვრების დადგენას შეეხებოდა.

წინასწარი ინფორმაცია ცნობილია 20 ოლქთან დაკავშირებით:

  • თბილისში - 8;
  • აჭარაში - 3;
  • ქვემო ქართლში - 3;
  • სამცხე-ჯავახეთში - 2;
  • კახეთში - 2;
  • მცხეთა-მთიანეთში - 1;
  • გურიაში - 1.

ბიუროს სხდომის წინ გაიმართა შეხვედრა უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის. მხარეებმა კონკრეტული და, მათ შორის - სადავო საკითხები განიხილეს. ერთ-ერთ ასეთი საკითხი სწორედ ოლქების საზღვრებს შეეხებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, ხელისუფლება დედაქალაქის დაყოფას 7 მაჟორიტარულ ოლქად აპირებდა, ხოლო ოპოზიცია 8 ოლქის აუცილებლობას ხედავდა.

უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის 11 მარტს გამართულ შეხვედრაზე ასევე შედგა შეთანხმება ღიად დარჩენილი საკითხის - საარჩევნო ბლოკების შექმნის გარშემო.

„სადავო საკითხი გადაწყვეტილია, თბილისში 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქნება... კომპრომისული მიდგომით ასევე შედგა შეთანხმება სხვა ოლქებთან დაკავშირებითაც... ბლოკებთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედავს ვერც უმრავლესობა და ვერც ოპოზიცია - ეს საკითხი გადაწყდება ისე, როგორც პარტიათა უმრავლესობა მოინდომებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ.

8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით გამართულ შეხვედრაზე, შედგა კომპრომისული შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მომავალ პარლამენტში შევა პროპორციული წესით არჩეული - 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატი.

საპარლამენტო ოპოზიცია ისევ ბოიკოტის რეჟიმში რჩება. როგორც რომან გოცირიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, საარჩევნო სისტემის გარშემო 8 მარტს მიღწეული შეთანხმება საბოლოოდ შემდგარად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც შესრულდება ასევე ერთობლივ განცხადებაში ასახული დაპირება.

ოპოზიციონერი დეპუტატები მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს და ასევე - შეწყვიტოს ოპოზიციონერებისა და მედიამფლობელების შერჩევითი გასამართლება.

XS
SM
MD
LG