Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარკოდანაშაული და ნარკოპოლიტიკა


14 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულ 8 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

ნარკოდანაშაული და ნარკოპოლიტიკა
please wait

No media source currently available

0:00 0:05:29 0:00
გადმოწერა

ბრალდებულთა ადვოკატები თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფთა გათავისუფლებას ითხოვდნენ გირაოს სანაცვლოდ. დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, პროკურატურა კი მათ ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენას, შენახვასა და გასაღებას ედავება. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა გასული რამდენიმე თვის მანძილზე ნარკოტიკული საშუალებები თბილისში მდებარე კლუბებსა და სხვა ტერიტორიაზე გაასაღეს. 8 პირიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, მხოლოდ ერთი დააკავეს კლუბში. განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 7-დან 14 წლამდე, ხოლო ერთ მათგანს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ნარკოდანაშაულის მიმართ დამოკიდებულება და აღნიშნული 8 პირის დაკავების შემდეგ თბილისის ღამის კლუბებში 12 მაისს განვითარებული მოვლენები 14 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გარდა, განიხილებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროშიც, სადაც მინისტრსა და აქციის „ჩემი თავისუფლებისთვის“ წარმომადგენლებს შორის დაგეგმილი შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ძირითადად დიალოგის ფორმატი განისაზღვრა. კერძოდ, გადაწყდა, რომ მოლაპარაკებები ორ სამუშაო ჯგუფში წარიმართება. მათგან ერთი ნარკოპოლიტიკის საკითხებზე იმუშავებს, მეორე კი შეაფასებს, 12 მაისს „ბასიანსა“ და „გალერიში“ შესვლისას, შემდეგ კლუბების გარეთ საპროტესტოდ შეკრებილ მოქალაქეებთან ურთიერთობაში გადაამეტეს თუ არა უფლებამოსილებას სამართალდამცავებმა.

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განმარტებით, სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო დარღვევების თემაზე განხილვები ძირითადად დელეგირებული იქნება ომბუდსმენის ოფისში, თუმცა, მისივე განმარტებით, სამართალდამცავთა უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე ოფიციალური მიმართვები არ არსებობს არც ომბუდსმენის ოფისში, არც გენერალურ ინსპექციასა და არც გენერალურ პროკურატურაში. შინაგან საქმეთა მინისტრისა და აქცია „ჩემი თავისუფლებისთვის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრას ესწრებოდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც, რომელმაც საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს შესთავაზა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე საჩივრებით ომბუდსმენის ოფისს მიმართონ. მისივე თქმით, სპეცოპერაციის მიმდინარეობისას გადაღებულ კადრებს, მათ შორის საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავების ფაქტებს უწყებას გადასცემს შინაგან საქმეთა სამინისტროც:

“სახალხო დამცველი შეისწავლის ამ აქციის ცალკეული მონაკვეთების კანონიერებას, - იგივე დაშლასთან დაკავშირებით იყო პრეტენზიები გამოთქმული, - ასევე ცალკეული დაკავების ფაქტებს, რამდენად იყო პროპორციული ზომა გამოყენებული“.

რაც შეეხება 12 მაისს ღამის კლუბებში სამართალდამცავთა მიერ სპეცოპერაციის ჩატარების საჭიროების საკითხს, აქცია „ჩემი თავისუფლებისთვის“ წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მედიასთან განაცხადა, რომ ღამის კლუბებში შესვლა პოლიციამ ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შემთხვევების გახშირებისა და კლუბებში ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტების დადასტურების შემდეგ გადაწყვიტა:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს სპეციალური საშუალებებით დადასტურებული 6 შემთხვევა სხვადასხვა კლუბებში - უფრო სწორად, სხვადასხვა კლუბებში, დღეის მდგომარეობით, 20 გადაღებული შემთხვევა - ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის. ეს - ერთი. მეორე: შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში ღამის კლუბების არეალიდან 112-ში გამოძახება და შემდგომ საავადმყოფოებში გადაყვანა ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გაიზარდა ბევრჯერ და მათი რაოდენობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში იყო 48“.

გიორგი გახარია ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იყო „განეხორციელებინა ეს ნაბიჯები“. მისივე განმარტებით, დიალოგის მხარეები ერთმნიშვნელოვნად შეთანხმდნენ, რომ ნარკორეალიზაცია და ნარკორეალიზატორები ქვეყნის პრობლემაა და მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დასაბუთებული და დადასტურებული ეჭვი ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით, ვერავინ შეზღუდავს მისი მოქმედების არეალს.

ნარკოპოლიტიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში 16 მაისისთვის ჩაინიშნა. მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წარმომადგენელი დავით სუბელიანი ნარკომოხმარების ლიბერალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვან წინსვლას არ ელოდება, თუმცა ამბობს,რომ არის რაღაცები, რაც აქამდე არ თქმულა:

“არ თქმულა, მაგალითად, იმის შესახებ, რა დაინახა სახელმწიფომ ბოლო სამ დღეში. გარდა იმისა, რომ მან ძალიან ეფექტურად მოახერხა ქუჩის საპროტესტო ტალღის გადმოტანა სამინისტროში, მან დაინახა, რომ ეს არის ბომბი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს“.

დათო სუბელიანი ადასტურებს, რომ 14 მაისს გამართულ შეხვედრაზე რეფორმის დეტალებზე არ უმსჯელიათ, თუმცა ვარაუდობს, რომ კანონპროექტი, რომელსაც ხელისუფლება წარადგენს საბაზისოდ, იქნება უკეთესი, ვიდრე ეგრეთ წოდებული 8 ნივთიერების კანონპროექტია, თუმცა - უარესი, ვიდრე ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებული პაკეტია. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეები, თანამშრომლობის ფორმატის ჩავარდნის შემთხვევაში, კვლავ აქციებზე დაბრუნებას აპირებენ. მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბექა წიქარიშვილი, ამბობს, რომ დათმობაზე წასვლას არ აპირებენ:

“ჩვენი გუშინდელი დროებითი დაშლა იყო, ფაქტობრივად, კომპრომისი, საჭირო კომპრომისი და დანარჩენი უკვე ერთად შეთანხმდება“.

თავის მხრივ, ანტინარკოტიკული კამპანიის დაწყების ინიციატივით გამოდის საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანა ლამის სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე აღმოჩნდა:

„ჩვენ ვნახეთ როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი და შეცდომების მთელი წყება, რომელიც დაიწყო რეიდით თუ სპეცოპერაციით და შემდეგაც გრძელდებოდა“.

რანაირად შეიძლება მოვახერხოთ, რომ რამდენიმე საათში სამოქალაქო დაპირისპირების ზენიტამდე მივიდეთ? - კითხულობს გიორგი მარგველაშვილი და ამბობს, რომ კითხვებს ძალიან პირდაპირი პასუხები სჭირდება.

პასუხი კი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა 11 მაისს ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებულ პირებს, მათთვის პატიმრობის შეფარდებაა.

XS
SM
MD
LG