Accessibility links

site logo site logo

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი - რა არ უნდა გამოგრჩეს 29 ნოემბერს


დაესწრება თუ არა სააკაშვილი თავის მორიგ სასამართლო პროცესს?

29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია დაგეგმილი.

7 ნოემბრის ეპიზოდზე სასამართლო სხდომა 11:00 საათზე დაიწყება. ამ დროისთვის უცნობია, მისცემს თუ არა პენიტენციური დაწესებულება სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლებას.

ის გუშინ ცენტრ „ემპათიის“ დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა მოინახულა, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლო პროცესზე დასასწრებად რაიმე დაბრკოლებას არ ქმნის:

„წინასწარი შედეგებით, რაც შეგვიძლია გითხრათ, დასტურდება პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი, რაც კავშირში იმყოფება ციხეში და სისტემაში წამების ფაქტთან, ასევე არის ნევროლოგიური სიმპტომატიკა. იცით, რომ ენცეფალოპათიაზეა საუბარი, რომელიც შიმშილობის შედეგი გახლავთ. პაციენტი საჭიროებს სტაციონარულ მულტიდისციპლინურ მკურნალობა-რეაბილიტაციას. სასამართლო პროცესზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, მას ისეთი ფსიქიკური აშლილობა არ აღენიშნება, რომ სასამართლო პროცესზე ვერ წარდგეს. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თვითონ იღებს“, - თქვა ჯიშკარიანმა.

დილიდან ექსპრეზიდენტს სასამართლოსთან დაელოდებიან მისი მხარდამჭერები. საპროტესტო აქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაგეგმა. ვრცლად საპროტესტო გეგმების შესახებ წაიკითხე აქ.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ევროპის ქვეყნები აღრიცხავენ შტამ "ომიკრონით" ინფიცირების პირველ შემთხვევებს

ბრიტანეთი, ბელგია, გერმანია, დანია, ჩეხეთის რესპუბლიკა, ისრაელი და იტალია იმ ქვეყნებს შორის არიან, სადაც უკვე დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც „ომიკრონის“ სახელწოდებითაა ცნობილი. ევროპაში ფრენებზე გარკვეული შეზღუდვებიც დაბრუნდა.

აფრიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში, მრავალჯერადი მუტაციის შედეგად ჩამოყალიბებული ახალი ვარიანტი WHO-მ ყველაზე „შემაშფოთებელი“ ვარიანტების სიის სათავეში მოათავსა.

"ომიკრონის" შესახებ ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი, მეცნიერებს რამდენიმე კვირა დასჭირდებათ იმის გასაგებად, თუ რა მიმართება აქვს ამ ახალ შტამს ვაქცინებთან, გადადებასთან, დაავადების მიმდინარეობის სიმძიმესა და მკურნალობის მეთოდებთან. ჯანდაცვის რამდენიმე ექსპერტის ვარაუდით, "ომიკრონმა" შესაძლოა უფრო ადვილად მოახერხოს ვაქცინებით შექმნილი იმუნიტეტისთვის თავის არიდება.

გარკვეული წესები შეიცვალა საქართველოშიც იმ ადამიანებისთვის, ვინც რამდენიმე აფრიკული ქვეყნიდან ჩამოვლენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, ისინი საქართველოში შემოსვლის შემდეგ 14-დღიან კარანტინს გაივლიან. ეს ეხება როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა კონსერვატიული შეხედულებების პეტრ ფიალა

ჩეხეთის რესპუბლიკაში 28 ნოემბერს მემარჯვენე ორიენტაციის პოლიტიკოსი, პეტრ ფიალა დაამტკიცეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, - აცხადებს ჩეხეთის პრეზიდენტის, მილოშ ზემანის პრესსამსახური.

ზემანმა, რომელსაც ახლახან დაუდგინდა COVID-19, 57 წლის ფიალა პრემიერად დანიშნა საპრეზიდენტო სასახლეში ჩატარებულ, მოკრძალებულ ცერემონიაზე.

ფიალა ყოფილი პოლიტიკის ანალიტიკოსია და სამოქალაქო დემოკრატიულ პარტიას ხელმძღვანელობს. ის ორ უფრო მცირე პარტიასთან გაერთიანდა კოალიციაში - ცენტრისტ ქრისტიან-დემოკრატებთან და მემარჯვენე-ცენტრისტულ TOP 09-სთან - და გასულ თვეში ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში გაიმარჯვა. კოალიციამ მცირე უპირატესობით დაამარცხა მიმავალი პრემიერ-მინისტრის, ადრეი ბაბიშის მოძრაობა ANO.

წაიკითხე მეტი.

საქართველო-უკრაინის პრობლემები ნატოში და რუსეთის კონტროლის ბერკეტები სამხრეთ კავკასიაში

რამდენიმე დღეში, რიგაში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, განიხილება რეგიონში არსებული ვითარება საქართველოსა და უკრაინის ჩართულობით. ამის შესახებ განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, 26 ნოემბერს, სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სწრაფვას, გახდეს ნატოს წევრი.

„ჩვენ განვიხილავთ რეგიონში არსებულ სიტუაციას, საქართველოსა და უკრაინასთან ერთად. ისინი არიან ახლო და მეტად ღირებული პარტნიორები, რომლებიც მიისწრაფვიან [ნატოს] წევრობისკენ. ნატო მხარს უჭერს მათ - როგორც პოლიტიკურად, ასევე პრაქტიკულად“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

რიგის სამიტის ფოკუსში რჩება დაძაბული ვითარება უკრაინის საზღვრებთან, რუსეთის მიერ სამხედრო ძალების ფართო კონცენტრაციის ფონზე. ნატოს პოზიციით, იმ ვითარებაში, როდესაც მოსკოვმა ალიანსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, შეუძლებელია დიალოგი, რომელიც, იენს სტოლტენბერგის თქმით, „მსგავს სიტუაციაში ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“.

გენერალური მდივანი კვლავ აფრთხილებს რუსეთს, რომ მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის სამხედრო ძალის გამოყენების შემთხვევაში მას „საფასურის გადახდა“ მოუწევს.

წაიკითხე მეტი.

1 დეკემბრიდან საქართველოში 18 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, სპორტულ დარბაზებსა და კვებით ობიექტებში შესვლა „მწვანე პასპორტის“ გარეშე შეუძლებელი გახდება. რას ამბობენ ბიზნესის წარმომადგენლები, რესტორნების და კაფეების მფლობელები, როგორ შეხვდნენ ისინი ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას? მერიკო გუბელაძე, რესტორან „შავი ლომის“ დამფუძნებელი, გვესაუბრება ამ თემაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG