Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური აქტივობის ფასი - "ოცნება" მეწარმეებისთვის საკანონმდებლო "ხვრელებს'' ქოლავს

საპროტესტო ლოზუნგები - ფოტოილუსტრაცია
საპროტესტო ლოზუნგები - ფოტოილუსტრაცია

მოკლედ

  • ახალი კანონპროექტი მეწარმე იურიდიულ პირებს უკრძალავს საჯარო პოლიტიკურ აქტივობას და ჯარიმებს აწესებს (20 000–40 000 ლარი).
  • „პოლიტიკური აქტივობა“ განისაზღვრება ფართოდ და შეიძლება მოიცავდეს პოსტებს, პროტესტს, კამპანიებს.
  • მეწარმეები და იურისტები კანონს აფასებენ როგორც დაშინებისა და გაჩუმების მექანიზმს.
  • კრიტიკოსების აზრით, ცვლილებები აზიანებს გამოხატვის თავისუფლებას და ბიზნესგარემოს.

მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ კომერციული კომპანია და პარალელურად პოლიტიკურად აქტიური ხართ, თქვენი ეს აქტივობა და თქვენი ბიზნესი კი არ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, კანონი დაგსჯით - აუდიტის სამსახური პირველ ჯერზე 20 000 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი, 40 000 ლარით დაგაჯარიმებთ.

ასეთია “ქართული ოცნების” ახალი საკანონმდებლო ინიციატივა - ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის.

კანონპროექტი „ოცნების“ დეპუტატებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ 28 იანვარს გააცნო.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამბობს, რომ „ქვეყნის „რევოლუციისგან დასაცავად“, აქამდე მიღებული კანონების „გვერდის ავლის გზების” ამოქოლვას ცდილობს.

მეწარმეების ნაწილი კი აცხადებს, რომ ეს კანონი მათი გაჩუმების, შეშინების და ზეწოლის მექანიზმია.

რა წერია კანონპროექტში?

გადავხედეთ საკანონმდებლო ცვლილებების კანონპროექტს: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება მუხლი „მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური აქტივობის შესახებ“.

პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევა:

„საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის მიზნით განხორციელებული ან განსახორციელებელი აქტივობა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ“.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ მეწარმე იურიდიული პირები, როგორც ეკონომიკური ძალაუფლების მქონე პირები:

„ფლობენ მნიშვნელოვან ფინანსურ, ორგანიზაციულ და საკომუნიკაციო რესურსებს, რომელთა პოლიტიკური მიზნებით გამოყენება ქმნის რისკს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირება, განხორციელდება არა საზოგადოებრივი ინტერესების, არამედ კერძო ეკონომიკური ინტერესების გავლენით“.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გორგასლის ოფისში. 28 იანვარი, 2025
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გორგასლის ოფისში. 28 იანვარი, 2025

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე განმარტავს, რომ საკანონმდებლო ცვლილება “ინდმეწარმეებს არ შეეხება”.

რაც შეეხება “მეწარმე იურიდიულ პირებს”, გორდულაძე საინფორმაციო სააგენტო “ინტერსპრესთან” საუბარში აცხადებს, რომ მათ შესაბამისი ფუნქციები უნდა ჰქონდეთ, ხოლო პოლიტიკა უნდა აკეთოს პარტიამ, „როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული“:

“თუ კონკრეტული იურიდიული პირი, ანუ იურიდიული სუბიექტი ჩაერთვება პოლიტიკაში, მისი აქტივობა იქნება მიმართული საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისაკენ და ეს არ იქნება დაკავშირებული მის ჩვეულებრივ საქმიანობასთან გამოიწვევს ადმინისტრაციული სახით შესაბამის ჯარიმებს”…

ინდივიდუალური მეწარმე არის ფიზიკური პირი, რომელიც საქმიან ურთიერთობებში გამოდის საკუთარი სახელით. ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი.

2026 წლის მდგომარეობით, საქართველოში 667 318 ინდივიდუალური მეწარმეა. მათგან - 200 000-ზე მეტი არის აქტიური ინდმეწარმეა და 80 000-ზე მეტი იურიდიული პირი.

ქეთო ნინიძე მეღვინე და სამეგრელოში მდებარე ტურისტული ობიექტის “საოჯახო მარანი - ოდას” დამფუძნებელია. მისი აზრით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები ე.წ. “რუსული კანონის” ლოგიკური გაგრძელებაა.

“მცირე მეწარმეები, რომლებიც საერთაშორისო გრანტებით გაძლიერდნენ, თავიდანვე ყველაზე დიდი პრობლემა იყო რეჟიმისთვის. მაგალითად, მარნები, ღვინის მწარმოებლები, ტურისტული ობიექტები, პატარა რესტორნები…. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს ადამიანები დიდწილად აცოცხლებენ დღეს პროტესტს. როგორც ჩანს, დიდი ბიზნესების დაშინება და პროტესტიდან მათი ჩამოშორება უკვე მოახერხეს. დღეს კი ცდილობენ მცირე მეწარმეებსაც დაუწესონ ისეთი სანქციები, რომლის გამოც, ალბათ, ძალიან ბევრი შეიკავებს ამის გამო თავს. ჩემთვის ეს პროტესტის მოკვლის და მუხლის ჩაქრობის შორს გათვლილი მცდელობაა”, - გვითხრა ქეთო ნინიძემ.

ქეთო ნინიძე
ქეთო ნინიძე

ივანე ნაზღაიძე, 3D დიზაინერი და თვითდასაქმებული ინდმეწარმეა. ეს არის მისი შემოსავლის ძირითადი წყარო. მისი დამზადებულია, მაგალითად, საქართველო-ევროკავშირის დროშიანი სასტვენები, რომლებსაც პროევროპულ საპროტესტო აქციებზე შენიშნავთ. ივანე თავადაც მონაწილეობს აქციებში.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კანონი ამ ეტაპზე მას არ შეეხება, ის მაინც შიშობს, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ, არაერთი მიზეზი შეიძლება გაჩნდეს, რის გამოც მას სამართალდარღვევაში მოედავებიან.

“სულ რომ რუსთაველზე აღარ გავიდე და უბრალოდ, ფეისბუქზე ბენზინის ან ელექტროენერგიის ფასზე დავწერო რამე, ამისთვის”.

ან: “სასტვენი რომ ვაჩუქო ვინმეს, ეგეც დაჯარიმების მიზეზი შეიძლება გახდეს”.

ან: “ზოგჯერ უცხოეთიდან მერიცხება ჰონორარი. თუ “ოცნებამ” ჩათვალა, რომ ეს თანხა შეიძლება მოხმარდეს პოლიტიკურ აქტივობას (რაც შეიძლება უბრალოდ ევროკავშირის დროშის შეძენაში გამოიხატოს), 6 წლამდე ციხე დამემუქრება”.

ივანე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, გაქრნენ დამკვეთებიც, რომლებმაც "პოლიტიკურად აქტიურ" ადამიანთან ურთიერთობისგან თავი შეიკავონ,

ეს მას “ფინანსურად გაანადგურებს”.

იურისტი გიორგი მშვენიერაძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განმარტავს, რომ როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტებით, გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას - როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს.

“დავუშვათ, კომპანიების ნაწილი აწარმოებენ კამპანიას გადასახადების შესამცირებლად, ეგეც ხომ პოლიტიკაზე გავლენაა? და მათ ეტყვიან - თუ ამას იზამ, დაგაჯარიმებ. ამიტომ, უნდა დუმდე. ანუ - ადამიანებს, რომლებიც ქმნიან საქართველოს ეკონიმიკას, ეუბნებიან, თქვენ აღარ შეგეძლებათ რაიმე გააპროტესტოთ… მაგალითად, თქვენ ქსოვთ ქუდებს. თუ გაბედავთ და ამ ქუდის ქსოვის მიღმა გამოხატავთ რამეზე პროტესტს, 20 000 ლარით დაჯარიმდებით. ან მეღვინემ რომ თქვას, მინდა ჩემი ღვინო თავისუფალ სამყაროში გადიოდეს გასაყიდად და არა რუსეთში, შეიძლება, ამისთვისაც დააჯარიმონ”.

გიორგი მშვენიერაძე
გიორგი მშვენიერაძე

გიორგი მშვენიერაძე შიშობს, რომ “საჯარო პოლიტიკურ აქტივობად” შესაძლოა ჩაითვალოს ფესბუკზე განცხადების გავრცელება ან საპროტესტო ბანერის გამოქვეყნება ან გაფიცვაში მონაწილეობა.

პრობლემა არ შეექმნებათ მხოლოდ იმ მეწარმეებს, ვინც მთავრობას შეაქებს. დანარჩენებისთვის, მიზანი ნათელია - ნებისმიერი ფინანსები უნდა იყოს გაკონტროლებული ივანიშვილის მიერ. ნებისმიერ პოლიტიკური აქტივობა უნდა იყოს გადაზღვეული და თავისუფალი სივრცე, უბრალოდ აღარ უნდა არსებობდეს”, - უთრა რადიო თავისუფლებას გიორგი მშვენიერაძემ.

“ეს არაჰუმანური აქტია და მას არაფერი აქვს საერთო კონსტიტუციასთან. ეს არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ ადამიანები არა მხოლოდ შეზღუდონ, არამედ შიში დათესონ. ჩაგვძირონ შიშის, სიცრუის და სიხარბის მორევში, რაც მოედონება დე ფაქტო ხელისუფლებისგან”, - ასე აფასებს ფინანსისტი, საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობის“ წევრი ნიკოლოზ შურღაია რადიო თავისუფლებასთან საუბარში “ოცნების” მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებს.

არც იმას გამორიცხავს, რომ ასეთი კანონი კანონის პირობებში ქვეყანა ადამიანების, ამ შემთხვევაში მეწარმეების კიდევ ერთმა ტალღამ დატოვოს.

“როგორ უნდა აკეთო ბიზნესი ასეთ ქვეყანაში? ესეც კითხვაა...ერთი ადამიანის მიერ მეორისთვის ფულის გადარიცხვის გამოც შეიძლება მოგდონ შარი, რომ შენ, ამ ფულით, რაღაც გქონდა ჩაფიქრებული. ცხადია, ეს არის დრაკონული კანონი”.

საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას “ქართული ოცნების” პარლამენტი საგაზაფხულო სესიებზე შეუდგება. მას დაჩქარებული წესით არ განიხილავენ.

გარდა ამ ცვლილებისა, "ოცნების" საკანონმდებლო ცვლილებებით (მათ შორის, "გრანტების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით) ასევე მკაცრდება:

  • წესები უცხოურ დაფინანსებაზე, პოლიტიკურ აქტივობასა და პარტიულ საქმიანობაზე; ჩნდება პატიმრობის რისკი;
  • ცვლილებები ითვალისწინებს „გარე ლობიზმის“ კრიმინალიზაციას;
  • პარტიის წევრობა ეკრძალებათ „უცხოეთის აგენტად“ მიჩნეული ორგანიზაციის დასაქმებულებს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG