Accessibility links

site logo site logo

საქართველო-უკრაინის პრობლემები ნატოში და რუსეთის კონტროლის ბერკეტები სამხრეთ კავკასიაში


ილჰამ ალიევი, ვლადიმირ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი სოჭში. 2021 წლის 26 ნოემბერი

რამდენიმე დღეში, რიგაში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, განიხილება რეგიონში არსებულ ვითარება საქართველოსა და უკრაინის ჩართულობით. ამის შესახებ განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, 26 ნოემბერს, სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სწრაფვას, გახდეს ნატოს წევრი.

„ჩვენ განვიხილავთ რეგიონში არსებულ სიტუაციას, საქართველოსა და უკრაინასთან ერთად. ისინი არიან ახლო და მეტად ღირებული პარტნიორები, რომლებიც მიისწრაფვიან [ნატოს] წევრობისკენ. ნატო მხარს უჭერს მათ - როგორც პოლიტიკურად, ასევე პრაქტიკულად“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

რიგის სამიტის ფოკუსში რჩება დაძაბული ვითარება უკრაინის საზღვრებთან, რუსეთის მიერ სამხედრო ძალების ფართო კონცენტრაციის ფონზე. ნატოს პოზიციით, იმ ვითარებაში, როდესაც მოსკოვმა ალიანსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, შეუძლებელია დიალოგი, რომელიც, იენს სტოლტენბერგის თქმით, „მსგავს სიტუაციაში ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“.

გენერალური მდივანი კვლავ აფრთხილებს რუსეთს, რომ მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის სამხედრო ძალის გამოყენების შემთხვევაში მას „საფასურის გადახდა“ მოუწევს.

„თუ რუსეთი ძალას გამოიყენებს უკრაინის წინააღმდეგ, მას მოუწევს ამისთვის საფასურის გადახდა, ამას შედეგი მოჰყვება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი ლატვიის დედაქალაქ რიგაში 30 ნოემბერი - 1 დეკემბერს არის დაგეგმილი.

უკრაინასთან ერთად, რიგის სამიტზე საქართველოს მიწვევას ნატოელი პარტნიორების „ძალიან პოზიტიური და სერიოზული გზავნილი“ უწოდა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ „რიგის მინისტერიალზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაუჭერენ მხარს საქართველოს ინიციატივებს, მათ შორის, არსებით ღონისძიებათა განახლებულ პაკეტს, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და სხვა პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერებას“.

პარალელურად, რუსეთი არსებული სიტუაციის კონტროლს ცდილობს სამხრეთ კავკასიის რეგიონშიც.

26 ნოემბერს რუსეთის საკურორტო ქალაქ სოჭში, ვლადიმირ პუტინის ინიციატივით შედგა სამმხრივი შეხვედრა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მონაწილეობით. განსახილველ საკითხებს შორის იყო სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის უახლოესი პერიოდის გეგმები და ორ ქვეყანას შორის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხები.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მადლობა გადაუხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს როგორც მთიანი ყარაბაღის გარშემო, ასევე იმ სიტუაციაზე მსჯელობისთვის, რომელიც „დროის მოცემულ მომენტში“ იქმნება მთლიანად რეგიონში.

შეხვედრის შემდეგ ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მიღწეული გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს მთლიანად [სამხრეთ კავკასიის] „უფრო უსაფრთხო და პროგნოზირებადი“ სიტუაციის შექმნას.

„რუსეთი აზერბაიჯანისთვის მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია და, მე ვიტყოდი - სტრატეგიულ პარტნიორზე მეტიც არის“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა და რუსეთთან ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი.

„პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნისთვის“ და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის პრეზიდენტ პუტინსა და რუსეთს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, მადლობა გადაუხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმაც.

„ვადასტურებ სომხეთის ხელისუფლების მზაობას, რომ გაიხსნას ახალი ერა ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისთვის... ეს არის ჩვენი მიზანი და, რა თქმა უნდა, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა სასარგებლო იყო ამ დღის წესრიგისთვის“, - განაცხადა ფაშინიანმა.

სამი ქვეყნის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა, ხაზგასმულია „რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მნიშვნელოვანი წვლილი რეგიონში ვითარების სტაბილიზაციასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“.

განცხადების ტექსტის თანახმად, რუსეთი კვლავაც მზად არის „აუცილებელი მხარდაჭერა“ აღმოუჩინოს აზერბაიჯანსა და სომხეთს, არა მხოლოდ ერთმანეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაში, არამედ „კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებაში“ რეგიონის მასშტაბით.

პუტინის შუამავლობით ალიევი და ფაშინიანი წელს უკვე მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს.

მთიან ყარაბაღზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების გახსნა ერთ-ერთი უმთავრესი პუნქტია იმ სამმხრივი შეთანხმების, რომლებსაც რუსეთის შუამავლობით, შარშან ყარაბაღის 44-დღიანი ომის შემდეგ მოაწერეს ხელი ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო 2020 წლის 27 სექტემბრის შემდეგ განახლებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს ორივე მხარეს ათასობით ადამიანი დაიღუპა.

44-დღიანი ომის შედეგად აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, 4 რაიონზე, რომლებიც ეთნიკური სომხების ხელთ იყო 1994 წლიდან.

2020 წლის 10 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივ განცხადებას, რომლის შედეგად სომხეთმა აზერბაიჯანს დაუბრუნა კიდევ სამი - აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები.

ამავე განცხადებაში ასახული კონფლიქტში მონაწილე მხარეთა შეთანხმებით, მალევე მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უზრუნველსაყოფად რუსეთის 2000-კაციანი სამხედრო ძალა შევიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG