მისი გამოსვლა პარლამენტში ნახევარ საათს გაგრძელდა. სიტყვა აგებული იყო ეროვნულ-სუვერენულ და ქრისტიანულ ნარატივებზე.
ყაველაშვილმა, - რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა საარჩევნო კოლეგიამ 2024 წლის ბოლოს აირჩია პრეზიდენტად, - გააკრიტიკა ოპოზიცია და დასავლელი პარტნიორები, მადლობა მრავალჯერ გადაუხადა „ქართულ ოცნებას“.
საგარეო პოლიტიკა
პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განავითარა „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების აზრი ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების და ამ ახალ წესრიგში საქართველოს როლის შესახებ.
მიხეილ ყაველაშვილს მიაჩნია, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, „საქართველომ გარე ძალების ზეწოლას გაუძლო“ და ახლა გამოსავალი „სამშვიდობო პოლიტიკაა“, რომელიც „ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკის არსია“.
„შეგვიძლია, რომ საქართველო საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის საკვანძო ქვეყნად ვაქციოთ. ხელი შევუწყოთ აზიის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკურ ინტეგრაციას, განვიმტკიცოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ჰაბის სტატუსი და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან კავშირი კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ“, - თქვა მან.
როგორ? - ხედვა აღარ განუვრცია.
აშშ და ევროკავშირი
პრეზიდენტ ყაველაშვილის მტკიცებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, „ევროპული ბიუროკრატია უხეშად ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ხელმძღვანელობს ორმაგი სტანდარტებით“, რასაც სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის „მტრობად“ მოიაზრებს.
„ისინი ჩვენს ქვეყანას თავიანთი გეოპოლიტიკური პროექტის ნაწილად აღიქვამენ, რომლის ფარგლებშიც საქართველომ მათ მიერ დასახული კონკრეტული მიზნები უნდა შეასრულოს. მოუწევთ მათ შეგუება, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული სახელმწიფო“, - თქვა ყაველაშვილმა.
იქვე დაამატა, რომ ხელისუფლება მზადაა, აღადგინოს აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობა და „სუფთა ფურცლიდან დაიწყოს“, რაც, მისივე მტკიცებით, გამოიხატა „პარტნიორობის გზამკვლევის“ შეთავაზებაში, რომელშიც დეტალურად იქნებოდა გაწერილი ორივე ქვეყნის ინტერესები.
აშშ-ს მეორე წელია შეჩერებული აქვს საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა. გადაწყვეტილება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო. „ქართული ოცნების" ხელისუფლებას, რომლის არაერთი წარმომადგენელი აშშ-ის მიერაა სანქცირებული, იმედი აქვს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ პოლიტიკას შეცვლის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია 3 თებერვალს ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ბრენდან ჰანრაჰანს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოლტერი.
4 ოქტომბრის აქცია
მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით, 2025 წლის 4 ოქტომბრის აქცია „ძალადობრივი სცენარით ხელისუფლების დამხობის მიზანმიმართული მცდელობა იყო“, რომელიც, მისი შეფასებითვე, „რადიკალური ჯგუფების მიერ გარე ძალების მხარდაჭერით ხორციელდებოდა და ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა ინტერესებს ემსახურებოდა“.
მან მოიწონა „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკა და განათლების რეფორმასაც ვრცლად შეეხო.
განათლება
მიხეილ ყაველაშვილის აზრით, „განათლება განიხილება არა მხოლოდ ცოდნის მიღების, არამედ სახელმწიფოსადმი ლოიალური და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქის ფორმირების ინსტრუმენტად, სადაც ეროვნული ინტერესები, სამშობლოს სიყვარული და ისტორიული ნარატივი ცენტრალურ ადგილს იკავებს“;
„მე მჯერა, რომ რეფორმის განხორციელების შემდეგ მივიღებთ თანამედროვე გამოწვევების შესაბამის, გამართულ სისტემას, რომელიც მოსწავლისა და მასწავლებლის, სტუდენტისა და პროფესორის საჭიროებებზე იქნება მორგებული და საქართველოს ეროვნულ, სახელმწიფოებრივ ინტერესებს მოემსახურება, გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ამ კონტექსტში მან წინა ხელისუფლების მიერ სპორტის უნივერსიტეტის დახურვა ახსენა, დღეს კი „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებენ ოპონენტები პროგრამების დახურვისა და უნივერსიტეტების[მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ყველაზე დიდი ზიანი მიადგა] მიზანმიმართულად „გამოშიგვნისა და დასუსტებისთვის". ამაზე მიხეილ ყაველაშვილს არაფერი უთქვამს.
რეფორმის კრიტიკოსების აზრით, „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მხოლოდ პედაგოგიკური პროფილის დატოვება და სტუდენტების მისაღები კვოტების 300 ადგილამდე შემცირება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მიზნად ისახავს უნივერსიტეტის განადგურებას.
სპორტი და განათლება
ყაველაშვილი, - რომელიც ყოფილი ფეხბურთელია, - ამბობს, რომ მაშინ, როცა დეპუტატი იყო, სპორტის კომიტეტში კვლევა ჩაატარეს, რითაც გაირკვა, რომ „საქართველო, არაგადამდები დაავადებებით სიკვდილიანობის სტატისტიკით, ერთ-ერთი მოწინავე იყო ევროპის ქვეყნებში“.
ეს კი, მისი აზრით, წინა ხელისუფლების მიერ სპორტის უნივერსიტეტის დახურვას უკავშირდება.
„განსაკუთრებით ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ სპორტის უნივერსიტეტი გააუქმეს. სპორტული ინფრასტრუქტურის განადგურებასთან ერთად, გააუქმეს სპორტის ინსტიტუტი. 7-წლიანი პაუზა იყო და დეფიციტი შეიქმნა სკოლებში სპორტის მასწავლებლების. ფიზიკის, ისტორიის და ქართულის მასწავლებლებს ჰქონდათ შეთავსებული, არც კი ატარებდნენ, ამან რა გამოიწვია - საქართველო არაგადამდები დაავადებებით სიკვდილიანობის სტატისტიკით ერთ-ერთი მოწინავე იყო ევროპის ქვეყნებში.
ეს ჭარბწონიანობა, შედეგი, რომელიც ამ მავნე [წინა] ხელისუფლებამ მოიტანა, ის იყო, რაც მოიტანა მათმა პოლიტიკამ. განადგურებული სპორტული ინფრასტრუქტურა და სპორტის მასწავლებლების დეფიციტი“, - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.
მიხეილ ყაველაშვილი - პირველი არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი
2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს ისტორიაში პირველ არაპირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებში - რომლის ლეგიტიმურობას მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიცია და პროევროპული კურსის მხარდამჭერი საზოგადოება არ ცნობს - „ქართული ოცნების“ საარჩევნო კოლეგიამ კენჭი ერთადერთ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს, უყარა.
არჩევნებში მხოლოდ ერთი პარტია, „ქართული ოცნება“, მონაწილეობდა, კანდიდატიც მისი საპატიო თავმჯდომარე მილიარდერის მიერ წარდგენილი მიხეილ ყაველაშვილი იყო.
ყაველაშვილი ანტიდასავლური და ჰომოფობიური განცხადებებით ცნობილი პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნების“ რადიკალური დანაყოფის, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი იყო.
„ხალხის ძალა“ 2023 წელს რუსული სტილის „აგენტების კანონის“ ინიციატორი იყო, ის „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა დააკომპლექტეს და პირველებმა დაიწყეს დასავლელი პარტნიორების კრიტიკა, მმართველი პარტიის პოლიტიკურ გზავნილებში შემოიტანეს კონსპირაციული თეორია „გლობალური ომის პარტიის” შესახებ. დეპუტატობისას მიხეილ ყაველაშვილის საპარლამენტო გამოსვლები უწმაწური სიტყვებითა და არაკორექტულობით იყო გამორჩეული.
პოლიტიკამდე მიხეილ ყაველაშვილი ფეხბურთელი იყო. მას არ აქვს უმაღლესი განათლების დიპლომი, რის გამოც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო. სხვადასხვა წელში თამაშობდა ისეთ საფეხბურთო კლუბებში, როგორებიცაა: „მანჩესტერ სიტი“, „გრასჰოპერსი“, „ციურიხი“, „ლუცერნი“.
მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა და თქვა, რომ ის „თავისი ბუნებით და, თუ გნებავთ, ჰაბიტუსითაც, ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება“ იყო. იქამდე, „ქართულ ოცნებაში“ თქვეს, რომ მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატი ყველას ეყვარებოდა.
პრეზიდენტის არჩევნები პარლამენტის შენობის გარეთ მოქალაქეებმა გააპროტესტეს. მათ მიხეილ ყაველაშვილს ჯერ თავიანთი დიპლომები, შემდეგ წითელი ბარათები აჩვენეს. მათი მოსაზრებით, მიხეილ ყაველაშვილის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დგას იმდენად, რამდენადაც ეჭვქვეშ დგას იმ პარლამენტის ლეგიტიმაცია, რომლის წევრებმაც მიიღეს მის არჩევნებში მონაწილეობა.
ფორუმი