Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინდელის შახტაში მეშახტეები გაფუჭებული აპარატურით მუშაობდნენ


გაფუჭებული აპარატურა, აფეთქების შემდეგ ჩართული სენსორები, გაჭიანურებული ექსპერტიზა - EMC ლაპარაკობს იმაზე, თუ რა დარღვევები იკვეთება შახტებსა თუ მშენებლობებზე დაღუპულ პირთა საქმეების გამოძიებისას.

30 წლის ვეფხვია ხუჭუა 17 მარტს დაიღუპა. ის ორთაჭალაში გარე ფასადებზე მუშაობდა. დაკიდებული კალათა მე-11 სართულიდან ჩამოწყდა და სამი ადამიანი შეიწირა.

„კომპანიის წარმომადგენლები პასუხისმგებლობას ირიდებენ. მარტო დაკრძალვის ხარჯები მომცეს, 10 ათასი ლარი, ესეც - ჩვენი კეთილი ნება იყოო. გამოძიებას რამდენჯერაც დავუკავშირდი, ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან“, - ამბობს გარდაცვლილის მეუღლე, ნინო მჭედლიძე.

გაჭიანურებული ექსპერტიზა სხვა საქმეების მახასიათებელიც არის. ეს აღნიშნა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), როდესაც გამოძიებათა მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. პრობლემად დასახელდა ისიც, რომ მაღალი მენეჯერული რგოლის წარმომადგენლებს პასუხისგებაში იშვიათად აძლევენ.

შსს-ს მონაცემებით, 2018 წელს საწარმოებში უბედური შემთხვევების გამო 224 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. სასამართლოებმა მხოლოდ 35 საქმე განიხილეს და აქედან თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 2 პირს შეეფარდა. სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, მსგავსი საქმეების 69% საპროცესო შეთანხმებით სრულდება.

2018 წელს ტყიბულში, მინდელის შახტაში, ორი უბედური შემთხვევა მოხდა. 5 აპრილს აფეთქების შედეგად 6 მეშახტე დაიღუპა, დანარჩენებმა მძიმე დაზიანება მიიღეს. EMC აცხადებს, რომ მოგვიანებით შახტაში სამუშაოები ისე განაახლეს, არც შეუსწავლიათ, შესაძლებელი იყო თუ არა იქ მუშაობა. შესაბამისად, ამავე უბანზე 16 ივლისს აფეთქებამ 4 მეშახტის სიკვდილი გამოიწვია.

„მხოლოდ ამის შემდეგ შეაჩერეს სამუშაო პროცესი, - ამბობს EMC-ის იურისტი, ქეთი ჩუთლაშვილი, - მთავარი პრობლემა ის არის, რომ მსგავსი საქმეების გამოძიების მეთოდოლოგია არ არსებობს. სამართალდამცველებს ამ კუთხით გამოცდილებაც არა აქვთ. შემთხვევის ადგილი სრულყოფილად არ თვალიერდება, ტყიბულში ფოტოებიც კი არ გადაუღიათ. გამოძიებამ გვითხრა, შახტაში ფოტოს გადაღება აკრძალულიაო, თუმცა მერე ექპერტთან გავარკვიეთ, რომ მსგავსი აკრძალვა არ არსებობდა“.

ტყიბულის შახტასთან დაკავშირებით EMC-ს სხვა მაგალითებიც მოჰყავს. რეგლამენტის თანახმად, ნახშირის მოპოვებისას მეთანისა და ნახშირორჟანგის შემცველობა სპეციალური აპარატით, ინტერფერომეტრით, კონტროლდება. აპარატურა წელიწადში ერთხელ უნდა შემოწმდეს. EMC-მ დაადგინა, რომ მინდელის შახტაში ინტერფერომეტრები კომპანიას 4 წლის განმავლობაში არ ჰქონდა შემოწმებული და ისინი სხვადასხვა მონაცემს აჩვენებდა. ამაზე გამოძიებასთან იმ თანამშრომელმა ილაპარაკა, რომელიც აპარატურაზე არის პასუხისმგებელი. მიუხედავად ამისა, კომპანიის მენეჯმენტს ინტერფერომეტრები არ გამოუცვლია.

გარდა ამისა, უსაფრთხოების მიზნით შახტაში დამონტაჟებულია სენსორები, რომლებიც ჰაერის ნაკადებს, მეთანსა და CO-ს დონეს აკონტროლებს. სენსორები მხოლოდ აფეთქების შემდეგ გაწითლდა, მაშინ როცა მათი დანიშნულება პრევენცია იყო და არა უკვე მომხდარი ტრაგედიის შეტყობინება.

შს სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელიც გამოძიების მიმართულებით მუშაობს, მხოლოდ 2018 წელს ჩამოყალიბდა. ისინი ახლა სწორედ ამგვარი საქმეების გამოძიების მეთოდოლოგიაზე მუშაობენ.

„ათეულობით საქმეს ვსწავლობთ და ამის საფუძველზე შევიმუშავებთ ინსტრუქციას“, - ამბობს შსს-ს წარმომადგენელი, ლევან ვერულაშვილი.

შსს-ს მონაცემებით, ყოველწლიურად მატულობს საწარმოებში დაშავებულთა რაოდენობა:

2016 წელი - 133 უბედური შემთხვევა;

2017 წელი - 163;

2018 წელი - დაიღუპა 59 ადამიანი, დაშავდა - 199;

2019 წლის ივლისის ჩათვლით -დაიღუპა 25, დაშავდა - 71 პირი.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG