Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარკოპოლიტიკა „ბასიანის“ შემდეგ - რას დაგვპირდნენ და რა მივიღეთ


ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას სთხოვს, ნარკოპოლიტიკის სფეროს რეფორმამდე გამოიყენონ ამნისტიის ან შეწყალების მექანიზმი იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებიც ნარკოდანაშაულზე უსამართლო ან არაპროპორციულ სასჯელს იხდიან. EMC კვლევის საფუძველზე აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკის სფეროში დაგროვილი პრობლემები წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებებთან.

თემურ კალანდაძე 2017 წელს აეროპორტში დააკავეს. საქმის მასალების თანახმად, მას თან ჰქონდა 32 აბი სუბუტექსი, რომელიც პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა. კალანდაძე ბრალს დღემდე არ აღიარებს. მიუხედავად ამისა, მას 15 წელი აქვს მისჯილი.

დააკავეს აეროპორტში, გაატიტვლეს, გაჩხრიკეს. რომ ვერაფერი უპოვეს, სცემეს.
დავით კორკოტაშვილი

"დააკავეს აეროპორტში, გაატიტვლეს, გაჩხრიკეს. რომ ვერაფერი უპოვეს, სცემეს. შემდეგ საავადმყოფოში წაიყვანეს მუცლის ღრუს ტომოგრაფიის გადასაღებად. იქაც არაფერი აღმოაჩნდა. პარალელურად სთავაზობდნენ ე.წ. ინფორმატორი გამხდარიყო. ამას რომ არ დათანხმდა, დასაჯეს და თავადვე ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება“, - ამბობს თემურ კალანდაძის ადვოკატი დავით კორკოტაშვილი.

მისივე თქმით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო, თუმცა სააპელაციომ პატიმრობაში დატოვა: „აბსოლუტურად გააყალბეს მტკიცებულებები და ისე გამოიტანეს განაჩენი“.

EMC აცხადებს, რომ ნარკოტიკების მოხმარების ან მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების ფლობისთვის რამდენიმე ათეული ადამიანი ჯერ კიდევ ციხეში რჩება.

დაპირების მიუხედავად, ხელისუფლებას ამ დრომდე არ წარმოუდგენია ხედვა, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული პრობლემები.

აქცია პარლამენტის წინ, 2018წ.
აქცია პარლამენტის წინ, 2018წ.

​2018 წლის მაისში, როცა შსს-ს ძალები კლუბ „ბასიანში“ შეიჭრნენ და პროტესტის ნიშნად ხალხი პარლამენტის წინ შეიკრიბა, ერთ-ერთი მოთხოვნა ნარკოპოლიტიკის რეფორმა და პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიღება იყო. შს მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე ითქვა კიდეც, რომ უახლოეს დღეებში კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მაგრამ მას შემდეგ ვითარება არ შეცვლილა.

სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული

„ეს კანონპროექტი ითვალისწინებდა პირადი მოხმარების გამო მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობის დეკრიმინალიზაციას. რეალურად, კანონმდებლობა შეიცვალა მხოლოდ მარიხუანასთან დაკავშირებით და ისიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო“, - ამბობს EMC-ს წარმომადგენელი სოფო ვერძეული.

EMC-ის კვლევის თანახმად, მართალია, შედარებით მოწესრიგდა მძღოლის ნარკოტესტირების მეთოდები, მაგრამ უცვლელი დარჩა ნარკოლოგიური შემოწმების საფუძვლები და ქუჩიდან ნარკოტესტირებაზე პირთა გადაყვანის პროცედურები.

გარდა ამისა, კანონმდებლობა არაჰუმანური სასჯელის გამოყენების საშუალებას იძლევა, მიუხედავად ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობისა, რისი თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება ბრალდებული საპროცესო შეთანხმებას დათანხმდეს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG