Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწვანე კონცხის სანაპიროზე ორი 28-სართულიანი ცათამბჯენის აშენება იგეგმება


მწვანე კონცხი
მწვანე კონცხი

კომპანია „ელიტ კონსთრაქშენ გრუპი“ სარეკრეაციო ზონაში ორი ცათამბჯენის აშენებას ითხოვს. იმისათვის რომ მშენებლობა დასაშვები გახდეს, სამშენებლო კომპანიამ ბათუმის მერიას მწვანე კონცხის სარეკრეაციო საკურორტო სტატუსის შეცვლა მოსთხოვა, ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ კი ქალაქის საკრებულოს მწვანე კონცხისთვის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსის მინიჭების წინადადებით მიმართა. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა მირიან მეტრეველმა ბათუმის საკრებულოს სხდომაზე კომპანიის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა წარმოადგინა:

“პროექტში წარმოდგენილია ორი 28-სართულიანი შენობა, რომლის ძირითად ნაწილს სასტუმრო დაიკავებს, ასევე იქნება საცხოვრებელი და საოფისე ფართები. მოეწყობა კაფე, რესტორანი, საბანკეტო და საკონფერენციო დარბაზები, სპა და ფიტნეს სივრცეები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ინვესტორი ორი 41-სართულიანი შენობის უფლებას ითხოვდა, მერიის რეკომენდაციის გათვალისწინების შემდეგ კი 28 სართულზე შემოიტანს მოთხოვნას“, განაცხადა მირიან მეტრეველმა ბათუმის საკრებულოს სხდომაზე და იქვე აღნიშნა, რომ საკითხი მერიის ვებგვერდსა და გაზეთ „აჭარაშიც“ გამოაქვეყნეს, მაგრამ შენიშვნები და კრიტიკული მოსაზრება არავის წარმოუდგენია.

მსგავსი გადაწყვეტილების საჯარო დისკუსიის გარეშე მიღება გააპროტესტეს სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებმაც საკრებულოს სხდომაზე აღშფოთება გამოხატეს მწვანე კონცხისთვის რეკრეაციული სტატუსის შეცვლისა და იქ ცათამბჯენების მშენებლობის პერსპექტივის გამო. საზოგადოება „ბათომის“ აქტივისტმა შოთა გუჯაბიძემ - მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით საკითხს მხარი დაუჭირეს - პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვა:

„განაცხადეს, რომ ეს ინფორმაცია საჯარო იყო და საკითხის საზოგადოებრივი განხილვა შედგა. მე კი გუშინ გავიგე ამის შესახებ და არანაირ განხილვაში მონაწილეობა არ მიმიღია, მაშინ როცა მე წარმოვადგენ იმ საზოგადოებას, რომელიც აპროტესტებს ბათუმში ქაოსურ მშენებლობასა და არასწორ ურბანულ განვითარებას. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა: მწვანე კონცხს შეუცვალეს რეკრეაციული სტატუსი და საქმიანი ზონის სტატუსი მიანიჭეს, იმიტომ რომ მოახერხონ იქ კორპუსების ჩადგმა. მერე იქ დაიწყება შეუქცევადი პროცესი, როგორიც მივიღეთ ბათუმსა და მის შემოგარენში, მაგალითად, კვარიათში. მე ძალიან მრცხვენია, რომ ამ საკრებულოში ეს ადამიანები წარმოადგენენ ჩემი ქალაქის რჩეულ ნაწილს“.

პროექტი
პროექტი

საკრებულოს დეპუტატების ნაწილი აცხადებდა, რომ ამ საკითხის მხარდაჭერით მწვანე კონცხის განვითარებას დაუჭირეს მხარი, რაც ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს. ეს არგუმენტი დამაჯერებელი არ აღმოჩნდა ჟურნალისტ ირმა ზოიძისთვის:

„რეკრეაციულ ზონაში კორპუსების ჩადგმას მისცა თანხმობა ბათუმის საკრებულომ. გაოცებული ვარ - მიღებულ გადაწყვეტილებას ისევ სამუშაო ადგილების შექმნით ხსნიან. აღარ გვინდა ამ ტიპის სამუშაო ადგილები, როდესაც დისბალანსია ამ ქალაქში, მოქალაქეები არიან შევიწროებულნი და ვიღაცები კიდევ უფრო მდიდრდებიან მწვანე საფარის ხარჯზე... ეს არ არის სამუშაო ადგილები, ეს დემაგოგიაა და ეს არის კორუფცია“.

გადაწყვეტილება მიღებული იქნა საჯარო განხილვის შემდეგ, რომელიც ქალაქის მერიამ უზრუნველყოო, განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ, თუმცა იქვე აღიარა, რომ წარმომადგენლობით ორგანოს, ქალაქის საკრებულოს, მწვანე კონცხის სტატუსის შეცვლაზე არც საზოგადოებრივ დარბაზებთან უმსჯელია და არც მწვანე კონცხის ადგილობრივ მცხოვრებლებთან:

„საკრებულოს უმრავლესობამ დაუჭირა მხარი და მეც დავეთანხმე. იქ აშენდება 28- სართულიანი შენობა ნაცვლად 45 სართულისა. იქ აშენდება თანამედროვე დიზაინისა და არქიტექტურის მქონე სამკურნალო დასასვენებელი ცენტრი, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველაფრით, რაც კი მოსახლეობას სჭირდება“.

პროექტის რუკა
პროექტის რუკა

კომპანია „ელიტ კონსთრაქშენ გრუპს“, რომელიც რეკრეაციულ ზონაში ცათამბჯენების აშენებას გეგმავს, გასული წლის სექტემბერში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 20 366 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მწვანე კონცხზე პირდაპირ მიყიდვის წესითა და ინვესტიციის განხორციელების პირობით 931 000 ლარად გადაეცა. კომპანიამ ოთხმილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. აღნიშნული კომპანია კერძო პირმა ქონების შესყიდვამდე რამდენიმე დღით ადრე დაარეგისტრირა

განკარგულებას ხელი მოაწერა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. გასხვისებამდე ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრება იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG