Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მდინარე კი არა, თითქოს ლავა მოდიოდა“, - რას გვიყვება რაჭის სტიქიის შემსწრე


რაჭა, შოვი, სტიქიის ზონა
რაჭა, შოვი, სტიქიის ზონა

დღეს, სამ აგვისტოს, დაახლოებით დღის სამ საათზე, შოვში, ე.წ. იოდის სამკურნალო წყაროს ტერიტორიაზე მყოფ მარინა გოშაძეს უეცრად საშინელი ხმაური მოესმა. არ წვიმდა, ამიტომ სტიქიის საშიშროება არავის უგრძვნია. ხმაურზე, მარინა და მის გვერდით მყოფი ადამიანები გარეთ გამოვარდნენ და კურორტ შოვისკენ დაეშვნენ.

სწორედ მაშინ დაინახეს მდინარე, რომელსაც თან მოჰქონდა ხეები, ფესვები, ნაშალი მასალა და რაც მთავარია, წამებში დიდებოდა.

"ვხედავდით, რომ მდინარე კი არ მოდიოდა, რაღაც ლავა მოცურავდა თითქოს, შავი ტალახი, რომელსაც თან ათასი რამ მოჰქონდა, ხეები, ფესვები, ყველაფერი“.

დამეწყრილი ტერიტორია და წაღებული ხიდი რაჭაში, შოვში
დამეწყრილი ტერიტორია და წაღებული ხიდი რაჭაში, შოვში

მარინა გოშაძე, რომელსაც კურორტ შოვიდან (სადაც სანატორიუმი „სანსეტ შოვი“ და სხვა შენობები დგას) ოდნავ ზემოთ, მამისონისკენ მიმავალ გზაზე კვების ობიექტი აქვს, გვიამბობს, რომ რაჭაში წუხელ იწვიმა, მაგრამ არც ისეთი დიდი თქეში მოსულა, რომ მეწყრის ან ღვარცოფის შეშინებოდათ. დღეს მთელი დღე ამინდიც კარგი იყო.

„შეიძლება მთაში წვიმდა და იქ მოხდა რამე. „სანსეტ შოვის“ გვერდზე ჩამოდის მდინარე ბუმბურა, რომელიც, როგორც ჩანს სადღაც ზემოთ დაგუბდა. ის საშინელი ხმაური რომ გავიგონეთ, ჩვენ გვეგონა, მძიმე ტექნიკა მოიყვანეს რამე სამუშაოსთვის. თურმე, რა ხდებოდა“.

მარინა გვიამბობს, რომ ლავად წამოსულმა ამ პატარა მდინარემ რაღაც ცნით მდინარე ჭანჭახიც დააგუბა, მაგრამ როგორც ჩანს, დაგროვილ ტალახს წყალი მაინც მოერია და გზაზე გადმოსვლა ვეღარ შეძლო.

„ეს რომ მომხდარიყო, შოვის დაბლა სოფელ გლოლასაც წალეკავდა. რეკვა დავიწყეთ გლოლაში, რომ გარეთ გამოსულიყვნენ და სადმე შემაღლებულზე დამდგარიყვნენ“.

როგორც მარინა გოშაძე გვეუბნება, მისი ინფორმაციით სულ ცოტა სამი ხიდია წარებული.

„მათ შორის, კალცის წყალს რომ ვეძახით, ის ხიდი, მაგის ქვემოთ არსებული ორი ხიდიც აღარ არის. ახლა რაც ვიცი, ჩვენი ტერიტორია მოწყვეტილია გარესამყაროს. აქ ვინც იყო მანქანებით მოსული, ისინი ალბათ მანქანებს დატოვებენ და ისე გადაიყვანენ“.

შოვში სტიქიის ამბავი შუადღისას გავრცელდა.

სოციალურ ქსელში გამოჩნდა მეწყრის და ღვარცოფის კადრები, სადაც ჩანს, როგორ მიაქვს ადიდებულ მდინარეს ხიდი. „სანსეტ შოვში“ დასასვენებლად მყოფი ადამიანების ლაივჩართვებში კი მოსჩანს დამეწყრილი ტერიტორია.

დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც, კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორნაციით, შოვში და გლოლაში შუქი არ არის. ბოლო ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის, ბავშვებიც.

ადგილზე უკვე სამაშველო ვერტმფრენებიც გამოჩნდა და შოვიდან ადამიანების ევაკუაცია დაიწყო.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG