Accessibility links

site logo site logo

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ვაქცინაცია არ დაწყებულა. ექიმები ხელისუფლებას აკრიტიკებენ


დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ წლის დასაწყისშივე განაცხადა, რომ იმუნიზაცია აპრილის დასაწყისიდან შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ცხინვალში რუსული ვაქცინა ჯერ არ ჩაუტანიათ.

რუსეთის ფედერაციამ მხოლოდ საოკუპაციო ძალების პირადი შემადგენლობა მოამარაგა. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცები დაჩქარებული ტემპით აცრეს. მათ 9 მაისს დანიშნული სამხედრო აღლუმისთვის ამზადებენ.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე. წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ექიმ-რეანიმატოლოგი ალექსანდრ პლიევი აცხადებს, რომ ხელისუფლება ვაქცინა „სპუტნიკ-ვ“-ს შეძენას გეგმავს.

მათ სურთ შეიძინონ ვაქცინა „სპუტნიკ-ვ“-ს ორი ათასი დოზა სულ ორ მილიონ რუბლად. ფასი, შეიძლება ითქვას, სიმბოლურია. ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ვაქცინაზეც, კოვივაკზე, მაგრამ ძირითადად „სპუტნიკ-ვ“-ს შეიძენენ. ვინც ავად იყო, ვაქცინა არ სჭირდება. ჩემი ინფორმაციით, სადღაც თხუთმეტიდან ოცი ათასამდე ადამიანი იყო ინფიცირებული. ორი ათასი დოზა განკუთვნილია ძირითადად რისკჯგუფისთვის - ექიმებისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ არ უავადმყოფიათ და მათთვის, ვისაც უწევს ბევრ ადამიანთან კონტაქტი. ისინი პირველ რიგში მიიღებენ ვაქცინას“.

დე ფაქტო სანიტარიული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, სამხრეთ ოსეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით, 4 ათასამდე ადამიანი დაინფიცირდა, თუმცა ალექსანდრ პლიევი ამ მონაცემებს არ ენდობა და ამბობს, რომ მოსახლეობის, დაახლოებით, ნახევარმა უკვე გადაიტანა კორონავირუსი და, დაახლოებით, ასი ადამიანი გარდაიცვალა.

„დიახ, მოსახლეობის, დაახლოებით, ნახევარი ავად იყო და ასამდე ადამიანი გარდაიცვალა COVID-19 ით და მისგან გამოწვეული შედეგებით“, - უთხრა „ეხო კავკაზას“ ალექსანდრ პლიევმა.

ექიმის განმარტებით, დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ წლის დასაწყისშივე დაგეგმა აპრილში ვაქცინაციის პროცესის დაწყება, მაგრამ ამ დრომდე შესყიდვა ჯერ ვერ განახორციელა. მისი თქმით, მთავრობა არ აქტიურობს და პროცესი ამის გამო ჭიანურდება.

„ვაქცინის შესაძენი თანხა არსებობს, 72 მილიონი რუბლი რუსეთის ფედერაციამ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოგვიყო. ეს თანხა ბიუჯეტში არ აგვისახავს და ჰაერშია გამოკიდებული. მისით სარგებლობა მანამდე არ შეგვიძლია, ვიდრე მთავრობა ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს არ გამოგვიგზავნის და პარლამენტში მას არ დავამტკიცებთ. მთავრობა აგვიანებს არა მარტო ვაქცინის შესყიდვას, არამედ საინფორმაციო კამპანიის ჩატარებასაც. ხალხი არ არის მზად. ინტერნეტში ბევრი ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდება ვაქცინაციის შესახებ. ამიტომ ბევრს ეშინია და აცრას არ აპირებს“, - აცხადებს ალექსანდრ პლიევი.

ცხინვალში კი მართლაც ბევრი ადამიანი იჩენს სიფრთხილეს ვაქცინაციის მიმართ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ცხინვალელმა წყარომ, სამოქალაქო აქტივისტმა უთხრა. მისი აზრით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

„აპირებენ „სპუტნიკ-ვ“-ს შემოტანას. ყველამ ვიცით, რომ ამ ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ გაუვლია, ამიტომ მისი ნდობა რუსეთშიც კი ნაკლებია. გარდა ამისა, მოსახლეობას არავინ უხსნის, რა გვერდითი მოვლენები ახლავს რუსული ვაქცინით აცრას. არც ის ვიცით, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებზე როგორ იმოქმედებს. მოკლედ, ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს და მოსახლეობის სიფრთხილე გასაგებია. რაც შეეხება ინფიცირებულთა სტატისტიკას, ადგილობრივი სანიტარიული სამსახურის მიერ გავრცელებული ციფრები აშკარად შემცირებულია, რადგან სოფლებიდან ხალხი არ მიმართავდა ჯანდაცვის ობიექტებს და ძირითადად სახლში მკურნალობდნენ, ამიტომ მათი რეგისტრაცია არ მომხდარა. ვფიქრობ, 4 ათასზე მეტმა ადამიანმა იავადმყოფა ჩვენთან. სოციალურ ქსელებში იმასაც წერენ, რომ თუ რესპუბლიკის მოსახლეობის ნახევარმა უკვე დაამარცხა კორონავირუსი, გამოდის, რომ კოლექტიური იმუნიტეტი უკვე გვქონია და ვაქცინაცია რაღად გვინდაო. მოკლედ, ამ პროცესთან დაკავშირებით ჯერ დიდი გაურკვევლობა გვაქვს“.

ამასობაში დე ფაქტო ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არ გადავიდნენ არც სამკურნალოდ და არც ვაქცინაციისთვის, თორემ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ ასცდებათ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ თბილისის „პროვოკაციას“ და არ დაარღვიონ ე. წ. საზღვარი. ამის შესახებ განცხადებას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მიუღებელია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვლის შემთხვევაში, მოქალაქეებს 5-დღიანი კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ:

საქართველოს ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა შესთავაზა. გააუქმა მათთვის გათვალისწინებული სავალდებულო ხუთდღიანი კარანტინი. ასეთიპრივილეგიების" მინიჭება უხეში პროვოკაციაა, რაც საფრთხეს უქმნის რესპუბლიკის მოსახლეობის უსაფრთხოებას", - აღნიშნულია დე ფაქტო უშიშროების განცხადებაში. ის მოქალაქეებს მოუწოდებს გამყოფი ხაზის გადაკვეთამდე იფიქრონ შესაძლო შედეგებზე, კერძოდ, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებაზე, ასევე, იმ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე არსებობს.

19 აპრილიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით შემოწმებას დაექვემდებარებიან; ასევე, ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან. - ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები მომავალში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ.

დე ფაქტო სანიტარიული სამსახურის ცნობით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში 3 292 ადამიანი დაინფიცირდა, თუმცა ამ სტატისტიკას ცხინვალის მოქალაქეები და მედპერსონალი უნდობლად უყურებენ და მიიჩნევენ, რომ დაავადებულთა რიცხვი გაცილებით მეტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG