Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მსგავსი კანონები“? - რაზე მუშაობენ კანადა და EU სინამდვილეში


„არა რუსულ კანონს“ - დემონსტრაციების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა „აგენტების“ შესახებ ორივე კანონპროექტი გაიწვია
„არა რუსულ კანონს“ - დემონსტრაციების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა „აგენტების“ შესახებ ორივე კანონპროექტი გაიწვია

„ქართული ოცნების“ ლიდერები კვლავ აცხადებენ, რომ „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტი უბრალოდ გამჭვირვალობას ემსახურებოდა და მსგავსი ინიციატივები ახლა აქვთ კანადასა და ევროკავშირს.

ამ სტატიაში მოგიყვებით:

  • რატომ არ შეესაბამება ეს მტკიცება სიმართლეს;
  • რა ინიციატივებზე მუშაობენ ამჟამად კანადასა და ევროკავშირში;
  • რა არის ამ არაზუსტი მაგალითების დასახელების მიზანი.

„რუსული კანონი კანადაში“ და აქცია საკონსულოსთან

„ქართულმა ოცნებამ“, საზოგადოებრივი და საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ, „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ ერთი კანონპროექტი ჩააგდო, მეორე კი გაიწვია.

ამის მიუხედავად, მმართველი პარტიის ლიდერები კვლავ იცავენ ამ ინიციატივებს და ამბობენ, რომ საქართველოს მოსახლეობა „შეცდომაში შეიყვანეს“.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 მარტს „იმედის“ ეთერში, როდესაც კანონპროექტების „სიკეთეებზე“ საუბრობდა, ახსენა კანადისა და ევროკავშირის მაგალითები:

„კანადამ დაიწყო [ამ კანონზე მუშაობა] და სულ რამდენიმე კვირის წინ დაემთხვა, როდესაც ვიწყებდით ამ კანონპროექტის განხილვებს, ევროპარლამენტში მოხდა ანალოგიური შინაარსის კანონპროექტის ინიცირება“, - განაცხადა პრემიერმა. მსგავსი ცნობები ვრცელდება პროსახელისუფლებო მედიაშიც.

აქცია-პერფორმანსი კანადის საკონსულოსთან. კადრი საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტიდან
აქცია-პერფორმანსი კანადის საკონსულოსთან. კადრი საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტიდან

იმ დღესვე, ღარიბაშვილის ინტერვიუმდე რამდენიმე საათით ადრე, თბილისში კანადის საკონსულოსთან მოქალაქეების ჯგუფმა „აქცია-პერფორმანსი“ მოაწყო. მათ სახეზე გაიკრეს ქართველი პოლიტიკოსების და სხვა საჯარო ფიგურების სურათები და მიიტანეს ბანერები წარწერებით:

  • „ტრუდომ [კანადის პრემიერ-მინისტრმა] არ გაბედოს და იმ რუსული კანონის განხილვაც კი არ დაიწყოს“;
  • „ვაპროტესტებთ რუსულ კანონს კანადაში“;

„შევიკრიბეთ, რომ კანადის მოსახლეობა გადავარჩინოთ რუსეთის ასეთი ზეგავლენისგან, რადგან კანადის მთავრობა და პარლამენტი, როგორც ჩანს, რუსეთუმეები არიან“, - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მიზანი იყო, ეჩვენებინა, ერთი შეხედვით, საქართველოში ინიცირებული კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა „ორმაგი სტანდარტები“.

მოდით, გავარკვიოთ

რა ხდება რეალურად?

კანადის მთავრობა აპირებს, განიხილოს „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის“ შექმნა. ეს პროცესი ძლიერ განსხვავდება როგორც საქართველოში ინიცირებული (და უკვე გაწვეული), ისე რუსეთში მოქმედი საკანონმდებლო პროცესებისგან.

კანადის მთავრობამ 10 მარტს გამოაქვეყნა ოფიციალური ცნობა, რომ იწყებს კონსულტაციებს „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის“ შესახებ. კონსულტაციები 9 მაისამდე გაგრძელდება.

ამჟამად, კონსულტაციების ფარგლებში, კანადაში მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს ეკითხებიან, მათი აზრით, რა ტიპის ორგანიზაციები უნდა შევიდნენ რეესტრში, რა ტიპის აქტივობები/შეთანხმებები უნდა ექვემდებარებოდეს, მათი აზრით, რეგისტრაციას, რა უნდა იყოს გამონაკლისი, როგორი უნდა იყოს ჯარიმები წესების დარღვევისათვის და ა.შ..

კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო
კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო

გარემოება, რომ კანადის ხელისუფლებამ ცვლილებების დაინიცირებამდე, კონსულტაციები დაიწყო დაინტერესებულ მხარეებთან, უკვე არსებითად განასხვავებს მას ქართული მაგალითისაგან.

საქართველოს ხელისუფლებამ არათუ კონსულტაციებს არ მიაქცია ყურადღება, არამედ დაჩქარებული წესით გაიტანა „ხალხის ძალის“ ხელით შემუშავებული კანონპროექტი და, დაინტერესებული მხარეების მკვეთრად უარყოფითი შეფასებების და პროტესტის მიუხედავად, იგი პირველი მოსმენით მიიღო. მხოლოდ მასობრივი დემონსტრაციების 2 დღის შემდეგ დაიხია „ოცნებამ“ უკან.

FARA-ს კანადური ვერსია - ლობისტებისათვის

„ქართული ოცნების“ ლიდერები, - როგორც თავის დროზე ვლადიმირ პუტინის ხელისუფლება, - მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ „უცხოეთის გავლენის აგენტებზე“ კანონპროექტი შეერთებული შტატების კანონმდებლობის ანალოგი იყო. ეს სინამდვილეში ასე არ არის.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში ინიცირებული კანონმდებლობა განსხვავდებოდა ამერიკული FARA-საგან.

მან ხაზი გაუსვა, რომ FARA „ძალიან ვიწროა და მორგებულია და ეხება მხოლოდ უცხოეთის მთავრობების წარმომადგენლებს“ და ის „არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ან დაფინანსების წყაროებს“. მისი თქმითვე, ქართული კანონპროექტი „ეფუძნება რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას“.

აი, კანადამ კი, შესაძლოა, სწორედ ამერიკული გამოცდილება აიღოს მაგალითადო, წერენ ამერიკულ და კანადურ მედიაში.

აშშ-ში მოქმედი უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) - კიდევ ერთხელ - ეხება არა ბლანკეტურად - ანუ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიებს, როგორც საქართველოში, არამედ ისეთ ორგანიზაციას/პირს, რომელიც:

  • შეერთებული შტატების პოლიტიკურ საქმიანობაში უცხოური ძალის ინტერესების სასარგებლოდ არის ჩართული;
  • მოქმედებს, როგორც უცხოური ძალის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, მისი აგენტი, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი ან პოლიტიკური კონსულტანტი;
  • წარმოადგენს უცხოური ძალის ინტერესებს აშშ-ს მთავრობის ნებისმიერი უწყების ან ოფიციალური პირის წინაშე.

ერთი სიტყვით, ამერიკული FARA ძირითადად ლობისტებს ეხება, უკიდურეს შემთხვევებში კი ის ასევე შეეხო შტატებისთვის მტრული სახელმწიფოების მთავრობის კუთვნილ მედია-საშუალებებს - RT-ს, „სპუტნიკს“ და ჩინურ CGTN-ს.

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი ხაზს უსვამს სწორედ ამ განსხვავებას საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტებსა და დასავლურ ქვეყნებში, მათ შორის აშშ-ში, - და, მის კვალდაკვალ, - ბრიტანეთსა და ავსტრალიაში მოქმედ კანონმდებლობას შორის:

  • „ზოგადად ანგლოსაქსური კანონები ითხოვენ მათ საჯაროობა/გამჭვირვალობას, ვინც უცხო ქვეყნის უშუალო დავალებით და ინტერესით მოქმედებს და, კერძოდ, ხვდება და ზემოქმედებს იქაურ მაღალი თანამდებობის პირებზე ან ფართო მასებზე.
  • ჩვენთან კი მხოლოდ იმიტომ უნდათ, გაიძულონ ასეთ რეესტრში შესვლა, რომ გრანტი მოიპოვე. ამის გამო თურმე უცხო ქვეყნის აგენტი/წარმომადგენელი ხარ“, - განმარტავს ანალიტიკოსი.

გარდა ამისა, „საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ“ განაცხადა, ე.წ ამერიკული კანონის ქართულ რედაქციაში გამოტოვებული იყო ავთენტიკური ამერიკული კანონის 613-ე პარაგრაფის (გამონაკლისები/EXEMPTIONS) კონკრეტული, f პუნქტი:

„FARA-ს ამ პუნქტში წერია, რომ ქვეყნის პარტნიორები და მათი წარმომადგენლები ითვლებიან გამონაკლისებად და მათზე არ ვრცელდება უცხო ქვეყნის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება“.

FARA-ში რეგისტრაცია სავალდებულო არ არის მხოლოდ იმ მიზეზით, თუკი ორგანიზაცია უცხოეთიდან იღებს დაფინანსებას. მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია უცხოეთის მთავრობასთან ან პოლიტიკურ ინტერესებთან კავშირი და მათზე დაქვემდებარება. მაგალითად, ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი „ბიბისი“ (BBC) არ არის FARA-ს სიაში.

კანადის კანონი - ვინ არის სამიზნე?

კანადის მთავრობამ, როდესაც რეესტრზე კონსულტაციები დააანონსა, განმარტა, რომ ბოლო წლების განმავლობაში კანადა „უფრო და უფრო მეტად ხვდება მტრული სახელმწიფოების მიზანში“:

„დაწყებული „ჰაკერობიდან“, დასრულებული შევიწროებით, ავტორიტარული რეჟიმები აძლიერებენ ძალისხმევას, რათა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ, ეკონომიკურ და აკადემიურ ინსტიტუტებში ჩაერიონ“, - წერს მთავრობა.

ეჭვი არ არის, რომ ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მსგავსი ქვეყნები ცდილობენ, გავლენა მოახდინონ ჩვენს ინსტიტუციებსა და კანონებზეო, განაცხადა 2022 წლის ნოემბერში კანადელმა სენატორმა ლეო ჰოუსაკოსმა. სწორედ მან, როგორც კანადის პარლამენტის ზედა პალატის წარმომადგენელმა, წარადგინა შესაბამისი ინიციატივა ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში.

რეესტრზე კონსულტაციების დაწყების შესახებ ცნობის გამოქვეყნებამდე 3 დღით ადრე ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ დაიწყება გამოძიება კანადის 2019 და 2021 წლების არჩევნებში ჩინეთის ჩარევის შესახებ. პრემიერ-მინისტრმა ტრუდომ თქვა, კანადამ დიდი ხანია იცის, რომ ჩინეთი, ირანი და რუსეთი ქვეყნის საქმეებში ჩარევას ცდილობენო. კანადა ამ ქვეყნებს საკუთარი ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს.

ერთი სიტყვით, კანადის ეს ინიციატივა საჭირო გახდა სწორედ ჩინეთის, რუსეთისა და ირანის მავლე გავლენებთან საბრძოლველად (თუმცა ცხადია, არ არის მოსალოდნელი, რომ რეესტრი, თუკი ძალაში შევა, მხოლოდ ამ ქვეყნებიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს დაავალდებულებს რეგისტრაციას).

საქართველოს პარლამენტი კი, რომელსაც კონსტიტუცია ავალდებულებს პროდასავლური კურსის ერთგულებას, სტრატეგიული პარტნიორების მთავრობებისა და ფონდების მიერ დაფინანსებული ადგილობრივი, ქართული ორგანიზაციების წინააღმდეგ დგამდა ამ ნაბიჯს. კანონის მიღებით იგი შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს დე ფაქტო უწოდებდა მტრულ ძალას - როგორც თავის დროზე რუსეთმა გააკეთა ეს.

საქართველოს ასეთი ნაბიჯი, ბევრი ექსპერტის შეფასებით, მოასწავებდა ქვეყნის პროდასავლური კურსიდან გადახვევას - ინსტიტუციურ დონეზე.

რაც შეეხება „ევროკავშირის მაგალითს“, - რაზეც ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ ლიდერებიხ ხშირად მიუთითებენ, შედარებისას უზუსტობები და მანიპულაცია აქაც მრავლად გვხვდება.

„არ არის რუსეთის მსგავსი“ - EPP

„ოცნების“ და სატელიტი „ხალხის ძალის“ ლიდერები ამბობენ, რომ „ევროპარლამენტში მოხდა ანალოგიური [ქართულის მსგავსი] შინაარსის კანონპროექტის ინიცირება“ და „ყველაზე დიდი პარტია, EPP, იყო ამ კანონპროექტის ინიციატორი“ (ი. ღარიბაშვილი, 12 მარტის ინტერვიუ „იმედთან“).

„დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ გამოსავალი, რაც EPP-მ წარადგინა, არანაირად არ არის რუსეთის უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მსგავსი“, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას EPP-ის, ევროპის სახალხო პარტიის, კომუნიკაციების სამსახურში. პარტიის თანახმად, მათი ინიციატივა ასევე არ ითვალისწინებს ორგანიზაციების წარმოშობის ადგილის მიხედვით დისკრიმინაციას, როგორც რუსეთში.

პარტიამ მიგვითითა EPP-ის წევრის, ევროპარლამენტის საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარის, მონიკა ჰოლმაიერის, 13 თებერვლის დათარიღებულ სიტყვით გამოსვლაზე. ჰოლმაიერმა,„კატარგეიტის“, ესე იგი, კატარის სასარგებლოდ ლობირების სკანდალის ფონზე, ისაუბრა პარტიის ინიციატივაზე, რაც ევროკავშირში უკვე არსებული მექანიზმის დახვეწას შეეხება.

კატარგეიტი“ ევროკავშირის ისტორიაში ალბათ ყველაზე მწვავე სკანდალია, რაც კორუფციას უკავშირდება. სკანდალში გარეული ყველაზე ცნობილი სახეა ევა კაილი, ბერძენი ევროპარლამენტარი სოციალისტების პარტიის და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი. ბელგიის პროკურატურის მტკიცებით, სპარსეთის ყურის ერთ-ერთი ქვეყანა, - რომელიც, მედიის ცნობით, კატარია, - მას უგზავნიდა დიდი რაოდენობით თანხასა და საჩუქრებს, სანაცვლოდ კი ითხოვდა ზეგავლენას ევროპარლამენტის პოლიტიკურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე, - კატარის სასარგებლოდ. ამავე საქმეში გარეული ორი პირი, რომელიც ბელგიამ დააკავა, „შრომით უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს“ წარმოადგენდა. ორივე ორგანიზაცია ბრიუსელში ერთ მისამართზე იყო რეგისტრირებული. როდესაც ევროპარლამენტმა 2022 წლის 24 ნოემბერს საგანგებო რეზოლუციით გააკრიტიკა კატარი მსოფლიო ჩემპიონატის სამზადისში მუშების უფლებების უგულებელყოფის გამო, კაილიმ ქვეყანა დაიცვა და თქვა, რომ მან „ისტორიული ტრანსფორმაცია“ გაიარა უფლებების დაცვაში.

„კატარგეიტის“ სკანდალისა და ამ სკანდალში არასამთავრობო ორგანიზაციების გარევის შემდეგ EPP გამოვიდა ინიციატივით:

  • „მოხდეს არასამთავრობო ორგანიზაციების წინასწარი ფინანსური შემოწმება მანამ, სანამ ისინი ევროკავშირის გამჭვირვალობის რეესტრში მოხვდებიან;
  • უნდა იქნეს გამოქვეყნებული საკონტრაქტო შეთანხმებები ევროკომისიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის;
  • ევროკავშირის კანონმდებლობამ ცხადად უნდა განმარტოს, რა არის არასამთავრობო ორგანიზაცია და რა არა“.

გამჭვირვალობის რეესტრი, რომელსაც EPP ახსენებს, არის ფართო სია ისეთი ორგანიზაციებისა, რომლებიც ცდილობენ, გავლენა მოახდინონ ევროკავშირის ინსტიტუტებზე ამა თუ იმ საკითხზე კანონმდებლობის თუ პოლიტიკის შემუშავების პროცესში; რომლებიც ლობირებენ საკუთარ ან დამკვეთების ინტერესებს. რეესტრში, 15 მარტის მონაცემებით, 12 243 ორგანიზაციაა რეგისტრირებული.

„ბრიუსელში თუ ყოფილხართ, შუმანის მოედნიდან, - სადაც ევროპარლამენტის, ევროკომისიის, ევროკავშირის საბჭოს მთავარი შენობებია განთავსებული, - ჩადის დიდი ქუჩა, სახელად Rue de la Loi. ამ ქუჩის ორივე მხარეს მდებარე შენობებში განთავსებულია შტაბბინები ორგანიზაციებისა, რომლებიც ევროკავშირის ინსტიტუტებთან ლობირებენ კანონებს, რეგულაციებს, იცავენ ამა თუ იმ ინტერესებს. სწორედ მათი რეესტრი არსებობს ევროკავშირში. ამჟამად არის წინადადებები, რომ რეფორმა მოხდეს რეესტრთან დაკავშირებით. ეს არის და ეს... ეს სულ სხვა თემაა და საერთოდ არ არის მოსატანი საქართველოს შემთხვევასთან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კახა გოგოლაშვილი, რომელიც წლებია, ევროკავშირის ინსტიტუტებს იკვლევს.
კახა გოგოლაშვილი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდის) ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი
კახა გოგოლაშვილი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდის) ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი

რაზე მუშაობს ევროკომისია?

13 მარტს ქართულმა პროსახელისუფლებო მედიამ აიტაცა გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობა, რომლის თანახმადაც ევროკავშირმა დაიწყო მუშაობა FARA-ს მსგავს კანონმდებლობაზე.

„პოლიტიკოს“ ცნობითვე, ამ კანონპროექტზე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა იუროვა მუშაობს „დემოკრატიის დაცვის პაკეტის“ ფარგლებში. ეს პაკეტი ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა 2022 წლის სექტემბერში. გამოცემა „კატარგეიტის“ სკანდალთან ერთად ხაზს უსვამს ჩინეთის და რუსეთის გავლენების წინააღმდეგ ნაბიჯების საჭიროებას.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველმა დირექტორმა, მიხაილ ზიბერტმა, 14 მარტს თბილისში ვიზიტისას თქვა, რომ განხილვები, - რაზეც „პოლიტიკო“ წერდა, - არ ეხება სამოქალაქო ორგანიზაციებს და ეს პროცესი ლობიზმის დარეგულირებას უკავშირდება:

„მესმის, რომ აქ ეს დებატების საგანია, რადგან თქვენ მხოლოდ გასულ კვირას გქონდათ ეპიზოდი კანონზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობის რეგულირებასთან იყო დაკავშირებული. საბედნიეროდ, ის უკვე გაიწვიეს. თქვენ რასაც გულისხმობთ, სრულიად განსხვავებული რამ არის. ეს არ არის კანონი, არც კანონპროექტი, ეს არის დისკუსიის საწყისი ეტაპი ევროკავშირის ფარგლებში დაინტერესებულ მხარეებს შორის. ის არ მოიცავს არასამთავრობო ორგანიზაციების რეგულირებას, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილია და რომელთა ხელშეწყობაც გვსურს. გვსურს, რომ ის ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების შემადგენელი ნაწილი იყოს. არა, ჩვენ ლობიზმის უფრო ახლო ჭრილიდან შეხედვა გვსურს, ინსტიტუტების, რომლებიც უცხოური მთავრობებისთვის მუშაობენ“, - განაცხადა მან (თარგმანი ეკუთვნის ტელეკომპანია „იმედს“).

ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, კორუფციასთან საბრძოლველად ევროკავშირსა თუ მის წევრ ქვეყნებში მომავალში სხვადასხვა რეგულაცია მიიღონ, მაგრამ დასძენს: „ისინი არასოდეს მიიღებენ ისეთ კანონს, რომლის ინიცირებაც ჩვენთან მოხდა, რადგან ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ 2020 წელს გამოიტანა ანალოგიურ უნგრულ კანონზე დადგენილება, - ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის დამფუძნებელ ხელშეკრულებას“.

მიზანი: საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება

თუკი არც ამერიკული, არც კანადური და არც „ევროპული მაგალითები“ არ არის იმის იდენტური, რაც საქართველოს პარლამენტში იყო წარდგენილი, რატომ იმეორებენ მმართველი პარტიის მესვეურები დაჟინებით, რომ ეს კანონები მსგავსია?

კახა გოგოლაშვილს, - რომელიც პარლამენტის საკომიტეტო განხილვებისას აქტიურად აკრიტიკებდა კანონპროექტებსა და მიმდინარე პროცესს, - ამ კითხვაზე ასეთი პასუხი აქვს:

„ზუსტად ის მიზანი აქვს, რაც ვლადიმერ პუტინს ჰქონდა, როდესაც 2012 წელს კანონის ინიცირებისას ამბობდა, ამერიკულის ანალოგს ვიღებთ, ოღონდ ბევრად უფრო რბილსო. ეს პროცესი ემსახურება საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. ეს არის კამპანია, რომ მსგავსი შეზღუდვები ადვილად მიიღოს მოსახლეობამ და პროტესტი თავიდან იქნას არიდებული“.

------

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

დრონით გადაღებული კადრები საპროტესტო დემონსტრაციებისას. დედაქალაქში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ანტიდასავლური კანონპროექტის წინააღმდეგ
დრონით გადაღებული კადრები საპროტესტო დემონსტრაციებისას. დედაქალაქში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ანტიდასავლური კანონპროექტის წინააღმდეგ

პარლამენტმა ეს ნაბიჯი გადადგა საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტისა და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა „რუსულ კანონსა“ და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე. საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტზე უარისკენ მოუწოდებდნენ აშშ, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები.

7 და 8 მარტს და 9 მარტს გამთენიისას, პოლიციამ საპროტესტო აქციები ძალის და სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაშალა. დემონსტრაციების ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ უკან დაიხია და მოგვიანებით ჩააგდო კიდეც კანონპროექტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG