Accessibility links

პატრიარქის 9 ნაბიჯი, რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს 4 იანვარს 86 წელი შეუსრულდა. მისი აღსაყდრებიდან 41 წელია გასული. აქ არის ჩამონათვალი პატრიარქის ბოლო წლების ზოგიერთი იმ გადაწყვეტილებისა თუ კომენტარისა, რომლებმაც აზრთა სხვადასხვაობა და კამათი გამოიწვია.

1. 1989 წელი, 9 აპრილი, რუსთაველის გამზირი - ილია მეორემ მომიტინგეებს მიმართა:

"მე მოვედი აქ, რომ დაგლოცოთ, რომ დამთავრდეს (?) ეს შეყრილობა... მე მოვედი იმისათვის, რომ წავიდეთ ტაძარში და მადლობა შევწიროთ ღმერთს გადარჩენისათვის. მე ახლა მაცნობეს, რომ საშიშროება რეალურია. შეიძლება ამ საშიშროებამდე დარჩა სულ რამდენიმე წუთი. ამიტომ, ჩემო სულიერო შვილებო, გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ აბრძანდეთ ახლა და წავიდეთ ერთად ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და მადლობა შევწიროთ უფალს".

ამ მოვლენასთან დაკავშირებით აზრები ასე გაიყო:

  • პატრიარქს არ დაუჯერეს და ამან გამოიწვია მსხვერპლი;
  • პატრიარქის მოწოდება შეუსაბამო იყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის იდეასთან.

2017 წლის 9 აპრილს, ილია მეორემ ქადაგებისას განმარტა, რომ მას 1989 წლის 9 აპრილს, აქციის მონაწილეებისთვის დაშლისკენ არ მოუწოდებია. "დღეს მოვისმინე რადიოთი, რომ პატრიარქმა მოუწოდა დაშლისაკენ. მე არ მომიწოდებია დაშლისაკენ, მე ვხედავდი ბევრ საშიშროებას და მოვუწოდე, რომ შესულიყვნენ ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში", - განაცხადა მან.

2. 2003 წელი, 23 ნოემბერი - პატრიარქი არ მივიდა ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე. ეს ის დღეა, როდესაც ოპოზიციის მხარდამჭერები, მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით, ვარდებით შეიჭრნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით აზრები ასე გაიყო:

  • პატრიარქმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავა;
  • პატრიარქმა ხელი შეუწყო “ვარდების რევოლუციას”.

3. 2010 წელი, 9 მაისი - სვეტიცხოვლის ტაძარი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, ორი სასულიერო პირი დააჯილდოვა, მათ შორის - დეკანოზი დავით ისაკაძე.

”დეკანოზი დავით ისაკაძე, რომელიც მოღვაწეობს ჩვენი ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ, დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრით და მიტრის ტარების უფლებით”, – განაცხადა ილია მეორემ.

ისაკაძე ხშირად მონაწილეობდა რადიკალურად განწყობილი მართლმადიდებლური ჯგუფების, მათ შორის „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ (მმკ) მიერ ორგანიზებულ აქციებში.

დეკანოზი დავით ისაკაძე იმ რამოდენიმე სასულიერო პირს შორის იყო, რომლებიც 2010 წლის 7 მაისს, ტელეკომპანია „კავკასიის“ ეზოში იმყოფებოდნენ, რადიკალურად განწყობილი მართლმადიდებლური ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად. ისინი გადაცემა „ბარიერის“ სტუდიაში განხილულ თემას აპროტესტებდნენ. სწორედ ეს ჯგუფი აქტიურობდა დაპირისპირებასა და ჩხუბში, რომლის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით აზრები ასე გაიყო:

  • პატრიარქის ჯილდო „ეკლესიაში მსახურებისთვის“ იყო და მას კავშირი არ ჰქონდა ძალადობრივ ინციდენტთან;
  • პატრიარქმა ძალადობის წახალისებას შეუწყო ხელი.

4. 2013 წელი, 23 იანვარი - ილია მეორე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა. შეხვედრა ნოვოოგარევოს საპრეზიდენტო რეზიდენციაში გაიმართა.

საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოკითხვა გადასცა და უთხრა: ”ის ყველა აუცილებელ და შესაძლებელ საშუალებას მიმართავს რუსეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად. ვფიქრობ,ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ შორის არსებობს, გადაწყდება და ჩვენ კვლავინდებურად ძმები ვიქნებით”.

პატრიარქმა რუსეთში ყოფნისას გამოთქვა იმედი, რომ „საქართველოსა და რუსეთს შორის სიყვარული იქნება სამუდამო“ და „რუსეთის პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ძმებად დავრჩეთ. ის რაც მოხდა, არც რუსეთის ბრალია და არც საქართველოსი. ეს იყო ცალკეული პიროვნებების ბრალი“.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით აზრები ასე გაიყო:

  • საქართველოს პატრიარქი დიპლომატია და რუსეთთან სამშვიდობო დიალოგს უწყობს ხელს;
  • საქართველოს პატრიარქი რუსეთის ინტერესებს ატარებს.

5. 2014 წლის 11 მაისი - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, საკვირაო ქადაგებისას, 17 მაისი (მსოფლიოში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე) საქართველოშიოჯახის სიმტკიცის, მშობლების პატივისცემისა და მოხსენიების დღედგამოაცხადა.

პატრიარქის ეს გადაწყვეტილება მოჰყვა 2013 წლის 17 მაისს, როდესაც მათ შორის, სასულიერო პირები, მრევლთან ერთად, სასტიკი ძალით დაუპირისპირდნენ მცირე ჯგუფებს, რომლებიც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის მშვიდობიანად აღნიშვნას ცდილობდნენ.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით აზრები ასე გაიყო:

  • პატრიარქი ყოველმხრივ ცდილობს ხელი შეუწყოს ოჯახის სიწმინდეს საქართველოში;
  • პატრიარქის გადაწყვეტილება ყოველი წლის 17 მაისს ქმნის საზოგადოებაში დაპირისპირების საფრთხეს.

6. 2016 წელი, 30 ივლისი - საქართველოს პრეზიდენტისა და პატრიარქის მოწვევით საქართველოში ჩამოვიდა რომის პაპი ფრანცისკე პირველი.

რომის პაპის ვიზიტს აპროტესტებდა სასულიერო პირებსა და მრევლის ნაწილი. მათ პატრიარქმა სიმშვიდისკენ მოუწოდა.

თუმცა მის განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის „შუა საუკუნეებიდან შეწყვეტილია ლოცვით-ევქარისტიული კავშირი და ვიდრე არსებობს დოგმატური სხვაობები, საეკლესიო სამართლის მიხედვით, მართლმადიდებელი მორწმუნეები არ იღებენ მონაწილეობას მათ მსახურებაში. ბუნებრივია, პაპი მესას კათოლიკებისათვის ატარებს და ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პროზელიტიზმის გამოვლინებად, როგორც ამას ზოგიერთები მიიჩნევენ.“

ამ მოვლენასთან დაკავშირებით აზრები ასე გაიყო:

  • პაპის მასპინძლობით პატრიარქმა გადადგა სწორი ნაბიჯი სასულიერო პირების ნაწილის აღშფოთების მიუხედავად;
  • პატრიარქის მოწოდების გამო, 1 ოქტომბერს, პაპმა მესა თითქმის ცარიელ სტადიონზე ჩაატარა.

7. 2017 წელი, 10 თებერვალი - გერმანიაში გამგზავრებამდე დააკავეს დეკანოზი გიორგი მამალაძე. ოფიციალური ინფორმაციით, ის მკვლელობას გეგმავდა და ამისათვის ციანიდი ჰქონდა შესყიდული. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილია მეორეს არ სჯეროდა დეკანოზის დანაშაულისა და მოსალოდნელი იყო მასთან შეხვედრაც. თუმცა შეხვედრა არ შედგა და პატრიარქი სრულად გამოეთიშა დისკუსიებს ამ საკითხის შესახებ.

2018 წლის 28 დეკემბერს, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შეეცადა, რომ სინოდის სხდომაზე დაეყენებინა „ციანიდის საქმის“ განხილვის საკითხი. თუმცა უშედეგოდ.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით აზრები ასე გაიყო:

  • პატრიარქმა იცის მეტი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით და ამიტომ იკავებს თავს მისი მხარდაჭერისგან;
  • პატრიარქმა, ქრისტიანული და ადამიანური ფასეულობების მიუხედავად, სრულად უგულებელყო თუნდაც ცოდვილი, მაგრამ მასთან შეხვედრის მსურველი მღვდლის თხოვნა.

8. 2018 წელი, 2 ნოემბერი - ხელისუფლების წარმომადგენლები ეწვივნენ კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტით უკმაყოფილო პატრიარქს.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე კანონპროექტის მხოლოდ შეჩერება მოხერხდა, მეორე ტურის წინ მეტი კომპრომისი, კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა გახდა საჭირო.

ნარკოტიკი, და მათ შორის - მარიხუანა, დამღუპველია ადამიანისთვის... ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს პარლამენტს, რომ გაწვეული იყოს ეს კანონი - მარიხუანას კულტივაციისა და არ იყოს ეს მიღებული. ჯერჯერობით შეჩერებულია ეს კანონი და იმედია, რომ მომავალში არ იქნება ეს მიღებული “ - განაცხადა პატრიარქმა ერთ-ერთი თავისი საკვირაო ქადაგების დროს, 2018 წლის სექტემბერში.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით აზრები ასე გაიყო:

  • პატრიარქმა ჯანსაღი და პრინციპული პოზიცია ბოლომდე დაიკავა და კანაფის ლეგალიზაცია-კულტივაციას შეებრძოლა;
  • პატრიარქი (და საპატრიარქო) სახელმწიფოს საქმეებში ჩაერია და ეს საკითხი სარფიანად გამოიყენა წინასაარჩევნო ვაჭრობისთვის ხელისუფლებასთან.

9. 2018 წელი, 29 ნოემბერი - სალომე ზურაბიშვილის თქმით, არჩევნების მეორე დილით, მას პირველმა კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მიულოცა და საპატრიარქოშიც მიიპატიჟა. სალომე ზურაბიშვილი პატრიარქმა 27 ნოემბერს, მეორე ტურის წინა დღესაც მიიღო.

პატრიარქმა ღიად დაუჭირა მხარი „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ მას სასულიერი წრეებში არაერთი მწვავე კრიტიკოსი ჰყავდა. მანამდე, 19 სექტემბერს გავრცელდა პატრიარქის ​განცხადება, რომლითაც მან სასულიერო პირებს პოლიტიკური განცხადებები აუკრძალა.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით აზრები ასე გაიყო:

  • პატრიარქის მიერ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერასა და გამხნევებაში უცნაური არაფერია;
  • პატრიარქი არჩევნებზე კიდევ ერთხელ ჩაერია სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.

დაწერეთ კომენტარი

შშმ პირები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მიღმა
please wait

No media source currently available

0:00 0:22:58 0:00
დილის საუბრები
უკანასკნელი ეპიზოდი
შშმ პირები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მიღმა
დილის საუბრები
დილის საუბრები

გამოიწერეთ

ITunes Video Podcast
XS
SM
MD
LG