Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მკაცრი სიგნალი ევროკავშირიდან: "ოცნების" ხელისუფლებამ იჩქარა თუ ვენეციის კომისიამ დაიგვიანა?


არჩევნებამდე 3 კვირით ადრე საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორების კიდევ ერთი მკაცრი შენიშვნა მიიღო, რომელიც ისევ სასამართლო სისტემას უკავშირდება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურის უარყოფით შეფასებებს საქართველოს ხელისუფლება უსაფუძვლოდ თვლის.ვადებთან დაკავშირებული ცაიტნოტის გამო. თუმცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ პროცესებში საქართველოს მანამდეც მრავალი შენიშვნა აქვს მიღებული.

ამჯერად რა მოხდა? რატომ გახდა სადავო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებული კანონის განახლება? რით აზიანებს ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორების მსგავსი უარყოფითი შეფასებები?

29 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველ ნომერს, გიორგი გახარიას ბრიუსელში შეახსენეს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებები ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე დაყრდნობით უნდა შესულიყო.

ევროკავშირის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეპ ბორელმა გიორგი გახარიასთან შეხვედრის დროს:

  • „საქართველოს რეფორმების განხორციელების გაგრძელებისკენ მოუწოდა და განსაკუთრებით მართლმსაჯულების სექტორში";
  • "უახლოეს მომავალში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით“.

30 სექტემბერს კი, საქართველოს პარლამენტმა, 83 დეპუტატის მხარდაჭერით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები ისე დაამტკიცა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს აღარ დალოდებია.

შედეგად, 5 ოქტომბერს მკაცრი შეფასებების შემცველი განცხადება გამოაქვეყნა ჯოზეფ ბორელის პრესმდივანმა პეტერ სტანომ.

განცხადებაში ვკითხულობთ:

  • "დასანანია, რომ პარლამენტი არ დაელოდა ამ კანონმდებლობაზე ვენეციის კომისიის აუცილებელი მოსაზრების გამოქვეყნებას - რომელიც [პარლამენტმა] თავად მოითხოვა, და რომელსაც რამდენიმე დღეში ელიან“.
  • „ეს პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა“.

საქართველოს პარლამენტმა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიას კანონპროექტის შეფასება მართლაც თავად მოსთხოვა, მაგრამ შემდეგ, პასუხს აღარ დაელოდა.

30 სექტემბერს, კენჭისყრის წინ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ გააფრთხილა ყოფილი თანაგუნდელები, რომ ასეთ სიჩქარეს ქვეყნისთვის დამაზიანებელი უარყოფითი შედეგები მოჰყვებოდა.

„ჩვენ გვქონდა დღეს საუბარი ვენეციის კომისიის წევრებთან. არც იცოდნენ, რომ თქვენ ეს (კანონპროექტი) მესამე მოსმენით გამოგაქვთ. მართლა არ იცოდნენ ... კიდევ არ მიიღოთ ზიანი...

ორი წლის წინაც მიმტკიცებდით, არაჩვეულებრივ კანონს ვიღებთო... მართლა ბედისწერასავით დაგდევთ ეს თემა, რომ არაფერს იჯერებთ..

ახლა რასაც აკეთებთ, ესეც ცუდად შემოუტრიალდება ამ ქვეყანას, თქვენ კი არა, ამ ქვეყანას... არ მიიღებენ ასე მიღებულ ცვლილებებს და უკან დაგედევნებათ ეს დასკვნა“ - თქვა ეკა ბესელიამ, რომელმაც სწორედ უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებული უთანხმოების გამო დატოვა "ქართული ოცნების" უმრავლესობა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებული ხმაურიანი პროცესები თითქმის უკვე ორ წელიწადს ითვლის. პროცესი სათავეს იღებს 2018 წლის დეკემბერში, როდესაც მოსამართლეთა 10-კაციანი საეჭვო სია პარლამენტში დიდი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩავარდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მუშაობა კანონმდებლობის შესაბამის ნორმებზე.

თუმცა საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები ამ პროცესში ძირითადად უარყოფითი იყო - 2019 წლის მაისში დამტკიცებულ კანონმდებლობასთან, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების შერჩევის პროცესთან თუ 2019 წლის ბოლოს, კანდიდატთა 20-კაციანი სიიდან 14 მოსამართლის დამტკიცებასთან კავშირში.

საერთაშორისო პარტნიორები აღნიშნავდნენ, რომ მთელ ამ პროცესში არ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები და შესაბამისად, მრავალი ხარვეზიც გამოვლინდა.

„მთავარი პრობლემა, რაც აქამდე იყო კანონმდებლობაში, ისევ რჩება 30 სექტემბერს დამტკიცებული ამ ბოლო ცვლილებების შემდეგაც. სასამართლოს გავლენიანი ჯგუფი, "სასამართლოს კლანი" ისევ თავისუფლად შეძლებს თავისთვის სასურველი კანდიდატურების გაყვანას. ეს კანონი არანაირად არ ზღუდავს "კლანის" ინტერესებით მოქმედების შესაძლებლობებს“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი.

ავტორები და მხარდამჭერები აცხადებენ, რომ 30 სექტემბერს დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები ორ ძირითად პრინციპს ეფუძნება:

1.უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე შემოდის გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი, რომელსაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განახორციელებს;

2. შესაძლებელი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ნებისმიერ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრება.

არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, ცვლილებებს ფრაგმენტულსა და არასრულფასოვანს უწოდებს ნაზი ჯანეზაშვილიც. ის ამბობს, რომ, მაგალითად, ამა თუ იმ კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებული დასაბუთება ფასადური იქნება - თუკი არ გასაჯაროვდება, კომისიის რომელმა წევრმა როგორ დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილება და ასევე, კენჭისყრას ღია ვერ დაერქმევა, თუკი ის ღია იქნება მხოლოდ იუსტიციის საბჭოს წევრებისთვის და აპარატისთვის.

ხოლო იმ ფაქტს, რომ უმრავლესობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ დაელოდა, ჯანეზაშვილი ასე ხსნის:

„ეს არის ჩემთვის წერტილი. აქედან კიდევ ერთხელ ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მხოლოდ სათავისო ცვლილებებს იღებს და მას არ სურს სასამართლოს სისტემის რეალური გაჯანსაღება. ვხედავთ, რომ ის არც არჩევნების წინ მოერიდა ხალხისა და საერთაშორისო თანამეგობრობის უარყოფით აზრს“.

ოპოზიცია ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორებისა და საერთაშორისო სტანდარტების სრულ იგნორირებაში ადანაშაულებს.

ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებებით - პარლამენტი პასუხისმგებლობით მოიქცა, ბოლომდე ელოდებოდა, მაგრამ ვენეციის კომისიის დასკვნამ დაიგვიანა.

  • „ვენეციის კომისიას ეს პროექტი ჩვენ გადავუგზავნეთ. სწორედ ჩემი ხელმოწერითა და ინიციატივით იყო გადაგზავნილი... ჩვენს პარტნიორებთან გვქონდა წინასწარი კომუნიკაცია და ისინი სრულად იყვნენ ინფორმირებული, რომ საშემოდგომო სესია არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ზუსტად 30 სექტემბერს იხურებოდა. შესაბამისად, ჩვენ მოვიქეცით პასუხისმგებლიანად და ბოლო სასესიო დღის ჩათვლით ველოდით ვენეციის კომისიისგან წინასწარ პოზიციას“ - არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი;
  • „გვესმის, რომ დასკვნის მომზადებას გარკვეული დრო სჭირდება და ამიტომ პარლამენტმა პლენარული სხდომების ბოლო დღეს მიიღო კანონი. პარლამენტს რომ არ მიეღო ეს კანონი, გამოდის, რომ ამ კანონს ამ მოწვევის პარლამენტი ვეღარ მიიღებდა“ - გიორგი კახიანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის წარმომადგენელი.

უმრავლესობამ იჩქარა თუ დასკვნამ დაიგვიანა?

საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში სექტემბრის დასაწყისში იქნა ინიცირებული და მას პირველი მოსმენით 16 სექტემბერს უყარეს კენჭი.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლების, ტიტუს კორლეციანისა და კლოდ კერნის მიერ 21 სექტემბერს ტვიტერზე გამოქვეყნებული განცხადებებით ვიგებთ, რომ - ვენეციის კომისიას საქართველოს პარლამენტმა მათი მოწოდების საფუძველზე მიმართა.

  • „ეს იყო პოზიტიური პასუხი ჩვენი პარასკევის (16 სექტემბერი) მიმართვაზე და მოუთმენლად მოველით ვენეციის კომისიის მოსაზრებებს“ - წერია განცხადებაში;
  • თანამომხსენებლები მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის მიერ „ბოლო წუთას“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ მოსაზრებისთვის მიმართონ ვენეციის კომისიას.

ჯერჯერობით უცნობია, რას ჩაწერს თავის დასკვნაში ვენეციის კომისია, მაგრამ რაც უკვე მოხდა, ძალიან პრობლემურად გამოიყურება კახა გოგოლაშვილისთვის.

როგორც რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი ეუბნება რადიო თავისუფლებას - ასე გზადაგზა დაგროვილი შენიშვნები შესაძლოა უარყოფითად აისახოს საქართველოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე.

„თუ გინდა ევროკავშირში ინტეგრაცია, მაშინ ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდო მათ დამოკიდებულებასა და შეხედულებებს გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით. ჩვენი პარტნიორებისთვის, ევროკავშირისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასამართლოს დამოუკიდებლობას.

აუცილებელია, რომ გქონდეს პარტნიორული ურთიერთობა და უნდა იყო სანდო. ჩვენ ხომ იმ პარტნიორზე ვლაპარაკობთ, რომელიც ძალიან გვჭირდება და რომლის დახმარებაც ჩვენ განვითარების, გაძლიერების საშუალებას გვაძლევს... ასეთი იგნორირება კი დავიწყებას არასოდეს ეძლევა და ის გროვდება“.

გოგოლაშვილის თქმით, ასეთი ფაქტები უხერხულობასა და უნდობლობის გარემოს ქმნის პიროვნული ურთიერთობების დონეზეც, მაგალითად როგორც ეს პრემიერ გახარიას შემთხვევაში, ბრიუსელში მოხდა - "არავის ავიწყდება ჰაერში გასროლილი დაპირებები“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG