Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოჯახების შემოსავლები 2014 წელთან შედარებით შემცირებულია - რას უჩვენებს გამოთვლები


შინამეურნეობების ნომინალური შემოსავლები იზრდება, თუმცა მონაცემების ანალიზი სხვა სურათს გვიჩვენებს
შინამეურნეობების ნომინალური შემოსავლები იზრდება, თუმცა მონაცემების ანალიზი სხვა სურათს გვიჩვენებს

ხუთი წლის წინ გიას ხელფასი 1100 ლარი ჰქონდა. მაშინ 23 წლის იყო. მეგობართან ერთად იაფად ქირაობდა ბინას, ცოტას მშობლებიც ეხმარებოდნენ და ეს თანხა საცხოვრებლად, ასე თუ ისე, ჰყოფნიდა. ახლა მისი შემოსავალი 1700 ლარია, მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ უკეთ ცხოვრობს?

ახლა ხელფასი ბინის ქირაში აღარ ეხარჯება - მამიდაშვილთან გადავიდა საცხოვრებლად სამგორში, აფრიკის დასახლებაში. ბინები ისეა გაძვირებული, ქირისა და კომუნალურების გადახდის შემდეგ ხელზე არაფერი მრჩებოდაო, გვიყვება გია.

საკვები პროდუქტები სუპერმარკეტში
საკვები პროდუქტები სუპერმარკეტში

„კომუნალურებსაც ვიყოფთ. ასევე, მაქვს ტრანსპორტის 6-თვიანი აბონემენტი. თანხა ძირითადად მეხარჯება საკვებ პროდუქტებზე და საყოფაცხოვრებო ნივთებზე. ძირითადად, საკვებ პროდუქტებს ვყიდულობ, სახლში ვამზადებ და სამსახურშიც დამაქვს კონტეინერით. თორემ გარეთ ჭამა თუ მომიწია, სულ ცოტა, 10-15 ლარი ჯდება. ასე უფრო იაფად გამოვდივარ“, - ამ მდგომარეობას, ძირითადად, ინფლაციას უკავშირებს და ამბობს, რომ „ფულს ის ძალა აღარ აქვს, რაც რამდენიმე წლის წინ ჰქონდა“ - „ამ ზაფხულს, ერთი დღე მახსოვს, უბნის მაღაზიაში ვიყიდე 2 კილო კიტრი, პომიდორი, ხახვი, ვაფლი, ნახევარი კილო ყველი და 50 ლარამდე დავტოვე. თან ამ ჩემს ნაყიდ პროდუქტებში არაფერი არ მქონდა ისეთი, რაც ცილებს შეიცავდა. ანუ ხორცი არ მიყიდია. ძალიან გაზრდილია ყველაფრის ფასი“.

NDI-ის უკანასკნელ კვლევაში გამოკითხულებმა ფასების ზრდა უმთავრეს ეროვნულ პრობლემად დაასახელეს.

სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ გიას მდგომარეობაში ბევრი მოქალაქე შეიძლება იყოს: ბოლო 10 წელიწადზე მეტია, საქართველოში, ეკონომიკური ზრდის პარალელურად, ოჯახების საშუალო შემოსავალი, მართალია, ნომინალურად იზრდება, თუმცა ინფლაციის გამო, დიდად არ განსხვავდება 8 წლის წინანდელი შემოსავლებისგან - ოდნავ შემცირებულიც კია.

შემოსავლები იზრდება

საქართველოს ეკონომიკა 2012 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, საშუალოდ, 3.5%-ით იზრდებოდა. საშუალო მაჩვენებელზე უარყოფითი ზეგავლენა იქონია კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წელს 6.8%-იანმა რეცესიამ.

საქართველოს მშპ და ეკონომიკური ზრდა 2008 წლიდან დღემდე. წყარო: ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს მშპ და ეკონომიკური ზრდა 2008 წლიდან დღემდე. წყარო: ფინანსთა სამინისტრო

რაც შეეხება 2022 წელს, საქართველოს მთავრობა კვლავ 10%-იან ზრდას პროგნოზირებს. დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2023 წლის 15 ნოემბერს.

ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ, იზრდებოდა, ერთი მხრივ, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი და, ამასთანავე, შინამეურნეობების, ესე იგი, ოჯახების შემოსავლები.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით, თუკი 2012 წელს საშუალო ხელფასი 713 ლარი იყო, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 83%-ით მეტი იყო და 1305 ლარს შეადგენდა.

გარდა საშუალო ხელფასისა, არსებობს მონაცემები, რომლებიც არა ცალკეული პირების, არამედ ოჯახების - იგივე შინამეურნეობების შემოსავლებს აღწერს. ამ მონაცემებს ყოველწლიურად საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აგროვებს შინამეურნეობების ფართომასშტაბიანი „შემოსავლების და ხარჯების კვლევის“ ფარგლებში.

საქსტატის თანახმად, თუკი 2012 წელს შინამეურნეობების საშუალო თვიური ნომინალური შემოსავალი 539 ლარი იყო, 2021 წლისთვის 1112 ლარამდე გაიზარდა.

საქსტატი
საქსტატი

რა უნდა ვიცოდეთ

ჩვეულებრივ, სტატისტიკის სამსახურები, როდესაც შინამეურნეობებს იკვლევენ, იკვლევენ მათს შემოსავლებსა და ნომინალურ დანახარჯებს, თუმცა, როგორც ეკონომისტი ეგნატე შამუგია შენიშნავს, სხვადასხვა დროის მაჩვენებლების შედარება ნომინალურ მაჩვენებლებში არარელევანტურია, თუკი მათი ინდექსაცია არ მოხდა.

  • „მაგალითად, წლევანდელი მაჩვენებლები გასულ წელს რომ შევადაროთ, არარელევანტურია, რადგან დროთა განმავლობაში ფასები - ესე იგი, ფასები სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე, - იზრდება.
  • შინამეურნეობები იღებენ შემოსავლებს, ამ შემოსავლებით კი შემდგომში ყიდულობენ პროდუქციას და სერვისებს. დროთა განმავლობაში შემოსავლებს უფრო ნაკლები მსყიდველობითი უნარი აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავინახოთ შინამეურნეობების მდგომარეობა.
  • ამ მდგომარეობას გვიჩვენებს არა ის, თუ რამდენი კუპიურა აქვთ ჯიბეში ან საბანკო ანგარიშზე ადამიანებს, არამედ მათ ხელთ არსებული კუპიურებით ან მათს საბანკო ანგარიშზე არსებული თანხით რა რაოდენობის საქონლისა და მომსახურების ყიდვა შეუძლიათ, რათა დაიკმაყოფილონ მოთხოვნილებები.
  • აქედან გამომდინარე, როდესაც ვსაუბრობთ შინამეურნეობების შემოსავლებზე და გვინდა ვნახოთ მათი მდგომარეობის ცვლილება, - გაუმჯობესდა, გაუარესდა თუ უცვლელია, - აუცილებელია, ნომინალური მაჩვენებლები გავხადოთ რეალური მაჩვენებელი. ამისათვის კი საჭიროა სამომხმარებლო ფასების ინდექსის გამოყენება“, - გვეუბნება ეგნატე შამუგია, საქართველოს უნივერსიტეტთან არსებული კვლევითი ინსტიტუტის, „გნომონ ვაიზის“ მკვლევარი.
ეგნატე შამუგია, ეკონომისტი
ეგნატე შამუგია, ეკონომისტი

რას აჩვენებს ინდექსაცია

ეს გამოთვლები გააკეთა დავით სიჭინავამ, კვლევითი ორგანიზაცია „CRRC-საქართველოს“ კვლევების დირექტორმა.

გამოთვლები აჩვენებს, რომ იმ დროს, როცა 2021 წელს შინამეურნეობის საშუალო ნომინალური შემოსავალი საქართველოში 1112 ლარია, ინფლაციის მაჩვენებლებზე გადათვლის შემდეგ, - 2010 წლის ფასებით, - საშუალოდ ოჯახის შემოსავალი საქართველოში 722 ლარი გამოდის. 2014 წელს ინდექსირებული შემოსავალი 737 ლარი იყო.

დინამიკა უჩვენებს, რომ 2014 წლამდე შემოსავლები იზრდებოდა, თუმცა 2014 წლის შემდეგ, მართალია, ნომინალური მონაცემები მნიშვნელოვნად იზრდება, მაგრამ ფასების ზრდის გამო, ინფლაციის გათვალისწინებით გადათვლილი, შესწორებული საშუალო შემოსავლები კვლავ 2014 წლის დონეზეა დარჩენილი - 2015, 2017, 2020 და 2021 წლებში 737 ლარს ქვემოთაც კი ჩამოდის.

გაიზარდა, მაგრამ შემცირდა - როგორ?

ამ დინამიკას ყველაზე ცხადად შინამეურნეობების მედიანური შემოსავლები აჩვენებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი მედიანური მონაცემები?

თუკი საშუალო მონაცემები გვიჩვენებს მონაცემთა ჯამისა და ამ მონაცემების რაოდენობის შეფარდებას, მედიანა ზრდადობის მიხედვით დალაგებულ მონაცემებს შუაში მოქცეული რიცხვია. ესე იგი, მედიანურ მაჩვენებელზე ნაკლებ გავლენას ახდენს უკიდურესად დაბალი ან მაღალი რიცხვები.

დავით სიჭინავას გამოთვლებით, თუკი 2014 წლისთვის მედიანური ნომინალური შემოსავალი 662 ლარი იყო, 2021 წლისთვის, ინფლაციის მაჩვენებლებზე გადათვლის შემდეგ, 582 ლარს შეადგენს. 2014 წლის ინფლაციაზე გასწორებული მონაცემი 600 ლარი იყო.

2022 წლის შინამეურნეობების შემოსავლები მონაცემები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.

დავით სიჭინავა
დავით სიჭინავა

დავით სიჭინავას თქმით, ეს მონაცემები სავარაუდოდ 2023 წლის შუისკენ გამოქვეყნდება, თუმცა ბოლო ათწლეულის გამოცდილებიდან გამომდინარე, იგი ვარაუდობს, რომ „ვერც წლევანდელი ორნიშნა ზრდა და [რუსეთიდან ჩამოსული] რეზიდენტების ხარჯზე გაზრდილი მოხმარება აისახება საქართველოში ოჯახების დიდი ნაწილის ჯიბეზე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG