Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოუხელთებელი დელიან პეევსკი


დელიან პეევსკი
დელიან პეევსკი

ევროპარლამენტის არჩევნების მოახლოების ფონზე, ბულგარეთში ყურადღების ცენტრში მოექცა ამ ქვეყნის ყველაზე გავლენიანი მედიამაგნატი - კაცი, რომელიც, ორი წელია, საჯაროდ არ გამოჩენილა. ახლა ის ევროპარლამენტში მოსახვედრად იბრძვის.

წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსების უმრავლესობა, ჩვეულებრივ, ყველანაირ შანსს იყენებს საჯაროდ გამოსაჩენად. დელიან პეევსკი განსხვავებული შემთხვევაა.

ბულგარელი მულტიმილიონერი საჯაროდ არ გამოჩენილა 2017 წლის 19 აპრილიდან, ანუ მას შემდეგ, რაც დაესწრო ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, როგორც ახლად არჩეული კანონმდებელი.

მედიამაგნატი, სავარაუდოდ, კვლავ მოიპოვებს სასურველ მანდატს - ამჯერად ევროპარლამენტის 26 მაისის არჩევნების შედეგად. ის მეორე ადგილზეა პარტიის „მოძრაობა უფლებებისა და თავისუფლებებისათვის“ კანდიდატთა სიაში, რაც ნიშნავს, რომ, დიდი ალბათობით, გახდება ევროპარლამენტარი. მისი პარტია, საზოგადოებრივი აზრის წინასწარი გამოკითხვის თანახმად, 10%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს.

ბულგარეთის პარლამენტიდან პეევსკის გაუჩინარება, ცხადია, შეუმჩნეველი არ დარჩენილა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ბოეცმა“ (მებრძოლი) უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში იჩივლა და წერილობით მიმართა პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვს. „ეს საკითხი საზოგადოებისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა, რადგან ეხება მოახლოებული ეკროპული არჩევნების კანონიერებას. ვერ გავაკეთებთ კანონიერ არჩევანს, თუ არ გვეყოლება კანონიერი კანდიდატები“, წერს ბოეცი“ 16 მაისის მიმართვაში.

პეევსკი (მარცხნიდან მეორე) საკუთარი პარტიის სხვა კანდიდატებთან ერთად
პეევსკი (მარცხნიდან მეორე) საკუთარი პარტიის სხვა კანდიდატებთან ერთად

პეევსკის მოუხელთებლობა, შესაძლოა, ნაკლებად პრობლემური ყოფილიყო, რომ არა მისი ბიზნესინტერესები.

მის „ბულგარეთის ახალ მედიაჯგუფს“ ეკუთვნის წილები ექვს გაზეთში, რომელზეც მოდის მთელი ქვეყნის ბეჭდვითი მედიის 80%-მდე. პეევსკის მედიაჯგუფი აკონტროლებს ბევრ ვებსაიტსაც.

ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ შეფასებით, მედიის თავისუფლების კუთხით ბულგარეთი ევროკავშირის ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებს მიეკუთვნება.

„კორუფცია და მედიას, პოლიტიკოსებსა და ოლიგარქებს შორის კავშირი ფართოდ არის გავრცელებული ბულგარეთში. ამ ანომალიური ვითარების ყველაზე ცნობილი განსახიერებაა დელიან პეევსკი“, წერს „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ 2018 წლის ანგარიშში მსოფლიოში მედიის თავისუფლების შესახებ.

იმავე წელს ბულგარეთის ანტიკორუფციულმა სააგენტომ შეამოწმა პეევსკის ბიზნესსაქმიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ, ჯერ კიდევ 2003 წლიდან მოყოლებული, ბიზნესმენს კანონი არ დაურღვევია.

სოფიის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი დანიელ სმილოვი მაინც კრიტიკულად არის განწყობილი.

„როცა ადამიანი აკონტროლებს უზარმაზარ მედიაიმპერიას, რომელიც რეგულარულად ანადგურებს ყველა კრიტიკოსის იმიჯს, რაღაც ხნის შემდეგ ხალხი იწყებს თვალის დახუჭვას მის მიმართ სამართლიან კრიტიკაზე“, ამბობს სმილოვი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

„მაგალითად, თუ ეს ადამიანი არ ივლის პარლამენტში, მაინც შეიძლება იყოს საზოგადოებისათვის მისაღები, როგორც პოლიტიკოსი და პარლამენტარი. მას ხელახლაც კი აირჩევენ. მათ ფულითა და პოლიტიკური გავლენით შეძლეს ბულგარეთში მისაღები გაეხადათ ის, რაც მიუღებელია. მათ შეძლეს რეალობად ექციათ ცუდი ფიქცია“.

ევროკავშირს, რომელმაც ბულგარეთი 2007 წელს მიიღო თავის რიგებში, არაერთხელ გაუკრიტიკებია ამ ქვეყანაში დემოკრატიის მაჩვენებლები და უარს ამბობს შენგენის ზონაში სოფიის მიღებაზე. მაგრამ ბრიუსელი არაფერს ამბობს ევროპარლამენტის არჩევნებში პეევსკის მონაწილეობის საკითხზე.

მის „მოძრაობას უფლებებისა და თავისუფლებებისათვის“ ამჟამად ეკუთვნის ოთხი მანდატი ევროპარლამენტში ბულგარეთისათვის განკუთვნილი სულ 17 მანდატიდან. პარტიას ასეთივე შედეგს უწინასწარმეტყველებენ წლევანდელი არჩევნებისათვის.

რაც შეეხება საარჩევნო სიაში პეევსკის ჩართვას, პარტიამ უარი თქვა კომენტარზე, თუმცა ახსენა ბულგარეთის სასამართლოს დასკვნა, რომ პეევსკი არის „ბულგარეთის მოქალაქე, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მისამართი ბულგარეთის რესპუბლიკის ან ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე“ და რომ მისი კანდიდატურის გასაჩივრება „საფუძველს მოკლებულია“.

ევროპის პარლამენტს არც აქამდე აკლდა დასწრების პრობლემა. ირლანდიელი, ბრიტანელი, იტალიელი და ფრანგი დეპუტატების „გაცდენებს“ არაერთი მომცრო სკანდალი მოჰყოლია.

განსაკუთრებული სიბეჯითით არც ბულგარელი კანონმდებლები გამოირჩევიან. ევროპარლამენტის წევრთა აქტივობის რეიტინგით, ისინი 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებს ჩამორჩებიან.

პეევსკის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია
პეევსკის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია

პეევსკიმ წარმატებით მიიღო მონაწილეობა ჯერ კიდევ 2014 წლის არჩევნებში, მაგრამ არ უსარგებლია ევროპარლამენტარის მანდატით. როგორც ბიზნესმენი განმარტავდა, საკუთარი კანდიდატურა მან მხოლოდ რეპუტაციის დასაცავად წამოაყენა მას შემდეგ, რაც საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა მის დანიშვნას ეროვნული უშიშროების სახელმწიფო სააგენტოს უფროსად.

საბოლოოდ, პეევსკი ამ თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ დარჩა პარლამენტში, რომლის წევრადაც უკვე ოთხჯერ იქნა არჩეული.

ამჟამინდელი წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობაში პეევსკი, პრაქტიკულად, არ ჩანს - თუ არ ჩავთლით მის სურათს საარჩევნო კამპანიის ავტობუსსა და პარტიის საიტზე ფეისბუკში.

ბულგარეთის პარლამენტში დაცული დეკლარაციით, 2017 წელს პეევსკის ხელფასმა შეადგინა დეპუტატისათვის განკუთვნილი სრული თანხა, 44,580 ლევი (დაახლოებით, 26 790 დოლარი). 2018 წლის ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გასაჯაროებულა, მაგრამ, პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, პეევსკის შემოსავალი არ შეცვლილა.

აქტივისტები უკმაყოფილო დატოვა ინფორმაციამ პეევსკის ანაზღაურების შესახებ, რადგან ბულგარეთის კანონები ითვალისწინებს პარლამენტარის ხელფასიდან თანხის ჩამოჭრას „უმიზეზო“ გაცდენების შემთხვევაში.

პარლამენტის თავმჯდომარის ადმინისტრაციის ცნობით, ის ყოველ კვირას იღებს „უფლებათა და თავისუფლებათა მოძრაობის“ ოფიციალურ წერილს, რომლითაც ატყობინებენ, რომ პეევსკი პარლამენტის სხდომებს ვერ დაესწრება „პარტიული საქმიანობის“ გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG