Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეგობარი ქვეყნები: როგორ გამთლიანდეს და გაძლიერდეს საქართველო


მრგვალი მაგიდა „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის"
მრგვალი მაგიდა „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის"

აუცილებლად დადგება დღე, როცა საქართველოს დატოვებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი; საქართველო გახდება განვითარებული ქვეყანა და გაწევრიანდება ნატოსა და ევროკავშირში - ასე სჯერათ პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და უკრაინის ხელისუფლებათა წარმომადგენლებს, რომლებიც სოლიდარობის ნიშნად ჩამოვიდნენ საქართველოში რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით. მეგობარ სახელმწიფოთა მაღალი თანამდებობის პირებს სჯერათ, რომ საქართველოს უსაფრთხოება პირდაპირ არის დაკავშირებული მის განვითარებასა და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან. ეს ქვეყნები ძალიან კარგად იცნობენ რუსეთის ხელწერას - გამოიყენოს სამხედრო ძალა თავისი მიზნების მისაღწევად და იმოქმედოს საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ. ყველასათვის ნათელია, რომ საქართველოსა და უკრაინის შემდეგ, რუსეთის მიზანმიმართული აგრესიული პოლიტიკა მთელ ევროპას ემუქრება.

მეგობრების სოლიდარობა - სიგნალი აგრესორ რუსეთს

10 წლის წინ, როცა აგვისტოს ომის დღეებში საქართველოში ჩამოვიდა, პოლონეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ თქვა, რომ რუსეთის შემდეგი სამიზნე უკრაინა იქნებოდა და ასეც მოხდა. კაჩინსკის პროგნოზის თანახმად, უკრაინის შემდეგ რუსეთის აგრესია ბალტიისპირა ქვეყნებზე, ხოლო შემდეგ პოლონეთზეც გავრცელდება. აგვისტოს ომის მე-10 წლისთავზე თბილისში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი ჩამოვიდა და მას შემდეგ, რაც საქართველოს სხვა მეგობრებთან ერთად საოკუპაციო ხაზი მოინახულა, ისევ გაიმეორა, რომ რუსეთი უარს არ ამბობს თავის გამიზნულ აგრესიულ პოლიტიკაზე და, საქართველოსა და უკრაინასთან ერთად, კვლავაც საფრთხეშია მთელი ევროპა.

იაცეკ ჩაპუტოვიჩი რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:25 0:00

პარლამენტის შენობაში გამართულ ბრიფინგზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა თქვა, რომ რუსეთის გაუგონარი აგრესიის შესაჩერებლად საერთაშორისო თანამეგობრობას „ძლიერი და თანმიმდევრული“ პოლიტიკის გატარება მართებს. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი კი დარწმუნებულია, რომ საქართველოს საკითხის წინა პლანზე შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, თუკი თანმიმდევრული და ძალიან აქტიური ძალისხმევა არ მობილიზდა ამ საკითხისთვის სათანადო ადგილის დასამკვიდრებლად გაეროს უშიშროების საბჭოს, გენერალური ასამბლეის, ეუთოს, ევროსაბჭოს, ნატოსა თუ ევროკავშირის დღის წესრიგში. მეგობრები საქართველოს დახმარებას ამ მხრივაც ჰპირდებიან.

საქართველოს უსაფრთხო მომავალი ნატოსა და ევროკავშირს უკავშირდება

„ჩვენ ვადასტურებთ, რომ ნატო რჩება ჩვენი უსაფრთხოებისა და კოლექტიური თავდაცვის ქვაკუთხედად“, - ნათქვამია ერთობლივ კომუნიკეში, რომელიც ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთისა და უკრაინის ხელისუფლებათა წარმომადგენლებმა 7 აგვისტოს თბილისში მიიღეს აგვისტოს ომის მე-10 წლისთავის აღსანიშნავად. ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ ივლისში, ნატოს ბრიუსელის სამიტზე, საქართველომ კიდევ ერთხელ მიიღო დაპირება ალიანსში გაწევრიანების თაობაზე. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩიუსს მტკიცედ სჯერა, რომ სირთულეების მიუხედავად, რაც ერთ დროს მისმა ქვეყანამაც გამოიარა, საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.

ლინას ლინკევიჩიუსი საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:35 0:00

საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე, როგორც განვითარებისა და უსაფრთხოების უალტერნატივო მიზნებზე, უფრო ფართო მსჯელობა გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატში „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“. ითქვა, რომ საქართველო სწორ გზას ადგას და რეფორმების პროცესის გაგრძელებითა და შემდგომი ძალისხმევით, ის მზად უნდა დახვდეს გაწევრიანების შესაძლებლობის ფანჯარას, რომელიც აუცილებლად გაიხსნება საქართველოსთვის.

განვითარება ტერიტორიული გამთლიანების წინაპირობაა

მრგვალი მაგიდის გარშემო გამართული მსჯელობისას არაერთხელ აღინიშნა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს, რუსეთის მიერ სათავისოდ შექმნილი ე.წ. გაყინული კონფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზებით უნდა მოგვარდეს და ამ მხრივ ხაზგასმით აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების როლი. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ედგარს რინკევიჩსის თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები საქართველოს წინსვლასა და განვითარებაში დევს. „გახდით ისეთი მიმზიდველი, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ადამიანებს მოუნდეთ რუსეთის გაშვება და გამთლიანებული საქართველოს ნაწილად ყოფნა“, - ასეთია რინკევიჩსის რჩევა. განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტად სახელდება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება.

საქართველოს მეგობარი ქვეყნების ხელისუფლებათა მაღალი რანგის სტუმრებმა საქართველო 7 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, დატოვეს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG