Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მძიმე დღეების მიუხედავად, ქართველები ისრაელში რჩებიან


ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, 13 მაისს „ძალიან მძიმე ღამე“ ჰქონდათ, ღაზის სექტორთან ახლოს განლაგებულ ქალაქებში.

ბევრმა მთელი ღამე თავშესაფარში გაატარა. თუმცა უმეტესობა ძველებურად განაგრძობს მუშაობას და თვლის, რომ მადლიერების ნიშნად, ახლა ისინიც გვერდში უნდა დაუდგნენ ისრაელის სახელმწიფოს. საქართველოს ელჩმა ისრაელში, ლაშა ჟვანიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ევაკუაცია არ იგეგმება და უსაფრთხოების ზომების დაცვის შემთხვევაში, ისრაელის დატოვების აუცილებლობა არ დგას. ისრაელისა და პალესტინის დაპირისპირება უკიდურესად სახიფათო ფაზაში შევიდა 14 მაისს შუაღამისას, როცა მხარეებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ინტენსიურ საჰაერო იერიშებს მიმართეს.

„ასეთი შემოტევა ამ დღეებშიც არ ყოფილა“; „ეს ყველაზე უარესი იყო“; „ლამის დაინგრა მთელი ქალაქი“; „ბომბების წვიმა იყო“; „მთელი ღამე ბუნკერში გავატარე“, - წერენ სოციალურ ქსელებში ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ღაზის სექტორთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე 14 მაისს, შუაღამისას დაწყებული დაბომბვის შესახებ.

სარაკეტო შეტევის მაუწყებელი გამაყრუებელი სიგნალები ზოგიერთ ქალაქში დილითაც და შემდეგ, შიგადაშიგ, მთელი დღის განმავლობაში ისმოდა. 14 მაისს, შუაღამიდან ყველაზე რთული მდგომარეობა შეიქმნა ქალაქებში: აშკელონი, აშდოთი და ბეერ-შევა.

თბილისელ ინგა სოფრომაძეს, რომელიც ქალაქ აშდოთში ხნიერ ადამიანს უვლის, განგაშის სიგნალების გამო კორპუსის ნულ სართულზე, თავშესაფარში ჩასვლა იმდენჯერ მოუწია, რომ ბოლოს გადაწყვიტა, სახლში აღარ დაბრუნებულიყო.

„სამი ღამის უძილო ვიყავი, რადგან ამ სახლში არ არის თავდაცვისთვის განკუთვნილი სპეციალური ოთახი და სიგნალის ხმაზე თავშესაფარში ჩასვლა მიწევს. მოხუცი, ვისაც ვუვლი, ჩამოსვლაზე უარს ამბობს.

სადღაც 40 წამი გვაქვს განსაზღვრული, მაგრამ ეს დრო არ არის აშკარად საკმარისი თავშესაფარში ჩასასვლელად. ჩემი დაკვირვებით, ამ ბოლო დღეებში გამოშვებულ რაკეტებს უფრო მაღალი სიჩქარე აქვთ და უფრო მალე აღწევენ ჩვენს ქალაქამდე. კიბეების ჩავლასაც ვერ ვასწრებ.

გუშინ ღამით ათჯერ მაინც ჩაირთო სიგნალი. „ბუნკერსა“ და სახლს შორის ზევით-ქვევით სიარული აღარ შემეძლო. ამიტომ გუშინ თავშესაფარში ჩავიტანე სკამი, ბალიში, გადასაფარებელი და ასე დავიძინე იქვე. დილის 7 საათამდე ვიყავი იქ, სხვებთან ერთად“, – გვიყვება ინგა სოფრომაძე, რომელიც ისრაელში მყოფ ქართველებს სოციალური ქსელების საშუალებით მუდმივად სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

მისი რეკომენდაციაა ასევე, რომ ამ „საომარ მდგომარეობაში“ პასპორტი და ტელეფონი სულ თან ჰქონდეთ - მაინც, ყოველი შემთხვევისთვის. მაგრამ ტელეფონი „ბუნკერში“ ინტერნეტს არ იჭერს და გუშინ, მთელი ღამით იქ რომ რჩებოდა, წინასწარ გააფრთხილა საქართველოში მყოფი ოჯახის წევრები, რომ ვერ დაუკავშირდებოდნენ და არ შეშინებოდათ, რადგან 100%-ით „დაცულ ადგილას“ იმყოფებოდა.

ინგა სოფრომაძე დარდობს, რომ ისრაელში მცხოვრები ადამიანების ერთი ნაწილი საკუთარ სიცოცხლეს სათანადოდ არ უფრთხილდება, წესებს ზერელედ იცავს, სიგნალის დროს თავშესაფარში არ ჩადის და იქვე, კიბეებზე ჯდება:

„ჩვენს შორის სადღაც 22 კილომეტრია და ბომბები აშკელონში როცა ცვივა, აქ აშდოთში ვგრძნობ ხოლმე ზანზარს... და როცა თვითონ აშდოთი იბომბება, სახლი ისე ზანზარებს, როგორც მიწისძვრის დროს. თავისუფლად შეიძლება, ამ დროს კიბის უჯრედი ჩავარდეს... კიბეზე ჯდომა არ არის უსაფრთხოების დაცვა“.

14 მაისს, შუაღამისას ღაზის სექტორიდან პალესტინელებმა რამდენიმე ათეული რაკეტა ქალაქ აშკელონისკენაც გაუშვეს. ზოგადად, რაკეტების დაახლოებით 90%-ს საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათი“ იგერიებს, მაგრამ არა ყველას. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გუშინ ღამით ერთი ბომბი მრავალსართულიან სახლსაც მოხვდა და ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. მედია იუწყება სხვა დაშავებულების შესახებაც.

ქალაქ აშკელონში ცხოვრობს და ასევე ხნიერი ადამიანის მომვლელად მუშაობს საქართველოდან ჩასული მარინა კუჭავა. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, მართალია, მის ბინაში თავშესაფრად გამიზნული სპეციალური ოთახია და კიბეებზე ზევით-ქვევით სიარული არ უწევს, მაგრამ დაღამების მაინც ეშინია.

„საღამოს, სადღაც 7 საათიდან დაიწყო სიგნალები, პერიოდულად ირთვებოდა... მაგრამ შუაღამისას, სადღაც 3 საათზე აქ ამბავი იყო - ნამდვილი მეორედ მოსვლა... ყოველ ხუთ წუთში ირთვებოდა... კიდევ კარგი, ეს დაცვის სისტემა აქვს ისრაელს, თორემ მაგი ალბათ მთელ აშკელონს გადაბუგავდა.

უკვე 13 წელია ამ ქვეყანაში ვარ, რა არ მინახავს, მაგრამ რაც ახლა ხდება, სასწაულია. აქ ბევრი მეგობარი მყავს და ძალიან ვნერვიულობ მათზე, პირდაპირ გული მისკდება, როცა ვურეკავ - შუაღამისას ზოგი სად იმალება და ზოგი სად“, - გვეუბნება მარინა კუჭავა.

13 მაისს მისი სახლის ირგვლივ ჩამოვარდნილი ბომბი არ უნახავს, მაგრამ სამი დღის წინ მის თვალწინ მთელი პარკი დაიწვა და დაინახა ასევე, როგორ იწვოდა მოპირდაპირე სახლის ბინა, სავარაუდოდ, მასში შევარდნილი ჭურვის გამო.

საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გუშინდელი მძიმე დაბომბვის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. ხოლო ქალაქ აკოში დაშავებული მამაკაცი არა საქართველოს, არამედ ისრაელის მოქალაქეა - ქართველი ებრაელების ოჯახიდან.

მორ ჯანაშვილმა სხეულის საკმაოდ მძიმე დაზიანება მიიღო და საავადმყოფოშიც მოხვდა. მისი ისტორია არა დაბომბვას, არამედ არაბების ჯგუფის თავდასხმას უკავშირდება. არაბებსა და ებრაელებს შორის გაჩაღებულ დაპირისპირებას ისრაელში დაბომბვაზე ნაკლებ პრობლემად არ მიიჩნევენ.

ისრაელში მყოფ დედებს თუ ბებიებს სოციალური ქსელების საშუალებით მუშაობის შეწყვეტასა და შინ დაბრუნებას სთხოვენ ოჯახის წევრები. მაგრამ ისინი მუშაობას მაინც აგრძელებენ და აცხადებენ, რომ - როგორც ისრაელმა გაუწოდა მათ თავის დროზე დახმარების ხელი და სიღატაკისგან იხსნა, ახლა მათი ჯერია, რომ „მეორე სამშობლოს“ გვერდში დაუდგნენ.

ლაშა ჟვანია გვეუბნება, რომ საქართველოს მოქალაქეები საელჩოს ხშირად მიმართავენ, სხვადასხვა სახის საკითხების გარკვევის მიზნით და აშკარაა ისიც, რომ სტრესში არიან. თუმცა ისრაელის დატოვებას, მისი თქმით, საბოლოოდ მხოლოდ ერთეულები წყვეტენ.

ელჩი გვეუბნება, რომ ისრაელში ამ ეტაპზე არც ევაკუაცია იგეგმება და არც სპეციალური ავიარეისების დანიშვნის საჭიროება დგას, რადგან ძველებურად ხორციელდება გეგმური ავიარეისები.

ელჩის განმარტებით, თუკი ყველა დაიცავს უსაფრთხოების ზომებს, ქვეყნის დატოვების აუცილებლობა არ არსებობს:

„უნდა გავითვალისწინოთ ის ელემენტარული რეკომენდაციები, რასაც ისრაელის „ზურგის მართვა“ გვაწვდის ყოველდღიურად: განგაშის ზარის დროს თავშესაფარში მშვიდად უნდა შევიდეთ, ყოველგვარი სიჩქარისა და პანიკის გარეშე; ღია სივრცეში ათ კაცზე მეტი არ უნდა შეიკრიბოს; ქალაქიდან ქალაქში გადაადგილება არ უნდა მოხდეს ისეთი ტრასებით, სადაც ადამიანმა თავშესაფარი, შესაძლოა, 5 წუთის მანძილზე ვერ იპოვოს“.

გამაფრთხილებელი სიგნალების ხმა ისრაელის ქალაქებში 14 მაისს დილით და დღის განმავლობაშიც ისმოდა. თუმცა, თუკი სოციალური ქსელების კომენტარებით ვიმსჯელებთ, დილას ყველა უფრო იმედიანად არის და არც იმაში ეპარებათ ეჭვი, რომ „ისრაელის ძლიერი სახელმწიფო ყველაფერს მოერევა“ და „მალე მშვიდობაც იქნება“.

პარასკევს გამთენიისას ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბოლო დღეებისთვის უპრეცედენტოდ მასშტაბური იერიში მიიტანეს ღაზის სექტორზე, საიდანაც პალესტინელები ისრაელის ქალაქებს რაკეტებით უტევენ.

სამხედრო ოპერაციაში, ავიაციის გარდა, ასევე მონაწილეობს არტილერია და მძიმე ტექნიკა. თუმცა, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედიასაშუალებები იტყობინებიან, რომ ჯერ არ დაწყებულა სახმელეთო ოპერაცია და სამხედროები უშუალოდ ღაზის სექტორის ტერიტორიაზე არ იმყოფებიან.

მედიის მონაცემებით, 10 მაისის შემდეგ გამწვავებულმა სამხედრო დაპირისპირებამ პალესტინის მხარეს 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა; ხოლო ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG