Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მხიარული მუსიკა, უმძიმესი ტექსტი


ამ რამდენიმე კვირის წინ სასაცილო სკრინშოტს გადავაწყდი. ვიღაც ტიპი „ტვიტერზე“ კითხულობდა, რომელია სიმღერა, რომელსაც აი, ასეთი მუქი შენობასავით ტექსტი და აი, ასეთი ფერადი მელოდია აქვსო.

თუმცა, რას გიყვებით - აი, ეს იყო:

ზედ დატანილი პასუხი კარგია - Pumped Up Kicks მართლაც მხიარული სიმღერაა, ვიდრე ტექსტს არ დააკვირდები - სკოლის მსროლელზეა. თუმცა, მე სულ სხვა, გაცილებით ძველი რამე გამახსენდა.

დღეს Third Eye Blind-ის Semi-Charmed Life ალბათ ცოტას თუ ახსოვს, მაგრამ შორეულ 1997 წელს, როდესაც ხალხი კლიპებს MTV-ზე უყურებდა, ხშირად მოგხვდებოდა თვალში. არა მგონია, ვინმეს საყვარელი სიმღერა ყოფილიყო, მაგრამ არც ძალიან შეგაწუხებდა - მხიარული მელოდია ჰქონდა, დუ დუ დუ დუ დუდუდუ-თი იწყებოდა და არაერთი ქვეყნის ჩარტის სათავეში მოხვდა. დღეს უფრო პოპის კატეგორიაში გავიდოდა, მაშინ კი ალტერნატიული როკი ერქვა.

არადა, კარგა მძიმე სიმღერაა. ნარკოდამოკიდებულებაზეა. მხიარული მელოდია კი შეგნებულად აქვს - ავტორს უნდოდა, მატყუარა ტრეკი დაეწერა. რომ, აი, როგორც მეტამფეტამინი შვება, ისეთი რამეაო - ერთი შეხედვით მხიარული, მსუბუქი და სახალისო და რომ ჩაუღრმავდები, მძიმე და რომ ვერ გაექცევი, ეგეთი.

ავტორი ჯგუფის ვოკალისტი სტეფან ჯენკინსია. იხსენებს, სასტავი „პრიმუსის“ კონცერტზე ვიყავით და ჩემმა მეგობრებმა პირველად თითო ხაზი იქ გაყნოსეს. სამ კვირაში ყველა უკვე მაგაზე იჯდაო.

სტეფანი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ამ სიმღერით ლუ რიდის Take A Walk On The Wild Side-ის თანამედროვე ვერსია მინდოდა შემექმნაო. ერთგვარი სან-ფრანცისკოს პასუხი ნიუ-იორკს. ის დუ დუ დუ სწორედ ლუ რიდის დუ დუ დუ-ს გამოძახილია.

MTV და რადიოსადგურები ამ სიმღერის შემოკლებულ ვერსიას უშვებდნენ ხოლმე. ნარკოტიკების ხსენება ხშირად ამოჭრილი იყო. რატომ შვებოდნენ მასე - არ ვიცი. ბენდი მეტამფეტამინზე კარგს არაფერს ამბობდა.

ალბათ ამიტომაცაა, რომ ბევრი, ვისაც ეს სიმღერა მოუსმენია, ვერც ხვდება რაზეა. უბრალოდ მხიარული, 90-იანებისთვის ჩვეული კომპოზიციაა, Smash Mouth-ის და Spin Doctors-ის მსგავსი.

სიმღერა გამოსვლიდან ათი წლის შემდეგ ალვინმა და თახვებმაც შეასრულეს. ტექსტი, ცხადია, შეცვალეს და სექსის და ნარკოტიკების ხსენება გააქრეს.

XS
SM
MD
LG