15 აგვისტოს, დაახლოებით, 50 რუსი მუშა შეგროვდა ბელარუსის ქალაქ ოსტროვეცის ცენტრში, გამომუშავებული ორი თვის თანხის მოთხოვნით.
ისინი მუშა-მემონტაჟეებად მუშაობენ ბელარუსის მშენებარე ატომურ ელექტროსადგურზე („ბელაესი“), სადაც სანკტ-პეტერბურგში დარეგისტრირებული რუსული კომპანია „სტროინვესტპროექტის“ საშუალებით მოხვდნენ. ამასთან, მათ პლასტიკურ ბარათებზე მითითებულია სულ სხვა კომპანია - „სააქციო საზოგადოება „სეზამი“.
მუშების თქმით, დამქირავებელი კეთილსინდისიერად იხდიდა ბინის ქირას და დღიურ თანხას, მაგრამ როდესაც ხელფასის გადახდის დრო მოვიდა, ფული აღარ აღმოჩნდა.
„ვერავინ იფიქრებდა, რომ ასე დაგვყრიდნენ“
თუ ფული არ გადაგვიხადეს, ჩვენ საჭმელი არაფერი გვაქვსალექსანდრ რილა
„ჩვენ აქ, მთლიანობაში, 90 კაცი ვართ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას რუსი ალექსანდრ რილა. „აქ, ლენინის ძეგლთან კი, 50 კაცი მოვედით, ყველაზე იმედგადაწურულები. გაგვიგეთ, ფული საერთოდ არ გვაქვს, მე ტელეფონის ფულიც კი არ შემიძლია გადავიხადო. თქვენ ინტერნეტის საშუალებით სახლიდან დაგიკავშირდით, სადაც მეპატრონემ „ვაიფაი“ ჩაგვირთო. ჩვენ თქვენ მოგმართეთ, რადგან ეს არის უკიდურესი ზომა. არ ვიცით, შემდეგში როგორ მოვიქცეთ“.
ლენინის ძეგლთან, ოსტროვეცის ცენტრში, 50-მდე მუშა შეგროვდა. ისინი ერთმანეთს ასწრებენ თავიანთი ისტორიების მოყოლას. ყველა ისტორია ერთმანეთს წააგავს..
„თუ ფული არ გადაგვიხადეს, ჩვენ საჭმელი არაფერი გვაქვს“, - განაგრძობს ალექსანდრე. „ახლა გვეუბნებიან, დაბრუნდით სახლებში, რუსეთში, და შეიძლება შემდეგ გაგისწოროთ ანგარიშიო. მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ თუ სახლში წავალთ, ფულს ნამდვილად ვეღარ ვიხილავთ. გვეგონა, სერიოზულ სახელმწიფო მშენებლობაზე მოვდიოდით, რადგან ეს ხომ ბელარუსია, აქ ხომ „ბატიაა“ (ნიშნავს „მამას“. ასე ეძახიან ბელარუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს. რედ.) ვერავინ იფიქრებდა, რომ ასე დაგვყრიდნენ აქ“.
მუშები ასახელებენ სხვადასხვა თანხას, რომელიც მათ აქვთ ასაღები. ალექსანდრ ლივაჩის შემთხვევაში ესაა, დაახლოებით, 62 ათასი რუბლი (დაახლოებით, 1000 დოლარი).ზოგს ამაზე მეტი აქვს - 85 ათასი რუბლი, ზოგსაც - ნაკლები. სახელფასო დავალიანების გარდა, ოსტროვეცში შეკრებილ რუს მუშებს კიდევ ერთი პრობლემა აერთიანებთ - მათ არა აქვთ ფული იმისათვის, რომ ჩავიდნენ ქალაქ სმორგუნში, სადაც ისინი ოსტროვეცის პროკურატურამ გაგზავნა.
„ვის მივმართოთ? ლუკაშენკოსთან წავიდეთ?“
„წარმოდგენა არ გვაქვს, რა გავაკეთოთ“, - ამბობს ერთ-ერთი რუსი მუშა. – „მივედით ადგილობრივ პროკურატურაში, სადაც მოგვცეს ფურცელი სმორგუნის მისამართით. გვითხრეს, იქ მიმართეთო შრომის ადგილობრივ ინსპექციას. შრომითი ხელშეკრულება თუ არ გაქვთ, ჩვენ ვერაფერში დაგეხმარებითო. ბრიგადირი კი გვეუბნება, რომ საკითხი გავარკვიოთ პეტერბუგში მდებარე კომპანიასთან. იქ გვირჩევენ, რუსეთში დაბრუნდითო. სააქციო საზოგადოება „სეზამში“ საერთოდ არაფერს გვეუბნებიან. ჩვენ კი რა ვიღონოთ? აქ ჩვენ გასამრჯელოსთვის ჩამოვედით, ყველას ოჯახი გვყავს, კრედიტი გვაქვს აღებული. შვილები სკოლისთვის უნდა მოვამზადოთ. მალე პირველი სექტემბერი მოდის“.
იმის დასტურად, რომ მართლაც აქვთ კავშირი ოსტროვეცში ატომური ელქტროსადგურის (აეს) მშენებლობასთან, რუსი მუშები გვიჩვენებენ პლასტიკურ ბარათებს, რომლებსაც ვადა 15 აგავისტოს გაუვიდათ.
იმაზე, თუ რატომ არ გააფორმეს ოფიციალური ხელშეკრულება დამსაქმებელ კომპანიასთან, მარტივი პასუხი აქვთ: დაჰპირდნენ, რომ ასე უფრო მეტს გადაუხდიდნენ, ვიდრე ოფიციალური გაფორმების შემთხვევაში.
„ლუკაშენკოსთან წავიდეთ, თუ რა ვქნათ?“ - რჩევას ითხოვს ალექსანდრ რილა. „აი, აქ მოვედით, შეგვიძლია პროკურატასთანაც წავიდეთ. დასაკარგი არაფერი გვაქვს. მაგრამ თუ ახლა რუსეთში დავბრუნდებით, იქ ჩვენ ნამდვილად არავინ არაფერს გადაგვიხდის. ფულის მიღების ერთადერთი შანსია, რომ დავრჩეთ ბელარუსში, ვიდრე ანგარიშსარ გაგვისწორებენ“.
„შეფერხება არაა. ყველაფერ რიგზეა“
რუსი მუშები ერთ ხმაში ამბობენ, რომ პრეტენზიები მხოლოდ რუსეთის დამქირავებელი კომპანიის მიმართ აქვთ და არა ბელარუსის მთავრობასთან. ისინი იმედოვნებენ, რომ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის დირექცია დაეხმარება მათ კუთვნილი გასამრჯელოს მიღებაში. თუ არადა, იმუქრებიან, რომ გამოააშკარავებენ „მთელ სიმართლეს“ იმაზე, თუ რა დარღვევები ხდება ოსტროვეცის აეს-ის მშენებლობაზე.
კომპანია „სეზამი“ ბელარუსში ცნობილი გახდა 2016 წლიდან, როდესაც გაირკვა, რომ მისი მუშა ჩამოვარდა ბელარუსის აეს-ის ატომური რეაქტორის კორპუსიდან. 2018 წელს აეს-ის მშნებლობაზე კომპანიის მუშა დაიღუპა.
კომპანია „სეზამის“ ბელარუსულ წარმომადგენლობაში ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადეს, რომ მუშები გადაამისამართეს რუსული კომპანია „ენერგოსპეცმონტაჟის“ ხელმძღვანელობასთან. სწორედ ეს კომპანია ასრულებს სამუშაოებს ატომურ ენერგეტიკულ ობიექტებზე, მათ შორის კომპანია „როსატომის“ ობიექტებზე, რომელსაც განეკუთვნება „ბელაესიც“.
„’სეზამის’ ყველა თანამშრომელს გასამრჯელო ეძლევა დროულად. შეფერხებები არ არის, ყველაფერი რიგზეა. სხვა მუშების შესახებ ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სააქციო საზოგადოება „ენერგოსპეცმონტაჟის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ვლადიმირ ლაბენკამ.
რაც შეეხება „ბელაესის“ ხელმძღვანელობას, სახელმწიფო კომპანიის საინფორმაციო ცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სპეციალური წერილობითი შეკითხვის გარეშე სიტუაციის კომენტირებას არ გააკეთებენ.
რადიო თავისუფლებამ წერილობითი შეკითხვაპრობლემასთან შემხებლობაში მყოფ ყველა დაწესებულებას გაუგზავნა.
სადავო „ბელაესის“ დოსიე
- ბელარუსის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 2011 წლიდან გრძელდება ოსტროვეცის მახლობლად, გროდნოს ოლქში, ლიტვის საზღვრიდან 22 კმ-ის, ვილნიუსიდან 50 კმ-ის, ხოლო მინსკიდან 125 კილომეტრის დაშორებით.
- •პირველი ენერგობლოკის ამუშავება დაგეგმილია 2019 წელს, ხოლო მეორისა - 2020-ში. მანამდე პირველი ბლოკის ამოქმედება იგეგმებოდა ერთი წლის წინ, მაგრამ ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ვადები რუსეთმა ჩააგდო.
- „ბელაესის“ ფუნქციონირებისათვის საჭირო საწვავის 100 %-ს რუსეთიდან მიიღებენ. სამაგიეროდ, ბელარუსის ენერგეტიკის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ „აესი - ენერგოუსაფრთხოების გარანტიაა“.
- „ბელაესის“ სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ ბელარუსი მიიღებს ამჟამად მოხმარებულ ელექტროენერგიას - წელიწადში 18 მილიარდ კილოვატსაათს. ზედმეტი ენერგიის საკითხი გაურკვეველია. მეზობელი ქვეყნები არ არიან დაინტერესებულნი ატომური ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის შესყიდვით. ლიტვა ამ ენერგიის ბოიკოტისკენ მოუწოდებს საერთაშორისო დონეზე. ლიტვას მხარს უჭერს ესტონეთის პრეზიდენტიც.
- გამომუშავებული ბირთვული ენერგია მთლიანად ბელარუსში დარჩება. ეკოლოგები ამტკიცებენ, რომ ბელარუსმა აირჩია ატომური ელექტროსადგურის მიერ საწვავის გამომუშავების ყველაზე ძვირი და სახიფათო მეთოდი.
დაწერეთ კომენტარი