Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის 2 გეგმა ხელისუფლების საპასუხოდ


2019 წლის 18 ნოემბერი, პარლამენტის შენობასთან
2019 წლის 18 ნოემბერი, პარლამენტის შენობასთან

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი. ამ ეტაპზე ჩიხური სიტუაციაა შექმნილი - უკან დახევას არც ხელისუფლება აპირებს და არც ოპოზიცია. პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნის გარშემო გაერთიანებულ ოპოზიციას სათადარიგო გეგმაც აქვს.

მე-5 რაუნდის მოლოდინში

მას შემდეგ, რაც არ შესრულდა „ქართული ოცნების“ დაპირება 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით, ხელისუფლება დათანხმდა ოპოზიციასთან დიალოგს.

2019 წელს გაიმართა ოთხი უშედეგო რაუნდი. მეხუთე რაუნდის თარიღი ჯერ უცნობია.

ამ ეტაპზე მოლაპარაკებათა მაგიდაზე ორი შეთავაზება დევს, ორივე დაწუნებული:

1. ოპოზიციური ერთობის მიერ შეთავაზებული ე.წ. „გერმანული მოდელი“, რომელზეც თავიდანვე უარს ამბობდა ხელისუფლება;

2. ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ე.წ. „100/50 - მაჟორიტარული მანდატების შემცირების მოდელი“, რომელზეც თავიდანვე უარს ამბობდა ოპოზიცია.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ თუკი ოპოზიცია მის შეთავაზებაზე უარს იტყვის, მაშინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დღეს მოქმედი შერეული სისტემით ჩატარდება.

  • ე.წ. „გერმანულ მოდელს“ ხელისუფლება კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ თვლის - აცხადებდნენ, რომ კონსტიტუციის შეცვლის რესურსი არ არსებობს;
  • თუმცა ხელისუფლების მიერ 20 დეკემბერს წარმოდგენილი ინიციატივაც მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„100/50“-ზე ოპოზიციის მიერ ნათქვამი უარი ისევ უცვლელია. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას სახელდება რამდენიმე არგუმენტი:

  • მაჟორიტარი დეპუტატების რიცხვის 23-ით შემცირება არაფერს ცვლის, რადგან საზოგადოების დაკვეთაა არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება;
  • ამ მოდელით ხელისუფლება შერეული სისტემის სამუდამოდ დაკანონებას ცდილობს მაშინ, როცა დღეს მოქმედი კონსტიტუციით პროპორციული სისტემა უკვე გარანტირებულია 2024 წლისთვის;
  • ამ მოდელით „ქართული ოცნება“ კვლავ შეძლებს იმაზე მეტი საპარლამენტო მანდატის მიღებას, ვიდრე ის რეალურად დაიმსახურებს.

რისი იმედი აქვს ოპოზიციას?

ოპოზიციური ერთობა იმედოვნებს, რომ ე.წ. „გერმანულ მოდელზე“ მათთვის დამაკმაყოფილებელ დასკვნას გამოაგზავნის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR).

ეუთოს სტრუქტურამ ე.წ. „გერმანულ მოდელის“ კონსტიტუციასთან შესაბამისობა უნდა შეამოწმოს. ODIHR-ის პასუხს ოპოზიცია უახლოეს მომავალში მოელიან.

როგორც რადიო თავისუფლებას ოპოზიციურ ერთობაში უთხრეს:

  • თუკი პასუხი დადებითი იქნება, ეს იქნება კიდევ ერთი მძლავრი ბერკეტი, რომელიც ე.წ. „გერმანული მოდელის“ წინააღმდეგ ხელისუფლების პოზიციას შეასუსტებს;
  • თუკი პასუხი მაინც უარყოფითი იქნება (რაც ნაკლებად სავარაუდოა), დღის წესრიგიდან მაინც არ მოიხსნება პროპორციული სისტემის მოთხოვნა, რადგან ეს საზოგადოების მტკიცე მოთხოვნაა.

„ქართულ ოცნებას“ მოუწევს უკან დახევა - სჯერათ ოპოზიციურ ერთობაში. იმედები დიდწილად საერთაშორისო პარტნიორებს უკავშირდება. მთავარი აქცენტები ასეთია:

  • საერთაშორისო პარტნიორები გააწბილა „ქართული ოცნების“ მიერ არშესრულებულმა დაპირებამ პროპორციული სისტემის 2020 წლისთვის შემოღებასთან დაკავშირებით;
  • „ქართულ ოცნებას“ თემა დახურული ჰქონდა და არც დიალოგს აპირებდა ოპოზიციასთან, მაგრამ მან წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევას;
  • მკაცრი და მზარდია საერთაშორისო თანამეგობრობის კრიტიკა „ქართული ოცნების“ მისამართით.

"ქართული ოცნება" საერთაშორისო თანამეგობრობიდან წამოსულ სიგნალებში შემაშფოთებელს ვერაფერს ხედავს.

ოპოზიციის (მთავარი) გეგმა #1

ოპოზიციას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ მიაღწიოს მთავარ მიზანს - 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას - „იძულების ყველა მშვიდობიანი მექანიზმი იქნება გამოყენებული“.

როგორც რადიო თავისუფლებას ოპოზიციურ ერთობაში უთხრეს:

  • ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგის ფორმატში დარჩება ბოლომდე - მანამდე, ვიდრე სრულად არ გამოჩნდება „ქართული ოცნების“ არაკონსტრუქციულობა;
  • პარალელურად, გაგრძელდება საპროტესტო აქციები და პარლამენტის პიკეტირება (პროცესი განახლდება სავარაუდოდ - 4 თებერვლიდან და შესაძლოა - უფრო ადრეც).

ოპოზიციურ ერთობაში პრობლემად არ თვლიან იმ ფაქტს, რომ პიკეტირებას ყველა პარტია არ უჭერს მხარს - „ყველას ყველაფრის გაკეთება არ მოეთხოვება. ფუნქციები დანაწილდება“.

ოპოზიციის (სათადარიგო) გეგმა #2

ეს გეგმა ჯერჯერობით აქტიურად არ განიხილება, თუმცა კონტურები მაინც მოხაზულია იმ შემთხვევისთვის, თუკი „ქართული ოცნება“ საბოლოო უარს იტყვის დაპირების შესრულებაზე და 2020 წლის არჩევნები მაინც შერეული სისტემით ჩატარდება.

ამ გეგმის მიხედვით:

  • 2020 წლის არჩევნებზე ოპოზიციური ერთობა (მეტი მანდატის მოსაპოვებლად) მაჟორიტარი დეპუტატობის ერთმანეთთან შეთანხმებულ კანდიდატებს წამოაყენებს;
  • 2020 წლის არჩევნების შემდეგ, უკვე პროპორციული სისტემით ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომლის დროსაც უკვე ერთმანეთის კონკურენტებად იქცევიან ამჟამად პროპორციული სისტემის იდეის გარშემო გაერთიანებული ურთიერთგანსხვავებული პარტიები.

ამ გეგმის მეორე პუნქტამდე მისასვლელად აუცილებელი პირობაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოიპოვოს უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში.

ხოლო თუკი „ქართული ოცნება“ გაყალბების გზით წავა და თავს გამარჯვებულად გამოაცხადებს, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხმებს „ნებისმიერი კანონიერი გზით დაიცავენ“.

ოპოზიციაში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას პრაქტიკულად გამორიცხავენ შერეული სისტემის პირობებშიც კი. ოპონენტები ხშირად ახსენებენ NDI-ის ბოლო კვლევაში ასახულ დაბალ რეიტინგს.

ამ კვლევის ობიექტურობას არ აღიარებს „ქართული ოცნება“ და 2020 წლის არჩევნებში მტკიცე გამარჯვების პირობას დებს. მმართველი პარტია აცხადებს, რომ ოპონენტებს დესტაბილიზაციისა და ძალადობის სურვილი აქვთ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG