Accessibility links

logo-print logo-print

ორი ნავალნი და საქართველო


მას შემდეგ, რაც გერმანიიდან პუტინის რუსეთში დაბრუნებული ალექსეი ნავალნი პირდაპირ "მატროსსკაია ტიშინას" საპატიმროში მოხვდა, ქართულ სოციალურ ქსელებში არ ცხრება დისკუსია: ეკუთვნის თუ არა საქართველოსგან მხარდაჭერა პუტინის ყველაზე ხმაურიან კრიტიკოსს, რომელსაც წარსულში გაკეთებული აქვს განცხადებები საქართველოს (და უკრაინის) ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ? ერთნი სიტყვასიტყვით იხსენებენ მის გამონათქვამებს; მეორენი კი მიიჩნევენ, რომ ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან კრემლის მწვავე კრიტიკოსი თავისი სიცოცხლის ფასად უპირისპირდება პუტინის რეჟიმს.

  • არის თუ არა რელევანტური წარსულში გამოხატული პოზიცია ახლა, მოცემულ სიტუაციაში?
  • არის თუ არა მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ის, რასაც ახლა ნავალნი აკეთებს?

ნავალნის მიზანი და საქართველო

„საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ (GIPA) საერთაშორისო ურთიერთობათა პროგრამის ხელმძღვანელი, თორნიკე შარაშენიძე გვეუბნება, რომ ის, რასაც ახლა ალექსეი ნავალნი აკეთებს, თამამი და რუსეთისთვის უპრეცედენტო ფაქტია:

„ახლა მისთვის ჭეშმარიტების მომენტია. მსგავსი პიროვნული საფრთხე რუსეთის ხელისუფლებისთვის ჯერ არავის შეუქმნია. მსგავსი რამ ჯერ არავის გაუბედია პუტინისთვის. მას ვერც (ბორის) ნემცოვს შევადარებთ და ვერც რომელიმე სხვა ოპოზიციონერს. ნავალნის მოწამვლაც იმიტომ გადაწყვიტეს, რომ მას უკავშირდებოდა პუტინის მთავარი შიში - შიდა დესტაბილიზაციის შიში“, - გვეუბნება შარაშენიძე.

თორნიკე შარაშენიძის თქმით, ის, რასაც ნავალნი ახლა პუტინის რუსეთში აკეთებს, საქართველოს ინტერესებსაც უკავშირდება.

რამდენიმე თეორიული სცენარიდან, საქართველოსთვის ყველაზე ხელსაყრელად პოლიტოლოგს ნავალნის საქმიანობის შედეგად რუსეთის ზომიერ (არა ქაოსამდე) დასუსტება მიაჩნია, რაც პუტინს დასავლეთთან კომპრომისს აიძულებს და ამ დროს ერთ-ერთ დათმობად შესაძლოა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაც განიხილონ.

მაგრამ ეს, მისი თქმით, შეუძლებელი იქნება იმ პოლიტიკის პირობებში, რასაც საქართველო ამჟამად ატარებს - არასაკმარისი მუშაობა დასავლეთთან და იმავე რუსეთთანაც, რომ დასავლეთს ამით საქართველოსთვის გასაკეთებელი „საქმე გაუადვილოს“.

შარაშენიძის მოლოდინი აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასაც უკავშირდება. „ბაიდენის დაბრუნება, წესით, უნდა ნიშნავდეს ამერიკულ-ევროპული პარტნიორობის ხელახალ აღდგენას, რაც მნიშვნელოვნად დაზარალდა ტრამპის ადმინისტრაციის დროს. თუ ისინი ცალ-ცალკე იქნებიან, ეს ძალიან ცუდია მათთვისაც და ჩვენთვისაც“, - გვეუბნება ის.

იცნობს თუ არა თორნიკე შარაშენიძე ალექსეი ნავალნის გამონათქამებს საქართველოს შესახებ? ცხადია, იცნობს, მაგრამ ეს მოცემულ სიტუაციაში მისთვის არაფერს ნიშნავს:

  • „ჯერ ერთი, ნავალნის ბევრი უკლია რუსეთის ხელისუფლებაში მოსვლამდე და პრეზიდენტობამდე“;
  • „შესაძლოა ამ კაცს ჰქონდა ასეთი შეხედულებები, მაგრამ ხდება ხოლმე, რომ ადამიანები იცვლიან შეხედულებებს“;
  • „მესამე ვარიანტიც არსებობს, რომ ასეთი შეხედულებები არც აქვს, მაგრამ იცის, რომ პოლიტიკური კარიერის გაკეთება შეუძლებელია იმ პირობებში, როცა რუსეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს იმპერიალისტური განწყობები ამოძრავებს“.

იმპერიალისტური ლოზუნგების გარეშე რუსეთის ხელისუფლებაში მოსვლა ყველასათვის რთული იქნება, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე. შესაბამისად, მას მსგავსი გამონათქვამები არც ალექსეი ნავალნისგან უკვირს - „თანაც, ნაციონალისტური ფრთის წარმომადგენელია და არ არის მისთვის უცხო ეს განწყობები“.

მუჩაიძეს არ უკვირს, რომ ნავალნის განცხადებები მწარედ ახსოვთ საქართველოში, მაგრამ, მისი თქმით, დღეს დასავლეთის მიერ მტკიცედ მხარდაჭერილი ნავალნი პუტინის რეჟიმის შემარყეველ ფაქტორად განიხილება. მან კიდევ ერთხელ გააშიშვლა პუტინის რეჟიმი და, შესაბამისად, ძველი გამონათქვამების გარშემო დავა ამ ეტაპზე უადგილოა:

„დღეს პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა, წამოწეულია ის, რომ აბსოლუტური განუკითხაობაა რუსეთში და ნავალნისთან დაკავშირებით ძალიან კარგად ჩანს არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევა, არამედ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ტერორიზმი. შეიძლება ითქვას, რომ ასე ცალსახად და ნათლად არასოდეს გამოჩენილა. ამ ფაქტზე აქცენტის არგაკეთება ჩემთვის ძალიან გაუგებარია“, - გვეუბნება მუჩაიძე.

რას ამბობენ ხელისუფლებაში?

საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ალექსეი ნავალნის მხარდაჭერას უცხადებს, მისი ძველი გამონათქვამები „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ 18 იანვარს შეახსენა.

გავრცელებული განცხადების თანახმად, ვოლსკიმ თქვა, რომ მართალია, დევნა და ოპონენტების გამეტება ცუდია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, ვინ არის ის - უნდა გავითვალისწინოთ, თუ რას გვიქადდა ნავალნი, როცა საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციაზე საუბრობდა - მისი გადაჭარბებული ქება-დიდება სწორად არ მიმაჩნია“.

ოპონენტებმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის ეს განცხადება რუსეთის ინტერების მხარდაჭერადაც აღიქვეს. როგორც მაგალითად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, რომან გოცირიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ნავალნის გამბედაობა ახლა გმირობის ტოლფასია, მისი ძველი გამონათქვამები ამ სიტუაციაში გასახსენებელი საერთოდ არ არის და მით უფრო - ხელისუფლების მხრიდან.

„საკვირველია, რომ „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ლიდერი ურაპატრიოტული თარგითა თუ საზომით უდგება ნავალნის და ძველი გამონათქვამების გამო აკრიტიკებს. ეს კი ფაქტობრივად ნიშნავს პუტინის მხარდაჭერას...

ეს ხშირად ხდება საქართველოში, რომ ურაპატრიოტები და რელიგიურ საბურველში შემოსილი ადამიანები სამშობლოს სიყვარულით ქადაგებენ, მაგრამ სინამდვილეში პუტინის რეჟიმის წისქვილზე ასხამენ წყალს, ასეა ნავალნის შემთხვევაშიც - თითქოს პატრიოტული გადმოსახედიდან აკრიტიკებენ და ირიბად პუტინს უჭერენ მხარს“, - გვეუბნება გოცირიძე.

18 იანვარს მედიამ გაავრცელა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წარმომადგენლის, მიხეილ სარჯველაძის განცხადება. „დიდია საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივებით დაკავება“, ამბობს მმართველი პარტიის დეპუტატი და ამატებს, რომ საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტის გამოაშკარავებისა და ეჭვების გაფანტვის მიზნით.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების რეაქციას, დეპუტატის თქმით, უნდა დაველოდოთ „შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების რეაგირებას“ და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი კონკრეტული დასკვნების გამოტანა.

19 იანვარს რადიო თავისუფლებამ შეკითხვით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს - ხომ არ აპირებს უწყება განცხადების გაკეთებას ალექსეი ნავალნის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით. დაგვპირდნენ, რომ თუ გააკეთებენ, შეგვატყობინებენ.

მაინც რას ამბობდა ნავალნი საქართველოზე?

ოკუპაციის გამართლება და „გრიზუნები“

ინტერნეტსივრცესა და არქივებში მართლაც მრავლად მოიპოვება საქართველოს შესახებ სხვადასხვა დროს ალექსეი ნავალნის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებშიც კრემლის მიმართ ანტაგონისტურად განწყობილი პოლიტიკოსი სწორედ კრემლისთვის ჩვეულ რიტორიკას მიმართავს.

განცხადებები ძირითადად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებას, ქართველების მიმართ აგდებულ დამოკიდებულებასა და რუსეთიდან მათი გამოყრის მოწოდებებს უკავშირდება:

  • „რა თქმა უნდა, ძალიან მინდა დავუშინოთ ფრთოსანი რაკეტა მღრღნელების (ქართველების) გენშტაბს, მაგრამ მღრღნელები ("გრიზუნები") სწორედ ამას ელოდებიან ... რუსეთმა უნდა მიიღოს მინიმუმ შემდეგი ზომები: აღმოუჩინოს სერიოზული სამხედრო და ფინანსური დახმარება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს... ბლოკადაში მოაქციოს საქართველო... გააძევოს ჩვენს ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე რუსეთიდან“ - ბლოგი, 2008 წლის 8 აგვისტო;
  • „რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. კი, ქართველებისთვის ეს ძალიან მტკივნეული იქნება. მაგრამ როგორც ერთ სიმღერაშია - მტკივნეულია, მაგრამ მერე სასიამოვნო იქნება. გარკვეული დროის შემდეგ, ისინი შეეჩვევიან გარდაუვალს. გარკვეული დროის შემდეგ მიხვდებიან, რომ წარსულს ვერ დააბრუნებენ და გააგრძელებენ ნორმალურ ცხოვრებას: ყურძენს მოიყვანენ, იმღერებენ, მთაში გარეკავენ ვირებსა და ჩოჩრებს და კიდევ ვისაც მწყემსავენ ხოლმე... აიმაღლებენ ცხოვრების დონეს და შესაძლოა, ასობით ათასმა ქართველმა აღარ იბოდიალოს რუსეთში. ისინი დარჩებიან სახლში და ბევრ კარგ საქმეს გააკეთებენ“ - ბლოგი, 2008 წლის 12 აგვისტო;
  • „კი, ქართველებს მღრღნელები ვუწოდე ომზე დაწერილ პოსტში, რასაც ვნანობ. ეს არ არის ლამაზი და ამან სინამდვილეში ჩემი პოსტის ნიველირება მოახდინა. დანარჩენს, რაც მაშინ დავწერე, დღესაც ვაწერ ხელს“ - 2013 წლის ივლისი, „ეხო მოსკვი“;
  • „რუსეთ-საქართველოს ომი, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და რუსეთის არმიის შეყვანა პროვოცირებული იყო საქართველოს მხარის მიერ... სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი ფაქტობრივად საომარი მოქმედებების შედეგად გამოეყო საქართველოს... მარტივი გადაწყვეტილებებით ახალ სისხლისღვრას გამოვიწვევთ“ - 2016 წლის დეკემბერი, „რადიო სვობოდა“;
  • „აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი - ეს არის რეგიონები, რომლებმაც თავიდანვე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოითხოვეს (საქართველოსგან) გამოყოფა. იქ განვითარდა სისხლიანი მოვლენები... არ შეიძლება შევადაროთ (ყირიმი) აფხაზეთს, სადაც ომი იყო და რომელიც ფაქტობრივად საქართველოსგან დამოუკიდებელი იყო ბევრი, ბევრი წელი და დამოუკიდებელია ახლაც... არ შეიძლება მძიმეებით გამოვყოთ ერთმანეთისგან აფხაზეთი, ოსეთი, ყირიმი, დნესტრისპირეთი - ეს აბსოლუტურად განსხვავებული შემთხვევებია“ - 2017 წლის ივნისი, ტელეკომპანია „დოჟდი“.

სოციალურ ქსელებში კარგად ჩანს, რომ ამ და კიდევ სხვა მსგავსი გამონათქვამების გამო, ნავალნის მიმართ მცირედ თანაგრძნობასაც არ განიცდის საზოგადოების გარკვეული ნაწილი. ასეთი რეაქციები იკვეთება უკრაინაშიც, ყირიმის შესახებ მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო. მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთები ნავალნის პუტინისგან ვერაფრით განასხვავებენ.

თუმცა ამჟამინდელ სიტუაციას ასე შავ-თეთრად არ აღიქვამს საზოგადოების უფრო დიდი ნაწილი. მათთვის არარელევანტურია ნაციონალისტი ოპოზიციონერი ლიდერის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადებები ახლა, როცა ალექსეი ნავალნი თავისი სიცოცხლის ფასად პუტინის რეჟიმის შერყევას ცდილობს. სხვა საკითხია, რამდენად გამოუვა ეს მას ახლო მომავალში.

სავარაუდოდ რუსეთის фсб-ს მიერ „ნოვიჩოკით“ მოწამლულმა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ბერლინის კლინიკაში სიკვდილს სასწაულით გადაურჩა, რუსეთში დაბრუნებით კრემლს ახალი თავსატეხი გაუჩინა. როგორც ბევრისთვის მოსალოდნელი იყო, პუტინის რუსეთში მას ღია დაახვედრეს საპატიმროს კარი და ჯერჯერობით 30 დღით დაატყვევეს.

ჯერ მის მოწამვლას და ახლა უკვე - დაკავებას, საერთაშორისო თანამეგობრობის მწვავე რეაქციები მოჰყვა. აშშ-დან თუ ევროპიდან ისმის მოწოდებები მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ.

თუმცა კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ეს ამბავი პრეზიდენტ პუტინის განსაკუთრებულ ყურადღებას არ იმსახურებს და მოსკოვი არ აპირებს ნავალნისთან დაკავშირებით დასავლეთის მიერ გამოხატული პოზიციების გაზიარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG