Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ერთი წლით მოცდის დაწესება უშვილო წყვილებისთვის მიუღებელია"


"ერთი წლით მოცდის დაწესება უშვილო წყვილებისთვის მიუღებელია"
please wait

No media source currently available

0:00 0:51:35 0:00

გასულ კვირაში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისა და უფლებადამცველების აქტიური გამოხმაურება მოჰყვა იუსტიციის მინისტრის ბრძანებას, რომელიც ქვეყანაში სუროგაციის შემდგომ რეგულირებას შეეხებოდა.

თავდაპირველად, ბრძანების გამოქვეყნებისას, ბევრს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ცვლილებები ეხებოდა ინ ვიტრო განაყოფიერებას ზოგადად. მოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა განმარტა, რომ ამ ცვლილებებით მას სურდა სუროგაციის დამატებითი რეგულაცია იმგვარად, რომ შეემცირებინა სუროგაციის გზით დაბადებული ჩვილების ტრეფიკინგის მსხვერპლად ქცევის საფრთხე. საკითხს მრავალი ასპექტი აქვს, მასზე დისკუსიაც გაგრძელდება და უფლებადამცველთა აქტიურობაც.

ცვლილებებიდან ყველაზე მეტად ყურადღება მიიქცია ერთმა ახალმა პუნქტმა, რომელშიც ვკითხულობთ:

„ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს ქალისა და მამაკაცისაგან შემდგარი წყვილი, რომლის მიზანს წარმოადგენს ექსტრაკორპორული გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა და თუ ისინი:

ა) იმყოფებიან ქორწინებაში და ქორწინებიდან გასულია, სულ მცირე, 1 წელი;

ბ) იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში“.

განსაკუთრებით მკაფიო ამ საკითხზე ექიმების პოზიციაა. მარინა გვახარიამ, აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ქალაქ პალო ალტოს სამედიცინო ფონდის ინ ვიტრო ლაბორატორიის დირექტორმა გამოაქვეყნა მიმართვა იუსტიციის მინისტრისადმი:

„ამ ბრძანების შედეგად, სუროგაციულ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა ეზღუდებათ ან ეკრძალებათ მოწყვლადი ჯგუფების ადამიანებს, როგორიცაა უშვილობით დაავადებული პაციენტები, ქალები, არანორმატიული წყვილები და სხვა.

მე, როგორც რეპროდუქტიული მედიცინის პროფესიონალი, უშვილო პაციენტებს შევეხები. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ერთი წლით მკურნალობის გადადება ბევრი პაციენტისთვის საგრძნობლად აქვეითებს ინ ვიტრო განაყოფიერების ეფექტურობას, ხოლო ზოგ შემთხვევაში თითქმის აბათილებს მისი წარმატების ალბათობას.

პაციენტები, რომლებიც სუროაგაციას საჭიროებენ, უშვილო პოპულაციის განსაკუთრებულად მოწყვლად ჯგუფს ეკუთვნიან. მათ ხშირად აღენიშნებათ საკვერცხის ფუნქციის დაქვეითება ასაკის ან პათოლოგიის გამო და, შესაბამისად, ერთწლიანი მოსაცდელი პერიოდი მათთვის შეიძლება განსაკუთრებით საბედისწერო აღმოჩნდეს. გთხოვთ გაითვალისწინოთ თქვენი ბრძანების ეს თანდართული უარყოფითი ეფექტი უშვილო პაციენტებზე და მოიძიოთ ალტერნატიული საშუალება სუროგაციის პროცესის რეგულირებისთვის“.

1 სექტემბერს რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ჩართვა მარინა გვახარიამ დაიწყო ტერმინოლოგიური პრობლემის გამოკვეთით:

„როცა ეს დოკუმენტი გამოქვეყნდა, საკმაოდ გამიჭირდა გარკვევა იმაში, თუ რას ეხებოდა ის და რას ისახავდა მიზნად. ამის მიზეზი აღმოჩნდა ტერმინოლოგიის არამკაფიო, არაზუსტი და ზოგ შემთხვევაში არასწორი გამოყენება.

გამოირკვა, რომ იმ საწყის დოკუმენტშიც კი, 2012 წლისაში, ტერმინოლოგია იყო არასწორად გამოყენებული, რამაც გადმოინაცვლა ახალ ბრძანებაში, რომელიც ამ დღეებში გამოქვეყნდა და შექმნა გაურკვევლობა არა მარტო საზოგადოებისთვის, არამედ პროფესიონალებისთვისაც კი, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ.

როცა ეს დოკუმენტი წავიკითხე, პირველი შთაბეჭდილება არა მარტო მე, არამედ ბევრ სხვასაც, რომ ის შეეხებოდა ინ ვიტრო განაყოფიერების ფართო დარგის (ასევე მოიხსენიება როგორც დამხმარე რეპროდუქტიული ტექნოლოგიები) რეგულაციებს. გამოირკვა, რომ ეხება ამ სფეროს ერთ გარკვეულ, ვიწრო ასპექტს - გესტაციურ სუროგაციას. ეს არ იყო ცხადი ამ დოკუმენტიდან და ამან გამოიწვია გარკვეული დაბნეულობა, რაც ქმნის ერთგვარ გაურკვევლობას და ზოგ შემთხვევაში უნდობლობას თვითონ პროცესის მიმართ.

ტერმინოლოგია არის მნიშვნელოვანი. კერძოდ, გესტაციური სუროგაციის მაგივრად ნახმარი იყო ტერმინი „ექსტრაკორპორული განაყოფიერება“, რომელიც არის სინონიმი „ინ ვიტრო განაყოფიერების“ ან „დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის“. გამოყენებული ტერმინი თავისთავად მოძველებულია და პოსტ საბჭოთა ბლოკის გარდა რეალურად არსად იხმარება, მაგრამ თავისთავად არასწორი არ არის. ამ კონტექსტში იყო ნახმარი არასწორად“.

მას შემდეგ, რაც გაარკვია, რომ ლაპარაკია არა ზოგადად ინ ვიტრო განაყოფიერებაზე, არამედ გესტაციურ სუროგაციაზე, მარინა გვახარიასთვის მინისტრის ბრძანებაში რჩება ორი ძირითადი პრობლემა - ერთი შეეხება ცვლილებების კლინიკურ აპსექტს, მეორე კი უფრო უფლებრივ მხარეს. მეორეზე მას აქვს მოქალაქეობრივი პოზიცია, კლინიკურ ნაწილზე კი, რომელიც უშვილო წყვილებისთვის სუროგაციით სარგებლობის უფლების მიღებამდე ქორწინების ან თანაცხოვრების ერთწლიან ვადას აწესებს, რადიო თავისუფლების აუდიტორიას თავის მოსაზრებას უზიარებს:

„ეს პრინციპულად ცვლის უშვილობის, როგორც დაავადების მართვას.

ნებისმიერ რეპროდუქტოლოგს რომ დაელაპარაკოთ, გეტყვით, რომ ძალიან ხშირად ჩვენი პროფესიული წითელი ხაზი გადის სწორედ იმაზე, რომ მკურნალობა ჩატარდეს დროულად. შეიძლება ერთი წელი ზოგადად არ ჟღერდეს დრამატულად, მაგრამ არის, რადგან ამას აქვს ძალიან მარტივი ბიოლოგიური მიზეზი: საქმე ისაა, რომ 27-28 წლის ასაკიდან კვერცხუჯრედების რაოდენობა და ხარისხი იწყებს კლებას. ეს არის ნორმალური ბიოლოგიური პროცესი. დაახლოებით 36 წლის ასაკისთვის ეს პროცესი ძალიან საგრძნობლად ჩქარდება და სადღაც 42-43 წლის ასაკისთვის საღი კვერცხუჯრედების რაოდენობა არის ძალიან მცირე და შეიძლება იყოს ნულოვანიც. რაც შეეხება უშვილობით დაავადებულ პაციენტებს, ხშირად ეს პროცესი ეწყება უფრო ადრე, მიმდინარეობს უფრო სწრაფად და შედარებით ადრეულ ასაკში სრულდება. ამიტომ უშვილობის მქონე პაციენტისთვის იმის თქმა, რომ ერთი წელი უნდა მოიცადოს, აყენებს მას ზიანს. არანაირად სამედიცინო თვალსაზრისით გამართლებული არ არის და არ არის ბიოეთიკის თვალსაზრისით მისაღები.

უფრო ნათელი რომ იყოს, პაციენტი როცა ასეთი პათოლოგიით მოდის კლინიკაში, ორ-სამ თვესაც შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუ კლინიკა იმდენად გადატვირთულია, რომ ვერ იღებს ამ პაციენტს ერთი ან ორი თვის განმავლობაში, ეთიკურად სწორად ითვლება, რომ ეს პაციენტი უნდა გადაამისამართო სხვა კლინიკაში, სადაც უფრო სწრაფად გაუწევენ დახმარებას. ასე რომ, ერთი წლით მოცდის დაწესება უშვილო წყვილებისთვის იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და ეთიკურად არასწორი“.

რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დასახელებულ მიზეზს რეგულაციებში ცვლილებებისა - სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვებით ვაჭრობის დანაშაულის პრევენციას:

„სტატისტიკურად მსოფლიოში ეს არ ითვლება სუროგაციის სერიოზულ პრობლემად. სუროგაცია იმდენად რთული, იმდენად ძვირადღირებული, იმდენად ხანგრძლივი პროცესია, რომ ის სეგმენტი, რომელიც ბავშვთა ტრეფიკინგშია ჩაბმული, ბევრად იოლ გზებს ეძებენ თავიანთი მიზნებისთვის. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სუროგაციის ძირითადი პრობლემა ეს არ გახლავთ.

ძალიან ბევრი ლიტერატურა მაქვს შესწავლილი, ბევრ კომისიაში ვარ ნამუშევარი და ის, რომ ეს ბავშვები იქმნება იმისთვის, რომ ისინი შემდეგ გახდნენ ჩაგვრისა და ექსპლუატაციის სუბიექტები, ეს თემა არ ჟღერს, ეს არ არის ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი.

რა არის ჩვენი ტკივილი? - ჩვენი ტკივილი არის სუროგატი დედის უფლებების დაცვა. ეს არის ძალიან სერიოზული და ძალიან მნიშვნელოვანი თემა. სიმართლე გითხრათ, ამ დოკუმენტებში, რომლებზეც ამ დღეებში ხელი მიმიწვდა, ეს ასპექტი საერთოდ არ ჩანს. შეიძლება, რაიმე ფორმით ეს რეგულაციები საქართველოში არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით ცხადი არ არის ამ მიმართულებით საქართველოში რა ხდება“.

ისეთი რთული საკითხების რეგულაციებზე მუშაობისას მარინა გვახარია უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს პროფესიონალებსა და ზოგადად, მხარეებს შორის დიალოგს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეჯერდეს არგუმენტები, საკანონმდებლო სიახლე არ აღმოჩნდეს ადამიანის უფლებების დამაზიანებელი და იყოს ქმედითი:

„დიალოგი არის აბსოლუტურად ცენტრალური საკითხი საერთოდ, სახელმწიფოს მიერ ნებისმიერი დარგის რეგულაციაზე მუშაობის პროცესში. რეგულაციები არ იქნება ეფექტური, თუკი მათ შემუშავებაში არ არიან ჩართული დაინტერესებული პირები: დარგის პროფესიონალები, პაციენტები, უფლებადამცველები და მრავალი სხვა ჯგუფი. ეს არის აუცილებელი. ამის გარეშე კარგი, ეფექტური რეგულაცია ვერ შემუშავდება და ამ დიალოგის მნიშვნელობა იზრდება დარგის სირთულის კვალობაზე.

ძალიან ცოტაა მედიცინაში დარგი, რომელიც არის უფრო რთული, ვიდრე ინ ვიტრო განაყოფიერება. თუნდაც იმიტომ, რომ ყველა დანარჩენ დარგში მკურნალობ ერთ პაციენტს. აქ კი ყველაზე მარტივი შემთხვევა არის ორი პირისგან შემდგარი „პაციენტი“ და ამ ორივე პირის უფლებები, სურვილები და საჭიროება არის გასათვალისწინებელი. როცა ამას ემატება კვერცხუჯრედის დონორი, სპერმის დონორი და სუროგატი, ხომ გესმით, ეს რამდენად ართულებს პროცესს და რამდენად მნიშვნელოვანია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG